Home რუბრიკები სამართალი “იმის გამო, რომ “მიშა მაგარია” არ ვიმღერეთ, საკანში მყოფ ყველა პატიმარს გვცემეს”

“იმის გამო, რომ “მიშა მაგარია” არ ვიმღერეთ, საკანში მყოფ ყველა პატიმარს გვცემეს”

822

საზოგადოებამ საქართველოს ციხეებში პატიმრებისადმი არნახული სისასტიკით მოპრობის შესახებ რამდენიმე წლის წინათ შეიტყო და ყოფილი ხელისუფლების მმართველობას წერტილი დაუსვა. 

პატიმრების წამების ფაქტებზე, მართალია, დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ მათზე რატომღაც ყველა თვალს ხუჭავდა და ყოფილი პრეზიდენტიც ამერიკელებისთვის კვლავდემოკრატიის შუქურადრჩებოდა, საერთაშორიოს საზოგადოებრიობისთვის კი _ თავისუფლებისა და სამართლიანობის მედროშედ. თუმცა, როგორც ყოფილი პატიმრები ამბობენ, დამნაშავეები არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასჯილან და არც ყოფილი პოლიტიკური პატიმრების რეაბილიტაცია განხორციელებულა. მეტიც, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური ამნეზია დაემართა, ვინაიდან ახლახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებშინაციონალურმა მოძრაობამხმების 27% მოიპოვაიმიტომ, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის სისასტიკე და უკანონობა, რომელიც ახლო წარსულში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, “საქართველო და მსოფლიომდაიწყო რუბრიკახანდაზმულობის ვადის გარეშე”, რომელშიც ყოფილი პოლიტპატიმრები თავიანთ ისტორიებს ყვებიან. დღეს რუბრიკის სტუმარია ყოფილი პოლიტპატიმარი, “სახალხო კრებისახალგაზრდული ფრთის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კაკო შუბითიძე.

_ “ნაციონალური მოძრაობის” სისასტიკე ჩემმა ოჯახმაც იწვნია _ მამა-შვილი სააკაშვილის უკანონო პატიმრებად ვიქეცით. მე რომ დამიჭირეს, მშობლებს ნერვიულობის გამო დიაბეტი დაემართათ. ჯერ მამა დააპატიმრეს, შემდეგ _ მე. მამა 2009 წლის აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. არადა, არანაირი იარაღი არ ჰქონია. რაიონში ყველა იცნობს და მის ხელში იარაღი არავის უნახავს. აქედან დაიწყო ჩვენი ოჯახის პრობლემები. მე ვმუშაობდი “გაერთიანებულ ტელეკომში”, ჯერ სამსახურიდან გამათავისუფლეს, შემდეგ ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების ბრალდებით გამასამართლეს. მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება მათთვის მიუღებელი ადამიანების თავიდან მოშორების ყველაზე იოლი საშუალება იყო.

ვინაიდან “სახალხო კრების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი, საპროტესტო აქციებში აქტურად ვმონაწილეობდი, დაპატიმრებამდე გამუდმებით მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ, უშიშროების თანამშრომელიც მოგვიგზავნეს მე და ჩემს ახლობლებს, მაფრთხილებდნენ, არ წავსულიყავი საპროტესტო აქციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზულ პრობლემებს შემიქმნიდნენ, ხოლო, თუ დავუჯერებდი, რაიონის გამგეობაში სამსახურს მპირდებოდნენ. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე.

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას გადავრჩი, ვერ დამიჭირეს, მაგრამ ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 26 ივნისს, დამაპატიმრეს. ქალი მომიგზავნეს, მირეკავდა, თითქოს მარნეულის რაიონის კულტურის სახლისთვის ჩემი დახმარება სჭირდებოდა. შეხვედრისას კი სასმელში ნარკოტიკული საშუალება ჩამიყარა. თავი ცუდად რომ ვიგრძენი, შევეცადე, მალე წავსულიყავი. ამ ქალმა მთხოვა, სასტუმროში დამაბინავეო, როცა ავუღე ნომერი, მოულოდნელად მითხრა, თბილისში წასვლა გადავწყვიტე, შენ კი დარჩიო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული სცენარი იყო _ ერჩივნათ, სასტუმროში დავეკავებინეთ უხმაუროდ. სწორედ სასტუმროში მოვწიე იმ გოგოს მოწოდებული სიგარეტი, რომელშიც მარიხუანა იყო შერეული. სასტუმროდან რომ გამოვედი, დავინახე, რომ ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მანქანებით მომყვებოდნენ. ჩემთან მოვიდა პოლიციის თანამშრომელი ივანე ხახვიაშვილი, რომელიც შემდგომ ერთადერთი მოწმე აღმოჩნდა ჩემს საქმეში, და იარაღი დამადო შუბლზე. ეს ხახვიაშვილი მოგვიანებით ყვებოდა, თითქოს შემთხვევით დამინახა ქუჩაში და გონივრული ეჭვის საფუძველზე დამაკავა; თანაც თქვა, როდესაც დავუძახე, გაიქცაო, რაც სიცრუეა. პოლიციის თანამშრომელმა გიორგი გელაშვილმა კი ნარკოტიკი ჩამიდო წინდაში. როცა გავაპროტესტე, _ რა გაყვირებს, ხომ იცი, როგორც ხდება, ხომ გაგაფრთხილეს, შეეშვი პოლიტიკასო?!

გადამიყვანეს თელეთში, ნარკოლოგიურში. ექსპერტიზაზე შარდის ანალიზში მარიხუანის კვალი აღმოჩნდა. ითხოვდნენ, დანაშაული მეღიარებინა, თორემ 11 წლამდე მომისჯიდნენ, მაგრამ არ დავთანხმდი, ჩხრეკის ოქმზეც არ მოვაწერე ხელი, ვინაიდან კანონის დარღვევით ჩატარდა ყველაფერი.

_ როგორი იყო ერთი ჩვეულებრივი დღე ციხეში?

_ იღება ციხის კარი და იწყება ჯოჯოხეთი. რაც უნდა ვილაპარაკო, ზუსტად ვერავინ წარმოიდგენს, რა საშინელება იყო თუნდაც ერთი დღე ციხეში. პატიმარზე გამუდმებით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება. მაგალითად, კარანტინში, სადაც ციხეში შესვლისას პირველად ხვდები, 16 კვადრატული მეტრის ოთახში დაახლოებით 35 კაცი იჯდა. იდგა სამი საწოლი, მაგიდა, სკამი და იქვე იყო საპირფარეშო. გაფუჭებული ონკანიდან წყალი ოთახში იღვრებოდა. ფეხზე მდგარს უნდა დაგეძინა, რადგან იატაკზე დაწოლის საშუალება არ გვქონდა. რკინის ლოგინებზე არც საბანი იყო და არც ბალიში. ან რა დაგაძინებდა, მთელი ღამე პატიმრების გოდება ისმოდა. ვცდილობდით, კართან დავმდგარიყავით, ჰაერი რომ გვესუნთქა.

ხშირად გვაყურებინებდნენ სხვა პატიმრის ცემასა და წამებას. მაგალითად, პატიმარს მუხლებზე დააყენებდნენ, დააშარდავდნენ, სხვა პატიმრებს კი აყურებინებდნენ და ეუბნებოდნენ, არჩევნები დასრულდება, ხომ იცით, სააკაშვილი წამსვლელი არ არის და მერე ნახავთ, რაც გელოდებათო. ხან ერთი საკნის კარს გააღებდნენ, ხან _ მეორის და რიგრიგობით გვცემდნენ, რათა სულ შიშში ვყოფილიყავით. სად გაიზარდნენ ასეთი სადისტები, არ ვიცი.

აბანოში როცა გავყავდით, ხუთ წუთში უნდა მოგვესწრო ბანაობა. წარმოიდგინეთ, ხუთ წუთში უნდა მოგესწრო გახდა, ბანაობა და ჩაცმა. ნახევრად გასაპნულები გამოვდიოდით გარეთ. ნორმალურად დაბანის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

_ რის გამო შეიძლებოდა ეცემათ პატიმარი?

_ სრულიად უმიზეზოდ. მაგალითად, ერთი გადაიყვანეს სხვაგან და მისი საბანი მეორე პატიმარმა დაიფარა და ამის გამო სცემეს. გვიბრძანებდნენ, საწოლის ქვეშ შეძვერი ან დაგვიჩოქეო, დამამცირებელ რაღაცებს გვეუბნებოდნენ და, როცა არ ვასრულებდით, სასტიკად გვცემდნენ. ერთხელაც შემოვიდნენ საკანში და გვიბრძანეს, გვემღერა “დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია”. ვინ იმღერებდა “მიშა მაგარიას”? იმის გამო, რომ “მიშა მაგარია” არ ვიმღერეთ, საკანში მყოფ ყველა პატიმარს გვცემეს. გვცემდნენ ყველაფრის გამო, გამარჯობის თქმის გამოც.

ყველა, ვისაც სტრასბურგში გვქონდა გასაჩივრებული საქმე, ჩაგვიყვანეს კარანტინში და სახელმწიფოს მოღალატეები და ჯაშუშები გვეძახეს. ათი ღამე მარტო გავატარე .. კარცერში. ვიღაც ბანგლადეშელი იჯდა საკანში და დააწერინეს, ვითომ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი.

_ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ შემოდიოდნენ ციხეში?

_ დიახ, შემოდიოდნენ. ვუყვებოდით, რაც ხდებოდა, წავიდოდნენ და, მათთან საუბრის გამო, პატიმარს უარეს დღეში აგდებდნენ. მოგვისმენდნენ, ჩაიწერდნენ ყველაფერს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაგვპირდებოდნენ შესაბამის ორგანოებს, სახალხო დამცველის აპარატსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს თქვენ შესახებ გავაგებინებთო და ამით სრულდებოდა მათი დახმარება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არაფერში დაგვხმარებიან. როგორც ჩანს, თავიანთ საქმეს იკეთებდნენ, თორემ გლდანში სასაკლაო იყო _ დღე არ გავიდოდა, პატიმარი არ გაესვენებინათ.

_ შესაძლებელი იყო, ხელისუფლებას არ სცოდნოდა, რაც ციხეში ხდებოდა?

_ გამორიცხულია. მოდიოდა ხოლმე სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად და პატიმრებს გვიბრუნებდნენ რადიოს, ნარდს, გაზეთებს, რათა მათთვის დაენახვებინათ, ასეთი მშვიდი და ბედნიერი ვითარებაა ციხეშიო.

ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, დიდი ალბათობით, ისევ ციხეში ვიქნებოდით. მადლობა ამისთვის ხელისუფლებას, მაგრამ ვთხოვ, დაიწყოს საქმეების გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს სამართლიანობა. კრიმინალებს რომ გვეძახის “ნაციონალური მოძრაობა”, გამოიძიონ ჩვენი საქმეები, რათა საზოგადოებამ შეიტყოს, მართლა კრიმინალები ვართ თუ პოლიტპატიმრები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მაქვს, არ გაუუქმებიათ 2-ათასლარიანი ჯარიმა და მთელი რიგი აკრძალვებისა, მაგალითად, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება დღემდე არ მაქვს.

ყველა ადამიანის გვარი ვიცი, ვინც ჩემს საქმეში ფიგურირებდა, დაისაჯონ ეს ადამიანები. ცრუ მოწმე ივანე ხახვიაშვილი დღესაც მუშაობს ძალოვან სტრუქტურებში. მარნეულის პროკურორი ლევან ლაზარიშვილი, ჩემი, მამაჩემის და ყველა იმ ადამიანის საქმეში მონაწილეობდა, რომლებიც იმხანად მარნეულში უკანონოდ გაასამართლეს, მაგრამ ლაზარიშვილი დააწინაურეს. გიორგი გელაშვილს, რომელმაც ნარკოტიკი ჩამიდო, როგორც ჩანს, პატრონი გამოუჩნდა, აღადგინეს სამსახურში და დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს. გამომძიებელი ვახტანგ ჩარკვიანი, ერთ-ერთი პოლიციის განყოფილების უფროსია. სამართლიანობის აღდგენას ვითხოვ, მეტს არაფერს. ჩემი საქმე სტრასბურგშია გასაჩივრებული და პასუხს ველოდები. საქართველოში კი ჩემი საქმის გამოძიება არ იწყება. ვფიქრობ, ხელისუფლებას არ სურს პოლიტპატიმრების საქმეების გამოძიება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here