Home რუბრიკები პოლიტიკა პაატა შინ არ ვარგოდაო, “ოცნებაში” გარბოდაო

პაატა შინ არ ვარგოდაო, “ოცნებაში” გარბოდაო

767

ახალ “ოცნებასა” და, შესაბამისად, ახალ პარლამენტში “ლონდონში ნასწავლ” სხვა ბევრ პირთან ერთად თამარ ჩუგოშვილიცაა წარმოდგენილი. პრემიერმა ირაკლი კვირიკაშვილმა წარდგენისას იგი ასე დაახასიათა: “მას იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც გამოცდილ იურისტსა და შეუპოვარ უფლებადამცველს”. ეს “შეუპოვარი უფლებადამცველი” 2011 წლის 26 მაისის ღამეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის რანგში აცხადებდა: “იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიის შეტყობინების ვადის ამოწურვის შემდეგ არ დაიშლებიან, პოლიციას მათი დაშლის სამართლებრივი საფუძველი ექნება”.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში მოხვედრის შემდეგ თამარ ჩუგოშვილი, ოღონდ ამჯერად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერმინისტრის თანაშემწის რანგში, თავს იკატუნებდა: “დარბევის უფლება _ ასეთი რამ არ არსებობს. დარბევის, ძალის გამოყენების, ადამიანების დასისხლიანების, ასეთი მასიურად დაკავების, მერე წამების და ა.შ. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ეს არც მე არ მითქვამს და არავის არ უთქვამს აბსოლუტურად, რომ დარბევა შეეძლოთ განახორციელონ. ეს იყო კრიმინალი _ ის, რაც მოხდა, რა ზომის და რა ფორმაც გამოიყენა სახელმწიფომ, ეს იყო ცალსახა კანონდარღვევა და, შესაბამისად, გამოძიება რაღაც ეტაპამდე მიდის. აქციის გამართვაზე მე გავაკეთე 25 მაისს სამართლებრივი შეფასება, ამ შეფასებას ვიზიარებ დღესაც. იქვე ვთქვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალის გადამეტება, თუმცა ძალის გადამეტება კი არ მოახდინა, სახელმწიფომ ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაული და ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომელთა ბრალიც იყო”.

აი, ასე _ როცა სკამი გინდა, ქოთანს ყურს, საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ!

“ახალგაზრდა იურისტთა” კიდევ ერთი კადრი _ ნინო ლომჯარია “ოცნების” ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ გაამწესა. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამ სახტად დარჩენილ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ უახლოეს მომავალში შს მინისტრად “მერაბიშვილის კაპიტანი” ეკა გიგაურიც შეიძლება ვიხილოთ.

არჩევნების შემდეგ პროდასავლურობის პრეტენზიის მქონე ალასანიას პარტია ერთბაშად ჩამოიშალა. ალასანიამ კი გორში მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და პოლიტიკიდან წავიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი აშშ-ში მიემგზავრება და გაეროში თანამდებობას დაიკავებს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებს: ზურაბ აბაშიძეს, გია ცაგარეიშვილსა და დავით ონოფრიშვილის დახურულ შეხვედრაზე შეხვდა.

“თავისუფალი დემოკრატების” დატოვებიდან რამდენიმე საათში ყოფილი ლიდერების ნაწილმა მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და მეტიც _ მზადყოფნაზე საჯაროდ, პრესასთან ისუბრა.

ამ მხრივ გამორჩეული იყო ზურაბ აბაშიძე, რომელმაც ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ყოფნის სურვილი აღარ აქვს.

“ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ. მომავალი გვიჩვენებს, სად ვიქნებით და რას გავაკეთებთ. ერთ რამეს გეტყვით, რომ ვიქნები საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში. მე ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ, რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი კი ჯერ ნაადრევია”, _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თითქმის ანალოგიური პოზიცია ჰქონდა გია ცაგარეიშვილსაც, რომელმაც პარტიის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა. სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ის ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში მას ბევრი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავს.

ვიქტორ დოლიძე კიდევ ერთი ყოფილი “თავისუფალი დემოკრატია”, რომელიც უმრავლესობასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, იგი დროებით დასვენებას აპირებს და ხელისუფლებისგან არანაირი კონკრეტული შემოთავაზება არ მიუღია, თუმცა სამომავლოდ არაფერს გამორიცხავს. პარტიის დატოვების შემდეგ საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ ვიქტორ დოლიძის ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე დანიშვნაზე.

აქვთ თუ არა ამ ადამიანებს რაიმე პრინციპები? _ სავარაუდოდ, არა, რადგან ისინი ყველაფერზე მზად არიან, ოღონდ თბილ სკამზე ისხდნენ. საზოგადოდ, გამარჯვებულის ნავში ჩასახტომად საქართველოში ყოველთვის გრძელი რიგი იდგა. ასე იყო კომუნისტების პერიოდში, ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, შევარდნაძის კარზე, სააკაშვილის რეჟიმისას, ივანიშვილის მოსვლისთანავესავარაუდოდ, მის შემდეგაც ასე იქნება.

კიდევ ერთი მაგალითი: აწ უკვე ყოფილი რესპუბლიკელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელისუფლების მხრიდან წამოსული წინადადებებისთვის მზად არის და აცხადებს, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს თანამშრომლობა ისეთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორიც “ქართული ოცნებაა”.

ზაქარეიშვილმა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ილაპარაკა: “უსუფაშვილი ყოველთვის ცდილობდა, გაენეიტრალებინა “ნაციონალურ მოძრაობასთან” სიტუაცია. მე ვცდილობ, აფხაზებთან და ოსებთან გავანეიტრალო სიტუაცია და რაღაცები გამომდის, მაგრამ მე ვერ გამომივიდოდა ეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” იმიტომ, რომ, როცა ხედავ, რომ აფხაზს რაღაც ინტერესები გააჩნია, შეგვიძლია, ჩაუჯდე მას ინტერესში და შემოატრიალო საშენოდ, მაგრამ მე ვერ ვხედავ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ინტერესებს. უსუფაშვილი ხედავდა და ცდილობდა, მათთან საერთო ენის გამონახვას”.

რა გამოსდიოდა ზაქარეიშვილს, ვის შეურიგდა და როგორ მოატრიალა აფხაზებისაჩვენოდ”, დედამიწის ზურგზე არავინ იცის თვითონ ზაქარეიშვილის გარდა. სამაგიეროდ, ყველამ იცის, რომ რესპუბლიკელექსპერტებსერთი დღე არ უცხოვრიათ მსუყე გრანტის გარეშე და სწორედ ბიძინა ივანიშვილის უკიდეგანო დამსახურებაა ის, რომ ერთპროცენტიან პარტიას ოთხი წელი ამართვინა ქვეყანა.

ამიტომაც მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი, რომ რესპუბლიკური პარტია ბოლომდე ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყო. მისი სინანული ერთს შეეხება: “ბევრი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ხშირად გარედან უფრო ხალისით აკრიტიკებდა “ქართულ ოცნებას”, ვიდრე ამას აკეთებდა შიგნით”.

შინ თუ გარეთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. აგერ, ალასანია გაეროში მიჰყავთ დატრენინგებისმორიგი სერიის შემდეგ, შეიძლება, კვლავ აქ გამოგზავნონ და ენდიაისა და აირაის კვლევებიც მოაყოლონ, რომელთა თანახმადაც, ალასანიას რეიტინგი ყველას გადაასწრებს! თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გაიარა ეს გზა, მაგრამ პარლამენტში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეძლო შესვლა.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ალასანია “კაბელების საქმეს” გაექცა ამერიკაში, რადგან ამ საქმეზე დაკავებულებს უთქვამთ, მრავალმილიონიანი კონტრაქტები მინისტრის გარეშე ვერ განხორციელდებოდაო. თუ ეს პირები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და საპროცესო გარიგებაზე წავლენ, შესაძლოა, ალასანიამ გაეროს სავარძელი ციხის ნარებზე გაცვალოს.

მხოლოდ “თავისუფალი დემოკრატებისა” და რესპუბლიკელების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ახირებაში რომ არ ჩამეთვალოს, ახლა სხვებსაც გადავხედოთ. ლალი მოროშკინამ ბოლო ორ თვეში ორი საარჩევნო სუბიექტი გამოიცვალა. ვნახოთ, რას ამბობდა ის, როცა თამაზ მეჭიაურის გუნდში იყო: “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს შეურაცხყოფაა. სიაში თამარ ჩუგოშვილის არსებობა ჩვენი პირდაპირი შეურაცხყოფაა. ეს ქალი 2011 წწლის 26 მაისს ამერიკის ელჩთან ერთად დაკავებული იყო სიტუაციის “გაპრავებით”. მას შემდეგ სისხლიან 26 მაისს ჩაატარეს აღლუმი და ეს ქალბატონი იყო ამ ყველაფრის შემოქმედი. სია, რომელიც თამარ ჩუგოშვილით იწყება, ჩემთვის უკვე არ არსებობს… ჩვენ “ოცნების” ნაცვლად გაურკვეველი ორიენტაციის საშუალო სქესის წარმონაქმნი მივიღეთ”.

აი რას ამბობდა ორი თვის შემდეგ ლალი მოროშკინა, როცა “პატრიოტთა ალიანსიდან” იყარა კენჭი: “ჩემთვის ძალიან რთულია პოლიტიკურ ჩარჩოებში ყოფნა. დათოც და ირმაც ჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან და მინდა, რომ, თუ “პატრიოტთა ალიანსში” ვასრულებ ყოფნის პერიოდს, ეს ძალიან ლამაზად გაკეთდეს. ჩემი მეგობრებისგან მაქვს გარკვეული შემოთავაზებები, უბრალოდ, ჯერ არ მაქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ, სად გავაგრძელო. კიდევ მაქვს საინტერესო წინადადება, რომელსაც ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ. მმართველ გუნდთან მუდმივად ვთანამშრომლობ, ამიტომ “ოცნების” გუნდი არის მაინც ჩემი გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ვთვლიდი ყოველთვის, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ. ყველა სასიკეთო საქმეს, რომელსაც წამოიწყებს მმართველი გუნდი, მათ გვერდით ვიქნები. აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც მაქვს შემოთავაზება”.

ცნობისთვის: მოროშკინამ ეს დითირამბები იმ “გაურკვეველი ორიენტაციის საშუალო სქესის წარმონაქმნს” უძღვნა, რომელზეც დღეს ამბობს, “ერთ-ერთი მათგანი ვარო”!

ესეც იმავე სკამის, ქოთნისა და ყურის ამბავია, სხვა არაფერი.

“პატრიოტთა ალიანსზე” ნუღარ შევჩერდებით, რომელმაც სკამის ამბავი პირში წყლის ჩაგუბებითა და დაანონსებული აქციების არგამართვით დაადასტურა. ღირდა კი ამად ექვსიოდე მანდატი? მაგრამ ექვსი მანდატი ექვსი სკამია და თანაც, ძალიან, ძალიან თბილი!

ახლა ყური, საიდანაც გინდათ, იქიდან გამოაბით!

ამასობაში ოდესიდან ამბავი გვამცნეს _ მიხეილ სააკაშვილი პოსტიდან გადამდგარა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ინფორმაციამ გაჟონა, რომ პრეზიდენტი პოროშენკო მას მოხსნას უპირებდა, მაგრამ მიხეილს უთხოვია, 8 ოქტომბრის არჩევნებამდე მადროვე და მერე თვითონ წავალო. ახლაც ამბობენ, რომ პოროშენკომ საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა სააკაშვილი, მაგრამ მან დაასწრო და პრესის წინაშე განაცხადა:

“გადავწყვიტე, გადავდგე და ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყო. ხელებს არ ჩამოვუშვებ, არ დავიღლები. ვიბრძოლებ საბოლოო გამარჯვებამდე, რათა უკრაინა გავათავისუფლო კორუფციისგან, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების სისხლზეა კაპიტალიზებული, მაიდნის მსხვერპლთა სისხლზე. მათ უღალატეს უკრაინის რევოლუციას და ერთადერთი მოტივაცია აქვთ – ამოივსონ ჯიბეები, გააძლიერონ კლანები და საბოლოოდ გაძარცვონ უკრაინა”.

ესეც სკამის, ქოთნისა და ყურის ამბავია.

სააკაშვილამდე ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე გადადგა, კიდევ უფრო ადრე კი _ შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე. “კორუფციასთან მებრძოლ” ქალბატონს აეროპორტში მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული უპოვეს.

მაინც, რა აერთიანებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანს?

თანამდებობისა და ფულის გამო ისინი ყველაფერზე არიან ხელის მომწერნი. როგორ მოიქცევიან კრიტიკულ სიტუაციაში?

სააკაშვილი უკვე ნანახი გვყავს პირში ჰალსტუხით და მიწაზე მფორთხავი. დანარჩენები, სავარაუდოდ, იმავეს თუ არა, სულ ცოტა, წასვლის შესახებ განაცხადებენ და თბილ სავარძელს, აქ თუ ვერა, სადმე ოკეანის გაღმა მაინც მიაგნებენ. საქართველო მათთვის სამშობლო არ არის, მხოლოდ საშოვარისა და სკამის ჩასადგმელი ადგილია.

ჰოდა, ერთ-ერთი მათგანის არ იყოს, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. ამა წლის შემოდგომაზე გამოღვიძებულებმა მადლობა უნდა უთხრათ ბატონ ბიძინას, რომელმაც ამჯერად პოლიტიკოსთა სხვა ბრიგადის ნამდვილი სახე განახათ. როგორც ჩანს პროცესი გაგრძელდება, შესაბამისად სხვებიც გაიღვიძებენ. საინტერესოა როდის გაიღვიძებს სრულიად საქართველო და გათავისუფლდება \\\”სტაჟიანი\\\” , \\\”ღვაწლმოსილი\\\”, \\\”ქვეყნისათვის თავდაბული\\\” პოლიტიკოსებისაგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here