Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის მეგობრები ვაშინგტონს იპყრობენ

პუტინის მეგობრები ვაშინგტონს იპყრობენ

514

20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპი აშშის 45- პრეზიდენტი გახდება. მოწინააღმდეგეებმა მისგაშავებაზეუამრავი რესურსი დახარჯეს, ამიტომ მოლოდინი ერთობ დაძაბულია, ყველა ყურადღებით აკვირდება ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებებს

მეგობრობის ორდენი და ცოფიანი ძაღლი

“გელაპის” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 53% დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი წარმატებით შეძლებს ქვეყნის მართვას; 55% მიიჩნევს, რომ ის მოახერხებს აშშ-ს ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე; ხოლო 59% თვლის, რომ მას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ხელეწიფება. არჩევნების შემდეგ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა, მაგრამ “გელაპის” მონაცემები მას დამშვიდების შესაძლებლობას არ აძლევს, რადგან იმ დროიდან, რაც ეს გამოკითხვა ტარდება, ყველა წინამორბედი პრეზიდენტის შემთხვევაში, სამივე მოყვანილი მაჩვენებელი 70 პროცენტს აღემატებოდა. ტრამპის ეპოქა მაღალი უნდობლობის, ამერიკელების ორ ბანაკად გაყოფის პირობებში იწყება, მისი თითოეული საკადრო გადაწყვეტილება კი კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე ტრამპი “ექსონ მობილის” დირექტორ რექს ტილერსონს წარადგენს. მას, სანავთობო ბიზნესიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტთან ახლო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ის დაჯილდოებულია რუსული “ხალხთა მეგობრობის ორდენით” და ობამას ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო აკრიტიკებს (სანქციები ხელს უშლის “ექსონის” პროექტებს არქტიკაში). სწორედ ტილერსონს შეიძლება შეექმნას პრობლემები სენატში დამტკიცებისას, რადგან რესპუბლიკელებს იქ მხოლოდ ორი ხმით მეტი აქვთ, ხოლო ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატორი, მაგალითად, ჯონ მაკკეინი, ტილერსონის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ კანდიდატურის დასახელება სერიოზული არგუმენტია იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ახალ ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება და ე.წ. დიდი გარიგების გაფორმება სურს.

რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის, გამოჩენილი ამერიკელი პოლიტოლოგის _ ედვარდ ლუტვაკის ვარაუდით, “ტრამპს სურს, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, რათა დაგროვილი წინააღმდეგობები მოხსნას, “პატარა ცივი ომი” ნორმალური ურთიერთობების კალაპოტში მოაქციოს, გააუქმოს სანქციები და მოსკოვისთვის სხვა სასიამოვნო რამ გააკეთოს. ამის სანაცვლოდ, ტრამპს უნდა, რომ პუტინმა საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნოს და მის შესაბამისად იმოქმედოს, რათა მომავალში ტრამპი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს. ტრამპი მზადაა, რუსეთს “განსაკუთარებული პირობები” შესთავაზოს”, _ განუცხადა ლუტვაკმა “გლობალეფეირს”.

საგულისხმო დეტალი: როდესაც პენტაგონმა მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ახალმა პრეზიდენტმა აშშ-ის თავდაცვით პრიორიტეტებზე ჩამოაყალიბა საკუთარი თვალსაზრისი, რუსეთი იქ ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, მაშინ, როდესაც შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჯოზეფ დანფორდი, რომელიც პოსტზე ტრამპის ინაუგურაციის შემდეგაც დარჩება, ამბობს, რომ არც ერთი ქვეყანა არ ქმნის აშშ-ისთვის ისეთ სერიოზულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. თუმცა ტრამპის მემორანდუმში ნახსენები იყო “ისლამური სახელმწიფო”, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა, კიბერუსაფრთხოება, საბიუჯეტო პრობლემები და სხვა, მაგრამ არა რუსეთი.

თავდაცვის მინისტრად ტრამპი გენერალ ჯეიმს მატისს ნიშნავს, რომლის მეტსახელი “ცოფიანი ძაღლია”. ის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და პოპულარული ამერიკელი გენერალია და ჭარბი პოლიტკორექტულობით ნამდვილად არ გამოირჩევა. მატისის დანიშვნაზე შეიძლება პროცედურული სირთულეები შეიქმნას, რადგან მისი გადადგომიდან 7 წელიწადი არ გასულა, მაგრამ არსებობს იურიდიული “ხვრელი”, რომელიც მის დამტკიცებას შესაძლებელს ხდის. ნაკლებად სავარაუდოა, კანონმდებლებმა პრობლემა ამ ეტაპზე შეუქმნან, თუმცა გენერლის ოპონენტები ჩასაფრებული დაელოდებიან მის მორიგ არაპოლიტკორექტულ განცხადებებს.

რატომ შფოთავს პეკინი?

დონალდ ტრამპი აპირებს, აშშ-ის გენერალურ პროკურორად (იუსტიციის მინისტრად) დანიშნოს სენატორი ალაბამის შტატიდან _ ჯეფ სეშნსი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსად _ სენატორი კანზასის შტატიდან მაიკ პომპეო, ხოლო მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში _ გადამდგარი გენერალი მაიკლ ფლინი (სეშნსი და პომპეო სენატმა უნდა დაამტკიცოს). ლიბერალი ოპონენტების შეფასებით, სამივე თანმიმდევრული რადიკალ-კონსერვატორია. ლიბერალები ბოლო დღეებში ხშირად იხსენებენ, რომ სეიშნსი ეწინააღმდეგებოდა სასჯელის შემსუბუქებას იმ პირებისთვის, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. “კარგი ადამიანები მარიხუანას არ ეწევიან”, _ განაცხადა მან სენატში (ქართულ “გირჩს” ნამდვილად არ გაახარებდა). მას ახასიათებს ხისტი მიდგომა ტერორიზმის, იარაღით ვაჭრობისა და უკანონო იმიგრაციის მიმართ და, დიდი ალბათობით, შეეცდება, ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებიდან გამომდინარე, მკაცრი კურსი გაატაროს.

მაიკლ ფლინს ერთ-ერთ ბრალდებად უყენებენ იმას, რომ “რაშა თუდეისთვის” გაწეული კონსულტაციისთვის ფულადი გასამრჯელო მიიღო. ამ ტელეკომპანიის იუბილეზე ფლინი ვლადიმერ პუტინის გვერდით იჯდა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების ახალ “გადატვირთვაში” ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რაც შეეხება პომპეოს, ოპონენტები მას შეთქმულების თეორიის მიმდევრად წარმოაჩენენ, უფრო ოდიოზურ ფიგურად, ვიდრე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ლეგენდარული შეფი ედგარ ჰუვერი გახლდათ. გასაკვირი ამაში არაფერია, პომპეო ბოლო პერიოდში კლინტონების კლანის პირად მტრად ჩამოყალიბდა. სამივე ჩამოთვლილ ფიგურასთან დაკავშირებით ლიბერალურ მედიაში დემონიზაციის კამპანია მიმდინარეობს.

ტრამპის კიდევ ერთმა საკადრო გადაწყვეტილებამ პეკინის შეშფოთება გამოიწვია – აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლად რობერტ ლაითჰაიზერი დაინიშნა, რომელიც ამ პოსტზე რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა და პროტექციონიზმისა და ჩინეთთან ურთიერთობაში ხისტი მეთოდების გამოყენების მომხრეა. მისი დანიშვნა პეკინში ლამის ეკონომიკური ომის გამოცხადებად აღიქვეს. ეს უკვე მეორე სიგნალია მას შემდეგ, რაც ტრამპმა სავაჭრო და სამრეწველო პოლიტიკის ფორმირება პიტერ ნავაროს დაავალა, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებას “სასტიკ, აგრესიულ, უხეშ, უგულო, ამორალურ, დაუნდობელ და აბსოლუტურად ტოტალიტარულ იმპერიალისტურ ძალას” უწოდებდა.

ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე ტრამპი ელეინ ჩაოს წარადგენს. ის 2001_09 წლებში შრომის მინისტრი იყო, 1989_91-ში კი _ ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე. წარმოშობით ტაივანიდანაა და ამან შეიძლება პეკინთან ურთიერთობაში დამატებითი სირთულეები შექმნას. მას შემდეგ, რაც ტრამპი ტელეფონით ტაივანის პრეზიდენტს ესაუბრა და ამით ჩინეთის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია, ჩინურ მედიაში ჩაოს შესაძლო გავლენა ახსენეს და ახალი ნაბიჯები ამ მიმართულებით შეიძლება ისევ მას დაუკავშირონ.

ნატოს გაფართოების მიზეზებს ვერ ვხედავ…”

ფინანსთა მინისტრი გახდება ყოფილი ბანკირი “გოლდმან საქსიდან” _ სტივენ მნუჩინი, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფინანსური დირექტორი გახლდათ, ვაჭრობის მინისტრი კი ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი _ უილბურ როსი. ენერგეტიკის მინისტრად განიხილება რიკ პერი, რომელიც ორი მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის დირექტორთა საბჭოში შედის და ეკოლოგიური კვლევების ჩატარებას ეწინააღმდეგება.

განათლების მინისტრის პოსტზე ტრამპმა ბეტსი დევოსი წარადგინა, რომელიც მიჩიგანის შტატში რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკურ პარტიას, დაკავებული იყო მოსწაველეთა უფლებების დაცვით და, საზოგადოად, საშუალო განათლების პრობლემებით. ტრამპის მთავარი მოთხოვნა მის მიმართ განათლების სისტემაში ბიუროკრატიული წნეხის შემცირებაა. ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება კონგრესმენი თომას პრაისი, რომლის მთავარი ამოცანა წინა ადმინისტრაციის რეფორმის, ე.წ. ობამაქეარის დემონტაჟი იქნება. ის წლების განმავლობაში მისი თანმიმდევრული კრიტიკოსი იყო.

პირველი აფროამერიკელი, რომელსაც ტრამპმა მინისტრის პოსტი შესთავაზა, გახდა ნეიროქირურგი ბენ კარსონი. ის ბინათმშნებლობის მინისტრად ინიშნება. საინტერესოა, რომ ტრამპის დაპირებას, “გაასუფთავოს ქალაქების რაიონები, რომლებშიც, ძირითადად, ღარიბები და უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ”, მისმა ოპონენტებმა რასისტული უწოდეს. ახლა ტრამპმა შესაბამისი პროგრამის რეალიზება აფრომერიკელს დაავალა. ამასთანავე, მიუთითა, რომ მას ხმა აფროამერიკელთა 19%-მა მისცა. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რესპუბლიკელი კანდიდატისთვის 1984 წლის (რეიგანის მეორე არჩევა) შემდეგ. კარსონი ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების, მარიხუანის ლეგალიზაციისა და იარაღის ტარების შეზღუდვის მოწინააღმდეგეა.

შრომის მინისტრად ტრამპი გამოცდილ და წარმატებულ იურისტს _ ენდრიუ პაზდერს ნიშნავს. ის ეწინააღმდეგება მინიმალური ხელფასის გაზრდას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუშლის ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების რაოდენობას შეამცირებს.

გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის პოსტი ტრამპმა თავის რადიკალ ოპონენტს, სამხრეთ კაროლინის ყოფილ გუბერნატორს _ ნიკი ჰეილის შესთავაზა. ის მკაცრად აკრიტიკებდა ახალ პრეზიდენტს მისი ანტისაიმიგრაციო ინიციატივების გამო. ჰეილი აშშ-ის ფარგლებს გარეთ ცნობილი 2015 წლის სკანდალის შემდეგ გახდა, როდესაც სამხრეთ კაროლინის საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან კონფედერაციის დროშის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

 რუსეთში აშშ-ის ელჩად შეიძლება დაინიშნოს კონგრესმენი დანა რორაბაჰერი ან ჰენრი კისინჯერის მრჩეველი თომას გრემი. პირველი ჯერ კიდევ 2015-ში “ახალი ცივი ომის” დაწყების ფონზე აცხადებდა, რომ რუსეთი აშშ-ისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ამაყობს იმით, რომ პრეზიდენტი პუტინი ჯერ კიდევ 1990-იანებში გაიცნო. ნეგატიური დამოკიდებულებით რუსეთის ხელისუფლების მიმართ არც გრემი გამოირჩევა, რომელიც ადრე აშშ-ს საელჩოში (მოსკოვში) მუშაობდა და სრულყოფილად ფლობს რუსულ ენას. გასულ კვირას “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გრემმა თქვა: “შექმნილ სიტუაციაში მე ნატოს გაფართოების მიზეზებს ვერ ვხედავ… კიევი უნდა ჩამოშორდეს გეოპოლიტიკურ ბრძოლას. ეს უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, საშინაო პრობლემების გადაწყვეტით დაკავდეს”.

უეჭველია, რომ ასეთი მიდგომა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის გაძლიერების ალბათობას მკვეთრად გაზრდის. ბოლოდროინდელი სიგნალები ვაშინგტონიდან მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილისდროინდელ სტერეოტიპებს თავი უნდა დაანებოს და რეალისტური საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაზე დაიწყოს ზრუნვა, რადგან გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში “სათადარიგო ვარიანტი” დასჭირდეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here