ოპერაცია “გლადიო” და ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში
ალენ დალესი, რომელმაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე სმიტი შეცვალა 1953 წელს, დარწმუნებული იყო, რომ საიდუმლო ოპერაციები შეიძლება იყოს მრისხანე იარაღი კომუნიზმის წინააღმდეგ, ფარულად ხელს უწყობდა აშშ–ის ინტერესების დამკვიდრებას საზღვარგარეთ. იგი თვალყურს ადევნებდა პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს დირექტორის _ ფრენკ ვიზნერისა და მისი მოადგილის ფრენკ ლინდსეის საქმიანობას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა დასავლეთ ევროპაში ცენტრალური სადაზვერვოს სამმართველოს ხელმძღვანელ ჯერი მილერთან. მილერი ცსს–ს სხვა მაღალი თანამდებობის ოფიცრებთან ერთად მუშაობდა დასავლეთ ევროპაში გასაგზავნი აგენტების გადაბირებაზე, რომლებსაც შემდგომ უნდა ემუშავათ საიდუმლო ქვედანაყოფების ქსელების გაფართოების საკითხებზე. რეკრუტებს შორის იყო უილიამ კოლბიც, რომელიც მომავალში ცსს–ს დირექტორი გახდა. იგი ისევე, როგორც საიდუმლო სამსახურის სხვა ჯარისკაცები, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა სტრატეგიული სამსახურის სამმართველოში, შეგზავნილი იყო ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე წინააღმდეგობის მოძრაობასთან სამუშაოდ. ომის დროს მხოლოდ ერთხელ გაემგზავრა ქვეყნიდან: გადასვეს ნორვეგიაში სატრანსპორტო ხაზების ასაფეთქებლად. 1951 წლის აპრილში კოლბი მილერის წინაშე იჯდა. ორივე ერთმანეთს კარგად იცნობდა, რადგან მეორე მსოფლიო ომის წლებში მილერი კოლბის უფროსი იყო ნორვეგიაში. ორივე დარწმუნებული იყო, ომს დამთავრება არ ეწერა, და მილერმა კოლბი ლუ შერერის ნაწილში _ დასავლეთ ევროპის სკანდინავიურ განყოფილებაში დანიშნა: “ყველაფერი რიგზეა, ბილ, გაემგზავრე, ნუღარ გადადებ!”, მილერმა უთხრა: “ეს საჭიროა სანდო დაზვერვისთვის და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის, რომლის იმედი უნდა გვქონდეს რუსების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემთხვევისთვის. ჩვენ გვაქვს პირველადი გეგმა, მაგრამ იგი უნდა დავხვეწოთ და გამოვიყენოთ. შენ იმუშავებ ლუ შერერთან ერთად, სანამ არ გავარკვევთ, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ”.
ცსს-მ კოლბის ჩაუტარა ინსტრუქტაჟი, რა უნდა გაეკეთებინა “გლადიოს” სკანდინავიური ქსელის შესაქმნელი საქმიანობის მხარდასაჭერად. “ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ჩამოყალიბდა დაგეგმვა იმ შემთხვევისთვის, თუ საბჭოთა კავშირი დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა. მილერის თქმით, საბჭოთა ჯარების ევროპაში წარმატებული წინსვლის შემთხვევაში პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს სურს, უცებვე გაააქტიუროს კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული დივერსიული რაზმები დამპყრობთა წინააღმდეგ საბრძოლველად”, _ იხსენებდა კოლბი თავის მემუარებში. “მილერმა განაცხადა, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა, მოვამზადოთ წინააღმდეგობის გასაწევად ოკუპაციამდე, შემოჭრამდეც კი. მზად ვართ, ახლავე მოვამზადოთ და ყველაფრით უზრუნველვყოთ არმიები, დრო ჯერ კიდევ არის და რისკიც მინიმალურია”, _ ასე ახსნა კოლბიმ წარმატებით ჩატარებული ოპერაციის მისეული ხედვა. “პოლიტიკური კოორდინაციის ბიურომ ასე მიიღო ქსელების (რომლებსაც დაზვერვის ენაზე “უკან დატოვებულებს ეძახდნენ) აგების ძირითადი პროგრამა იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებიც, როგორც ჩანდა, საბჭოთა ჯარების შეტევის სამიზნე შეიქნებოდა. ეს იყო გაწვრთნილი პერსონალით დაკომპლექტებული და სათანადოდ აღჭურვილი საიდუმლო ინფრასტრუქტურა, რომელიც მზად იქნებოდა ნებისმიერი სადაზვერვო და სამხედრო საქმიანობის განსახორციელებლად (საბოტაჟისთვის, ჯაშუშობისთვის) როცა ამის დრო დადგებოდა”. ამ მიზნით გაგზავნა მილერმა ცსს-ს აგენტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: “ამოცანა, რომლის შესრულება მილერმა მე დამავალა, სკანდინავიაში ასეთი ქსელის დაგეგმვა და შექმნა იყო”.
აშშ–ის საიდუმლო ოპერაციები ევროპაში “უმკაცრესად გასაიდუმლოებულ” ვითარებაში მიმდინარეობდა _ კოლბი ამ გარემოებას განსაკუთრებით ხაზს უსვამდა. “ამიტომ იყო, რომ კოლბიმ დამავალა, ჩემი გეგმების შესახებ ინფორმაცია მიმეწოდებინა ყველაზე უფრო საიმედო ადამიანების წრისათვის ვაშინგტონში, ნატოსა და სკანდინავიაში”.
ნატოს სამეთაურო ცენტრი პენტაგონში დეტალურად იყო ინფორმირებული “გლადიოს” არმიების თაობაზე დასავლეთ ევროპაში. ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ყოველთვის აშშ-ის ოფიცრით იყო წარმოდგენილი, უშუალოდ აკონტროლებდა საიდუმლო არმიას და სამეთაურო ცენტრებს. ამას ადასტურებს პენტაგონის დოკუმენტი გრიფით “საიდუმლო”, რომელიც 1978 წელს გაასაჯაროეს…
პენტაგონის მსგავსად, ამერიკის სპეციალური დანიშნულების ძალებიც უშუალოდ იყო ჩართული საიდუმლო ომში კომუნისტების წინააღმდეგ დასავლეთ ევროპაში. ისინი სპეციალურ ავიასადესანტო სამსახურებთან ერთად წვრთნიდნენ საიდუმლო არმიების ქსელის მეომრებს”. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის სპეციალური დანიშნულების ძალები ხელმეორედ 1952 წელს იშვა ვირჯინიის შტატში, ფორტ-ბრეგის შტაბ-ბინაში. გენერალმა მაკლურმა შექმნა ფსიქოლოგიური ომების ცენტრი და 1952 წლის ზაფხულში სპეციალური დანიშნულების პირველმა ქვედანაყოფმა, ზოგჯერ სპეციალური დანიშნულების მეათე ჯგუფად რომ მოიხსენიებდნენ, დაიწყო სწავლება პოლკოვნიკ აარონ ბენკის მეთაურობით. ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა სტრატეგიული სამსახურების მიერ მეორე მსოფლიო ომში დაგროვებული გამოცდილების ბაზაზე.
პოლკოვნიკმა ბენკმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ჯგუფის სწავლება ითვალისწინებდა “წინააღმდეგობის მოძრაობისა და ოპერაციების ორგანიზებას”, აგრეთვე, დივერსიულ საომარ მოქმედებას, რომელიც ითვალისწინებს… არა მხოლოდ ტაქტიკასა და ლოჯისტიკას, არამედ სპეციალიზებულ ძირგამომთხრელ სამუშაოებს, კოდებსა და რადიოკავშირს, გადარჩენის საშუალებას, ხელჩართული ბრძოლის ფერნბერნის მეთოდს, ინსტიქტურ სკოლას. ბროშურებში ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურდათ აღნიშნულ ჯგუფში ჩარიცხვა, ეწერა, რომ რეკრუტები უნდა ლაპარაკობდნენ ევროპულ ენებზე, სულ ცოტა, 21 წლის უნდა იყვნენ, წოდებით სერჟანტი ან უფრო მაღალი წოდების, გავლილი უნდა ჰქონდეთ სადესანტო მომზადება, ან სურთ დაეუფლონ პარაშუტით გადმოხტომას, ჰქონდეთ ევროპაში მოგზაურობის გამოცდილება, საუკეთესო დახასიათება პირად საქმეში და ა.შ. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა საპარაშუტო-სადესანტო ოპერაციებში და იმოქმედოს ფრონტის ხაზს მიღმა სპეციალურ ან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა.
დამარცხებული გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელშიც განლაგდა ამერიკის ახალშექმნილი სპეციალური დანიშნულების ძალები. 1953 წლის ნოემბერში მე-10 ჯგუფმა სწორედ აქ შექმნა პირველი ბაზა საზღვარგარეთ, “ეს–ეს–ის” ყოფილ შენობაში, რომელიც ჰიტლერის პერიოდში, 1937 წელს, ააგო ფლინტ კაზერნემ ბად–ტოლცში, ბავარიაში.
მოგვიანებით პანამაში მოეწყო შტაბ-ბინა ამ ძალებისთვის ლათინურ ამერიკაში სამოქმედოდ, ხოლო ოპერაციები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტარდებოდა დამარცხებული იაპონიის ოკინავას შტაბ-ბინიდან.
1990 წელს, “გლადიოს” სკანდალური მხილების შემდეგ, ცხადი შეიქნა, რომ “გლადიატორებს” ამზადებდნენ გერმანიაში სპეციალური დანიშნულების მე-10 ჯგუფის ბად–ტოლცის ბაზაზე და რომ ევროპის რამდენიმე ქვეყნის “გლადიატორებმა” სპეციალური მომზადება გაიარეს ამერიკის “მწვანე ბერეტების” ბაზაზე, სავარაუდოდ, აშშ–ის ფორტ–ბრეგში.
იტალიური “გლადიოს” მეთაური, გენერალი სერავალე იხსენებდა, როგორ მიიწვიეს “გლადიატორები” “მწვანე ბერეტებმა” ბად-ტოლცში: “სპეციალური დანიშნულების მე-10 ჯგუფს “ეს-ესელთა” ყოფილ ყაზარმებში, ბად-ტოლცში, სულ ცოტა, ორჯერ მიმიწვიეს. მათი მეთაური იყო პოლკოვნიკი ლუდვიგ ფასტენჰამერი, ჭეშმარიტი რემბო”, _ იხსენებდა “გლადიოს” იტალიელი მეთაური. “სახელდახელო თათბირებზე გვიხსნიდნენ სხვადასხვა მისიის დანიშნულებას, რომელთა შესახებ ზემოთ უკვე მივუთითე (ამბოხებულთა წინააღმდეგ მოქმედება, წინააღმდეგობის ადგილობრივი ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა და ა.შ.). არაერთხელ შევეკითხე, არსებობდა თუ არა საომარი მოქმედებების გეგმა მათ ქვედანაყოფებსა და სხვა საიდუმლო არმიებს, განსაკუთრებით, “გლადიოს” ნაწილებს შორის. სერავალე ჩაფიქრებული მსჯელობდა: “თქვენ სამხედრო კოლეჯის დამთავრება არ დაგჭირდებათ, რათა შეამჩნევთ: თუ X ნაწილები Y ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ომის პირობებში წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდასაჭერად, რომლებსაც ძ საიდუმლო ნაწილები მართავს, მაშასადამე, თუნდაც ჩანასახურ დონეზე უნდა არსებობდეს დაგეგმვა X-სა და Y -ს შორის ჯერ კიდევ მშვიდობიანობის პირობებში”. აქედან გამომდინარე, ოპერატიული გეგმების არსებობა ამერიკის “მწვანე ბერეტებსა” და ბრიტანეთის “გლადიოს” შორის სავსებით მოსალოდნელია. “მაგრამ ხდება პირიქით, ეს გეგმები არ არსებობს”, _ განაცხადა სერავალემ. “და ომის შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების ძალები ბად-ტოლციდან გაავსებენ ჩვენს ქვეყანას წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და ამბოხებების განსახორციელებლად. როგორ შეხვდებიან მათ ჩვენი “გლადიატორები”? _ არტილერიის ცეცხლით, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ჩათვლიან, რომ ისინი წითელი არმიის სპეციალური დანიშნულების რაზმები ან ჯარები არიან. პარტიზანულმა მოძრაობამ გვასწავლა, რომ დაეჭვების შემთხვევაში თქვენ ჯერ გაისვრით და მხოლოდ შემდეგ წახვალთ იმის სანახავად, ვინ წევს მიწაზე”.
სპეციალური დანიშნულების ძალები ყველა დროში მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ცსს–ის საიდუმლო ოპერაციების განყოფილებასთან. მას შემდეგ, რაც 1952 წელს ფორტ–ბრეგში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ძალები, ცსს–ის საიდუმლო ოპერაციების განყოფილებას სახელწოდება შეეცვალა და პოლიტიკური კოორდინაციის ბიუროს ნაცვლად დაგეგმვის სამმართველო დაერქვა, ვიზნერი დაგეგმვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ ალენ დალესთან ერთად გაზარდა ამერიკის საიდუმლო ოპერაციების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით. დალესმა ნება დართო ცსს–ს, მოეკლათ ფიდელ კასტრო და პატრის ლუმუმბა, მოიწონა ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებით ექსპერიმენტების ჩატარება ობიექტებზე, რომელთა შესახებ მათ (ობიექტებს) წარმოდგენაც არ ჰქონდათ და რომელთაგან ზოგი ცათამბჯენიდან გადმოხტა. ვიზნერთან ერთად მან მოაწყო ირანის პრეზიდენტ მოსადიკის დამხობა 1953 წელს და სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც შედეგად მოჰყვა გვატემალის სოციალისტი პრეზიდენტის დამხობა 1954 წელს, ხოლო 1956 წელს ინდონეზიის “მემარჯვენე” პრეზიდენტ სუკარნოს “ჭკუაზე მოსაყვანად” შორეული აღმოსავლეთის თავისი განყოფილების უფროსს უბრძანა: “დროა, კარგად მივაწვეთ სუკარნოს”.
საიდუმლო ოპერაციების ენთუზიასტებს _ ვიზნერსა და დალესს, ისე ჩანდა, ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ გლობალურ მასშტაბებში თავიანთი სამხედო-ტერორისტული ოპერაციების მეშვეობით, მაგრამ, როცა 1961 წელს ჩაიშალა საიდუმლო ოპერაცია (ღორების ყურეში დესანტის გადასხმა) კუბის ლიდერის _ ფიდელ კასტროს წინააღმდეგ, პრეზიდენტმა კენედიმ მოხსნა დალესი და ცსს-ს დირექტორად ჯონ მაკონი დანიშნა.
ალენ დალესი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორობისას საიდუმლო ანტიკომუნისტური არმიების ტვინი იყო. როცა 1990 წელს ევროპას “გლადიოს” მხილების ტალღამ გადაუარა, დაზვერვის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა განმარტა, რომ “თუმცა “უკან დატოვებულთა” ოპერაცია ოფიციალურად 1952 წელს დაიწყო, სინამდვილეში ეს პროექტი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ფაქტობრივად, იმ მომენტიდან, როცა ალენ დალესის თავში დაიბადა”.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ალენ დალესი მიავლინეს ბერნში, შვეიცარიაში და იქიდან უწევდა კოორდინაციას საიდუმლო ოპერაციებს ნაცისტების წინააღმდეგ. ამასთანავე, კონტაქტი ჰქონდა დამყარებული, როგორც ამერიკის სტრატეგიული სამსახურების სამმართველოსთან, ასევე ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან. დასავლეთ ევროპაში საიდუმლო არმიების პროექტის ამოქმედება დალესის სამუშაო და გატაცება იყო. ანგარიშებში ხაზს უსვამდნენ, რომ “ალენ დალესი პროექტს (“გლადიოს”) საბჭოთა კავშირის შეჭრის წინააღმდეგობის გაწევისგან დამოუკიდებელ პროექტად განიხილავდა; აღიქვამდა მას, როგორც იარაღს, რომლითაც შეიძლებოდა ამ ქვეყნების ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შეჩერება”.
ცსს-ს საიდუმლო ომები გრძელდებოდა და მას ვიზნერი ფსიქოლოგიურად განიცდიდა, ვერ მშვიდდებოდა სული მისი. ალენ დალესს მიაჩნდა, რომ “ვიზნერის უსიამოვნებები მისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარეობდა”. იმის გამო, რომ ვიზნერს აღარ შეეძლო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს “ბინძური საქმის” კეთება ევროპაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში, 1958 წელს იგი თანამდებობიდან მოხსნეს. მისი ადგილი დაიკავა რიჩარდ ბისელმა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში სათავეში ედგა (1962 წლამდე) საიდუმლო ოპერაციების განყოფილებას, ოპერატიული სამმართველოს დირექტორის მოადგილედ რიჩარდ ჰელმსის დანიშვნამდე. ამ პერიოდში “გლადიოს” “არქიტექტორ” ფრენკ ვიზნერის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა და 1965 წელს მან თავი მოიკლა. იმავე წელს რიჩარდ ჰელმსი დააწინაურეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად. ვიზნერის დაკრძალვის ცერემონიაზე ჰელმსმა მაღალი შეფასება მისცა მის მოღვაწეობას საიდუმლო ოპერაციების ასპარეზზე. თვით ჰელმსი არასასიამოვნო ვითარებაში აღმოჩნდა 1970 წელს, როცა მოუწია ჩვენების მიცემა ცსს-ს როლის შესახებ ჩილეს პრეზიდენტის სალვადორე ალიენდეს წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში. ცსს-ს მოქმედი დირექტორი აშკარად ცრუობდა სენატორების წინაშე, როცა უარყოფდა, რომ ცსს ცდილობდა, არ დაეშვა “მემარცხენე” ალიენდეს არჩევა ჩილეს პრეზიდენტად: (ამ შემთხვევაში) “მე ხელი უნდა მომეწერა ყველა ამ პროექტისთვის. მე მეცოდინებოდა”. როცა ეს სიცრუე გამჟღავნდა, ჰელმსს მოუწია გადადგომა ცსს-ს დირექტორის თანამდებობიდან 1973 წლის თებერვალში. ამასთანავე, სენატმა იგი ფიცის დარღვევისთვის 2000 დოლარით დააჯარიმა.
უილიამ კოლბი ცსს-ს ყველაზე ცნობილი აგენტი იყო, რომელიც “გლადიოს” ოპერაციაში მონაწილეობდა… მაგრამ მისი ბიოგრაფიაც ტრაგიკულად დამთავრდა. სკანდინავიაში “გლადიოს” ქსელების შესაქმნელად გაწეული დახმარების შემდეგ, “ცივი ომის” მომხრე მოღვაწე 1953 წელს გადაიყვანეს ცსს-ს რომის ბაზაზე იტალიაში კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად და “გლადიოს” საიდუმლო ქსელის გასაფართოებლად. “ცივი ომის” ასპარეზზე ერთი თანამდებობიდან მეორეზე მიმავალი კოლბი 1959 წელს დაემშვიდობა იტალიას. იგი საიგონში წარგზავნეს და იქიდან აკონტროლებდა საიდუმლო ოპერაციებს ვიეტნამსა და ლაოსში. მათ შორის იყო ოპერაცია “ფენიქსი” _ ვიეტკონგის იატაკქვეშა ორგანიზაციის გასანადგურებლად და მისი წევრების ფიზიკური ლიკვიდაციისთვის გამიზნული. 1971 წელს კოლბიმ შეერთებული შტატების კონგრესმენების წინაშე აღიარა, რომ, სანამ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, 20 000 ვიეტკონგოელი გამოასალმეს წუთისოფელს, მაგრამ უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა ფაქტისთვის, რომ ბევრი მათგანი წამებით დაიღუპა: “არ მინდა ვთქვა, რომ არავინ გვიწამებია ან მოვკალით პროგრამის განხორციელებისას. ვფიქრობ, შეიძლება ასეც მომხდარიყო. სამწუხაროდ”.
1973 წელს ცსს-ს საიდუმლო ოპერაციების განყოფილება ცსს-ს ოპერატიულ სამმართველოდ გადაკეთდა და კოლბიმ ოპერატიული სამმართველოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე თომას კარამესინესი შეცვალა. როცა ჰელმსი იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო, პრეზიდენტმა ნიქსონმა იმავე წელს კოლბი ცსს-ს ახალ დირექტორად დაამტკიცა, იმ პოზიციაზე, რომელსაც ინარჩუნებდა 1976 წლამდე, უოტერგეიტის სკანდალით გამოწვეულ ვადამდელ გადადგომამდე. 1996 წელს 76 წლის კოლბი მერილენდის შტატის ერთ-ერთ მდინარეში დაიხრჩო.
პრეზიდენტ ფორდის მმართველობის პერიოდში ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) შეცვალა კოლბი ცსს-ს დირექტორის თანამდებობაზე.
პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის პერიოდში ჯორჯ ბუში ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს და იგი კვლავ განაგრძობდა საიდუმლო ომების მხარდაჭერას, კერძოდ, ნიკარაგუის კონტრასების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას.
1990 წელს, როცა იტალიის პრემიერმინისტრმა ანდრეოტიმ გაასაჯაროა ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო არმიების შესახებ დასავლეთ ევროპაში, ჯორჯ ბუში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი იყო. ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი აქტიურად ზრუნავდა ერაყში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ომის მომზადებაზე. აშშ-ის მოსახლეობა გულგრილად მოეკიდა სპარსეთის ყურეში ომის გაჩაღებას და საჭირო შეიქნა ორიოდე ბინძური ილეთის ჩატარება სიძულვილისა და შურისძიების გასაღვივებლად. 15 წლის გოგონა ნაირამ, რომელსაც ცრემლი ღვარად სდიოდა, 1990 წლის 10 ოქტომბერს კონგრესში გამართულ ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე მოჰყვა, რომ ქუვეითის ჰოსპიტალში მოხალისე მედდად მუშაობისას მოწმე შეიქნა ერაყელი ჯარისკაცების დაუნდობლობის. ერაყელები ქვეყანაში შეჭრისთანავე მივიდნენ ჰოსპიტალში, ახალშობილები ინკუბატორებიდან გამოათრიეს, “დაყარეს სიცივეში და სასიკვდილოდ გაწირეს”. ამ ისტორიამ აღაშფოთა აშშ-ის მოსახლეობა, პრეზიდენტმა ბუშმა თავის უამრავ გამოსვლაში გოგონას სიტყვები გაიმეორა და აღნიშნა, რომ ერაყელთა სისასტიკის შედეგად იმ მომენტში 320 ბავშვი დაიღუპა. ბუში ისე დამაჯერებელი იყო, “საერთაშორისო ამნისტიამაც” გაიმეორა ეს ისტორია. მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ გაირკვა, რომ გოგონას არასოდეს უმუშავია ქუვეითში და რომ იგი აშშ-ში ქუვეითის ელჩის შვილი იყო, ეს იცოდნენ კონგრესში 10 ოქტომბერს მოწყობილი მოსმენის ორგანიზატორებმა. “საერთაშორისო ამნისტიამ” უკან წაიღო თავისი განცხადება, ხოლო “მიდლ ისტ უოტჩმა” 1992 წლის თებერვალში გამოაქვეყნა განცხადება, რომ გოგონას მონათხრობი “ომისდროინდელი აშკარა პროპაგანდა იყო”.
ათი წლის შემდეგ ჯორჯ ბუში–უმცროსი ასევე შეეცადა სიძულვილისა და შურისძიების გაღვივებას მოსახლეობისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდების გზით, თითქოს ერაყში მუშაობენ ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური იარაღის შემუშავებაზე და რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი დაკავშირებული იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან.
1990 წლის დეკემბერში ბუში–უფროსი ვერ გაექცა ევროპარლამენტის მწვავე კრიტიკას. რეზოლუციაში, რომელიც გაუგზავნეს თეთრ სახლსა და ადმინისტრაციას, ევროკავშირი უმწვავესად გმობდა თეთრი სახლის მიერ საიდუმლო ომების ორგანიზებას და მოითხოვდა ამ იატაკქვეშა ორგანიზაციებისა და ცალკეული ჯგუფების საქმიანობის, ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევის გამოძიებას, აგრეთვე, ევროპაში ტერორიზმის პრობლემისა და სახელმწიფოთა სპეცსამსახურების შესაძლო გარიგების შესწავლას.
ამასთანავე, ევროკავშირი “უმძაფრეს პროტესტს გამოთქვამს იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბისა და ნატოს ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო თავს უფლებას აძლევს, წაახალისოს ევროპაში იატაკქვეშა ოპერატიული-სადაზვერვო ქსელის შექმნა”.
საიდუმლო ოპერაციების დარგში თავისი მდიდარი გამოცდილების წყალობით, ბუში-უფროსი უთუოდ კარგად იყო გაცნობიერებული იმ საიდუმლო ოპერაციებსა და ტერორისტულ საქმიანობაში, რომლებშიც ჩართული იყო საიდუმლო არმიები და ამიტომ კატეგორიული უარი განაცხადა თავისი დამოკიდებულების გამოხატვაზე. აშშ-ის კონგრესმა, რომელიც დარწმუნებული არ იყო, რა მასშტაბს შეიძენდა მოსალოდნელი სკანდალი, თავი შეიკავა შეკითხვების დასმისგან. უფრო მეტიც, მასმედიაც თავს არიდებდა სარისკო შეკითხვებს.
“ვაშინგტონ პოსტში” ამ თემაზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში სათაურით “ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დასავლეთ ევროპაში შექმნა საიდუმლო არმია. გასამხედროებული რაზმები საბჭოთა ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად” ციტირებული იყო ერთ-ერთი დაუსახელებელი “სამთავრობო მოხელე, რომელიც იცნობდა ოპერაცია “გლადიოს”: “გლადიო” ოპერაციაა მხოლოდ იტალიისთვის. ჩვენ მას ვერანაირად გავაკონტროლებთ. თუ ამტკიცებენ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჩართული იყო ტერორისტულ საქმიანობაში იტალიაში, ეს აბსოლუტური მონაჩმახია”. როგორც შემდგომმა გამოძიებამ გვიჩვენა, ამ მოხელის ყოველი სიტყვა სიცრუე იყო”.
საიდუმლო ომი იტალიაში
შეერთებულმა შტატებმა და მისმა ანტიკომუნიზმმა გადამწყვეტი როლი შეასრულა იტალიის პირველი რესპუბლიკის ისტორიაში (1945-1993 წწ.). მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო ბოლო ათწლეულში, გვარწმუნებს, რომ იტალიის სპეცსამსახურების საიდუმლო არმიები “გლადიო” მემარჯვენე ტერორისტებთან კავშირში აქტიურად იყო ჩართული საიდუმლო, გამოუცხადებელ ომში. საბჭოთა კავშირის შეჭრა არ შედგა, ხოლო საიდუმლო ანტიკომუნისტური გასამხედროებული ნაწილები, რომლებიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო შექმნილი, ოპერაციებს ქვეყნის შიგნით განახორციელებდნენ და ჭკვიანურად ზემოქმედებდნენ პოლიტიკურ ლანშაფტზე.
“გლადიოს” საქმესა და “ცივი ომის” შემდგომ რიგ საიდუმლო მკვლელობებზე იტალიის სენატის საპარლამენტო გამოძიებამ დაადგინა, რომ იტალიაში “ცსს მშვიდობიან პერიოდში მოქმედების სრული თავისუფლებით ტკბებოდა”, იმიტომ, რომ იტალია იმყოფებოდა რთულ და ზოგჯერ ტრაგიკულ “სასაზღვრო” სიტუაციაში”. “ცივმა ომმა” გამყოფი ხაზი გაავლო დაპირისპირებულ იდეოლოგიებს შორის. ამ საზღვრის მარცხენა მხარეს იდგა ფრიად პოპულარული და ძლიერი იტალიის კომუნისტური პარტია, რომელსაც საიდუმლო ფინანსური დახმარებებით მხარში ედგა საბჭოთა კავშირი და ძლიერი იტალიის სოციალისტური პარტია.
საზღვრის მარჯვენა მხარეს მოქმედებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და იტალიის სამხედრო სპეცსამსახურები “გლადიოსა” და მემარჯვენე რადიკალებთან ერთად, რომლებსაც მხარს უჭერდა კონსერვატიული ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იტალია, რომელსაც სათავეში ედგა ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი, ჰიტლერის მხარეს იბრძოდა. “ღერძის” სახელმწიფოების დამარცხების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა 1945 წლის თებერვალში გამართეს შეხვედრა საბჭოთა იალტაში, რათა განეხილათ ომის შემდგომი ევროპის მოწყობის პრობლემა და იტალიის ბედი, რომლის შედეგადაც ნახევარკუნძული აშშ-ის გავლენის სფეროში მოაქციეს. იტალიელი კომუნისტების ძალის შესაზღუდავად ცსს-მ მაფიისა და მემარჯვენე ექსტრემისტების მხარე დაიჭირა.
“მაფია, _ განმარტავდა ცსს-ს აგენტი ვიქტორ მარჩეტი, _ მისი ანტიკომუნისტური ბუნებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ელემენტია, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გამოიყენებს იტალიის სამართავად”. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში ამერიკის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იტალიაში, გრაფი ბრენანი ურჩევდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს, შეემცირებინა 50-წლიანი სასჯელი მაფიის ბოსის _ ჩარლზ ლუჩანოსთვის (მეტსახელად “ბედნიერი”) მასთან საიდუმლო გარიგების ჩასატარებლად: თავისუფლების სანაცვლოდ ლუჩანო უზრუნველყოფდა აშშ-ის არმიას გავლენიანი სიცილიელი მაფიოზების სიით, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეერთებულ შტატებს, როცა ამერიკის ჯარები სიცილიაში გადმოსხეს 1943 წელს. ომის შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ბედნიერი იყო სიცილიურ მაფიასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებით და იტალიასა და სიცილიაში კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით კუნძული სიცილია უწესო ბრბოს ხელთ ჩაუგდეს, რაც დღემდე გრძელდება”.
გაგრძელება იქნება