Home რუბრიკები პოლიტიკა “გრანტიჭამიების” გასაჭირი, ანუ რას მოუტანს საქართველოს დონალდ ტრამპის გამარჯვება?

“გრანტიჭამიების” გასაჭირი, ანუ რას მოუტანს საქართველოს დონალდ ტრამპის გამარჯვება?

609

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბევრისთვის მოულოდნელად დონალდ ტრამპი აირჩიეს. ქართველებს ძალიან აინტერესებს, იქონიებს თუ არა ეს ფაქტი სერიოზულ გავლენას აშშსაქართველოს ურთიერთობაზე და შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი რეგიონში.

ახალი გადატვირთვისმოლოდინში

მსოფლიოს ლიბერალები შოკში არიან, ხოლო სახელმწიფოების მეთაურებმა არ იციან, რას უნდა ელოდონ ამერიკის ახალი ლიდერისგან. მათი განწყობა ყველაზე ლაკონურად საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გამოხატა _ მისი თქმით, ტრამპის არჩევის შემდეგ “გაურკვევლობის პერიოდი დაიწყო”. ბევრი კომენტატორი საუბრობს რადიკალურ ცვლილებებზე საერთაშორისო არენაზე, თუმცა მათი უმრავლესობა რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას არ ითვალისწინებს; მათ შორის იმას, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების კონსენსუსსა და მემკვიდრეობითობის პრინციპს. ის არ ჰგავს გემს, რომელიც კურსს უპრობლემოდ ცვლის, არამედ ჰგავს მატარებელს, რომლის მემანქანემ შეიძლება შეცვალოს სიჩქარე, გაარემონტოს ცალკეული მექანიზმი, მაგრამ ლიანდაგიდან ვერ გადაუხვევს. ასე რომ, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, დიდი ალბათობით, შეიცვლება მხოლოდ ტაქტიკური სქემები, მიზნის მიღწევის გზები და არა სტრატეგიული პრიორიტეტები.

დონალდ ტრამპი არჩევნების წინ ბევრს საუბრობდა იმაზე, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ და მხოლოდ ამერიკული დახმარების იმედად არ იყონ. ამ იდეის განვითარებამ შეიძლება მიიყვანოს თეთრი სახლი ძლიერი და ამბიციური რეგიონული მოკავშირეებისთვის მეტი პასუხისმგებლობისა და მოქმედების თავისუფლების დელეგირებამდე; ჩვენს რეგიონში ასეთი მოკავშირე თურქეთია. ეს, კარტ-ბლანშის მიცემას თუ არა, იმ ბარიერების მოხსნას მოიტანს, რომლის მეშვეობით ობამას ადმინისტრაცია ცდილობდა ერდოღანის შეკავებას. თურქეთის მთავრობა შეიძლება გაცილებით თამამი გახდეს, როგორც სირიაში, ისე საზღვრების მთელ პერიმეტრზე. ეყოფა თუ არა მას ძალა იმისთვის, რომ ,რეგიონული ჟანდარმის როლი შეასრულოს, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დღეს უკვე უნდა დაფიქრდეს, რა საფრთხეები შეიძლება მოიტანოს ამ ცვლილებებმა.

ტრამპმა რამდენჯერმე მიანიშნა, რომ გაითვალისწინებს რუსეთის პრიორიტეტულ ინტერესებს, როდესაც საუბარი პოსტსაბჭოთა სივრცეზე მიდგება. კლინტონი კი, უფრო ზუსტად, ის ჯგუფები, რომლებიც მის საგარეო პოლიტიკურ პროგრამას განსაზღვრავდნენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ყოფილი სსრკ-ის აღიარებას კრემლის გავლენის ზონად. გამორიცხული არ არის, რომ ამ სივრცეში, განსაკუთრებით _ უკრაინაში, ტრამპის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელოს პრინციპით: “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს”, რათა უკანდახევის სანაცვლოდ რუსეთი საიმედო პარტნიორად აქციოს, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. თქმული, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ამერიკის ისტებლიშმენტი, კერძოდ კი, რუსეთთან დაპირისპირებაზე ორიენტირებული ჯგუფები, ტრამპის ადმინისტრაციას ამის გაკეთების შესაძლებლობას მისცემენ. ასე რომ, ჯერჯერობით გაურკვეველია, მივლენ თუ არა მოსკოვი და ვაშინგტონი კონსენსუსამდე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მომავლის საკითხზე თუ მცირე პაუზის შემდეგ ისევ ცივი ომი განახლდება. ერთადერთი “შეღავათი” არის ის, რომ მხარეებისთვის პრიორიტეტული ამჯერად უკრაინაა, საქართველო, სავარაუდოდ, არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც “ახალი გადატვირთვა” შეეხება, თუმცა, ალბათ, არც ეს ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ.

გრანტიჭამიებისგასაჭირი                                         

არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე სააკაშვილმა “ფეისბუკზე” ტრამპთან ერთად გადაღებული სურათი გამოფინა და მას მეგობარი უწოდა, ხოლო მისმა მიმდევრებმა სასწრაფოდ დაიწყეს იმ ჩანაწერების წაშლა, რომლებშიც კლინტონს მხარს უჭერდნენ და ტრამპს დასცინოდნენ. ეს ისტერიკული აქტიურობა არსებითად არაფერს ცვლის _ იდეოლოგიური სიმპათია თუ არარსებული მეგობრობა არაფერ შუაშია. თუ აშშ-ს ან ნებისმიერ სხვა მძლავრ სახელმწიფოს დღეს მოუწევს არჩევანის გაკეთება სააკაშვილისა და ივანიშვილის მხარდაჭერას შორის, სავარაუდოდ, მეორე ვარიანტს აირჩევს და ამის მიზეზი მარტივია.

ივანიშვილი ქვეყანას თვითონ აკონტროლებს, თანაც ისე, რომ სასტიკ რეპრესიებს არ მიმართავს, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც მუდამ ითხოვდა დახმარებას, ქმნიდა კრიზისებს რუსეთთან ურთიერთობაში, ამყოფებდა ქვეყანას დესტაბილიზაციის ზღვარზე და ადამიანის უფლებებს არღვევდა, რითაც პარტნიორებს დიდ პრობლემებს უქმნიდა. მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილი თეთრ სახლს აწუხებდა იმ სიტუაციებშიც კი, როდესაც დამოუკიდებლად უნდა ემოქმედა. ამ თვალსაზრისით, სხვაობა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის მოგვაგონებს სხვაობას ზრდასრულ ადამიანსა და ჭირვეულ მოზარდს შორის. ასე რომ, უცხოელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი იმ მიდგომის ფარგლებში, რომელსაც ტრამპი იზიარებს, სავარაუდოდ, ურჩევნიათ, თანამოსაუბრედ ივანიშვილი ჰყავდეთ, გარდა ერთი შემთხვევისა _ თუ ისინი გადაწყვეტენ, რუსეთს “მეორე ფრონტი” გაუხსნან და გამოიყენონ საქართველო, როგორც ქვეყანა-ტორპედო, ქვეყანა-კამიკაძე. ასეთ შემთხვევაში, ისინი შეიძლება დაეხმარონ სააკაშვილის მსგავს ლიდერს, მოვიდეს ხელისუფლების სათავეში და სანაცვლოდ რუსეთთან მწვავე დაპირისპირების განახლება მოსთხოვონ.

ეს, სავარაუდოდ, მშვენივრად ესმით ნაციონალებს; მათი დიდი ნაწილი მხარს უჭერდა კლინტონს, რომელიც, მათი ვარაუდით, რუსეთთან ურთიერთობას უფრო კონფრონტაციულს გახდიდა, მაგრამ, ვინაიდან მათი ბელადი დღეს სრულიად გაკოტრებულია, ნაკლებად სავარაუდოა, ვაშინგტონს მასთან საქმე დაეჭირა. საზოგადოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ თეთრ სახლს იკავებს პრეზიდენტი, რომელსაც ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებს საქართველოს გადაქცევა ტორპედოდ, ხოლო ივანიშვილის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სანდო პარტნიორად განიხილავს.

რა ცვლილებებიც უნდა მოხდეს რეგიონში, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამჟამად საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც, ყველა მისი მინუსის მიუხედავად, წინამორბედისგან განსხვავებით, რუსეთთან დალაპარაკება შეუძლია, რაც ნაწილობრივ მაინც ამცირებს საბედისწერო სამხედრო კონფრონტაციის დაწყების საფრთხეს.

ჰილარი კლინტონი აპირებდა, გაეძლიერებინა “ლიბერალური ინტერვენციის” პოლიტიკა, რომელსაც ბუნებრივად მოჰყვებოდა შესამისი თვალსაზრისის მქონე ძალების მზარდი მხარდაჭერა მსოფლიოში (ან იმ აფერისტების, რომლებიც თავს დიდ ლიბერალებად წარმოაჩენენ). ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, შესაბამისი არასამავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდას, მათთვის მნიშვნელოვანი როლის მინიჭებას მოიტანდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ტრამპის გამარჯვებამ ქართული არასამთავრობოების დიდი ნაწილი ძალიან გააღიზიანა. თუმცა ისინი, სავარაუდოდ, მოგვიანებით მიხვდებიან, რომ ძირითად პროგრამებს არაფერი ემუქრება. როგორც უკვე ითქვა, ამერიკის საგარეო პოლიტიკას, მატარებლის მსგავსად, ლიანდაგიდან გადახვევა არ შეუძლია და, ვიდრე გაჩერდება, ინერციით საკმაო მანძილს გაივლის. ამასთანავე, ამ არასამთავრობოებს შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ. აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ _ “ნაცმოძრაობის” მარცხისა და ლიბერალური ოპოზიციური პარტიების კრახის შემდეგ, მათი ლიდერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიაღწიონ იმას, რომ ერთმანეთს, ერთი მხრივ, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობოები და, მეორე მხრივ, ხელისუფლება დაუპირისპირდეს, როგორც ეს შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში მოხდა. ეს შექმნიდა სათანადო ფონს ახალი ლიბერალური პროდასავლური პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ კლინტონის გამარჯვება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს, ამ სცენარის რეალიზება შეიძლება გართულდეს.

ჩათრევა თუ ჩაყოლა?

ბოლო პერიოდში ქართულ მედიაში საკმაოდ ხშირად ახსენებენ 1921 წლის მოვლენებს, რადგან ქვეყანა, ისევე, როგორც მაშინ, აღმოჩნდა მოულოდნელად გაძლიერებულ, ამბიციურ რუსეთსა და თურქეთს შორის, ხოლო დასავლეთის ინტერესმა რეგიონის მიმართ იკლო და გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში კიდევ უფრო შემცირდეს. ამ შემთხვევაშიც შეიძლება საუბარი ორ მიდგომაზე, რომელთაგან ერთი ინფანტილურია, მეორე კი _ რაციონალური.

თუ ერს აქვს პრეტენზია დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნას, უპირველესად, საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოს, თუნდაც ის მცირე იყოს და არსებული რეალობა ადეკვატურად შეაფასოს. თუ ტრამპი მართლაც მოაწყობს რევოლუციას საერთაშორისო ურთიერთობებში და დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში “რადარებიდან გაქრება”, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არსებობას შეწყვეტს, როგორც ამას ბევრი პროდასავლელი ლიბერალი თუ სააკაშვილის მომხრე ამტკიცებს. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს, ისევე, როგორც თავის დროზე ფინეთს, ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოუწიოს, ვინაიდან ამის ერთადერთი ალტერნატივა რუსეთთან ერთი-ერთზე დაპირისპირება, სახელმწიფოებრიობის კრახი და ეროვნული კატასტროფა იქნება. ალბათ, არც ის არის გამორიცხული, რომ ტრამპის აშშ-ის მიერ მიტოვებულ საქართველო ევრაზიულ ინტეგრაციაში ჩაერთოს, რაც გეოეკონომიკური თვალსაზრისით ბუნებრივია და დღეს მხოლოდ პოლიტიკური პრობლემების გამო ფერხდება.

საქართველოს მმართველებს წარსულში, გარემოებათა გამო, კომპრომისზე წასვლა არაერთგზის მოუწიათ. მთავარი პრიორიტეტი მათთვის იყო არა ნატოში გაწევრება ან სხვისი დაკვეთის შესრულება, არამედ ერის არსებობისა და განვითარების გაგრძელება; ქვეყნის გადარჩენა, ალბათ, სწორედ ამიტომ მოახერხეს. საქართველო ვერ ჩაჰყვება საფლავში ძველ მსოფლიო წესრიგს, თუ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში იზოლაციონისტურ ტენდენციებს გააძლიერებს, ხოლო დასავლეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში მკვეთრად შემცირდება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here