Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი ჩხეიძე: პოსტსაბჭოთა პერიოდის ჯაშუშების ბუდე თბილისშია

ვალერი ჩხეიძე: პოსტსაბჭოთა პერიოდის ჯაშუშების ბუდე თბილისშია

1274

საქართველოს სასაზღვრო სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა აიძულა, დაეტოვებინა სამშობლო, ახალი წლის კვირაძალს თბილისში ჩამოვიდა.

_ როგორი დაგხვდათ, ბატონო ვალერი, თბილისი?

_ კი არის რაღაც-რაღაცები გაკეთებული, კარგი და სასარგებლო, თვალის გასახარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ის პეწი და ხიბლი, რომელიც ქალაქს ჰქონდა, ის სიხარული, სახეზე რომ ეხატა რუსთაველზე მოსეირნე ხალხს, დაკარგულია. რუსთაველის პროსპექტი დღეს ურბანული კომუნიკაციის საშუალებაა, რომელზეც გაუცხოებული თანამოქალაქენი დადიან. აღარსადაა ის სითბო, რომლითაც თბილისი ხვდებოდა ქვეყანაში დაბრუნებულ კაცს…

_ და ათქმევინებდა: “გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი”.

_ ასეა, სამწუხაროდ… გასაგებია, რომ დღეს სასეირნოდ არ გვცალია, მაგრამ ვხედავ, რომ ხალხს რაღაც სევდა ახატია სახეზე, თვალებზე ეტყობა. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პლეხანოვზე, სადაც ვცხოვრობ, ძალიან ბევრი უცხოელია.

_ ტურისტები ცუდი არ უნდა იყოს.

_ მათ ტურისტობის არაფერი ეტყობა: თურქებიც არიან, ირანელებიც, არაბებიც…

დარწმუნებული ვარ, ტურისტების 50 პროცენტი უკანონო მიგრანტია. ჩემი პროფესია მიკარნახებს, რომ ისინი დღეს უკვე უქმნიან პრობლემებს ჩვენს ქვეყანას, ახლო მომავალში კი უფრო გაურთულებენ.

რუსეთმა, ამ უდიდესმა ქვეყანამაც კი, რომელიც მუშახელის უკმარისობას განიცდის და მუშა მიგრანტები სჭირდება, გაამკაცრა უკანონო მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა. ჩვენს ხელისუფლებას კი, როგორც ვატყობ, უფრო მეტი ლიბერალიზაციისკენ უბიძგებენ. არავისთვის დასამალი არ არის, რომ უკანონო მიგრაციას 5 პროცენტამდე თუ მოაქვს რაიმე დადებითი, დანარჩენი 95 პროცენტი უარყოფითია _ ნარკომანია, პროსტიტუცია, რელიგიური რადიკალიზმი და .. ქალბატონ მერკელის აბსოლუტურად უტვინო პოლიტიკის გამო ევროპაში შექმნილი ვითარება ამის დამადასტურებელია.

_ თავისი მკვდარი ევროპამ თვითონ იტიროსმე ის მაინტერესებს, გარედან როგორი ჩანს საქართველო, როგორს ხედავს აქედან წასული კაცი თავის ქვეყანას?

_ ასაკში შესული კაცის ბუზღუნს რომ არ დაემსგავსოს ჩემი პასუხი, აკვიატებულობა რომ არ დამაბრალოთ, ჯერ დადებით მომენტებზე გეტყვით:

მომწონს, რომ ახალგაზრდობამ ალღო აუღო დღევანდელობას, კარგად გაერკვა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში და აქტიურად მოჰკიდა ხელი ბიზნესსაქმიანობას. ამას კანონმდებლობამაც შეუწყო ხელი. ახლახან მოვისმინე, რომ მოქმედ სახელმწიფო პროგრამაში ჩაბმულმა 24 წლის გოგონამ, სახელად ბაიამ, სოფელ ოფჩიდან (ჩემი ბაღდადის რაიონიდანაა), ჩამოაყალიბა ღვინის საწარმო, რომელსაც მომგებიანად ამუშავებს. უკვე ცნობილია მისი ბრენდი და პროდუქცია. ტელევიზიით, სოციალურ ქსელებში ვხედავ და ვკითხულობ, როგორი წარმატებით მუშაობენ ახალგაზრდები აგროსექტორში, სოფლის მეურნეობაში და ეს მისასალმებელია…

_ სახელმწიფო პოლიტიკაშიც ახალგაზრდები არიან

_ ასეა, მაგრამ, ვფიქრობ და აშკარად ჩანს, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დამოუკიდებლები არ ვართ. პირიქით _ როცა რომელიმე პოლიტიკური საკითხის გადასაწყვეტად უცხო ქვეყნის საელჩოში დადიხარ, რაგინდ დასუსტებული იყო და რაგინდ “ახალგაზრდა დემოკრატიად” გთვლიდნენ, არანორმალურია. არ გაქვს უმდიდრესი ისტორიული გამოცდილება, ცოდნა და უნარი, ნებისმიერი სირთულის პრობლემის გადასაწყვეტი გზები და საშუალებები თავადვე რომ მოძებნო და დასახო?! ნუთუ შინაგანი პროტესტი არ გიკარნახებს, უარი თქვა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც თავს გახვევენ და რომლებიც მიუღებელია, არაბუნებრივია და ორგანულად შეუთავსებელია შენი ქვეყნის ტრადიციებთან, საზოგადოებრივ შეხედულებებთან, რწმენასა და გონთან?!

სავარძლის დაკარგვის გეშინია? იმ კეთილდღეობის დაკარგვის, რომელსაც ხელისუფლების სათავეში ყოფნა იძლევა?!

მაშინ ნუ იბრალებ, რომ ხალხის სამსახურში დგახარ! ყვარყვარიზმი ესაა სწორედ.

_ “ოქროს სარაიასშენთვის რომ იშენებ და ხალხს კი ჰპირდები.

_ ასეთად ვხედავდი ჩემს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მე, საქართველოდან გადახვეწილი კაცი. და პირდაპირ გეტყვით: ჩვენმა ხალხმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს, რომ ის საშინელი პერიოდი მოაცილა ჩვენს ქვეყანას. ამის უთქმელობა და დაუფასებლობა უმადურობა იქნებოდა, რაც უცხოა ჭეშმარიტი ქართველობისთვის.

აბა, გაებედა და იმ ცხრაწლიანი უბედურების ჟამს ვინმეს ეთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ნორმალური (და არა ცალმხრივი) განვითარებისთვის აუცილებელია რუსეთთან კარგად გათვლილაწონილი ურთიერთობის დამყარება. გაბედავდა და, ციხეში ჩასვამდნენ ან რაღაც საშინელებას დამართებდნენ მისი ოჯახის წევრებს.

კარგია თუ ცუდი მეზობელი რუსეთი, სხვა თემაა. თავში საცემი იმათაც ბევრი აქვთ, განსაკუთრებით, ჰქონდათ 90-იან წლებში, როცა არანაირი საგარეო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციას არ გააჩნდა.

ხშირად მისაუბრია რუსეთში ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ამ თემაზე და გეტყვით, რომ ისინიც წუხან, რომ ასეთი არანორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა რუსეთსა და საქართველოს შორის, თუმცა იქაც არიან რადიკალები, ე.წ. ნაციონალისტები, რომლებსაც იმპერიული ამბიციები აქვთ. ცნობილია, რომ ეს ქვეყანა ისტორიულად, თავისი გენეტიკური კოდით ყალიბდებოდა, როგორც “დერჟავა”, როგორც იმპერია. შეიძლება ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონოს და მისაყვედუროს, მაგრამ მაინც ვიტყვი: რუსი ხალხის მასაში, ძირითადად, კეთილი განწყობაა საქართველოსა და ქართველების მიმართ.

რუსეთი ერთფეროვანი, ერთგვაროვანი ქვეყანა არ არის. უპირველესად, ეს არის ხელისუფლება, რომელშიც ყველა ერთნაირად არ ან ვერ აზროვნებს, არის რაღაც ნაწილი, რომელიც ანტაგონისტურადაა განწყობილი ჩვენ მიმართ და ყველას ერთი საღებავით ღებავს, სტალინით დაწყებული, შევარდნაძესააკაშვილით დამთავრებული; მეორე ნეიტრალურია, ზოგს კი წარმოდგენა არ აქვს, რა ქვეყანაა საქართველო, არაფერი იცის მის კულტურასა თუ ისტორიაზე, რომელიც არსებობდა ამ ორ ქვეყანას შორის. ასეთივე კატეგორია,ალბათ, ჩვენთანაც მოიძებნება. არადა, იყო დრო, როცა საკავშირო მთავრობაში არ მუშაობდა არც ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ერთხელ მაინც არ იყო ჩამოსული საქართველოში. მწერლებზე, პოეტებსა და კულტურის სფეროს სხვა მოღვაწეებზე არაფერს ვამბობ.

ამჟამად, ცოტა რომ გაიხსნა ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის, მაგალითად, სტავროპოლის მხარეში, სადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, ბევრი დაიძრა საქართველოსკენ. და თვითონ ვარ იმის მომსწრე, როგორი კმაყოფილები და შთაბეჭდილებებით სავსენი ბრუნდებიან ჩვენთან ნამყოფი ტურისტები. დადებითი რეაქცია გაჩნდა.

ხისტი პოზიცია _ ჩვენ არ დაველაპარაკებით, დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღვადგენთ, სანამ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დათმობს, შედეგის მომცემი არც აქამდე იყო (ფაქტის წინაშე ვდგავართ), არც პერსპექტივაში იქნება.

ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ გულახდილად ვთქვათ: აქვს კი ჩვენს ხელისუფლებას გეგმა ამ განდგომილი ავტონომიური ფორმირებების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების? სტრატეგიული, შორეული პერსპექტიული გეგმა ამ პრობლემის გადაწყვეტისა აქვს მთავრობას? გნებავთ, 50-წლიანი გეგმა, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მოქმედების გეგმა? არ მინდა, დავიჯერო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი გეგმა არ გაგვაჩნია. ადრე იყო გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, ევროსაბჭოს სტრუქტურები ჩართულნი იყვნენ ამ პროცესებში. რაღაც ხორციელდებოდა ორივე მხარის მონაწილეობით.

სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში კი ეს საკითხი საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან. გაქრა გეგმაც, სურვილიც და ყველაფერი. მერე ივანიშვილის მთავრობამ ამ უმწვავესი პრობლემის გადასაჭრელად კი შექმნა, მაგრამ რად გინდა?! სამინისტროს ისეთი კაცი ჩაუყენეს სათავეში, რომელიც კაბინეტიდან არ გამოდიოდა. საერთო ენის, შეთანხმების, ერთიანი პოზიციის გამონახვაზე შეიძლებოდა ამ დროს ლაპარაკი?!

მთავრობის ყველა სტრუქტურა ყოველდღიურად ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს. ახლა კი რა ხდება? მაგალითად, საქართველო და რუსეთი მოსაზღვრე ქვეყნები არიან, მაგრამ სასაზღვრო სტრუქტურები ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. შეიძლება სადღაც ქვედა რგოლებში კი არის ეს კონტაქტები (მეეჭვება, მაგრამ მინდა, ასე იყოს) სასაზღვრო საგუშაგოების უფროსების დონეზე _ ვასილ, როგორა ხარ? და _ გმადლობთ, გივი, კარგად ვარ, ამას იქით საქმე არ მიდის.

ჩემ დროს იშვიათი არ ყოფილა შემთხვევა, როცა პრინციპულად დავპირისპირებივარ რუს კოლეგას სხვადასხვა საკითხის გამო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა სამთავრობო კომისიის მუშაობას, რომელსაც ევალებოდა სადელიმიტაციო (საზღვრის დადგენა) პროცედურების ჩატარება ორ ქვეყანას შორის. მიუხედავად სირთულეებისა, ეს მუშაობა არასდროს შეგვიწყვეტია და იმხანად საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის 70 პროცენტზე მეტი დავადგინეთ, დარჩენილი გვქონდა მხოლოდ რამდენიმე რაიონი შატილის ზონაში, ფსოუზე, სოფელ ფსუხის მიდამოებში.

_ მამისონის უღელტეხილზე?

_ ჩვენი მესაზღვრეები იდგნენ ზედ მამისონის უღელტეხილზე. პირადად მყავს იქ აყვანილი საგუშაგო და იქ წლების განმავლობაში მსახურობდნენ ქართველი მესაზღვრეები, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, არ ვიცი, ვინ გასცა ბრძანება, მესაზღვრეები იქიდან მოხსნეს. დღეს იქ სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებს. ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი ვინმემ, ადრე თუ გვიან?

_ ამ თემაზე ჩვენთან არ ლაპარაკობენთქვენ თქვით, რომ რუსეთი მრავალფეროვანი კონგლომერატია, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტებიც: გორბაჩოვი, ელცინი, პუტინი. როგორია მათდამი დამოკიდებულება დღევანდელ რუს საზოგადოებაში?

_ საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, გორბაჩოვი არის დიდ პოლიტიკაში მოხვედრილი შემთხვევითი პიროვნება, რომელიც ნარცისიზმით იყო დაავადებული, დემაგოგი. დენ სიაოპინს უწერია თავის მემუარებში და მისმა შვილმაც გაიმეორა _ მამაჩემი გორბაჩოვს ყოველთვის იდიოტად თვლიდაო. დენ სიაოპინი ორჯერ შეხვდა გორბაჩოვს და დაწვრილებით ელაპარაკა ახალ კურსზე, რომელიც სოციალისტურ ჩინეთს ჰქონდა აღებული. მიხეილ სერგეევიჩმა ან ვერ შეისმინა, ან ვერაფერი გაიგო და შედეგად დაიშალა ზესახელმწიფო _ სსრ კავშირი. ჩინეთს კი დღეს მსოფლიოში სიმძლავრით მეორე ეკონომიკა აქვს.

გორბაჩოვი, რომელიც სტავროპოლის მხარიდან არის, ერთადერთხელ, ჩუმად და მალულად ჩავიდა ამ მხარის სოფელ პრივოლნოეში, საიდანაც არის წარმოშობით, და ჩუმადვე გაიპარა.

_ რატომ ჩუმად?

_ რამდენი წელიწადია, იქ ვცხოვრობ და ვიცი, რომ სტავროპოლელები მზად არიან, შეხვედრისას მას ობსტრუქცია მოუწყონ და შეაფურთხონ იმ უგუნური პოლიტიკის გამო, რომელსაც ის სხვა ქვეყნის გავლენის აგენტების კარნახით განახორციელებდა…

_ ელცინი?

_ მეც იმ აზრისა ვარ, რომელიც რუსეთში ხალხს აქვს _ ლოთი იყო და მოღალატე.

_ დღევანდელ პრეზიდენტზე რას ამბობენ?

_ ძლიერი პიროვნებაა, ძლიერი მოთამაშე საერთაშორისო ასპარეზზე. ხომ ცნობილია, რომ საერთაშორისო ლიდერებს შორის უკვე ზედიზედ მეოთხედ პირველ ადგილზეა დასახელებული… ცოტა დასალაგებელი აქვს მდგომარეობა ქვეყნის შიგნით _ კორუფცია ჭამს სახელმწიფოს. ოლიგარქების პარპაშია ასალაგმი. ველური კაპიტალიზმის სტადია რუსეთში ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომაა განსაკუთრებით ძნელი მასთან ბრძოლა ამ უზარმაზარ ქვეყანაში. ხომ იცით, რა უპასუხა ფორდმა ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ გახდით მილიონერიო: “არასოდეს მკითხოთ, როგორ ვიშოვე ჩემი პირველი მილიონი. მომდევნო მილიონები კი ბიზნესია”… პირველი მილიონი სისხლის ღვრით, კანონების დარღვევით არის მოპოვებული. რუსეთი თანდათან, მაგრამ მაინც გამოდის “პირველი მილიონის შოვნის” სტადიიდან.

საქართველოში წამოჩიტულ .. მილიონერებს რომ ვუყურებ და ვიცი, ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ, თავისთავად მიჩნდება შეკითხვა _ საიდან და როგორ? განა მხოლოდ მე მაქვს ეს ინფორმაცია და ხალხმა არ იცის, ვინ იღებდა სახელმწიფოს გარანტიით თურქულ კრედიტებს და მერე როგორი კანონდარღვევებით ჩამოეწერებოდათ ეს ვალები?

_ საქართველოდან ახლა უკვე საბოლოოდ გაქცეულ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს სასაზღვრო ჯარებში მისი ყოფნის ამსახველი ფოტოალბომი საჩუქრად რომ გადაეცით, ამაზეც უნდა გკითხოთ

_ სააკაშვილი პარადოქსია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ქარიზმული პიროვნება, ძალიან მერყევი ფსიქიკით, სიტყვასა და ქმედებაში არაადეკვატური, არასანდო, როგორც ადამიანურ ურთიერთობაში, ასევე პოლიტიკაში. ის ალბომი, რომელზეც მეკითხებით, ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ გამომატანა სააკაშვილისთვის გადასაცემად. რამ გააცოფა სააკაშვილი, მასში თავმოყრილ ფოტოებს რომ გაეცნო, ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ, დიქტოფონის გარეშე…

_ ბატონო ვალერი, ზურაბ ჟვანია მოკლეს, თუ შემთხვევას ემსხვერპლა?

_ იმ უამრავი ინფორმაციის მიხედვით, რომლებიც საზოგადოებაში ვრცელდება, მოკლეს. უეჭველი.

_ შესწრებიხართ თუ არა ოდესმე ედუარდ შევარდნაძის შემცვლელის საკითხზე საუბარს?

_ შესწრებით არ შევსწრებივარ, მაგრამ ჩემთვის კი უკითხავთ. 2002 წელს მივლინებით ვიყავი ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმხანად ჩვენი ელჩი თედო ჯაფარიძე იყო. თედომ მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდათ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსებს.

შევხვდი. მათ ღია ტექსტით, პირდაპირ მითხრეს, რომ თქვენ, ალბათ, გრძნობთ, შევარდნაძე პროცესებს უკვე ვეღარ მართავს, ქვეყანაში კორუფცია ყვავის და რა გამოსავალს ხედავთო.

ვუპასუხე, რომ გამოსავალი ერთადერთია და ცნობილი _ აღვირი მაგრად უნდა მოქაჩო და დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

მაგრამ ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური ნებაა საჭირო-მეთქი.

დამეთანხმნენ.

_ ხედავთ ვიმეს მომავალ პოლიტიკოსებში, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას შევარდნაძის შეცვლის შემდეგ? _ მეკითხებიან.

დავუსახელე ოთხი ადამიანი.

_ ვინ დაასახელეთ, ბატონო ვალერი?

_ ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, სულხან მოლაშვილი, ლადო ჭანტურია. ვისაც ვიცნობდი, ისინი.

თავიანთი მოსაზრება ორ მათგანზე მითხრეს (ნუ მომთხოვთ დაკონკრეტებას, რადგან შეხვედრა კონფიდენციური იყო). ესენი არ გამოდგებიანო. დანარჩენ ორზე, _ არ ვიცნობთ და ვერაფერს გეტყვითო.

_ ის მაინც მითხარით, ვინ იყო პირველი წყვილი და ამერიკელებმა პლუსით თუ მინუსით დაახასიათეს?

_ ჟვანია და ბურჯანაძე. დახასიათება კი _ უფრო მინუსი ნიშნით.

ამ საუბრისას სააკაშვილი არავის უხსენებია. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, არსებობდა თუ არა ვინმე ასეთი. იმხანად მიშა, როგორც მოკლეშარვლიანი ბიჭი, პარლამენტის შენობის დერეფნებში დაბორიალებდა და კედლებს ლურსმნით ჩხაპნიდა.

_ მაგრამ გამოჩნდა და მხარი დაუჭირეს.

_ კი, მაგრამ ეს მოხდა შემდეგ. ბევრი რამ გაირკვა მას შემდეგ, მათ შორის, ისიც, ვინ ხელმძღვანელობდა არჩევნების პროცესს, ვინ აფათურებდა ხელს დიდძალ ფულში, ვინ აწესებდა დეპუტატად არჩევის მსურველისთვის ტარიფის ოდენობას და ..

_ ვინ?

_ მერე გეტყვით…

მას შემდეგ დღემდე საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე იმდროინდელინომენკლატურის” 60-70 პროცენტი ტრიალებს.

_ სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ დამოუკიდებლობის პერიოდი საქართველოსთვის აღმავლობის ხანა იყო. წარუმატებლობის რომელ მთავარ მიზეზს გამოყოფდით, ბატონო ვალერი?

_ ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ მთავარი, ჩემი აზრით, არაპროფესიონალიზმი იყო. ეროვნული ხელისუფლების სათავეში მოსულ ახალგაზრდებს არავითარი გამოცდილება არ ჰქონდათ, თუნდაც მცირე კოლექტივის მართვის (რამდენიმეს გამოკლებით, ცხადია).

კადრების შერჩევა იყო და რჩება საერთო პრობლემად. მახსოვს, როგორი კმაყოფილებით ლაპარაკობდა თავის დროზე სამტრედიის გამგებელი, რომ რკინიგზის გადაკეტვით რუსეთს ეკონომიკური ბლოკადა მოუწყო. პრიმიტივიზმის ნიმუშია. მაშინდელ 24 წლის ბიჭს, რომელიც ახლა მოწიფულ ასაკშია, თავი სერიოზულ და გამოცდილ პოლიტიკოსად მიაჩნია.

შევარდნაძეს ვერ დააბრალებ, რომ არაპროფესიონალი კადრები ჰყავდა შერჩეული. სამაგიეროდ, ვერ მოერია კორუფციას. მიუშვა.

_ კორუფციის თემა, როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ, აშშის სპეცსამსახურების მიერ არის შემოგდებული, როგორც საბაბი ამა თუ იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩასარევად.

_ კარგი, რა! ყველაზე დიდი კორუფციონერები თვითონ ამერიკელები არიან, მაგრამ ამაზე წამოაგესკმარა”, “ოტპორიდაფერადი რევოლუციებისსხვა ახალგაზრდული მოძრაობები. აშშის პრეზიდენტის ახლანდელმა არჩევნებმა კარგად გამოაჩინა, სადაა დამარხული კორუფციის თავი. ახალარჩეულმა პრეზიდენტმა თავისი სახელი დაარქვა ჰილარი კლინტონის ლობისტურ ძალებს. ეს მან ისე მკვეთრად და სახელდებით გააკეთა, რომ მისმა კეთილისმსურველებმა ამერიკაშიც და მის საზღვრებს გარეთაც ურჩიეს, გაეძლიერებინა თავისი დაცვის სამსახური.

კადრების აღზრდის, შერჩევისა და დაწინაურების არავითარი სისტემა არ აქვს ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებასაც, რაც ფრიად სამწუხაროა. სააკაშვილის მეთოდებზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება _ თვითმფრინავში გაცნობილ ან კანადის პურის საცხობში შეხვედრილ გოგოებს მინისტრებად რომ მოგვივლენდა და გვამების კოლექციონერი, უწიგნური მერაბიშვილი ქვეყნის ხერხემლად და გადამრჩენად რომ ჰყავდა აღზევებული.

_ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ დღეს უმეტესობამ დილეტანტიზმი პროფესიად გაიხადა?

_ სამწუხაროდ, იძულებული ვარ, დავეთანხმო. განსაკუთრებით ეს იგრძნობა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში მთლიანად და არა ცალკე აღებულ სტრუქტურაში. არანორმალურია, რომ ქვეყნის ორ ლიდერს _ პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს _ ამ მიმართულების თავიანთი სტრუქტურა აქვს! არა მგონია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანაში ასეთი სიმახინჯე არსებობდეს.

და, რაც მთავარია: კაპიკია შენი უსაფრთხოების სტრუქტურის ფასი, რომელიც სრულად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებზე. არადა, ასეა საქართველოში. ვეჭვობ, რომ, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე მსოფლიო ჯაშუშობის ბუდე პარიზში, მარსელსა და სტამბოლში იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი _ ვენაში, ამჟამად პოსტსაბჭოთა პერიოდის ჯაშუშობის ბუდე თბილისშია.

დილეტანტიზმი სწორედ ამ სისტემაში გახდა პროფესია. კადრის რეზერვი ჩვენს ხელისუფლებას არსად, არც ერთ რგოლში არ ჰყავს, ხოლო, უცხოეთში სამთვიანი კურსების გავლა პროფესიონალიზმის უმაღლესი დონის დადასტურებას რომ არ ნიშნავს, ეს, კარგა ხანია, ყველასთვის ნათელია. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტსა და პოპულისტ-ავანტიურისტ მიხეილ სააკაშვილს დაგისახელებთ, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მისი საყვარელი გამოთქმის შესაფერისად, ჩვენ თვალწინ “მარტივ მამრავლებად დაეშალა”.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ბატონი ვალერი ჩხეიძე ერთხანს დარჩება საქართველოში და ვიმედოვნებ, ჩვენს მკითხველს კიდევ ექნება მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.

5 COMMENTS

  1. is 24 wlis bihukela ziziguri iyo . rusets kiara hven gadagveketa. neta vis unda shevevedrot qartvelma xalxma rom saqartvelos ushvelon.. ese konkretuulad yvela hkviania imas amboben rasac hvenc vxvdebit ….gamosavalia saqme.

  2. მოგესალმები ბატონო გენერალო ! აი რას ნიშნავს ფროფესიონალი ! ასეთი ზუსტი სამხედრო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი ბევრი ხანია არ გამოქვეყნებულა საქართველოში! მოკლედ და ზუსტად მთავარზე ! ბრავო !

  3. პასუხი gia-s. პროფესიონალების მიმართ სწორედ ისეთმა კრეტინულმა დამოკიდებულებამ, როგორიც თქვენ გაქვთ მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. რა შუაშია აქ კიტოვანი და იოსელიანი. ასეთმა ზედაპირულმა და უვიცმა იდელოგიამ გარყვნა და ამჟამადაც რყვნის ერს. ერს, რომელსაც არ შეუძლია დააფასოს პროფესიონალი , იმ ერს არაფერი არ ეშველება!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here