Home რუბრიკები პოლიტიკა “გლოუბ ენდ მეილი”: ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ახალი გლობალური ეპოქის სიმბოლოა

“გლოუბ ენდ მეილი”: ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ახალი გლობალური ეპოქის სიმბოლოა

484

ბოლო ორი წლის განმავლობაში სატელეფონო საუბრები აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის ასე წარიმართებოდა: ბარაკ ობამა აკრეფდა პუტინის ნომერს და აცნობებდა, რომ მისი (პუტინის) ქმედება მსოფლიოს უფრო საშიშ ადგილად აქცევდა.

ორი მამაკაცი არცთუ ხშირად ელაპარაკებოდა ერთმანეთს ტელეფონით: ბოლო სატელეფონო საუბარი ივლისში გაიმართა. თეთრი სახლის ცნობით, თითქმის ყოველ ჯერზე ობამა პუტინს ორ ძირითად მომენტზე მიუთითებდა: სირიაში “პოლიტიკური გადასვლის” აუცილებლობაზე (დიპლომატიურ ენაზე ეს გულისხმობდა ბაშარ ასადის წასვლას) და კრემლისგან უკრაინის საქმეებში ჩაურევლობაზე. ჩვენ ცოტა რამ ვიცით იმაზე, რას უპასუხებდა პუტინი ობამას: კრემლში ბევრს არ ლაპარაკობდნენ ამ საუბრების შინაარსზე. ამჟამად ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი შევიტყვეთ კრემლისგან და არა ტრამპის გარემოცვისგან. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სირიაში ვითარების მოგვარების აუცილებლობაზე (მინიშნება: ასადი შეიძლება დარჩეს), და _ არც ერთმა ქვეყანამ არ ახსენა სიტყვა “უკრაინა”. გეოპოლიტიკური კონფლიქტი, რომელსაც “ახალ ცივ ომს უწოდებენ”, შეიძლება უცებ დასრულდეს მას შემდეგ, როგორც კი ტრამპი 20 იანვარს ფიცს დადებს. აშშ-მა მოიგო “ცივი ომი”, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დამთავრდა. თუ მშვიდობიან დღის წესრიგს აღსრულების პერსპექტივა აქვს და ტრამპისა და პუტინის საუბარმა მისი ჩარჩოები დაადგინა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რაუნდი რუსეთმა მოიგო. “საუბრისას პუტინი და ტრამპი არა მხოლოდ შეთანხმდნენ რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობის უკიდურესად არადამაკმაყოფილებელ საკითხზე, არამედ განაცხადეს, რომ ერთობლივად და აქტიურად დაუჭერენ მხარს მის (ურთიერთობის) ნორმალიზაციას და კონსტრუქციული ურთიერთმოქმედების კალაპოტში ჩაყენებას… მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი კავშირის საიმედო საფუძვლის შექმნას მათი (მხარეების) სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტის განვითარების გზით”, _ ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც მოლაპარაკების დეტალებს ეძღვნება. რუსეთის თვალსაზრისით, “ნორმალიზაცია” და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება ნიშნავს: “სანქციების ომის” დამთავრებას, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და 2014 წლის გაზაფხულზე მხარი დაუჭირა შეიარაღებულ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ტრამპისა და პუტინის შესაძლო გარიგებამ შეიძლება გამოიწვიოს გააფთრება ევროპისა, სადაც ნატოს წევრ პოლონეთს, ესტონეთსა და ლატვიას აშინებს რუსეთის აგრესიის მსხვერპლად გახდომის პერსპექტივა პუტინის ნეოსაბჭოთა მისწრაფებათა რეალიზაციის ამბიციის განხორციელების შემთხვევაში.  კრემლის ცნობით, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ დასრულდეს ერთმანეთის საშინაო საქმეებში ყოველგვარი ჩარევა. ამის ინტერპრეტაცია შეიძლება, როგორც ტრამპის თანხმობა, ბოლო მოეღოს ათწლეულების განმავლობაში ამერიკელების მიერ მხარდაჭერას იმ პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც რუსეთში დემოკრატიის გამარჯვებისთვის იბრძვიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here