Home რუბრიკები საზოგადოება სტრატეგიულმა პარტნიორმა ტრა…მპი გვიჩვენა

სტრატეგიულმა პარტნიორმა ტრა…მპი გვიჩვენა

618

სალამი, ბატონო ბიძინა! კი მეტყვით ახლა, ვიცი, რაზეც უნდა მომწერო, აქეთ ნაციონალების ყრილობაზე და იქეთ კიდევ პრეზიდენტის ინაუგურაციაზეო, მაგრამ არა _ ზაზა ფაჩულიათი უნდა დავიწყო

გაგიკვირდებათ, ზაზა პოლიტიკასთან რა შუაშიაო, მაგრამ საქმემ ისე მოიტანა, თავშია, თავში. მოგეხსენებათ, ქართველ კალათბურთელს აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში უნდა ეთამაშა და ხმების გარკვეული რაოდენობა სჭირდებოდა. მოიქაჩლა თავი ქართველობამ, ეცადა და, მილიონნახევარზე მეტი ხმით ზაზა მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ ამერიკელებმა კანონი შეცვალეს, მილიონნახევარი ქართველის აზრი არ გაითვალისწინეს და დარჩა ზაზა ვარსკვლავებს მიღმა. მილიონნახევარი, იცით, რამდენია? კი იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: ამდენი ხმა 2012 წელსაც კი ვერ აიღეთ, ხელისუფლებაში რომ მოხვედით, ანუ თქვენ ხელისუფლებაში იმაზე ნაკლები ხმებით მოხვედით, ვიდრე ფაჩულიამ მიიღო. 2016 წელს ხომ, საერთოდ, მილიონამდეც ვერ ახვედით. და ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩვენმა მოძმემ, სულ ცალ ფეხზე დაიკიდა ქართველების აზრი, კანონი შეცვალა დატრამპი გვიჩვენა!

რა გამოდის? ამერიკელებს სჯერათ, რომ ქართველებს ნატოს წევრობა სურთ და ეს, იმის მიუხედავად, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ამ თემაზე, მილიონ-ნახევარი კაცი საარჩევნო ყუთთან არ მივა, მაგრამ, ასი კაციც რომ მივიდეს და მათგან 55-მა თქვას, ნატო გვინდაო, ამერიკელები დაგვიჯერებენ, ანუ მათ სჯერათ ის, რაც უნდათ და არა ის, რაც რეალურად გვსურს. ჰოდა, სულ იმას ვუხსნიდი ჩემს ცხვრებს, ჩვენი სურვილები არაფერ შუაშია, მთავარი ამერიკის სურვილებია-მეთქი და აგერ მაგალითიც. ახლა თქვენც აუხსენით თქვენს ცხვრებს, ზებრებსაც, პინგვინებსაც და ზვიგენსაც, რომ ასე ხდება და ზაზას მაგალითმა სარკეში ჩაგვახედა.

ტრამპი და ნაცების ყრილობა ცოტას მოითმენს და თამარ ჟვანიაზე უნდა გითხრათ. მესმის, რომ მუშაობს ქალი, მესმის, რომ დატვირთული წელი ჰქონდა, მაგრამ რა უბედურებაა, წლიურად ასი ათასი ლარის პრემია?! აგერ, უხეშად გადავთვალე და ამ თანხას წელიწადში 46 პენსიონერი ვერ იღებს ერთად. ლამაზი არ ჩანს, თორემ ჟვანიას არაფერს ვერჩი! თან ეგ მარტო მაგის პრემიები დაგითვალე და, მოადგილე-მდივანს რომ მივყვე, ეგებ საპენსიო ფონდის ერთი თვის მარაგიც არ ეყოს.

ნაციონალებს რაც შეეხება _ კი ნახავდით თქვენც, პირდაპირ ეთერში აჩვენა “რუსთავი 2”-მა მაგათი ხორხოცი. მერე, განხილვები რომ დაიწყეს, ამან ეს თქვა, იმან _ ისო… ეგ კი არ უნდა დაეწყოთ, კითხვა უნდა დაესვათ მარტივი _ “ობიექტური ტელევიზიის სტატუსზე რომ აქვს პრეტენზია “რუსთავი 2”-ს, რატომ გაუშვა კონკრეტული პარტიის საარჩევნო ყრილობა პირდაპირ ეთერში? ვალდებულება აქვს ამ პარტიასთან თუ, უბრალოდ, ჩათვალა, რომ საინტერესო იქნებოდა? ეს ყრილობა, პირველ რიგში, ამ ტელეკომპანიის კიდევ ერთი და საფუძვლიანი ლუსტრაცია იყო და მერე სხვა დანარჩენი. რაც შეეხება უშუალოდ ყრილობას, განათლების მინისტრ ჯეჯელავას ჩემი სამი ცხვარი უკვირს და, ალბათ, ნაციონალები მოსწონს. ამდენი ცხვარი ერთად, კარგა ხანია, არ მინახავს. დაიპეტელებდა მიშა პირდაპირ ეთერში და აბღავლდებოდნენ აქედან. ბედნიერებას ასხივებდა ყველა და ბოლოს დაიშალნენ იმ იმედით, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, პირველ რიგში, ტყავს თქვენ გაგაძრობენ, მერე _ დანარჩენებს.

ტყავის გაძრობა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეც. არ მოეწონათ ახალარჩეული პრეზიდენტის მკაცრი ტონი ლგბტ-აქტივისტებს, შავკანიანებს, ქალებსა და ცხოველთა დამცველებს. აქციებიც კი გაიმართა ტრამპის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ მეეჭვება, ეგ კაცი სადმე წავიდეს. ჯერ ერთი, ბიზნესმენია და კარგად იცის დროის ფასი; მეორე _ რა თქვა ტყუილი? ამერიკელებს მოუწოდა, ამერიკული პროდუქცია იყიდეთ და ამერიკელები დაასაქმეთო, ქალს ქალი უნდა ერქვას და კაცს _ კაციო, ეს ნატო მოძველებულია და რეალურად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლიაო, აქეთ ევროკავშირს მიდგა და… ნატოს რამის გადაწყვეტა რომ შეეძლოს, სირიაში ექვსი წელი ომი კი არ იქნებოდა, ორ თვეში დაამთავრებდნენ ნატოს წევრები, მაგრამ ხელს აძლევს ეს ვიღაცას და იმ ვიღაცის ბოსტანში ისროლა კენჭი ტრამპმა. ჰოდა, რომ ეგონა ყველას, მსოფლიო ლიდერები მისდგებიან წითურ პრეზიდენტსო, პირიქით მოხდა _ საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, მე ამირჩიეთ და გპირდებით, ისეთივე პატრიოტი ვიქნები, როგორიც ტრამპიაო. გესმით? ისეთი პატრიოტიო, ანუ მისი განცხადებები, ქსენოფობიურ გამოხდომებად კი არა, პატრიოტიზმად შეფასდა. ამას რომ ვამბობ, ჩვენს პოლიტიკოსებს ვიხსენებ და… დამავიწყდა, პატრიოტიზმზე, სულისკვეთებაზე, ქართველობაზე ვინ გააკეთა ბოლოს განცხადება. ვინ თქვა ბოლოს, მხოლოდ ქართველები დაასაქმეთ და ის უცხოური კომპანიები, ქართველ მუშებს მონებივით რომ ექცევიან, ქვეყნიდან გააძევეთო? ააა, ინვესტორის განაწყენება არ შეიძლება, ხო, ბატონო ბიძინა? და სულში ჩაფურთხებული, მიწასთან გასწორებული, ცხვარივით გაკრეჭილი, ღირსებააყრილი, შეურაცხყოფილი და დამონებული ქართველი კაცი შეიძლება? ინვესტორთმოყვარეობა მაზოხიზმში ხომ არ გადაგვეზარდა, ბატონო ბიძინა? ნუ გაგიკვირდებათ ჩემგან უცხო სიტყვები, ეს ჯეჯელავას ვგონივარ სულით მეცხვარე, თორემ, მე რომ წიგნები მაქვს წაკითხული, ჯეჯელავას ეგებ ნანახიც არ ჰქონდეს ერთად. ტყუილად არ მიხსენებია ეგ მინისტრი, მასწავლებლებთან შეხვედრაზე გამოაცხადა: ის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს არ ეყვარება, სამსახურს ვეღარ განაგრძობსო. გესმით, ბატონო ბიძინა? მოსწავლეებს შეუძლიათ, მარტივად გადაწყვიტონ, მოდი, ეს მასწავლებელი უმუშევარი დავტოვოთ, ძალიან მკაცრიაო და პატარა აქცია მოუწყონ, რაც ჯეჯელავასთვის საკმარისი იქნება, სკოლიდან დაითხოვოს მასწავლებელი… ისე, ის თუ იცით, ბატონი ჯეჯელავა მინისტრობამდე ააიპ მართვის აკადემიის თავმჯდომარე რომ იყო და წლიურ ხელფასად 200 ათას ლარზე მეტი რომ აქვს აღებული? ამას შურით კი არ ვამბობ, მაგრამ მაღალი ხელფასებია მანდ, ააიპ მართვის აკადემიაშიო და, ალბათ, ამიტომ. როცა ჯეჯელავა თავმჯდომარე იყო, მისი ცოლი ნატალია მუხადგვერდელი, ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა და ამას ნეპოტიზმი ჰქვია! ჰოდა, ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, ვინმემ თუ მოგცათ გარანტია, ჯეჯელავა ნეპოტიზმს სამინისტროშიც არ დანერგავს?!

სხვა, აბა, რა გითხრა… ყინვების მოლოდინში ვარ და, ცოტა არ იყოს, ვწუხვარ ხალხზე. მოსახლეობას ეჭვი აქვს,_ ბუნებრივი აირის კომპანიები მამაძაღლობენ, უხარისხო აირს უშვებენ, მეტი რომ გადავიხადოთო. მე ჩემი ცხვრების მატყლი მათბობს და, კარგი იქნება, ქართულ, ნატურალურ პროდუქციას მეტ ყურადღებას თუ მიაქცევთ, თორემ გაზიდეს თურქეთში, არაბეთსა და ირანში ქართული ცხვარიც, პირუტყვიც, მატყლიც და… ის ღამის კლუბები, კვირიკაშვილი რომ საუბრობდა ამას წინათ, მხოლოდ ქართველ ქალებს უშვებენ და კაცებს არაო, სწორედ თურქების, არაბებისა და ირანელების მფლობელობაშია. არ დამიწყოთ ახლა, ქსენოფობი ხარო… როგორც აგული ერისთავი იტყოდა, ეგოისტი ვარ მე!

კეთილგანწყობით,

კომბლე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here