Home რუბრიკები საზოგადოება საპატრიარქოს კურთხევით წარმოებულ კარაქში რძე არ აღმოჩნდა

საპატრიარქოს კურთხევით წარმოებულ კარაქში რძე არ აღმოჩნდა

627

სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია “მონასტრის ბარაქის” კარაქში, რძის ცხიმის შემცველობა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge აქვეყნებს. როგორც ინტერნეტპორტალი იუწყება, მათ აღნიშნული პროდუქციის შემოწმების თხოვნით მომხმარებელმა მიმართა.

“მონასტრის ბარაქაში”, გამყიდველის განმარტებით, იყიდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული იმ მეურნეობების წარმოებული პროდუქცია, რომელსაც საპატრიარქომ მისცა კურთხევა.

“მაღაზიის მაცივარში იდო გუნდებად შეკრული, პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა წარწერა “კარაქი”. შევიძნეთ აღნიშნული პროდუქტი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, მასში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა 0% აღმოჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი კარაქს საერთოდ არ შეიცავდა” , – აცხადებენ ორგანიზაციაში.

momxmarebeli.ge განმარტავს, რომ შედეგის გადამოწმების მიზნით, მათ იმავე მაღაზიაში კვლავ შეიძინეს იგივე დაფასოების “კარაქი”, მასთან ერთად ერთჯერად ჭიქებში ჩამოსხმული პროდუქტი რომელსაც ჰქონდა წარწერა “არაჟანი” და აგრეთვე ასაწონი “ხაჭო”.

“შეძენილი კარაქი შესამოწმებლად ჩავაბარეთ სამ სხვადასხვა ლაბორატორიას. ერთერთ ლაბორატორიას კი აგრეთვე ვთხოვეთ შეემოწმებინა შეძენილი არაჟანი და ხაჭო. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები ასეთია:

პროდუქტში “კარაქი” რძის ცხიმის შემცველობა 0-%-დან 10%-მდე მერყეობს (ლაბორატორია “მომავალი საუკუნის” დასკვნა , ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ლაბორატორია “ნორმას” დასკვნა),

არაჟნის ცხიმში რძის ცხიმის მასიური წილი 2,5% შეადგენს;

ხაჭოს ცხიმში კი რძის ცხიმის მასიური წილი 1%-ს შეადგენს.

მიღებული შედეგები ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილი არც ერთი პროდუქტი ნამდვილი რძის პროდუქტი არ იყო” , – აღნიშნულია განცხადებაში.

momxmarebeli.ge აღნიშნავს, რომ მათ თხოვნით მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს, არ დაუშვას ამ და მსგავსი მაღაზიების მიერ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა.

“ვფიქრობთ, რომ ეკლესიასთან არსებულ მაღაზიაში მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ჩვენთვის და ვიმედოვნებთ, რომ საპატრიარქოს რეაქცია აღწერილ ფაქტზე სათანადო იქნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here