Home რუბრიკები ბლოგი უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს მოსკოვში ამაღელვებელი დახვედრა მოუწყეს (ვიდეო)

უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს მოსკოვში ამაღელვებელი დახვედრა მოუწყეს (ვიდეო)

1156

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როგორც ცნობილია  მოსკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

 მაღალი რანგის სტუმარს ვნუკოვოს აეროპორტში კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები დახვდნენ. ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია).

უწმინდესთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში.

უწმინდესს მოსკოვში ამაღელვებელი დახვედრა მოუწყეს (ვიდეო):

https://www.youtube.com/watch?v=D4IXERV1-H8

უწმინდესი რუსეთის პატრიარქს 19 ნოემბერს შეხვდა, 20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდა, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქმა საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.   გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი პატრიარქი ქართულ დიასპორას შეხვდება.

 19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დანიელის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო. პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსკოვში მისი 70 წლის იუბილეს გამო ვიზიტისთვის.  

 „ჩემთვის თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჩვენთან ყოფნა განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი ყველა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლთა შორის და თქვენი ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენ ბიოგრაფიასთან:  ჩვენ ბევრი მოვლენის მონაწილეები ვიყავით – როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო, რომლებიც მოხდა მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ, ასევე მოგვიანებითაც,  ჩვენს შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, სანდო და ღია. ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა იმაზეც, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობებია. ეკლესიებს შორის ურთიერთობა – ეს არის ურთიერთობა ადამიანებს შორის გულების დონეზე. თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი “საფულისა და კუჭის” დონეზე, ეკლესიები – ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირების გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხებს შორის. სწორედ ამიტომ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტს, აგრეთვე  რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენს ხალხებს შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნების საკითხში. თქვენი მღვდელმთავრები სტუმრობენ რუსეთს, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში – ძალიან ხშირად ვაწერ ხელს თხოვნას, საქართველოს სიწმინდეების მომლოცველები ვაკურთხო და არა მხოლოდ ჩვენი მღვდელმთავრები, არამედ მოსკოვის ბევრი კლირიკოსი და მონაზონიცი მიემგზავრებიან თქვენს ქვეყანაში, რათა წმინდა ადგილები მოინახულონ. ოთხშაბათს ტაძარში საზეიმოდ აღინიშნება დიდი დღესასწაული – წმინდა გიორგის დღე- გიორგობა, როგორც ეს ქართულად ჟღერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას საშუალება ექნება თავის სულიერ მამას შეხვდეს და  ილოცონ თქვენთან ერთად,“ – განაცხადა პატრიარქმა კირილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილიაII -თან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ თბილისშიც არის ტაძრები, სადაც სულიერად იკვებება რუსული დიასპორა, ტარდება ღვთისმსახურება, მათ შორის საეკლესიო სლავურ ენაზე.

  პატრიარქ  კირილის მიმართვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს (ვიდეო):

 https://www.youtube.com/watch?v=cR5IVGqE7FQ

 კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here