საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2016 წელს ანაზღაურების სახით 197 308 ლარი მიიღო. ჟვანიას თანამდებობრივი სარგო – 101 598 ლარი, პრემია – 31 900 ლარი და დანამატი კი – 63 810 ლარი იყო.
თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბრიდან მუშაობს. ამ დროიდან 10 იანვრის ჩათვლით მას ანაზღაურების სახით, 547 232 ლარი აქვს მიღებული. ამ თანხიდან თითქმის ნახევარი – 276 125 ლარი თანამდებობრივი სარგოა, დანარჩენი კი – პრემია და დანამატი. როგორც On.ge-სთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, თამარ ჟვანიას 2017 წლის 10 იანვრისთვის უკვე მიღებული აქვს მიმდინარე წლის პირველი პრემია – 5 500 ლარი.
2012 წლიდან 2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ჯამურად 780 960 ლარი მიიღეს. ამ თანხიდან 233 728 ლარი ზურაბ ხარატიშვილის ხელფასი, პრემია და დანამატია. ჟვანიას მსგავსად, ხარატიშვილის შემთხვევაშიც, ანაზღაურების თითქმის ნახევარი – 117 156 ლარი თანამდებობრივი სარგოა, დანარჩენი კი პრემია და დანამატი.