Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ამერიკა ცდილობს არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელში...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ამერიკა ცდილობს არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელში ჩაგდებას

573

რამდენიმე კვირის წინათ სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ფეიკი, რომ აშშ-მა ბელარუსს უვიზო მიმოსვლა დაუწესა. არადა, სინამდვილეში, წლების განმავლობაში ამერიკა ბელარუსს “ამერიკის უსაფრთხოების საფრთხედ განიხილავდა” და ამ ქვეყანაში “ფერადი რევოლუციის” მოწყობაში სოლიდურ თანხას იხდიდა. 

2005 წელს ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობისას გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე შეხვდნენ ბელარუსის .. ოპოზიციის ლიდერს _ ანატოლი ლებედკოს და დაჰპირდნენ, თუ პრეზიდენტ ლუკაშენკოს დასამხობ აქციებს დაიწყებდა, 4 მილიონი დოლარით დაეხმარებოდნენ. ეს კადრები ფრანგმა ჟურნალისტებმა გადაიღეს. “ჩე გივიბელარუსის ხელისუფლების დამხობაში 4 მილიონ დოლარს იხდიდა. თარგამაძე ყბედი, ლოთი, ავანტიურისტი და კლოუნია”, _ დაასკვნა რუსეთში ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა, აწ გარდაცვლილმა ბორის ნემცოვმა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ ალექსანდრე ლუკაშენკო, ბოლო ხუთი წელია, ამერიკისა და დასავლეთისკენ აქტიურად იმზირება. ამის შესახებ მან რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა. არადა, აღმოსავლეთ ევროპაში ბელარუსს მოიხსენიებენ, როგორც ავტორიტარულ სახელმწიფოს, ხოლო ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა “ამერიკის უსაფრთხოების საფრთხეა”, ამერიკის ელჩი ბელარუსში არ არის, მაგრამ ამერიკელებსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების დათბობა მაინც დაიწყო. ამერიკის ელჩი ბელარუსიდან დიდი ხნის გაწვეულია, გაწვეულია ევროკავშირში შემავალი ბევრი ქვეყნის ელჩიც, რომელთა დაბრუნებაც ნელ-ნელა იწყება.

ლუკაშენკოს ევროპასთან ურთიერთობების აღდგენა ერთადერთი რამისთვის სურს _ იყოს დამაკავშირებელი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის. სწორედ ამ მიზნით ცდილობს ურთიერთობების მოგვარებას, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის მაღალჩინოსნებსა და თვით ლუკაშენკოსაც ევროკავშირის ბევრ ქვეყნაში შესვლა აკრძალული აქვთ.

2015 წელს ლუკაშენკომ ამერიკაში წარმომადგენლები გაგზავნა _ სამხედროები. ამის შესახებ არაფერი იცოდა მოსკოვმა. ბელარუსი სამხედროები ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოდგილეს შეხვდნენ და მოლაპარაკება მთელ რიგ საკითხებზე გამართეს, ერთ-ერთი იყო სამხედრო თანამშრომლობა. ამ შეხვედრას უმალ მოჰყვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ბელარუსში, შეთანხმდნენ იმაზე, რომ ორი ქვეყანა ატაშეებს გაცვლიდა. ისაუბრეს იმაზეც, რომ ამერიკის ელჩი ბელარუსში დაბრუნდება.

ამერიკაში ბელარუსების უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია მცდარია და შორეული პერსპექტივაა. არადა, რუსეთსა და ბელარუსს სამოკავშირეო ხელშეკრულება აქვთ დადებული _ 2001 წელს გააფორმეს სამხედრო დოქტრინა საზღვრების დაცვაზე. მინსკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პირველი მტერი ამერიკაა… ლუკაშენკოს ეს საქციელი კი ძალინ ჰგავს იმ ორჭოფულ და ორპირ დამოკიდებულებას, რომელიც იანუკოვიჩის უკრაინასა და მოსკოვს შორის არსებობდა, რომელიც არა მხოლოდ იანუკოვიჩისთვის არამედ, ქვეყნისთვისაც ცუდად დასრულდა. დაახლოებით იმავე ნაბიჯებს დგამს ლუკაშენკოც. შესაძლოა, ეს მართლაც ძლიერი მმართველი ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა ძირს დაანარცხოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რუსეთი ჩაერევა.

_ “ფერადი რევოლუციისმოსაწყობად პარლამენტარ გივი თარგამაძის ბელარუსში ჩასვლაში ამერიკელების ხელი ერია?

_ ეს დიდი ხნის წინათ იყო, იმხანად მართლაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ლუკაშენკოს ამერიკასთან და გივი თარგამაძის იქ ჩასვლაც ამერიკის ინიციატივით მოხდა. ფულიც ამერიკული იყო. დიდი ხანია, ამერიკა ცდილობს არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელში ჩაგდებას. თუმცა სამიზნეში განსაკუთრებით ჰყავს ამოღებული ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა. მიზნის მისაღწევად კი უკან არაფერზე დაიხევს.

_ ამერიკის პოზიცია გასაგებია, მაგრამ რა სარგებელს ელოდება ლუკაშენკო?

_ ბელარუსის პრეზიდენტს ამერიკისგან, უწინარესად, უნდა, რომ დიქტატორის სახელი მოუხსნან, შემდეგ შედგეს სამხედრო თანამშრომლობა, დათბეს ურთიერთობები და ქვეყანაში შევიდეს ინვესტიციები, რომლებიც საშუალებას მისცემს, პოზიციები გაიმაგროს მოკავშირე სახელმწიფოსთან _ რუსეთთან.

ხშირად მოგვისმენია ასეთი ფრაზა _ მოსკოვი-მინსკის დაპირისპირება. ეს, ძირითადად, ეკონომიკურ საკითხებზე ითქმის. ლუკაშენკოს სურს, რომ ბუნებრივი აირი მისთვის გაცილებით იაფი იყოს, რასაც მოსკოვში ბევრი ეთანხმება, შიშობენ, ბელარუსიც უკრაინასავით არ დაკარგონ. აღსანიშნავია ერთი რამ: მინსკი და მოსკოვი მჭიდროდ თანამშრომლობენ. ბელარუსი არის ევრაზიული კავშირისა და დსთ წევრი, მაგრამ ლუკაშენკომ დამოუკიდებლად, დაიწყო ამერიკასთან ურთიერთობა. ამაში აქამდე მოსკოვს ხელი არ შეუშლია. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის და ის ანგარიშს არ ითხოვს არავისგან, როგორც ეს საქართველოში ჰგონიათ.

ბელარუსი ამერიკის გარეშეც არ დაიკარგება, ლუკაშენკო, უბრალოდ, კარგ ურთიერთობებს ეძებს; როგორ გამოუვა, სხვა საქმეა, მთავარია, წითელი ხაზი არ გადალახოს. ლუკაშენკო რისკიანი პოლიტიკოსია და თავისი ქვეყნის ინტერესებს თავგამოდებით იცავს. სურს, ინვესტიციები მოიზიდოს, ერთობლივი საწარმოები ჰქონდეს, რაც საშუალებას მისცემს, თავისი პროდუქცია უცხოურ ბაზარზე გაიტანოს. ლუკაშენკო ყოველთვის ამაზე ზრუნავდა და ეს ქართველებსაც შემოგვთავაზა.

იმავე დასავლეთთან ურთიერთობაშიც ბელარუსი ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით ჩვენზე ბევრს მიაღწევს. ჩვენ ვერაფერს ვეღარ მივაღწევთ, ამერიკელებს აღარ ვაინტერესებთ, რადგან უკვე გაგვტეხეს, თავისად მივაჩნივართ. ამერიკისთვის საფიქრალი არ ვართ, ქართველი საზოგადოება გარყვნილია და მას საფრთხის შექმნა არ შეუძლია, ჩვენ სერიოზულ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. ისეთი ფინიები ვართ, არსად არ წავალთ. ბელარუსი კი საინტერესოა, ფაქტობრივად, ევროპაა. ამერიკას, დიდი ხანია, სურს, დასავლეთიდან სამხედრო შეიარაღების რკალი შემოარტყას რუსეთს _ ბალტიიპირეთიდან დაწყებული, შავი ზღვის ჩათვლით, ამ იდეის განხორციელებას ხელს ლუკაშენკო უშლის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here