Home რუბრიკები საზოგადოება ფიქრები არჩევნების შემდეგ

ფიქრები არჩევნების შემდეგ

495

არჩევნები დასრულდა. შედეგები ცნობილია და ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ეს შედეგი თავის თავს უნდა დააბრალოს. ახლა მიზეზების ძებნა და თავის მართლება დაგვიანებულია. პოლიტიკოსებს ხალხი მხოლოდ არჩევნების პერიოდში კი არ უნდა ახსენდებოდეთ, არამედ ადამიანებთან ყოველდღიურად უნდა მუშაობდნენ: ეროვნული თვითშეგნების, ქვეყნის სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, თითოეულის პასუხისმგებლობისა და მათი სოციალურეკონომიკური მდგომარეობის ასამაღლებლად.

წლიდან წლამდე ვუყურებთ, როგორ გვადნება ხელში ქვეყანა ტერიტორიულად, ეკონომიკურად, მორალურად და იძირება სიღარიბისა და უცოდინარობის მორევში. არადა, ოცდახუთი წელია, ნატოსა და ევროპის ძახილით ვატყუებთ ჩვენს ხალხს და მასში პოლიტიკოსების დიდი წვლილიცაა. სამწუხაროდ, ვერასოდეს მივიღეთ ხელისუფლებისაგან ის სიკეთე, რომელსაც ქვეყნის სათავეში მათი მოყვანის შემდეგ ველოდებით. არის ასეთი გამონათქვამი: კარგ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ნიჭი, თავის შესაძლებლობებში დაარწმუნოს ხალხი, დიდ პოლიტიკოსს კი _ ხალხი დაარწმუნოს საკუთარ თავში. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დონის პოლიტიკოსი არ გვყავს და კარგა ხანს არ გვეყოლება.

დღეს ერთმანეთის ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა _ ვეგუებით ამას.

კაცმა იმ ავადასახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში უამრავი ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ ქალაქში ბანერზე იყო გამოკრული და დეპუტატად იყრიდა კენჭს _ ვეგუებით ამას.

პარტიას, რომელმაც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში დიდი უბედურება დაატეხა თავს, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი კვლავ აცოცხლებს _ ვეგუებით ამას.

გვიყიდიან და ყრვნიან მამულს, ენას, სარწმუნოებას _ ვეგუებით ამას.

ქართველმა ხალხმა, დიდი ხანია, დაკარგა უფლება, თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედ-იღბალი _ ვეგუებით ამას.

ეროვნულ თვითშეგნებაზე ყოველთვის მოქმედებდა უცხოელთა მონობის უღელი და ასეა დღესაც _ ვეგუებით ამას.

ქვეყანა და ხალხი დაავადდა შემგუებლობის სინდრომით და ამაში პოლიტიკური პარტიების დიდი წვლილიცაა. სანამ ერი არ გამოიღვიძებს, წინააღდმეგობას არ გაუწევს ყოველივე ამას, სანამ ხალხი და ყველა პოლიტიკური პარტია არ ჩადგება თავისი და არა სხვა ქვეყნის სამსახურში, რომელსაც უფრო ენერგიულად და ერთგულად ემსახურებიან და რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, არაფერი გვეშველება. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის მარცხის ძირითადი მიზეზები, ხოლო პასუხიმგებლობის დაკისრება არავის სურს. როცა ამერიკის ელჩმა წინასაარჩევნო კომპანიის მიმდინარეობა შეაფასა, როგორც ნორმალური და დემოკრატიული, ეს იყო ნიშანი, რომ არავითარი არეულობა და რევოლუცია არ მოხდებოდა, რადგანაც მათ ხელს აძლევთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ერთი მხრივ, უნარჩუნებენ პოზიციებს “ნაციონალურ მოძრაობას” და, მეორე მხრივ, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

სამწუხაროდ, ამომრჩეველთა 50%-მა არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. პარტიების ლეგიტიმაცია მხოლოდ ამომრჩეველთა 50 პროცენტის ხმებით მოხდა და მათ შეიძლება ვუწოდოთ ხალხის არჩეული?

“ოცნების” გამარჯვება საჭირო და აუცილებელიც იყო, თანაც _ საკონსტიტუციო უმრავლესობით. ვფიქრობ, მათ შორის ბევრია უცოდველი პიროვნება, საღად და ეროვნულად მოაზროვნე, რომლებზეც დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, და იმედია, ბევრი ეროვნული საქმე გაკეთდება.

ბევრი საკონსტიტუციო ცვლილებაა გასატარებელი. რაც მთავარია, უნდა განისაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსი, გასათვალისწინებელია ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა იმ ისტორიული გამოცდილებისა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი ვითარების შესაბამისად, რომლის გარეშეც წინსვლაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. ახლა გამოჩნდება, ვინ არის ქვეყნის პატრიოტი, ვინ გააკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს. პატრიოტი ხომ სამშობლოსათვის მებრძოლი და მსახური ადამიანია, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა:

წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისთვის თავის დადება”!

ჯერი თქვენზეა, პარლამენტარებო!

მართალია, ნაციონალებმა მოსალოდნელზე მეტი ადგილი მოიპოვეს პარლამენტში, მაგრამ “ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობამ ისინი ნაკლებად ქმედუნარიანი გახადა. თუმცა ბევრი ნაციონალი კვლავ სახელმწიფო სამსახურშია და ჯერ კიდევ ხელთ აქვს საინფორმაციო საშუალებები. სწორედ აქტიური პროპაგანდითა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით მოახერხეს ზოგიერთის ეროვნული თვითშეგნების გადაგვარება. ისინი ქვეყნის ძარცვა-გლეჯით მოპოვებულ ფინანსურ შესაძლებლობებს აქტიურად იყენებენ ამომრჩევლის მოსასყიდად _ საარჩევნო ყუთთან მისულმა ნახევარმილიონამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მათ მხარი და ცოდვა ჩაიდინა. ჯერ კიდევ ძლიერია ნაციონალების მხარდაჭერა ლობისტების მხრიდან, რომელთა მოსყიდვაზეც უამრავი თანხა დახარჯეს და ჩვენი ქვეყანა ფულის გათეთრების წყაროდ აქციეს. ამიტომ, თუ ერი არ გაიწმინდა ამ ბოროტებისა და ცოდვებისგან, მომავალი არ უწერია.

მისასალმებელია “პატრიოტთა ალიანსის”, როგორც ეროვნული ძალის, შეყვანა პარლამენტში, მაგრამ დამტკიცება იმისა, რომ დეპუტატობის ღირსნი არიან, მათ მოუწევთ ბრძოლით, გამოკვეთილი ქართული ეროვნული პროგრამით, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მართალია, “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს”, მაგრამ არსებობს სხვა გამონათქვამიც “ნაპერწკლიდან ალი აინთება”. “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შეუძლიათ გაატარონ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები და გაახმიანონ ქართველი ხალხის სატკივარი. საბჭოთა ეპოქაში, როცა ყველაფერს ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებდა, საქართველოში დიდი სამშენებლო ობიექტის მშენებლობა რომ დაწყებულიყო, მოსკოვთან, ცენტრთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, მაგრამ რესპუბლიკის ხელმძღანელობა ზოგჯერ ფარულად იწყებდა დიდი ობიექტების მშენებლობას და, თუ ამის შესახებ შეიტყობდა საკავშირო მთავრობა, მის მიერ სათანადო ღონისძიების გატარებამდე, სასწრაფოდ ხსნიდნენ თანამდებობიდან ამ ობიექტის ხელმძღვანელს, _ რეაგირება გატარდაო. ასეთი “მსხვერპლშეწირვით” ჩადგა მწყობრში ბევრი ღირსშესანიშნავი ნაგებობა, მათ შორის _ თბილისის მეტროპოლიტენი, სპორტის სასახლე… ახლა კი სხვა მოცემულობაში ვართ პოლიტიკური მდგომარეობით, ვინაიდან რაიმე ინფრასტურქტურული ნაგებობის მშენებლობა გამორიცხულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკისგან და ამიტომ ახლა პოლიტიკური “მსხვერპლშეწირვა” გვჭირდება, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილი. გახსოვთ, ალბათ, როგორ ჩამოაშორა მან პრემიერმინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, როცა მან კრიტიკული პოზიცია დაიკავა ნაციონალების, რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” მიმართ, როცა ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებაზე გააკეთა გაბედული განცხადება. არადა, ცოტა ხნით ადრე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბაიდენმა განაცხადა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება მსოფლიოში უნდა დაკანონდესო. ყოველივე ეს შეიქნა ღარიბაშვილის გადაყენების მიზეზი. იგი ზვარაკად შეეწირა ქვეყანას, როგორც ეროვნულად მოაზროვნე პატრიოტი.

ყველასათვის ცნობილია რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან ლიბერალური იდეოლოგიის გატარების მცდელობები და მათი ანტიეროვნული ქმედება. ივანიშვილმა ყოველგვარი “მსხვერპლშეწირვის” გარეშე შეძლო, პოლიტიკური თამაშიდან გაეყვანა ამ იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური სუბიექტების დიდი ნაწილი.

ჩვენ დღეს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად მზად არ ვართ, ასეა 1918 წლიდან. არ გვაქვს ამის კულტურა, უცხოა ჩვენთვის ასეთი კონფიგურაცია.

“ოცნების” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ბევრი უარყოფითად აფასებს. ასე იყო წინა ხელისუფლებების შემთხვევაშიც, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ფაქტობრივი ძალაუფლება არ აქვს, საბედნიეროდ, ფინანსურადაც კარგად არის და არა მგონია, თავისი გავლენა ბოროტად გამოიყენოს. თომცა, როგორც ოლიგარქი, ამერიკელებზე დამოკიდებული და დაკავშირებულია. ეს კარგად გამოჩნდა, როცა ერთ-ერთმა კონგრესმენმა განაცხადა, ივანიშვილს ყველა ფინანსური ანგარიში გავუყინოთო. სწორედ ივანიშვილი აღმოჩნდა ამერიკელებისთვის “მსხვერპლშეწირვის” მთავარი ობიექტი…

შემდგომ ყველაფერი ამერიკული სცენარით განვითარდა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დიდი ძალისხმევითა და ფინანსური დახმარებით და დასრულდა თავსმოხვეული კოაბიტაციით. ის, რომ იტყვიან, ხელ-ფეხშებორკილი დატოვეს და ასე უწევს ბეწვის ხიდზე სიარული. ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ და რანაირ “მსხვერპლშეწირვებს” განახორციელებს სამომავლოდ.

არჩევნებში დამარცხებული ზოგიერთი პარტიიდან წავიდნენ მათი ხელმძღვანელები და ლიდერები და, ალბათ სურთ, სხვა სტატუსით დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე _ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არასამთავრობო სექტორში თუ სხვა, მათთვის მომგებიან პოზიციებზე. ჩნდება კითხვა _ ხომ არ არის ეს მათი პატრონების დაკვეთა და გარიგება ხელისუფლებასთან? ამას დრო გვიჩვენებს.

დამთავრდა არჩევნები, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, რადგან ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია მსოფლიოში _ დღითიდღე იძაბება ურთიერთობა რუსეთსა და ამერიკა-ევროპას შორის. როგორ გადანაწილდება გავლენის სფეროები, რას გვიმზადებს ბედი ამ არამდგრად და სწრაფად ცვალებად სამყაროში, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. ვინმეს ხელში სხვის საწინააღმდეგო იარაღად რომ არ ვიქცეთ, ავანტიურაზე არ უნდა წამოვეგოთ და ვაწარმოოთ პატიოსანი და გულწრფელი პოლიტიკა, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენისთანა პატარა ერის არსებობა.

სხვა გამოსავალი არ გვაქვს!

ჯონი ცინცაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here