Home რუბრიკები პოლიტიკა დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

612

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

ნატოს საიდუმლო ოპერაციების განხორციელების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეობა ერთერთი წევრი ქვეყნის ხელში გადადიოდა. 1990 წელს ბელგიას ერგო. ამ კომიტეტის წევრთა სხდომას, რომელიც 1990 წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართა, თავმჯდომარეობდა ბელგიის სამხედრო საიდუმლო დაზვერვის საერთო სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალმაიორი რაიმონდ ვან კალსტერი.

როგორც გენერალი ინზერილი განმარტავდა (იხ. ჩვენი გაზეთის წინა პუბლიკაცია), გაერთიანებულ კომიტეტში არ იყო მუდმივი და წინასწარ განსაზღვრული მმართველობა. კომიტეტის ხელმძღვანელი ორი წლით ინიშნებოდა, არჩევა კი ანბანის თანმიმდევრობით ხდებოდა. ამიტომ კომიტეტი არ იყო ორგანიზაცია, რომელშიც “დომინირებდნენ დიდი სახელმწიფოები”. “პირადი გამოცდილება მაქვს ორი წლის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობის, _ იგონებდა გენერალი ინზერილი, _ და უნდა ვთქვა, რომ ამ კომიტეტს დისკრიმინაციისკენ მიდრეკილება არ ჰქონია”.

ოპერაცია “გლადიოს” და ნატოს საიდუმლო არმიების საქმიანობის გამოძიება ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო ამ კომიტეტის ჩანაწერების გაშიფვრაზე, მაგრამ ახლაც კი, მას შემდეგ, რაც სრულიად საიდუმლო ქსელების საქმიანობა მხილებულია, ოფიციალურ რეაქციად, ისევე, როგორც 1990-იან წლებში, იყო ფაქტის უარყოფა ან უარის თქმა პასუხზე.

2000 წლის ზაფხულში, როცა ავტორი დაუკავშირდა ნატოს არქივს და “გლადიოს” შესახებ მასალების გაცნობა სთხოვა, სამხედრო ალიანსმა უპასუხა: “ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი არქივები და კომიტეტების მასალების უმცირეს კვალსაც ვერ მივაკვლიეთ, რომლებიც თქვენ მოითხოვეთ”. მაგრამ ავტორმა კვლავ დაჟინებით გაიმეორა თხოვნა და ნატოს არქივმაც ჩვეულ სტილში უპასუხა: “კვლავ უნდა გიპასუხოთ, რომ ორგანიზაცია “გლადიო”, რომელზეც მიუთითებთ, არასოდეს ყოფილა ნატოს სტრუქტურის ნაწილი”.

ამის შემდეგ ავტორმა დარეკა ნატოს უშიშროების სამსახურის სამმართველოში, მაგრამ მას არათუ არ მისცეს დირექტორთან დალაპარაკების საშუალება, მისი გვარიც კი არ გაუმხილეს _ გასაიდუმლოებული არისო. ნატოს უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა იზაბელ იაკობსმა მიუკიბ-მოუკიბავად განუცხადა ავტორს, რომ საეჭვოა, მიიღოს პასუხი “გლადიოსთან” დაკავშირებულ უხერხულ კითხვებზე და ურჩია, ჩაეწერა ეს კითხვები და თავისი ქვეყნის საელჩოს მეშვეობით მიეწოდებინა ალიანსისთვის.

ნატოსთან არსებული შვეიცარიის მისიის მეთვალყურეებმა “გლადიოს” შესახებ კითხვები გააგზავნეს ნატოში, შვეიცარიის ელჩმა ანტონ ტელმანმა ავტორს ასე უპასუხა: “ნატოს საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტის არსებობა, რომელზეც თქვენ წერილში მიუთითებთ, ცნობილი არ არის არც ჩემთვის, არც ნებისმიერი ჩემი თანამშრომლისთვის”.

“რა აკავშირებს ნატოს საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტთან (CPC) და საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის გაერთიანებულ კომიტეტთან (ACC)? რა როლი ჰქონდა დაკისრებული ამ კომიტეტებს? რა კავშირი აქვთ ამ კომიტეტებს ნატოს უშიშროების კომიტეტთან?” _ ეს შეკითხვები (წერილობითი ფორმით) გაუგზავნა ავტორმა ადრესატებს და 2001 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი ნატოს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ლი მაკკლენისგან.

მაკკლენი წერდა: “არც გაერთიანებული კომიტეტი, არც საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტი ნახსენები არ არის ნატოს არც გასაიდუმლოებულ, არც ღია ჩანაწერებში, რომლებიც ნანახი მაქვს”. მან ასევე დაუმატა: “უფრო მეტიც, აქ მომუშავეთა შორის ვერავინ მოვძებნე, ვინც რამე იცოდა ამ კომიტეტის შესახებ. არ ვიცი, არსებობდა კი ოდესმე ეს კომიტეტი ან კომიტეტები, მაგრამ ამჟამად ასეთი კომიტეტები არ არსებობს”.

ავტორი დაჟინებით ეკითხება: “რატომ იყო, რომ ნატოს მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი ჟან მარკოტა 1990 წლის 5 ნოემბერს კატეგორიულად უარყოფდა ნებისმიერ კავშირს ნატოსა და “გლადიოს” შორის; და, ამასთანავე, 7 ნოემბერს მეორე წარმომადგენელი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ მარკოტას ორი წლის წინანდელი განცხადება იყო სიცრუე?”

ამ შეკითხვას მაკკლეინმა უპასუხა: არ ვიცი, რამე კავშირი თუ არსებობს ნატოსა დაგლადიოსშორის. უფრო მეტიც, მე ვერ ვიპოვე ვერავითარი ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ვინმე ჟან მარკოტა ოდესმე იყო ნატოს სპიკერი”.

ამ საქმეს ასე დაესვა წერტილი.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს _ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან სპეცსამსახურს, ისევე, როგორც მსოფლიოში უდიდეს სამხედრო ალიანსს, თანამშრომლობისთვის თავი არ გამოუდვია მაშინ, როცა საქმე შეეხო “გლადიოსა” და საიდუმლო არმიების შესახებ უხერხულ შეკითხვებს. ეს სპეცსამსახური შეიქმნა 1947 წელს, ნატოს დაარსებამდე ორი წლით ადრე, და მთავარ ამოცანად განესაზღვრა “ცივი ომის” დროს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საიდუმლო ოპერაციების გამოყენებისა და აშშ-ის გავლენის გაძლიერების მეშვეობით.

ტერმინი “საიდუმლო ოპერაციები” აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ერთხელ ასე ახსნა: “მხედველობაში მაქვს საქმიანობის ის სახეები, რომლებიც, მართალია, განსაზღვრულია საზღვარგარეთ ოფიციალური პროგრამებისა და პოლიტიკის განსახორციელებლად, მაგრამ დაგეგმილია და განხორციელებულია ისე, რომ გარეშე პირებისთვის აშშ-ის მთავრობის მონაწილეობა აშკარად არ ჩანს”.

ისტორიკოსებმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა დაწვრილებით აღწერეს, როგორ განახორციელა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, განსაკუთრებული დანიშნულების ამერიკულ ნაწილებთან ერთად, ჩუმი და გამოუცხადებელი ომი ლათინურ ამერიკაში, რომელმაც გავლენა მოახდინა ზოგიერთ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ და სამხედრო მოვლენებზე, მათ შორის, გვატემალის პრეზიდენტის _ იაკობო არბენსის დამხობაზე 1954 წელს, კუბის ლიდერის _ ფიდელ კასტრო რუსის დამხობის მცდელობაზე 1961 წელს, ჩე გევარას მკვლელობაზე ბოლივიაში 1967 წელს, ჩილეს პრეზიდენტ სალვადორე ალიენდეს დამხობაზე და აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დამყარებაზე 1973 წელს, ნიკარაგუელი “კონტრასების” ფინანსურ დახმარებაზე 1979 წლის სანდინისტური რევოლუციის მომდევნო პერიოდში.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (ცსს) ოპერაციებს ამერიკის კონტინეტს მიღმაც აწარმოებდა. კერძოდ, რამდენიმე საიდუმლო ოპერაცია განახორციელა აზიასა და აფრიკაში, რომელთა შორისაა _ 1953 წელს ირანში მოსადიკის მთავრობის დამხობა, სამხრეთ აფრიკის “თეთრი” პოლიციის მხარდაჭერა, რომლის გამოც ციხეში გამოამწყვდიეს ნელსონ მანდელა, ოსამა ბენ ლადენის “ალ ქაიდას” მხარდაჭერა ავღანეთში და პოლ-პოტის წითელი ქხმერებისთვის გაწეული დახმარება 1975 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკელები დამარცხდნენ ვიეტნამში 1975 წელს.

აშშ-ის გამოძიების ფედარალური ბიუროს (გფბ) განსაზღვრით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არის ტერორისტული ორგანიზაცია. გფბ-ს დასკვნით, “ტერორიზმს ახასიათებს ძალის ან ძალადობის უკანონო გამოყენება პიროვნების ან ქონების წინააღმდეგ, შეაშინოს ან აიძულოს მთავრობა, მშვიდობიანი მოსახლეობა (ცსს-ის) საკუთარ პოლიტიკურ ან სოციალურ მისწრაფებათა შესასრულებლად”.

70-იანი წლების შუაგულში, როცა შეერთებული შტატების პარლამენტმა შეიგნო, რომ ცსს-მ და პენტაგონმა პრაქტიკულად უკონტროლოდ გაზარდეს თავიანთი ძალაუფლება და არაერთხელ ბოროტად გამოიყენეს იგი, აშშ-ის სენატორმა ფრენკ ჩერჩმა ბრძნულად შენიშნა, რომჩვენი სადაზვერვო სამსახურის გარემოში ბოროტმოქმედებათა ზრდას მოჰყვება ჩვენი საერთო ღირებულებების კრახი”. სენატორი ჩერჩი იმ დროს სათავეში ედგა აშშის პარლამენტის სამიდან ერთერთ უმნიშვნელოვანეს კომისიას, რომელიც საიდუმლო სამსახურების საკითხებს შეისწავლიდა. ამ კომისიებმა 1970 წლის მეორე ნახევარში პარლამენტს წარუდგინეს თავიანთი მოხსენებები, რომლებიც დღემდე ითვლება ყველაზე უფრო ავტორიტეტულ დოკუმენტებად აშშ-ის მიერ განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების შესახებ. მაგრამ კონგრესის გამოძიების გავლენა მინიმალური იყო და საიდუმლო სამსახურები, თეთრი სახლის მხარდაჭერით, აგრძელებდნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკას, რაც დაადასტურა 1984 წელს ირანელ “კონტრასებთან” დაკავშირებულმა სკანდალმა. ამ ყველაფერმა უკარნახა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიკოს კატრინ ოლმსტედს, დაესვა მთავარი შეკითხვა: “რატომ მოხდა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ პრესისა და კონგრესის წარმომადგენლების უმრავლესობამ უკან დაიხია და ვერ დაუპირისპირდა საიდუმლო მთავრობას?”

“გლადიოს” სამხილთა წყალობით გაცხადდა, რომ ცსს და პენტაგონი “ცივი ომის” პერიოდში მოქმედებდნენ დემოკრატიული კონტროლის მიღმა, ამ ომის დამთავრების შემდეგ კი ანგარიში არ ჩაუბარებიათ თავიანთ ქმედებათა შესახებ. ადმირალმა სტენსფორდ ტერნერმა, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი იყო 1977-დან 1981 წლამდე, 1990 წლის დეკემბერში იტალიის ტელევიზიაში რომ იყო მიწვეული, უარი თქვა, ეპასუხა “გლადიოსთან” დაკავშირებულ შეკითხვებზე. როცა ჟურნალისტმა დაჟინებით მოსთხოვა სტუმარს პასუხის გაცემა თუნდაც იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც იტალიაში მასობრივ მკვლელობებს ემსხვერპლნენ, ცსს ყოფილმა დირექტორმა მოიგლიჯა მიკროფონი და იყვირა: “ხომ გითხარით, არავითარი შეკითხვები “გლადიოზე”!

ინტერვიუ ამით დამთავრდა.

ცსს-ს საშუალო რგოლის ოფიცერთა შემადგენლობა უფრო გულახდილად ლაპარაკობდა “ცივი ომის” საიდუმლოებათა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უკანონო ოპერაციების შესახებ. მათ შორის იყო თომას პოლგარი, რომელიც ცსს-ში 30-წლიანი კარიერის შემდეგ 1981 წელს თადარიგში გავიდა და 1991 წელს ცსს-ის დირექტორად რობერტ გეისის დანიშვნის წინააღმდეგი იყო იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა ირანში “კონტრასებთან” დაკავშირებული სკანდალის მიჩუმათებას. როცა მას შეეკითხნენ ევროპაში “გლადიოს” საიდუმლო არმიების შესახებ, პოლგარმა ერთგვარად მიანიშნა ნატოს საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის კომიტეტზე და გაერთიანებულ კომიტეტზე იმით, რომ განაცხადა _ საიდუმლო არმიებს კოორდინირებდა “ვიღაც (პიროვნება) ნატოსთან დაკავშირებული არასტანდარტული საომარი ოპერაციების დამგეგმავი ჯგუფებიდან”.

ეროვნული საიდუმლო არმიების მეთაურები “ორ თვეში ერთხელ იკრიბებოდნენ ევროპის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში” საიდუმლო შტაბ-ბინებში. პოლგარი დაჟინებით ამბობდა, “რომ თითოეული ეროვნული სამსახური ამას განსხვავებული ინტენსიურობით აკეთებდა”, ამასთანავე, აღიარებდა, რომ “70-იან წლებში იტალიაში ზოგიერთმა იმაზე უფრო ღრმად შეტოპა, რის საშუალებასაც ნატოს ქარტია იძლეოდა”.

ჟურნალისტმა არტურ როუზმა, რომელიც ერთ დროს “ვაშინგტონ პოსტში” მუშაობდა, თავის ესეში იტალიის “გლადიოს” შესახებ _ “გლადიოს გაკვეთილები” _ დაწერა: სანამ საზოგადოებას არაფერი ეცოდინება აშშის საგარეო პოლიტიკის ამ ბნელი თავის შესახებ, დაწესებულებები, რომელთაც ამის გამო ეკისრება პასუხისმგებლობა, მხოლოდ მცირე უხერხულობას იგრძნობენ. “ცივი ომისდამთავრებამ ცოტა რამ თუ შეცვალა ვაშინგტონში. შეერთებული შტატებიკვლავ ელოდება ნამდვილ, ეროვნული მასშტაბის დებატებს უშიშროების სფეროში ჩვენი ეროვნული პოლიტიკის მიზნების, საშუალებებისა და დახარჯული სახსრების შესახებ”. დამოუკიდებელი, არასახელმწიფო, ჯორჯ ვაშინგტონის ინსტიტუტის პროფესორების შემადგენლობამ, რომელიც იკვლევს ცსს-ის საიდუმლო ოპერაციებისა და “ცივი ომის” საიდუმლოებათა საკითხებს, 1991 წლის 15 აპრილს წერილით მიმართა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს და სთხოვა, შეესრულებინა კანონი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.

ამ კანონის თანახმად, სახელმწიფოს ყველა შტო ვალდებულია, საზოგადოებრიობას ჩააბაროს ანგარიში თავისი ქმედების კანონიერების შესახებ. მალკოლმ ბირნმა, ეროვნული უსაფრთხოების არქივის ხელმძღვანელის მოადგილემ, მოსთხოვა ცსს-ს “შეერთებული შტატების გადაწყვეტილებების ყველა ჩანაწერი, რომლებიც მიღებული იყო 1951-დან 1955 წლებში საიდუმლო არმიების ან ბლოკების დაფინანსების შესახებ დასავლეთ ევროპაში კომუნისტების შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით, ან დასავლეთ ევროპაში ომების საწარმოებლად კომუნისტური პარტიის, მემარცხენე მოძრაობების ან პროსაბჭოთა რეჟიმების დომინირების შემთხვევაში”. ბირნმა ხაზგასმით მოითხოვა: “ზემოთ თქმულთან დაკავშირებით, გთხოვთ, ჩართოთ თქვენს “საძიებო” სიაში ოპერაცია “გლადიოსთან” დაკავშირებული ყველა საკითხი, განსაკუთრებით, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში”. ბირნმა სამართლიანად მიუთითა, რომ “ძებნის შემდეგ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ომისშემდგომ ეპოქაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებში საზოგადოებრიობის გარკვევის საქმეში…”

მაგრამ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ უარი თქვა თანამშრომლობაზე. პასუხში, რომელიც 1991 წლის 18 ივნისით არის დათარიღებული, წერია: “ცსს-ს არ შეუძლია არც დაგიდასტუროთ, არც უარყოს დოკუმენტური დასაბუთების არსებობა თქვენს შეკითხვაზე”. როცა ბირნი შეეცადა, გაეპროტესტებინა ცსს-ის უარი ოპერაცია “გლადიოს” თაობაზე, აპელაცია არ მიიღეს. ცსს-მ თანამშრომლობაზე თავისი უარი დაასაბუთა ორი გამონაკლისით, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების კანონშია აღნიშნული და იცავს გარკვეულ დოკუმენტებს გასაჯაროებისგან. ეს არის “გასაიდუმლოება ეროვნული თავდაცვის ან საგარეო პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე” და “დირექტორის კანონიერი ვალდებულება გასაჯაროებისგან დაიცვას დაზვერვის წყაროები და მეთოდები, ასევე, ორგანიზება, ფუნქციები, სახელები, ოფიციალური თანამდებობები, ხელფასი ან პერსონალის რაოდენობა, რომელიც დაქირავებულია სააგენტოს მიერ ეროვნული უშიშროების 1947 წლის აქტისა და 1949 წლის ცსს-ს აქტის თანახმად”.

წარუმატებელი იყო ევროპის სახელისუფლო ძალების წარმომადგენელთა მცდელობაც, მიეღოთ ინფორმაცია საიდუმლო მთავრობების არსებობის შესახებ. 1955 წლის მარტში იტალიის სენატის კომისიამ, რომელსაც სენატორი ჯოვანი პელეგრინო ედგა სათავეში, ოპერაცია “გლადიოსა” და მასობრივი მკვლელობების საკითხის შესწავლის შემდეგ შეკითხვით მიმართა ცსს-ს. სთხოვა, სრულად გადაეცათ კომისიისთვის ინფორმაცია “წითელი ბრიგადებისა” და ალდო მოროს მკვლელობის შესახებ. სენატორებს აინტერესებდათ, ოპერაცია “გლადიოს” ამოცანიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებდა ამ სპეცსამსახურის მიერ ქვეყანაში არსებული ვითარების გაკონტროლებას, როგორ ჩანერგა მან თავისი აგენტურა “წითელი ბრიგადების” რიგებში ამ ბრიგადების წევრების მიერ იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრისა და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ალდო მოროს მკვლელობამდე, ანუ 1978 წლამდე. ცსს-მ კვლავ მოიხმო ინფორმაციის თავისუფლების კანონში არსებული გამონაკლისები და ამ გაცვეთილ არგუმენტზე დაყრდნობით გაემიჯნა ყველა ინფორმაციას ჩვეული განცხადებით: “ჩვენ არ შეგვიძლია არც დაგიდასტუროთ, არც უარვყოთ ცსს-ში იმ დოკუმენტების არსებრობა, რომლებსაც მოითხოვთ”.

იტალიის პრესამ ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო “არნახული იმედგაცრუება” და განაცხადა: “ცსს-მ უარი თქვა, ეთანამშრომლა საპარლამენტო კომისიასთან, რომელიც იკვლევს ალდო მოროს უეცარი გაქრობის ფაქტს. მოროს საქმე აშშ-ის სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილა”…

მეორე თხოვნა “გლადიოს” ოპერაციის გასარკვევად ავსტრიის სამთავრობო წრეებიდან გაიგზავნა მას შემდეგ, რაც ნეიტრალური ალპური სახელმწიფოს მთიანეთის ტყეებსა და მდელოებში აღმოაჩინეს “გლადიოს” იარაღის სამალავები. აშშ-ის ოფიციალურმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სრულიად დაფარავს სამალავის გათხრებისა და ცსს-ის ქსელის აღდგენის ხარჯებს.

სამალავების აღმოჩენის შესახებ ავსტრიაში ჩატარებული გამოძიების ანგარიში კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის შსს-ს წარმომადგენელი მაიკლ სიკი, წარადგინა 1997 წლის 28 ნოემბერს. ავსტრიის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ ამ საწყობების მფლობელთა დასადგენად “საჭირო იყო შესაბამისი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან”.

კომისიის წევრმა ოლივერ რატკოლბმა ვენის უნივერსიტეტიდან თხოვნით მიმართა ცსს-ს, დაეშვა იგი შესაბამისი დოკუმენტების შესასწავლად, მაგრამ 1997 წელს საზოგადოებრიობასთან კავშირის ჯგუფის წარმომადგენელმა უარი თქვა, დაეკმაყოფილებინა რატკოლბის თხოვნა. უარი ზემოთ უკვე რამდენჯერმე აღნიშნული კანონის გამონაკლის შემთხვევებს ეფუძნებოდა.

ამიტომ იყო, რომ ავტორმა იმავე შეკითხვით მიმართა ცსს-ს 2000 წლის 14 დეკემბერს. ორი კვირის შემდეგ ცსს-მ ავტორს ფრიად მიკიბულ-მოკიბულად უპასუხა: “ცსს-ს არ შეუძლია არც დაგიდასტუროთ, არც უარყოს თქვენი შეკითხვის დოკუმენტური დადასტურების არსებობა”. ამ წერილით ცსს-ს კოორდინატორმა კეტრინ დაიერმა, ფაქტობრივად, უარი თქვა “გლადიოს” ოპერაციის შესახებ რაიმე ინფორმაციის გაცემაზე.

ავტორმა გააპროტესტა ცსს-ს უარი და მოითხოვა დაფარული ინფორმაციის გასაჯაროება, რადგან კანონის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებსაც იშველიებდა ცსს უარის დასასაბუთებლად, “გამოყენებული უნდა იყოს იმ ოპერაციებისადმი გონივრული მიდგომით, რომლებიც დღემდე გასაიდუმლოებულია”. თავისი გამოკვლევის მონაცემების გამოყენებით ავტორმა დაასაბუთა, რომ ამჯერად ასე არ მოხდა და დაასკვნა: “თუ თქვენ, ქალბატონო დაიერ, კანონის შესწორებებს მოცემულ კონტექსტში განიხილავთ, მიხვდებით, რომ ცსს-ს გაუაზრებლად უსპობთ სიტყვის უფლებას, დაიკავოს გარკვეული პოზიცია “გლადიოს” საქმეში, რომელიც გაიხსნება იმის მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა ცსს ამ პროცესში”.

2001 წლის თებერვალში ავტორმა მიიღო ცსს-ს პასუხი: “თქვენი მიმართვა მივიღეთ. ვეცდებით, რომ იგი განიხილონ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცსს-ის ჯგუფის შესაბამისმა წევრებმა. ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ”. ამასთანავე, ცსს-მ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ჯგუფი მუშაობს პრინციპით “ვინც პირველი შეეკითხა, პირველი ის იღებს პასუხს” და რომ “დღეისთვის მუშავდება 315 შეკითხვა”. ამრიგად, ავტორის შეკითხვა თაროზე შემოდეს გაურკვეველი დროით. ამ წიგნის დაწერის დროისთვის გავიდა 4 წელიწადი და ცსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფს ავტორისთვის პასუხი არ უღირსებია.

დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური “მი-6” ნატოსა და ცსს-ის შემდეგ მესამე ორგანიზაცია იყო, რომელსაც საიდუმლო ოპერაციებში ცენტრალური ადგილი ეკავა. 1990 წელს მან უარი თქვა “გლადიოს” საქმის კომენტირებაზე საიდუმლოებისადმი მისი ლეგენდადქცეული მისწრაფების გამო: თვით “მი-6”-ის არსებობაც კი ოფიციალურად იქნა აღიარებული მხოლოდ 1994 წელს, სპეცსამსახურების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, რომლითაც დადასტურდა “მი-6”-ის მიერ დაზვერვის მონაცემების შეკრება საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების შესახებ.

მაშინ, როცა ბრიტანული “მი-6”-ის ხელმძღვანელებმა უარი თქვეს კომენტარზე, კონსერვატორების პარტიის წევრმა, “ყოველკვარტალური აგენტურული ჟურნალის” გამომცემელმა რუპერტ ალასონმა “გლადიოს” გამო 1990 წელს აგორებული სკანდალის შესახებ “ასოშიაიტედ პრესს” სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა, რომ “ჩვენ ღრმად ვიყავით ჩართული ამ ქსელებთან მუშაობაში და დღემდე ვართ ჩათრეული”. მან განმარტა, რომ “ბრიტანელები ეხმარებოდნენ ფინანსურად და ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტაში”. ისინი “მი-6”-ისა და ცსს-თან ერთად და რამდენიმე ამერიკული ქსელის მონაწილეობით უშუალოდ იყვნენ ჩართული: “სულისჩამდგმელები იყვნენ ბრიტანული და ამერიკული სპეცსამსახურების აგენტები”. მან თქვა, რომ 1949 წლის შემდეგ საიდუმლო არმიებს აკონტროლებდა ნატოს სპეციალური დანიშნულების ნაწილების სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ბრიტანეთის სპეციალური ავიასადესანტო სამსახური სტრატეგიულ როლს თამაშობდა.

“ბრიტანეთის როლი საიდუმლო ქვედანაყოფების ქსელის შექმნაში, რომლებიც დატოვებული იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საბჭოთა ოკუპაციის შემთხვევისთვის, ფუნდამენტური იყო”, _ ეს ერთგვარი დაგვიანებით, 1991 წლის 4 აპრილს, განაცხადა ბრიტანულმა კორპორაციამ ბი-ბი-სიმ თავის გამოცემაში Nეწსლიგჰტ. ამ გამოცემის მკითხველმა ჯონ სიმპსონმა გააკრიტიკა ის, რომ “მი-6” და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საიდუმლოდ ინახავდნენ ინფორმაციას მანამდე, სანამ არ გასაჯაროვდა, რომ ევროპულ ქვეყნებს _ ბელგიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, საბერძნეთს, თურქეთს _ ჰყავდა თავ-თავიანთი საიდუმლო არმიები. ნეიტრალურ შვედეთსა და შვეიცარიაშიც კი გაიმართა საჯარო დებატები ამ საკითხზე. ზოგიერთ შემთხვევაში მომზადდა კიდეც შეკითხვები, მაგრამ ბრიტანეთში მსგავსი არაფერი მომხდარა, არაფერი, თავდაცვის სამინისტროს კომენტარის გარდა: “საკითხები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება, არ განიხილება”. სიმპსონმა გაიხსენა, რომ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ შეძრწუნებულმა ინგლისელებმა შეიტყვეს შტაზის, სეკურიტატეს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ: “კეთდებოდა კი ამის საპირწონედ რამე? რა თქმა უნდა, არა”, _ ირონიულად შენიშნა მან. შემდეგ კი თითი გაიშვირა დასავლეთის უშიშროების სპეცსამსახურებისკენ: “ახლა მჟღავნდება დაუდასტურებელი ინფორმაცია ნატოს ყველაზე უფრო გასაიდუმლოებული სპეცსამსახურების დანაშაულების შესახებ. იტალიაში საპარლამენტო კომისია იძიებს საიდუმლო არმიის საქმიანობას, რომელიც შექმნა სახელმწიფომ საბჭოთა შემოჭრის საწინააღმდეგოდ. გამოძიებით გამჟღავნდა, რომ ევროპაში არსებობდა მსგავსი გასაიდუმლოებული ძალები, მაგრამ იტალიის არმიის ჯგუფი აშკარად ეჭვმიტანილია ტერორიზმში”.

კორპორაცია ბი-ბი-სიმ სახელმწიფოს ოფიციალური პირებისგან ვერ მიიღო ინფორმაცია, რა პოზიციაზე დგანან ისინი “გლადიოს” საქმის მიმართ. მრავალი წლის შემდეგ ამ საქმეში “მი-6”-ის მონაწილეობის ოფიციალური დადასტურება მოვიდა საკმაოდ მოულოდნელი წყაროდან _ მუზეუმიდან. 1995 წლის ივლისში ლონდონის იმპერიულმა სამხედრო მუზეუმმა გახსნა ახალი ექსპოზიცია “საიდუმლო ომები”. ერთ-ერთი, არცთუ თვალშისაცემი კომენტარით, “მი-6”-ის მზადებაში მესამე მსოფლიო ომისთვის სერიოზული ადგილი ეკავა საიდუმლო ქვედანაყოფების შექმნას მტრის ზურგში სამოქმედოდ, თუ საბჭოთა ჯარები ევროპის გულში შევიდოდნენ”.

უფრო დაწვრილებით ამ სამუზეუმო ექსპოზიციაზე და, საერთოდ, დიდ ბრიტანეთში საიდუმლო ომის შესახებ გაზეთის მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here