Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

516

ინფორმაცია სააკაშვილის პოსტიდან გადადგომის თაობაზე ოფიციალურად  დადასტურდა. მანამდე კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის გიორგი ლორთქიფანიძის თანამდებობის დატოვების შესახებ, ამ ფაქტს სააკაშვილმა უსამართლო უწოდა. 

მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა. ოდესის ოლქის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას თავისი მიმართვით ამცნო. “მე გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დავიწყო სრულიად ახალი ეტაპი ბრძოლისთვის. ხელების ჩამოყრას არ ვაპირებ. მე არ დავიღლები. მტრები ნუ ჩათვლიან იმას თითქოს თავიდან მომიცილეს. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც წინ მიდის იქამდე, სანამდეც მას შეუძლია წინსვლა და შემდეგ მიდის იქამდე სანამდეც საჭიროა, რამდენიც საჭიროა გამარჯვებისთვის და იმისათვის, რათა უკრაინელები განვათავისუფლოთ ამ მურტალი ძალისგან, ამ კორუფციული სიბინძურისგან, რომლებიც კაპიტალიზაციას ახდენდნენ ჩვენი ჯარისკაცების სისხლით, მეიდანზე დაღუპულთა სისხლით, რომლებმაც უღალატეს უკრაინული რევოლუციის იდეას და რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი მოტივაცია ჰქონდათ, შეევსოთ საკუთარი ჯიბეები, გაეძლიერებინათ საკუთარი კლანი და საბოლოოდ გაექურდათ უკრაინა”. _ განაცხადა სააკაშვილმა. უფრო ადრე კი მან მედიას განუცხადა, რომ ის არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, რადგან გეგმავს დარჩეს უკრაინაში და განაგრძოს თავისი საქმიანობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა, რომ  სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ამდენი ხანი იმიტომ ამყოფეს, რათა დაენახათ და მისულიყვნენ საბოლოოდ იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილი მა თარ ჭირდებათ, “მინდა მივულოცო უკრაინის მთავრობას”_ განაცხადა ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი არ არის საქართველოს პოლიტიკის მთავარი მოქმედი პირი. გია ჟორჟოლიანის განცხადებითვე, სააკაშვილი ბრალდებულია და მისი ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებაზე საუბრობს.  ”სააკაშვილი არ არის საქართველოს პოლიტიკის ფიგურანტი, არ ვიცი და არ მაინტერესებს იქ რას გააკეთებს. საქართველოში სააკაშვილი არის ბრალდებული, სამართალდამცავი ორგანოები უნდა მოიქცნენ შესაბამისად. თუ ის საქართველოში ჩამოვა, ჩვენი სამართალდამცავები მის კომპეტენციაში არსებულ მექანიზმებს გამოიყენებენ. სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ამდენი ხანი ამყოფეს, მაგრამ დაინახეს და მივიდნენ ამ დასკვნამდე. მინდა მივულოცო უკრაინის მთავრობას”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

“ოდესის გუბერნატორი არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა”, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა, თუმცა უშედეგოდ. ბობოხიძის განცხადებითვე, სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არა მისი თანამდებობა, არამედ მისი პოლიტიკური პოზიციები განაპირობებს. ”მინდა გითხრათ, რომ მე მიხეილ სააკაშვილს არასდროს განვიხილავდი ოდესის გუბერნატორად. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ოდესის გუბერნატორი არ არის რაიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა. უკრაინაში, ზოგადად, გუბერნატორებს ნიშნავს პრეზიდენტი და იურიდიულად ძალიან ცოტა უფლებამოსილება აქვთ. მიშას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ პოროშენკო ახალ გამოწვევებს უპასუხებდა. მან ბოლომდე იპარტნიორა პოროშენკოსთან. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ წონას არა ოდესის გუბერნატორობა, არამედ მისი პოზიციები აძლევდა”,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ქართული რეფორმების წარმატებით განმეორება გუნდის არარსებობის გამო ვერ შეძლო, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ის, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. ასეთ მოსაზრებას უკრაინელი დეპუტატი, „სახალხო ფრონტის“ წევრი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოთქვამს. „ამ გუნდში მიხეილ სააკაშვილი ძველი, კორუმპირებული სისტემის გამანადგურებლის როლს თამაშობდა, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც ახალ საქართველოს აშენებდა“, – წერს გერაშენკო და მოსაზრებას გამოთქვამს, რომ გუნდის დაშლა 2007 წელს სააკაშვილის ეგოიზმმა და „ტოტალიტარულმა გამოხტომებმა“ გამოიწვია. ანტონ გერაშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ერთი მხრივ, სააკაშვილის პოპულარობის გამოყენება სურდა, მეორე მხრივ კი, სააკაშვილი პრეზიდენტის პოლიტიკური მტრების მოსაშორებლად გამოიყენა. კერძოდ, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილი იმისთვის დაინიშნა, რომ ოლქი უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის გუნდისგან გაეთავისუფლებინა, რაც გააკეთა კიდეც. შემდეგ კი, სააკაშვილი უკრაინის ექსპრემიერის, არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ გამოიყენეს.

                                                     

გერაშენკოს თქმით, ამ მიზნების მიღწევის შემდეგ, სააკაშვილი „ზედმეტი“ გახდა. „საქართველოში არჩევნებში მარცხის შემდეგ და პრეზიდენტის მხარდაჭერის სრული არარსებობის ფონზე, სააკაშვილს წასვლის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა“, – მიიჩნევს უკრაინელი დეპუტატი. მისი პროგნოზით, ახლა მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს.

“მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, პოლიტიკური პარტია „ხვილიას“ (ტალღა) შექმნის პროცესი, შესაძლოა, დაჩქარდეს”, – აცხადებს პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრი, სახალხო დეპუტატი ნატალია ნოვაკი. კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ გადადგომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიას ჩაუდგეს სათავეში, ნოვაკმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, მე ამას ვუშვებ. პარტია არ არსებობს. არსებობს საინიციატივო ჯგუფი. შესაძლოა, პროცესი დაჩქარდეს, რის შედეგადაც, მას მართლაც მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგეს სათავეში“, – განაცხადა ნოვაკმა. მისივე თქმით, ჯერ საინიციატივო ჯგუფს ეს საკითხი არ განუხილავს. ნოვაკის ინფორმაციით, დამფუძნებელი ყრილობის გამართვა რამდენჯერმე დაიგეგმა. ბოლოს ის ნოემბერში დაიგეგმა, შემდეგ – დეკემბერში. შესალოა, ყრილობა თებერვალში გაიმართოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here