Home რუბრიკები პოლიტიკა დამარცხებული ქვეყნის გამარჯვებული პოლიტიკოსები

დამარცხებული ქვეყნის გამარჯვებული პოლიტიკოსები

490

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად დაეცა. მმართველ პარტიაში თანამდებობებს ინაწილებენ, ოპოზიციაში ძალთა გადაჯგუფებას ცდილობენ. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საახალწლო არდადეგებამდე ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება, თუმცა პოსტსაარჩევნო პერიოდში დაშვებული თითქოს უმნიშვნელო შეცდომები, როგორც ხელისუფლებას, ისე მის ოპონენტებს მომავალში შეიძლება ძვირი დაუჯდეთ.

ნაცმოძრაობა” “ნაცმოძრაობისწინააღმდეგ

7 ნოემბერს, თითქმის წელიწადნახევრიანი წარუმატებელი მოღვაწეობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იძულებული შეიქნა, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაეტოვებინა. როგორც ცნობილია, უკრაინის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ოდესის საპორტო ქარხნის” პრივატიზების საკითხზე, რომლის ფარგლებში სააკაშვილს შეიძლება უკრაინის სს კოდექსის 364-ე მუხლით (თანამდებობის ბოროტად გამოყენება) ბრალი წაუყენონ. სააკაშვილის საეჭვო საქმიანობაზე პროკურატურას განცხადებით ოთხმა უკრაინელმა პარლამენტარმა მიმართა. გენპროკურორის მოადგილე ნაზარ ხოლოდნიცკის თქმით, მისი უწყება ამ საქმეზე სხვა მასალებსაც ფლობს.

გასულ კვირას სააკაშვილმა სერიოზული დარტყმა მიიღო საქართველოშიც თანაპარტიელებისგან.

4 ნოემბერს გავრცელდა თბილისის ყოფილი მერის _ გიგი უგულავას მიმართვა, რომელმაც საპატიმროდან თანაპარტიელებს მოუწოდა, “ნაცმოძრაობის” ახალი თავმჯდომარე (და პოლიტსაბჭო) აირჩიონ. ამჟამად ეს ადგილი ვაკანტურია, იგულისხმება, რომ პარტიას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც მოქალაქეობის უქონლობის გამო ფორმალურად არ შეუძლია თავმჯდომარე იყოს. უგულავამ პარტიას, ფაქტობრივად, ძველი ბელადისგან დისტანცირება, ხოლო თვითონ სააკაშვილს “იდეური მამის”, ერთგვარი “ერთიანი ნაციონალური კარლ მარქსის” როლით დაკმაყოფილება ურჩია. რეაქცია უგულავას ამ მოწოდებაზე არაერთგვაროვანი იყო. სააკაშვილის ერთგულმა კადრებმა არაერთი საპასუხო განცხადება გააკეთეს, რომელთა მოკლე შინაარსი, პრინციპში, ერთ მოკლე ფორმულამდე დაიყვანება _ “მიშა ღმერთია”, თუმცა ე.წ. ბოკერიას ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ პატივისცემა გამოხატა, უგულავას წინადადება გაიზიარა.

უგულავას წერილმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერები, ისევე, როგორც 2012-ში, მარცხის მიზეზებს ტაქტიკურ შეცდომებსა და მოწინააღმდეგის ეფექტიან პიარსვლებში ეძებენ, იქნება ეს სკანდალური ვიდეოფირების ჩვენება ოთხი წლის წინათ, სააკაშვილის განცხადებები ზღვის გადაცურვაზე ან პარტიის მიერ პრემიერის კანდიდატურის არდასახელება სექტემბერ-ოქტომბერში. ეს, ალბათ, ლოგიკურია, რადგან მათ, როგორც ჩანს, არ ჰყოფნით ნებისყოფა, რომ სტრატეგიული შეცდომები გააანალიზონ, რეპრესიული რეჟიმის შექმნა იქნება თუ ქვეყნის ომში ჩათრევა. თუმცა აქ საინტერესოა სხვა რამ – ნაციონალების ნაწილს სურს, საკაშვილი განზე გასწიოს, მაგრამ ისე, რომ “ნაცმოძრაობის” რეიტინგი არ დაეცეს, რადგან მხარდამჭერების უდიდესი ნაწილის მობილიზებას სწორედ სააკაშვილი უზრუნველყოფს.

სააკაშვილი პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევას დათანხმდა (სხვა გამოსავალი რეალურად არ ჰქონდა). ამასთანავე, მრავალათასიანი ყრილობის გამართვის წინადადებით გამოვიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, გაცილებით დიდი გავლენის მოხდენა მას შეეძლება, ვიდრე ბოკერიას ჯგუფს. პარტიის ლიდერები, ალბათ, შეეცდებიან, შიგა არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვან მოვლენად წარმოაჩინონ, რათა შეუმდგარი რევანშის გამო გულნატკენი მომხრეები კვლავ დააინტერესონ და პარტიის გარშემო შეკრიბონ.

მართალია, ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ხანია, ბოკერიამ სააკაშვილს პარტიის მართვის რეალური ბერკეტები წაართვა, მაგრამ ოდესის ყოფილი გუბერნატორი “ნაცმოძრაობაზე” ზემოქმედების საშუალებებს მაინც ინარჩუნებს. ასე რომ, ამჟამად პარტიაში ერთგვარი ორხელისუფლებიანობაა, რომელიც შედეგიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მკვეთრად ზღუდავს.

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხელს უშლიან, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან სჭირდებიან ერთმანეთს და ამ პარადოქსული გარემოების გააზრება, სავარაუდოდ, მიიყვანს “ნაცმოძრაობის” ლიდერებს მოჩვენებით კონსენსუსამდე, კონფლიქტი და ინტრიგები კი გაგრძელდება, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც პარტიის რეიტინგზე, ისე მის კამპანიაზე ადგილობრივი არჩევნების პერიოდში.

ივანიშვილისახალგაზრდა გვარდია

ჯერ კიდევ არჩევნებამდე ცხადი იყო, რომ ივანიშვილი შეეცდებოდა, ავანსცენაზე ე.წ. ახალი სახეები გამოეყვანა, პარლამენტში პოსტების განაწილებამ ეს მოსაზრება დაადასტურა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. ის ივანიშვილის ერთ-ერთი ერთგული კადრია და გამოკვეთილი საიმიჯო პრობლემები არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს სხვა პრობლემა, რომელიც პოლიტიკური როლის შეცვლას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და (განსაკუთრებით) პარლამენტის თავმჯდომარე დისტანცირებული უნდა იყვნენ ვიწროპარტიული სიმპათიებისგან და ფრაქციების დაპირისპირებისას გარეგნულად მაინც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. სხვაგვარმა ქცევამ, აშკარა მიკერძოებამ მმართველ პარტიას შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს. კობახიძე ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ოპონენტებთან ხშირად კამათობდა და 100%-ით კორექტული ყოველთვის როდი იყო.

თუ საზოგადოება აღიქვამს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, მხოლოდ როგორც ივანიშვილის მარიონეტს და ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების დამცველს, ეს ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. თუმცა მთლიანობაში, “ახალი სახეების” დაწინაურება ლოგიკურად გამოიყურება, რადგან მალე “ქართული ოცნება” ისეთივე პრობლემის წინაშე დადგება, როგორიც ჰქონდა “მოქალაქეთა კავშირსა” და “ნაციონალური მოძრაობას” მეორე საპარლამენტო ოთხწლედის მიწურულს, როდესაც უკმაყოფილება დაგროვდა და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ზურგი შეაქცია. პარტიას, სულ ცოტა, რებრენდინგი მაინც დასჭირდება და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მის წიაღში “რეფორმატორთა გუნდი” გამოიჩეკება, რომელსაც მომავალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ლოკომოტივის როლს მიანიჭებს. ამ კონტექსტში “ახალი სახეების” დაწინაურებამ შეიძლება გაგვახსენოს “ახალგაზრდა რეფორმატორების” სტარტი 1990-იანებში _ შევარდნაძის აშკარა კეთილგანწყობის პირობებში. მართალია, ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსებაა, მაგრამ კითხვა _ რატომ ნიშნავენ ამ ახალგაზრდებს საკვანძო თანამდებობებზე? _ დღეს ისევე, როგორც იმხანად, პასუხგაუცემელია.

რას გვერჩის ჩინეთის 23- ბიურო?

სანამ პოლიტიკოსები საპარლამენტო თუ პარტიულ თანამდებობებს ინაწილებდნენ, ხარაგაულის რიონის სოფელ ზვარეში ფრიად საგანგაშო ინციდენტი მოხდა. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ცნობით, 3 ნოემბერს “შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია, ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს არმატურებისა და სხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდა. ენის ბარიერისა და კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ გლეხებს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში. ინციდენტს ადგილზე შეესწრო ზვარეს ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს, მაგრამ კომპანიის ათობით წარმომადგენლებმა არც ადგილობრივი დასაქმებულები დაინდეს და უმოწყალოდ სცემეს. მუშებმა პოლიცია გამოიძახეს. სიტუაცია დროებით განიმუხტა. ხუთი დაზარალებული კი ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დილით, სამუშაო ცვლის დაწყებამდე, დასაქმებულები სიტუაციაში გარკვევას ითხოვდნენ, როცა მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს და რკინის კონსტრუქციების გამოყენებით დასაქმებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუშებმა თავს გაქცევით უშველეს. დასაქმებულების მხრიდან დილის ინციდენტში დაშავდა კიდევ ორი მუშა, რომლებიც ასევე გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში”.

მოგვიანებით შსს-მ ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. “გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით)”, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი ირწმუნება, რომ არც საგნები იყო ბლაგვი და არც დაზიანებები ნაკლებად მძიმე.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებამ შემოიყვანა და კონტრაქტი მასთან 2011 წლის 12 აგვისტოს გააფორმა. პრობლემებმა თავი მალევე იჩინა _ სოფელ ქვიშხეთის მცხოვრებთა მტკიცებით, კომპანია სამუშაოებს ნორმების დარღვევით აწარმოებდა, რის გამოც მათი სახლები სერიოზულად დაზიანდა. საგულისხმოა, რომ “საქართველოს რკინიგზამ” მაშინ კონფლიქტისგან დისტანცირება არჩია და უკმაყოფილოებს ურჩია, კონტრაქტორი ფირმისთვის მიემართა.

“23 ბიურო” საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა 2016 ოქტომბერში, როდესაც მუშებმა გაფიცვა დააანონსეს და უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და რიგი სხვა მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითეს. გასულ კვირას კი მოხდა შეტაკება, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ხელისუფლება პროცესებში მხოლოდ მაშინ ჩაერია, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელობა აშკარა ძალადობაზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების ზედაპირული მონიტორინგიც კი ცხადყოფს _ დაძაბულობა “23-ე ბიუროს” გარშემო თვეების განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ ადგილობრივი მუშების მდგომარეობით მხოლოდ პროფკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ცალკეული წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ და მათ რეალურად არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ. საბოლოოდ, ჩინელმა მენეჯერებმა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას პატრონი საერთოდ არ ჰყავს და მას შეიძლება ბლაგვი თუ ბასრი საგნების გამოყენებით გაუსწორდნენ.

ხელისუფლება მშრომელთა უფლებების დაცვის მთავარი გარანტორია. ეს აქსიომაა და, თუ მთავრობა ან რკინიგზის ხელმძღვანელობა პრობლემურ სიტუაციაში ბუჩქებში დაიმალება, რათა უცხოელ პარტნიორებს არ აწყენინოს, ის ყოველთვის მიიღებს მსგავს ინციდენტს, რომელიც მის რეიტინგს მიწასთან გაასწორებს. ამას შეიძლება მოჰყვეს რადიკალური ნაციონალიზმის აღზევება, რომელიც სამოქალაქო მშვიდობას საქართველოში უდიდეს საფრთხეს შეუქმნის. კონფლიქტი სოფელ ზვარეში არჩევნების შემდეგ ხელისუფლებისთვის პირველ გამოცდად იქცა და ნაკლებად სავარაუდოა, წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა მისი ჩაბარების შესაძლებლობა მისცეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here