Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

1292

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უბრძანა მწერლებს, პოეტებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება მეტი ჭუჭყი და ტალახი ესროლათ სტალინის სახელისთვის, ამ დაქირავებულმა ბრალმდებლებმა რაში აღარ დაადანაშაულეს ზემძლავრი სახელმწიფოს შემქმნელი და მისი უბადლო მხედართმთავარი და წინამძღოლი:

“სტალინი _ ძალაუფლების პათოლოგიური მოყვარული”; “სტალინი _ პარანოიკი”; “სტალინი _ გაუნათლებელი, გარყვნილი და მორალურად არამდგრადი”; “სტალინი _ მეფის ოხრანკის აგენტი”; “სტალინი _ ადამიანის სისხლსმოწყურებული” და სხვ.

გავიდა ისტორიისთვის მცირე დრო და ყველა ეს მონაჩმახი და ნალაყბევი წყალმა წაიღო _ ამ ბრალდებებიდან საზოგადოებას არაფერი დარჩა დოკუმენტურად დადასტურებული, ხოლო არქივებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნის შემდეგ ნათელი შეიქნა, რას უმზადებდნენ საბჭოეთის ხელმძღვანელები საზღვარგარეთის ფარულ მმართველებთან ერთად სტალინის ნეშტსა და სახელს.

ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი, მეცნიერი და მწერალი გროვერ ფერი თავის სქელტანიან წიგნში ,,ანტისტალინური სისაძაგლე”, რომელშიც გაანალიზებული აქვს სკკპ XX ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ სტალინისთვის წაყენებული 61 ბრალდება, საარქივო მასალებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენებაში წამოყენებული ,,61 ბრალდებიდან არც ერთი არ შეიცავს სინამდვილის მარცვალს”, ვიმეორებ: არც ერთი!

“სტალინი თანამდებობისთვის ბრძოლის პათოლოგიური ჟინით რომ არ იყო შეპყრობილი, ამას ისიც ამტკიცებს, რომ 1927 წლამდე სტალინმა სამჯერ დააყენა პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგომის საკითხი, მაგრამ ცენტრალური კომიტეტის წევრებმა სამჯერვე ერთხმად უარყვეს. მეოთხედ _ სტალინმა გენერალური მდივნის პოსტის გაუქმება მოითხოვა, რათა სამდივნოში ყველა მდივანი ერთნაირ პირობებში ყოფილიყო, მაგრამ სტალინის ეს წინადადებაც უარყოფილი იქნა”, _ წერს ფერი.

1922 წელს, როდესაც სტალინს გენერალურ მდივნად ირჩევდნენ, მას ყველაზე აქტიურად მხარს უჭერდა მისი უშუალო მტერი ლევ ტროცკი, რომელსაც, როგორც ქვეყანაში მეორე თანამდებობის პირს (ტროცკი იყო პოლიტბიუროს წევრი და სსრკ-ის შეიარაღებული ძალების სახალხო კომისარი _ გრ. ონიანი), სურდა, სტალინი თავისი მმართველობისთვის დაექვემდებარებინა. ტროცკიმ იცოდა, როგორი გულმოდგინებით ასრულებდა სტალინი დაკისრებულ მოვალეობას და, თუ მას ქანცგამცლელი სამუშაოების შესრულებას დააავალებდნენ, სტალინი აქტიურ პოლიტიკაში ჩასართველად ვეღარ მოიცლიდა.

მკითხველს, ალბათ, გაუკვირდება _ რა, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნობა თავისთავად პოლიტიკური თანამდებობა არ არისო?! მაგრამ გიპასუხებთ, რომ ეს თანამდებობა სტალინმა გახადა ესოდენ სახელოვანი და ძლიერი, სტალინამდე ამ პოსტზე იაკობ სვერდლოვის მეორე ცოლი კლავდია ნოვგოროდცევა მუშაობდა.

სამოქალაქო ომიდან და ქვეყნის ყველა ურთულესი უბნიდან გამარჯვებით დაბრუნებული სტალინის ავტორიტეტი უსწრაფესად იზრდებოდა და მას ბოლშევიკთა უმრავლესობა ბელადად აღიარებდა. სწორედ ამ სწრაფად მზარდი ავტორიტეტის შესაჩერებლად დანიშნეს ლენინმა და ტროცკიმ ერთმანეთში მოლაპარაკების შემდეგ სტალინი სტატისტის როლის შემსრულებლად _ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად. სტალინს თანამდებობა არ სჭირდებოდა, რადგან ის პარტიისა და ხალხისთვის უკვე ბელადი იყო. ამ გენიოს კაცს 1941 წლამდე არ ჰქონდა არავითარი ძირითადი თანამდებობა _ არ იყო პრეზიდენტი (უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე), არ იყო სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოს პირველი ან მეორე პირი, მაგრამ ქვეყნისა და ხალხის ბელადი გახლდათ.

სტალინი ქვეყნის ხელმძღვანელობის კოლექტიური ორგანოს _ პოლიტბიუროს _ თავმჯდომარეც არასოდეს ყოფილა 1941 წლამდე. პოლიტბიუროს სხდომებს თავმჯდომარეობდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, როგორც საბჭოეთის პირველი პირი და მეთაური. პოლიტბიუროს სხდომებზე გადამწყვეტი ხმა არავის ჰქონდა, ის მართვის კოლექტიური ორგანო იყო და მმართველობაც ერთობლივი იყო.

მაგალითად, 1928 წელს, როდესაც გამჟღავნდა დონბასელი მეშახტეების მავნებლური ქმედება, პასუხისგებაში მისცეს 53 კაცი. სასამართლომ 4 კაცი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. 11 კაცს მიუსაჯეს უმაღლესი სასჯელი _ დახვრეტა. მათგან 6 უმაღლესმა საბჭომ შეიწყალა, 5-ს კი უმაღლესი სასჯელი დაუტოვა. პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა შეიტანა წინადადება, შეეწყალებინათ დანარჩენი 5 კაციც, მაგრამ პოლიტბიურომ სტალინის წინადადება არ გაიზიარა, რადგან ნიკოლაი ბუხარინმა დაარწმუნა პოლიტბიუროს შემადგენლობა, რომ მათი შეწყალება შეუძლებელი იყო.

პოლიტბიუროს სხდომებზე დადგენილების ყველაზე დასაბუთებულ პროექტებს წარადგენდა სტალინი, რომლის ღრმაშინაარსიანი განმარტებები, ქმნიდა წინაპირობას, რომ ამ საკითხისთვის მხარი დაეჭირათ. პოლიტბიუროზე წყდებოდა როგორც პარტიის, ისე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საკითხები და ამ საკითხებში ყველაზე გარკვეული და გაბედული იყო სტალინი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სტალინს არ ჰქონდა მაღალი თანამდებობა და გადამწყვეტი ხმა, მისი აზრი და პროექტი ყოველთვის იმარჯვებდა, რაც განამტკიცებდა მის ბელადობას პარტიასა და ქვეყანაში.

ხელისუფლების სათავეში რევოლუციით მოსული კომუნისტები, რომლებიც განაგებდნენ ადგილობრივ თუ საკავშირო სამეურნეო თუ პარტიულ საქმეებს, დაუნდობელი იყვნენ სოციალიზმის მტრების მიმართ. მტერი კი ქვეყანას არც გარეთ აკლდა და არც შიგნით.

სახელმწიფოს არ ჰყავდა ჯარი, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა კვალიფიციური ოფიცრებით. მეფის რუსეთის გამოცდილი სამხედროების უმრავლესობა თეთრგვარდიელები და ბოლშეიკების შეურიგებელი მტრები იყვნენ. კონტრრევოლუცია უკან არ იხევდა, ამას ემატებოდა საზღვარგარეთიდან შემოტანილი დიდი რაოდენობით თანხა, რომლითაც საბჭოეთის მტრები საბოტაჟსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას აფინანსებდნენ. ქვეყანა აშკარა საფრთხის წინაშე იდგა. საფრთხის წინაშე იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა უწყებასა და მხარეს განაგებდნენ. სწორედ ეს ხალხი იყო იმ ბირთვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა და პარტიის ყრილობას იწვევდა.

პარტიის ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა მორიგ ყრილობამდე არავის და არანაირ ორგანოს არ შეეძლო. ყრილობა კი ირჩევდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო 70 ბოლშევიკკომუნისტს, რომლებიც წელიწადში რამდენიმეჯერ იკრიბებოდნენ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების მიმდინარეობის შესამოწმებლად. ცენტრალური კომიტეტის წევრად არჩეული 70 კაცი პარტიის ყოველდღიური საქმიანობის სახელმძღვანელოდ ირჩევდა ცენტრალური კომიტეტის 5 მდივანს, მათგან ერთერთი გენერალური მდივანი იყო. სამდივნოს გარდა, ცენტრალური კომიტეტის 70 წევრი ირჩევდა პოლიტბიუროს 10 კაცის შემადგენლობით, რომელიც იყო პარტიისა და ქვეყნის მართვის კოლექტიური ორგანო. პოლიტბიუროს მუდმივი წევრები იყვნენ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი. ცენტრალური კომიტეტის მდივნები შეიძლება ყოფილიყვნენ პოლიტბიუროს წევრები და შეიძლება _ არა. პოლიტბიურო წევრი შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მხარის პარტიული ხელმძღვანელი, რომელიმე დიდი უწყების ან სამინისტროს ხელმძღვანელი, სახელგანთქმული მეცნიერი ან კონსტრუქტორი, თუ მათ პროფესიონალიზმს ემატებოდა გამორჩეული ადამიანური თვისებები _ პატიოსნება, მორალური სიმტკიცე და გამბედაობა.

სწორედ ამ ადამიანებს სჭირდებოდათ ძლიერი მხარდაჭერა და პრინციპული მიდგომა საქმისადმი, როცა ჯერ კიდევ ძლიერი შეფარული თუ ღია მტრები ტერორის, შანტაჟისა თუ საბოტაჟის გზით ცდილობდნენ, დაემხოთ ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყანა. პარტიის ერთგული და სამშობლოს პატრიოტი კომუნისტური კოჰორტა კი არ დაუშვებდა სტალინის მეორეხარისხოვან თანამდებობაზე გადასვლას.

მერწმუნეთ, ძვირფასო მკითხველო, რომ იმჟამინდელი კომუნისტები სრულიადაც არ ჰგავდნენ პოსტსტალინისტური ეპოქის კომუნისტებს, რომლებიც არათუ შეებრძოლნენ თავიანთი წინაპრების აშენებული ქვეყნის დანგრევას, პირიქით _ აქტიურად უჭერდნენ მხარს…

სტალინმა თითქმის ყველა საშინაო საკითხი მოაგვარა და თავის კონტროლს დაუქვემდებარა, მაგრამ რჩებოდა საგარეო საფრთხეები _ ქვეყნის იზოლაცია და ომის საშიშროება. 1930-იანი წლები ძალმომრეობისა და ყოველგვარი არაადამიანური მოქმედების პერიოდად დარჩება კაცობრიობის ისტორიაში.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

  1. Батоно Григол! ахал 2017 целс гилоцавт да гисурвебт джанмртвелобас ,рац дзалиан дасчирдеба тквенс арц ту исет иол могвацеобас! Батоно Григол ту дрос монахавт да сачирод чатвлит курадгеба миакциет Соловьевис гамоцемас.21- декемберс СТАЛИНИС шесахеб. Ам сагамозе чеми азрит дзалиан саинтересод гамовида Исраелис копили упроси КЕДМИ. Впикроб тквен гамогадгебат асети адамианис азри аханаг СТАЛИНЗЕ!!! Ютюбеши нахавт.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here