Home რუბრიკები ეკონომიკა გიორგი კვირიკაშვილი: ამ ტემპით ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს 100 წელიწადში ვერ დაეწევა

გიორგი კვირიკაშვილი: ამ ტემპით ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს 100 წელიწადში ვერ დაეწევა

“გიდასტურებთ, რომ 100 წელი ვერ დაეწევა ჩვენი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს ამ ტემპით”, _ ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის _ გიგა ბოკერიას კითხვას დაბალი ეკონომიკური ზრდის შესახებ.

კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანა შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობით გეგმავს. “სწორედ იქით არის მიმართული ჩვენი რეფორმები და ჩვენი ნაბიჯები, რომლებსაც ვგეგმავთ. თქვენი უფლებაა, ამას დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: ქვეყანაში მოსახლეობა უკეთესობას ვერ იგრძნობს, სანამ მთლიანი შიგა პროდუქტი არ იქნება აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებლების დარი მაინც, ამიტომ გვჭირდება უფრო მეტი ზრდა და სწორედ ამიტომ გვჭირდება ის ცვლილებები, რომლებიც დღეს წარმოვადგინეთ”, _ თქვა პრემიერმა. კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გარკვეული “მსხვერპლი” გაიღო, როდესაც ბიუჯეტის სტრუქტურა შეცვალა და ჯანდაცვის ხარჯები გაზარდა. “როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, უამრავი პრობლემა დაგვხვდა მოსაგვარებელი, მათ შორის: რიგითი ადამიანების სოციალური ყოფა, ჯანდაცვის პრობლემები; ქვეყანა იყო იმ მდგომარეობაში, რომ ადამიანები ვერ მკურნალობდნენ, ვერ მიდიოდნენ საავადმყოფოში, მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ ამ პრობლემებს მივხედეთ. ასეთი დაბალანსებისკენ მიმართული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მოითხოვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მსხვერპლს. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური განვითარების პრინციპი, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ”, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here