Home რუბრიკები ბლოგი რეჯეპ ერდოღანი: „არ დაგიმალავთ- დიდად იმედგაცრუებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატებით“

რეჯეპ ერდოღანი: „არ დაგიმალავთ- დიდად იმედგაცრუებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატებით“

639

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, პარასკევს, ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ამერიკის შეერთებული შტატებით.

„ნება მომეცით ძალიან გულახდილად გესაუბროთ, მით უმეტეს, მე ღია და პირდაპირი ადამიანი გახლავართ. არ დაგიმალავთ- დიდად იმედგაცრუებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატებით!“,- განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მის ამერიკასთან დამოკიდებულებას ეხებოდა.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკამ სირიაში რეგიონში უსაფრთხოება რეალური საფრთხის წინაშე დააყენა და თურქეთს თავისი სამხრეთი საზღვრების დაცვაში ხელი შეუშალა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის პოლიტიკის გამო თურქეთში 3 მილიონამდე დევნილი ჩავიდა- ორჯერ მეტი ვიდრე ევროპაში.

 „ ჩვენ ვწყვეტდით ამ პრობლემებს, ვმსჯელობდით მათ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან ერთად, რომლებმაც ამ მიმართულებით უკეთესი მხრიდან თავი ვერ წარმოაჩინეს- მათ ვერ შეძლეს ამ საკითხების გადაწყვეტა, რაც ძალიან გვადარდებს“,- განაცხადა ერდოღანმა. მისი აზრით, აშშ-მა ვერ გადაწყვიტეს სამოქალაქო ომის პრობლემა სირიაში და თურქეთსაც ვერ  ააცილეს ამ ომის შედეგები.

აგრეთვე, ერდოღანმა  კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აშშ, ფეთჰულა გიულენისთვის თავშესაფარის მიცემისთვის. შეგახსენებთ, რომ ანკარა გიულენს 15 ივლისის პუტჩის მოწყობაში ადანაშაულებს. „ მე არ ვაპირებ აშშ-ის დადანაშაულებას თურქეთში გადატრიალების მოწყობაში, თუმცა ამ პოზიციას იზიარებს  თურქი ხალხი, რატომ არ გადმოგვცემთ ამ ადამიანს? რატომ შეიფარეთ იგი? ნუ გეწყინებათ, მაგრამ მანამ სანამ აშშ ფეთჰულა გიულენს თავშესაფარს სთავაზობს, ასეთი აღქმა ექნება  თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ერს“,- ხაზი გაუსვა ერდოღანმა.

                                                                                      კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here