Home რუბრიკები ბლოგი ჰენრი კისინჯერი: პუტინს რომ ჩაწვდე, დოსტოევსკი უნდა იკითხო და არა Mein...

ჰენრი კისინჯერი: პუტინს რომ ჩაწვდე, დოსტოევსკი უნდა იკითხო და არა Mein Kampf

1467

მსოფლიო პოლიტიკის პატრიარქი, ავტორიტეტული ამერიკელი პოლიტიკოსი, ჯერ კიდევ ბრეჟნევისა და ნიქსონის დროინდელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი  93 წლისაა, მაგრამ ბევრ ამერიკელ თუ მსოფლიო პოლიტიკოსზე საღად აანალიზებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში შექმნილ ჩიხურ ვითარებას. ის მზადაა მისცეს რჩევა აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს- თუ როგორ დაალაგოს  ურთიერთობები რუსეთთან. 

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რესპექტაბელური ამერიკული ჟურნალის The Atlantic-ის რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ინტერვიუ ჩამოართვა ჰენრი კისინჯერს. ინტერვიუში, კისინჯერი, აშშ-ს ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებს და საშუალებებს სთავაზობს და აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რჩევებს აძლევს.

როგორც პოლიტიკის გურუ, რომლის ავტორიტეტი ხელშეუხებელია, კისინჯერი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და ხვდება მსოფლიოს ლიდერებს. თვლიან, რომ ამ გზით, ის  განსაკუთრებულ, „დელიკატურ დავალებებს“ ასრულებს. სხვათაშორის, ის მრავალჯერ უნახავთ მოსკოვშიც, ვლადიმირ პუტინთან ერთად, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ პრობლემებზე უზიარებდა საკუთარ შეხედულებებს.

„ვფიქრობდი კლინტონი გაიმარჯვებდა. ტრამპის გამარჯვება, ამერიკის საშუალო ფენის რეაქციაა საკუთარი ღირებულებების დასაცავად. აშშ-ში, საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებობს განსხვავება საშუალო ფენასა და ელიტას შორის. ახალ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა მოარიგოს ისინი, თუმცა როგორ შეძლებს ამის გაკეთებას მხოლოდ  მასზეა დამოკიდებული. ჩვენ თავი უნდა გავანებოთ ტრამპის კომპეტენტურობაზე საუბარს, ის არჩეული პრეზიდენტია და ეს საკითხი გადაწყვეტილია, თუ საჭირო გახდა მე მას დავეხმარები.

ყველაზე მეტად მაღელვებს შოკი, რომლითაც სხვა ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ მის არჩევას.

არ ვფიქრობ, რომ ტრამპი პუტინის აპოლოგეტი იყოს, მან უბრალოდ  მართებული რიტორიკა აირჩია- პუტინმა, თავის დროზე, მასზე საკმაოდ კარგი სიტყვები არ დაიშურა, ტრამპმაც ჩათვალა რომ ამ გზით პუტინს ვალს დაუბრუნებდა. ანუ მე ვთვლი რომ პუტინსა და ტრამპს შორის  წინასწარი გარიგება არ არსებობს. როგორც ჩანს, პუტინი დაელოდება იმას, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. რუსეთი და აშშ ურთიერთობენ ისეთ სფეროებში, რომლებშიც არც ერთ მათგანს აქვს სრული კონტროლი, კერძოდ უკრაინა და სირია. შესაძლოა, ამ კონფლიქტების ზოგიერთი მონაწილე ახლო მომავალში მეტად თავისუფლად იგრძნობს თავს და შეეცდება რაიმე მოიმოქმედოს, მაგრამ პუტინი დაელოდება.

იმისთვის რომ ჩაწვდე პუტინს, აუცილებელია იკითხო დოსტოევსკი და არა Mein Kampf. პუტინმა იცის, რომ რუსეთი ბევრად სუსტია, ვიდრე იყო ადრე, ის ბევრად სუსტია ვიდრე აშშ. მაგრამ, პუტინი- იმ სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე საკუთარ იმპერიულ ძლიერებას ასახიერებდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმპერიული ისტორიის 300 წელიწადი დაკარგა.

რუსეთი საკუთარი საზღვრების ყოველ მონაკვეთზე   სხვადასხვა საფრთხეებს აწყდება: დემოგრაფიული კოშმარი ჩინეთთან საზღვარზე, იდეოლოგიური კოშმარი, რადიკალური ისლამის სახით, სამხრეთის საზღვარზე, დასავლეთში- ევროპა, რომელშიც მოსკოვი ისტორიულ გამოწვევას ხედავს.

რუსეთი ეძებს აღიარებას როგორც დიადი დერჟავა, როგორც თანასწორი წევრი და არა მთხოვნელი, სისტემაში, რომელიც ამერიკამ დააპროექტა.

რუსებმა ათასწლეულებს გაუძლეს, გადაარჩინეს მსოფლიო უამრავ უბედურებას. გაუძლეს მონღოლებს…შვედეთის მეფე კარლ XII იმედოვნებდა, რომ  ადვილად დაამყარებდა რუსეთში შვედურ წესრიგს, მაგრამ რუსი გლეხები წვავდნენ საკუთარ მოსავალს, რათა ამით დამპყრობლებს არ ესარგებლად, ისინი შიმშილობდნენ, მაგრამ მტერს არ აჭაჭანებდნენ თავიანთ ქვეყანაში. მრავალ ერს არ გადაუტანია იმაზე მეტი ისტორიულად, რასაც რუსეთმა გაუძლო. კრიტიკულ მომენტებში რუსეთი ყოველთვის ინარჩუნებდა მსოფლიოში წონასწორობას და მტერზე იმარჯვებდა. რუსებმა დაიცვეს მსოფლიო მონღოლებისგან, მეთვრამეტე საუკუნეში შვედებისგან, მეცხრამეტეში- ნაპოლეონისგან, მეოცეში- ჰიტლერისგან და დღესაც რუსეთს უკავია უმნიშვნელოვანესი პოზიცია რადიკალური ისლამის დასამარცხებლად- სირიაში!

 ამას მე გეუბნებით და გაითვალისწინეთ: რუსეთს ძალადობრივად ვერ გარდაქმნით!

ეს არის უნიკალური და რთული საზოგადოება, რუსეთის საკითხი უნდა გადაწყდეს სამხედრო ძალის გარეშე, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით.

რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეიძლება ცალმხრივად ძალის დემონსტრირების ხარჯზე პატივისცემის მოპოვება.

უკრაინა უნდა იქცეს ხიდად რუსეთსა და დასავლეთს შორის და არა რომელიმე მათგანის ფორპოსტად.

რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც განიცდის დიდ შინაგან ტრავმას საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, ამერიკას კი არ სურს იხილოს კიდევ ერთი დიდი იუგოსლავია, რომელიც იქნება პეტერბურგიდან- ვლადივოსტოკამდე გადაჭიმული. მე უკრაინას ვერც ერთ სამხედრო ბლოკში  განვიხილავ“, – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა ამერიკულ ჟურნალ The Atlantic-თან ინტერვიუში.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. ღვაწლმოსილი, ჭკუიანი და პატივცემული პოლიტიკოსია ბატონი კისინჯერი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here