საფინანსო ბაზრების მონაწილეებისთვის ინფორმაციის ძირითადმა მიმწოდებელმა ამერიკულმა სააგენტო “ბლუმბერგმა“ გლობალური რისკების რუკა გამოაქვეყნა. გამოცემამ შეაფასა საფრთხეები, რომელთა წინაშეც მსოფლიოს ქვეყნები მიმდინარე წელს შეიძლება აღმოჩნდნენ.
„ბლუმბერგის“ რისკების რუკა შედგენილია 29 ინდიკატორის მიხედვით, მათ შორისა, ინვესტორთა წინაშე არსებული ფინანსურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკები.
რუკაზე „ბლუმბერგი“ გამოყოფს ოთხ ძირითად კომპონენტს – რეზერვებს, უმუშევრობას, ინფლაციასა და სავალუტო რყევებს კონკრეტულ ქვეყანაში. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე ქულით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.
საქართველო „ბლუმბერგის“ რისკების რუკაზე მაღალი რისკების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა 11,6 ქულით. ექსპერტებმა საქართველოში უმუშევრობის რისკ-ფაქტორი 11,4%-ით შეაფასეს, ინფლაციის კი-4,4%-ით.
მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, მაღალი რისკის ზონაში მოხვდა 16 ქვეყანა. საქართველოს (70 –ე ადგილი 82 ქვეყანას შორის) გარდა, ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, მონღოლეთი, პარაგვაი, ტუნისი, კენია, ეკვადორი, განა, ნიგერია, ჰონდურასი, ტანზანია, ვენესუელა, იორდანია, დომინიკის რესპუბლიკა, პაკისტანი და შრი–ლანკა.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი საშუალო რისკების ქვეყნებს შორისაა, უკრაინა და თურქეთი კი – შედარებით მაღალი რისკების ქვეყნებს შორის.
ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი, ჰონგ კონგი და გერმანია.
„ბლუმბერგის“ ექსპერტთა მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი რისკებია უმუშევრობა (შრომისუნარიანი მოსახლეობის 11,4%) და ინფლაცია (4,4%). რისკები, რომლებზეც წერენ „ბლუმბერგის“ექსპერტები, მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა კვლავ შეიძლება გაუფასურდეს.