Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველო

ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველო

653

ინაუგურაციამ წარმატებით ჩაიარა _ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება აშშის ახალი ლიდერის თითოეულ ნაბიჯს და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

საინაუგურაციო სიტყვის საფუძველზე შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ რამდენიმე ნიუანსი ნამდვილად ყურადსაღებია. არსებული მდგომარეობის დახასიათების თვალსაზრისით, ეს უდავოდ ყველაზე კრიტიკული საინაუგურაციო სიტყვაა აშშ-ის ისტორიაში. ტრამპი ძალიან ხისტი იყო ვაშინგტონური ისტებლიშმენტის მიმართ, როცა ის ამერიკელი ხალხის მტრად წარმოაჩინა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპმა დაადასტურა პროტექციონისტული იდეების ერთგულება, რომელთა რეალიზება, ექსპერტთა ვარაუდით, გარანტირებულად მიიყვანს აშშ-ს ეკონომიკურ ომამდე ჩინეთთან. ამასთანავე, ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ თავის ცხოვრების წესს უცხო ქვეყნებს ძალით თავს არ მოახვევს. რა მოხდება რეალურად, სხვა საქმეა, თუმცა პირდაპირი გაგებით ეს დეკლარაცია შტატების საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედზელიბერალურ ინტერვენციონიზმზე უარის თქმას ნიშნავს. სხვათა შორის, ტრამპმა თავის გამოსვლაში არც ერთხელ არ ახსენა დემოკრატია და თავისუფლება, მით უფრო მათი ექსპორტი უცხო ქვეყნებში. და ბოლოსდონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი სამიზნე ისლამისტური ტერორიზმია.

ტერორისტული ორგანიზაციაისლამურ სახელმწიფოსპრობლემის გადაწყვეტა აშშისა და რუსეთის ძალისხმევის კოორდინაციის გარეშე წარმოუდგენელია. რაც შეეხება დაპირისპირებას ჩინეთთან, ამ მიმართულებით ტრამპს, როგორც მინიმუმი, რუსეთის ნეიტრალიტეტი დასჭირდება, იმის გარანტია, რომ კრიტიკულ მომენტში ორი ევრაზიული გიგანტი სტრატეგიულ ალიანსს არ შექმნის. ამ ორი წინაპირობიდან გამომდინარეობს აშშ-რუსეთის ურთიერთობების მოსალოდნელი ნორმალიზაცია, რომლის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება გახდეს რუსეთის გავლენის ზრდა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

პეკინის რეაქცია ტრამპის განცხადებებზე ნათლად გამოვლინდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მკაცრად დაგმო პროტექციონიზმი, რომლის აპოლოგეტები, მისი თქმით, “სირთულეების შიშით მზად არიან, ჩაიკეტონ ბნელ ოთახში, ჰაერსა და სინათლეზე უარი თქვან”. ნიშანდობლივია, რომ ამ გამოსვლაში ჩინეთის ლიდერმა გლობალიზაციის პროცესის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა; ადრე ეს აშშ-ის “საფირმო” თემა იყო.

ზოგადად, ჩინეთის ხელისუფლებაში შეიძლება ორი პირობითი “ბანაკი” გამოვყოთ. ერთ-ერთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩინური პროდუქციის ექსპორტი შეერთებულ შტატებში ქვეყნის ძლიერების მთავარი საწინდარია. შესაბამისად, ჩინეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი ინდუსტრიული ცენტრის როლზე ეკონომიკურ სიმბიოზში აშშ-თან, ხოლო საგარეო პოლიტიკაში ჰენრი კისინჯერის “დიდი ორეულის” კონცეფციის ერთგულება შეინარჩუნოს, რომლის ფარგლებში გლობალური უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება აშშ-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება. ამ ჯგუფს შედარებით ლიბერალური შეხედულებები ახასიათებს. მათი ოპონენტები, რომელთა რიცხვს სი ძინპინიც მიეკუთვნება, მიიჩნევენ, რომ აშშჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობის დღევანდელი მოდელი მარადიული არაა და ქვეყანას ალტერნატიული სტრატეგია სჭირდება. თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომგადაწყობისთვისჩინეთს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება და ეს აიძულებს პეკინს, დრო მაქსიმალურად გაწელოს. ტრამპის ბოლოდროინდელი ნაბიჯები თითქოს ადასტურებს მეორე ჯგუფის წინდახედულობასკურსი ამერიკის რეინდუსტრიალიზაციაზე, აგრეთვე, საბაჟო ბარიერების აღმართვა ჩინურ ექსპორტს, სავარაუდოდ, უდიდეს ზიანს მიაყენებს.

ამგვარ “გაორებას” ჩინეთის ხელისუფლებაში განაპირობებს არა მხოლოდ იდეური ბრძოლა პოლიტბიუროს წიაღში, არამედ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც. აშშ-ს, ისევე, როგორც თავის დროზე ბრიტანეთსა და იაპონიას, გეოგრაფია უბიძგებს, საზღვაო სავაჭრო მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს და შექმნას საზღავო იმპერია. რუსეთის, ისევე, როგორც ადრე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის, ძლიერება კონტინენტის შიდა სივრცის კონტროლს ეფუძნება. ჩინეთის გეოპოლიტიკური ბუნება კი “გაორებულია” _ მას შეუძლია რესურსები, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო იმპერიის შექმნისკენ მიმართოს. მსგავსი “გაორება” წინა საუკუნეებში ახასიათებდა საფრანგეთის, უფრო ადრე კი ესპანეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკას. გასაკვირი არაა, რომ ჩინეთის დღევანდელი სტრატეგია “ერთი სარტყელი _ ერთი გზა” ორივე მიდგომას აერთიანებს და ითვალისწინებს, როგორც საზღვაო, ისე შიდაევრაზიული სავაჭრო მარშრუტების პრიორიტეტულ განვითარებას.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, რომ “ერთი სარტყელი _ ერთი გზა” ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და განვითარების უდიდეს შესაძლებლობას აძლევს: “ესაა ალტერნატივების ქსელი _ თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად… ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის _ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც” (ინტერპრესნიუსი).

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა გლობალურმა ეკონომიკურმა ომმა არ დააკნინოს მისი სატრანზიტო ფუნქცია, ხოლო მასზე გამავალი სავაჭრო ნაკადი წლიდან წლამდე ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელეურად იზრდებოდეს. პრობლემა ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესაძლო ზრდა და ძალთა ბალანსის შეცვლა დღის წესრიგში დამატებითი პოლიტიკური გარანტიების შექმნის აუცილებლობას დააყენებს, რომელთა გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ უნდა იქცეს ზესახელმწიფოების დაპირისპირების არენად, 2008 წლის აგვისტო არ უნდა განმეორდეს.

მართალია, ქართული საზოგადოება “ენდიაის” გამოკითხვებს ეჭვის თვალით უყურებს და ვერ ივიწყებს 2012 წლის “ბოდვით რეიტინგებს”, რომელიც “ნაცმოძრაობას” ტრიუმფალურ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ზოგიერთი სხვა თემის მიმართ ის შედარებით ადეკვატურია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ამერიკული ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს მოსახლეობა უფრო პროდასავლურად წარმოაჩინოს, ვიდრე ის სინამდვილეში არის. ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ საქართველომპროდასავლურისაგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს, 54% თვლის, რომ _ “პროდასავლური, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან”, 18%-ის აზრით _ “პრორუსული, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან”, 9%- კიპრორუსულისაგარეო პოლიტიკის გატარება სურს. ამასთანავე, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან მიიღებს, ხოლო 31%-ის აზრით, საქართველო უფრო მეტ სარგებელს ნახავს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის უარს იტყვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე (ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელიაენდიაისგამოკითხვებისთვის).

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მედიასა და სოციალურ ქსელებში დაიწყო დისკუსია. საუბრობდნენ პროდასავლელებისა და პრორუსების რაოდენობის კლებასა თუ მატებაზე. არავის დაუჯამებია დაბალანსებული, კონფრონტაციისგან თავისუფალი საგარეო პოლიტიკის გატარების მსურველთა პროცენტები:

54% _ “პროდასავლური, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან”,

18% _ “პრორუსული, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან

ჯამში 72% _ თავისუფალი საგარეო პოლიტიკის გატარების მსურველები აშკარად უმრავლესობაში არიან.

რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების პირობებში პროდასავლური პოლიტიკის გატარება მხოლოდ ნატოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაშია შესაძლებელი – ამ პრინციპს ეფუძნება ისეთი ცალსახად პროდასავლური (უფრო სწორად _ არსებითად დასავლური) ქვეყნის პოლიტიკა, როგორიცაა ფინეთი. აშშ-რუსეთის დიდი გარიგებისფარგლებში, რომელზეც ბევრს საუბრობენ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოსა და უკრაინისფინლანდიზაციასავსებით ლოგიკურია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას ურჩევნია, მიიღოს ის, როგორც ზესახელმწიფოების მიერ თავს მოხვეული სცენარი და არა როგორც საზოგადოების არჩევანი, რომელიც შექმნილი სიტუაციისა თუ ისტორიული გამოცდილების ანალიზს ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს აღიარება, რომ არსებითად მცდარი იყო ის რადიკალური კურსი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა, რომლის შედეგად დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო უამრავი ადამიანი დაიღუპა და ქვეყნიდან გაიქცა. ქართულ ელიტას ეშინია, რომ ამ შეცდომის აღიარება მის ავტორიტეტს მიწასთან გაასწორებს. ამასთანავე, საზოგადოებას გაუჩნდება ეჭვი, რომ ქვეყნის ხელმძღვანელები აცნობიერებდნენ საფრთხეებს, რომლებიც ამ კურსის გატარებას უკავშირდებოდა, თუმცა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები არაფრად ჩააგდეს და ამ გზით ამერიკელების, კერძოდ კი _ უმცროსი ბუშის, ადმინისტრაციის მხარდაჭერა მოიპოვეს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის და მისი შენარჩუნების მთავარ წინაპირობად მიაჩნდათ.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. ერთადერთი გამოსავალი არის, ჩემიაზრით ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვა, რაზეც არავინ საუბრობს. შეიზლება ჩვენ ძნელათ მივაღწიოთ ნეიტრალიტეს მაგრამ აუცილებლათ უნდა ვისწრაფოთ მისკენ; ამაზე ჩვენ არავინ დაგვსჯის როგორც დავისაჯეთ 90-იან წლებში არასწორი მოქმედებების გამო. ჩენ ვიმყოფებით გეოპოლიტიკურათ ევროპასა და აზიას შორის, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ჩვენ უფრო მეტი უფლება გვაქვს ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა ვიდრე ვინმე სხვას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here