Home რუბრიკები პოლიტიკა წამო, თინა, ბუტკაში!

წამო, თინა, ბუტკაში!

536

პარტიების დატოვების დიდი მარათონი, ის-ის იყო, ილეოდა, რომ მორიგმა სკანდალმა არ დაახანა _ რესპუბლიკური პარტია პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დატოვა. თემა ჟურნალისტებმა განაგრძეს და კითხვა მეუღლეზე დაუსვეს. პასუხი ასეთი იყო: “თინა არ დამტოვებს და არ მიმატოვებს”!

მართლაც, დავით უსუფაშვილის შემდეგ რესპუბლიკური პარტია მისმა მეუღლემ თინა ხიდაშელმაც დატოვა, მას მიჰყვნენ ვახტანგ ხმალაძე, პაატა ზაქარეიშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, თენგიზ შერგელაშვილი (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე). ოფიციალურ მიზეზად პარტიის ლიდერებთან სტრატეგიული შეუთავსებლობა დასახელდა. არაოფიციალურად კი ძმებ ბერძენიშვილებთან ურთიერთობაზე საუბრობენ. გასაკვირია, მაგრამ განათლებული და ზრდილი კაცის რეპუტაციის პრეტენზიის მქონე ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან წასული ძველი მეგობრები ფეისბუქმეგობრებიდანაც კი წაშალა.

ჟურნალისტები ქილიკობენ: “ახლა რესპუბლიკურ პარტიაში მხოლოდ ძმები ბერძენიშვილები დარჩნენო”.

არა, ბატონო, იქ ხათუნა სამნიძეც დარჩა, რომლის სახელსაც უკავშირდებოდა წინასაარჩევნო სკანდალი: როგორც პარტიიდან გამოჟონა, დავით ბერძენიშვილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო სიის პირველი ნომერი სწორედ ხათუნა სამნიძე ყოფილიყო და არა პარლამენტის თავმჯდომარე.

ლევან ბერძენიშვილი ახლაც იმაზე აპელირებს, რომ “პარტიის სურვილია, ჰყავდეს თავმჯდომარე, რომელიც პარტიას ამჟამად ხელმძღვანელობს, ხოლო შემდგომი თავმჯდომარე ახალი თაობის რესპუბლიკელი იყოს… უსუფაშვილმა თავად უნდა განმარტოს, იყო თუ არა ეს ის საკითხი, რომელიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა”.

ანუ, თუ ლევან ბერძენიშვილს დავეყრდნობით, უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობა მოუნდა და ამაზე სწორედ ძმებმა ბერძენიშვილებმა უთხრეს უარი.

ისე, სულმდაბლობასაც ხომ აქვს საზღვარი?

ლევან ბერძენიშვილის სიტყვებით, დავით უსუფაშვილმა პარტია ისე დატოვა, რომ არავისთვის არაფერი აუხსნია. მისი გადაწყვეტილების თაობაზე მათ პარტიის სამდივნოში გაგზავნილი წერილიდან შეიტყვეს, “რომელშიც დაახლოებით ასეთი რამ წერია: კამათს აზრი არა აქვს, წავედი”.

“პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო არა მხოლოდ დავით უსუფაშვილსა და სხვებს შორის, არამედ არიან სხვებიც, რომელთაც თავისი მოსაზრებები აქვთ. ამ მოსაზრებათაგან მთავარია, რომ ნაწილი არის მკვეთრი პოლიტიკის, ხოლო ნაწილი დიპლომატიური მიდი-მოდი პოლიტიკის მომხრე. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ყველა წამსვლელმა უნდა განმარტოს, თუ რატომ მიდის”, _ ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ისე, ვინც გადაწყვეტილებების მიმღები იყო, ყველა უსუფაშვილს გაჰყვა და პარტიის თავმჯდომარის შენარჩუნებაზე უკიდურესი უმცირესობაძმები ბერძენიშვილები იღებენ გადაწყვეტილებას? ესაა, ბატონებო, შიდაპარტიული დემოკრატია, რომლითაც ასე მოგწონდათ თავი?

კრიტიკულ სიტუაციაში ლევან ბერძენიშვილი რომ აგრესიული ხდება, ამის მოწმე არაერთხელ გავმხდარვართ. ეს თვისება ანათესავებს მას სააკაშვილთან, მაგრამ, მისგან განსხვავებით, არც ქარიზმა ჰქონია ოდესმე და არც არანაირი მხარდაჭერა, თორემ მასზე არანაკლებ სადისტურ რეჟიმს ჩაუდგებოდა სათავეში! ახლა იგი სააკაშვილის მსგავს სცენარს ავითარებს:

“გვინდა, წინ წამოვწიოთ ახალი თაობა, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ძველები დარჩეს პარტიაში და ახლებს დავეხმაროთ იდეების განხორციელებაში, პარტიაში მოვიზიდოთ ახალგაზრდობა და არასდროს დავაბეროთ პარტია იმის გამო, რომ მისი წევრები შეიძლება გამოცდილი და წარსულში დიდი ადამიანები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენ პარტიის ლიდერად ვხედავთ მას, ვინც ახლა გვყავს _ ხათუნა სამნიძეს. ის ახალი თაობის რესპუბლიკელია, რომელიც პარტიის ხნისაა. გვექნება ყრილობა, რომელზეც ავირჩევთ ან მას ან სხვას, მაგრამ ახალი თაობიდან და არ დაბრუნდება ერთმმართველობა არც ერთი ყოფილი თავმჯდომარის ხელში”.

ერთი სიტყვით, მე და ჩემი ძმა წარსულში დიდი ადამიანები ვიყავით და ახლაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ იქნება რესპუბლიკური პარტიის ლიდერიო. “ერთმმართველიუსუფაშვილის წარმოდგენა მის ყველაზე შეურიგებელ ოპონენტებსაც კი გაუჭირდებათ, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს ლევან ბერძენიშვილს, დააბრალოს ის, რასაც თვითონ სჩადისდიდძმასთან ერთად.

არადა, დავით უსუფაშვილმა იმ “დიდ” ძმას და ყოფილ თანაგუნდელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. არც ის დაუვიწყა, რომ ის პოლიტიკოსად სწორედ დავით ბერძენიშვილმა აქცია.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ სიტყვასიტყვით გაიმეორა უფროსი მეგობრის მოსაზრება: “შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის, მთავარი მრჩევლის პოლიტიკა იყო მცდარი გზა. ასევე, ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს დავენახეთ ოპოზიციაში. ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნებამდე, ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში და მიმდინარეობს ანალიზი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, უნდა ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებული იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა პარტია”.

არადა, თვითონ უსუფაშვილმა კორექტულობით გამორჩეული განცხადება გააკეთა და ღირებულებებზეც ისე ისაუბრა, რომ ყოფილი თანაგუნდელებისთვის ზიანი არ მიეყენებინა: “რესპუბლიკური პარტია დღიდან დაარსებისა იყო ერთგული თავისი პრინციპების და ღირებულებების. ეს ღირებულებები ხშირად საზოგადოებისთვის იყო ან ახალი, ან მიუღებელი. ჩვენ ამის არასდროს შეგვშინებია, მაგრამ, ამასთანავე, აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს სათანადო ელექტორალური ბაზის ფორმირება იმისთვის, რომ მან დამოუკიდებელი პოლიტიკური კვალი დაამჩნიოს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ უფრო მკვეთრი და მკაფიო, მაგრამ ამავე დროს ვიწრო ღირებულებითი არჩევანი, რომელსაც, შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილი ეხმიანება, არ არის ადეკვატური იმ პრობლემებთან, რაც ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში”.

რა არის ესვიწრო ღირებულებითიარჩევანი, ჩვენი საზოგადოებისთვის სრულიად გასაგებია; ეს არის არაადეკვატური ყურადღება ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა, მაგალითად, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რაზეც ხშირად საუბრობდნენ ლევან ბერძენიშვილის მიერ მოწონებულიახალგაზრდები”.

როგორც ჩანს, სწორედ ამან ათქმევინა უსუფაშვილს: “მივიღე ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ. პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც მე არ ვიზიარებ, მაგრამ რომელთა რეალიზებასაც მე ხელს არ შევუშლი.

ამ ხედვებს არ ვიზიარებ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ამ გზით კიდევ უფრო შესუსტდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. პარტიის მიერ მათ რეალიზებას კი ხელს არ შევუშლი იმიტომ, რომ პატივს ვცემ პარტიის დამფუძნებლების სრულიად გამორჩეულ ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში და ვაღიარებ მათი ხედვების პრიმატს რესპუბლიკური პარტიის მომავლის განსაზღვრაში”.

უსუფაშვილმა იმაზეც ილაპარაკა, რომ პარტიის დატოვების თაობაზე ბევრი ჯერ კიდევ არჩევნებამდე უკიჟინებდა. როგორც ჩანს, აქ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება არ იგულისხმებოდა და პარტიაშიც მოითხოვდნენ (უკვე მერამდენედ!) მმართველ კოალიციასთან დაპირისპირებას! “ამას არ გავაკეთებდი არავითარ შემთხვევაში”, _ განაცხადა უსუფაშვილმა და, რაკი ჩვენი საზოგადოება უკვე მიეჩვია პოლიტიკოსების ღალატს, საკუთარი თავისა და პარტნიორების გაყიდვას (სამშობლოზე რომ არაფერი ვთქვათ!), დაამატა: ორი კვირის განმავლობაში საზოგადოება ჯერ კიდევ პარლამენტის შენობაში მიხილავს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო ორი კვირის შემდეგ საზოგადოება ვერ მიხილავს ვერც ერთ სახელმწიფო, სამთავრობო თუ სასამართლო თანამდებობაზე.

ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ვაგრძელებ საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. მზად ვარ, ყველასთან მქონდეს დიალოგი, ვისაც საქართველო ევროპის ნაწილად წარმოუდგენია, ვისაც საქართველო წარმოუდგენია თავისუფალ ქვეყნად, ვისაც ლიბერალური დემოკრატია წარმოუდგენია იმ ფუნდამენტად, რომელზეც უნდა დაშენდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს”.

მაინც, ვისთან ერთად წარმოუდგენია უსუფაშვილს პარტნიორობა? თუ იმ ფრაგმენტს დავეყრდნობით, რომელშიც იგი საუბრობს, რომ “უახლოეს 2-3 თვეში ექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით _ მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტიანი გზების ძიებისთვის”, ხოლო ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც უსუფაშვილია, შემთხვევით არ უნდა ახსენებდეს მხოლოდ ევროპას და არა ევროატლანტიკურ სივრცეს.

ამგვარ არასაპარლამენტო გაერთიანებაზე საუბარი მით უფრო შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ გაისად ადგილობრივი არჩვენები გველის, რომელშიც საგარეო ორიენტირები არანაირ როლს არ ასრულებს.

არის კიდევ ერთი _ კონსპიროლოგიური ვერსია, რომ ჩვენმა მეგობარმა ამერიკელებმა დაშლილ-განადგურებული პროდასავლური ფლანგის უპატრონოდ დატოვება არ ისურვა და ახლა მის “მაყურებლად” სწორედ გაცილებით ავტორიტეტული უსუფაშვილი გაამწესა, ვიდრე მისი მიმოფანტული ადრინდელი ლიდერები. თუმცა ამ შემთხვევაში უსუფაშვილს მოუწევს “პროდასავლურ” ნაციონალებთან, “რუსთავი 2”-თან თავისუფალი დემოკრატებთან, “გირჩებსა” და სხვა მისთანებთან გაიგივება. ამას კი, სავარაუდოდ, უსუფაშვილი არ გააკეთებს _ “კალაბოკისა” არ იყოს, რესპუბლიკელებისგან წავიდა და მათგან ხომ მით უფრო წავა?!

ყველაზე სუსტი წერტილი კი უსუფაშვილისთვის კვლავ თინას ფაქტორია. ქმრისგან განსხვავებით, მის მიმართ ისეთივე აგრესიული დამოკიდებულებაა, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში დარჩენილი “ვიწრო ღირებულებების” ერთგული ახალგაზრდებისადმი.

მიტოვების თემას თავი რომ დავანებოთ, ახლა საკითხავი მხოლოდ ის რჩება, შეძლებს თუ არა უსუფაშვილი მისი ჰიპერაქტიური მეუღლისთვის კარგად ცნობილი ფრაზის თქმას: “შედი, ქალო, ბუტკაში”!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. ბ-მა დავითმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს შექმნას ევროპული ყაიდის პარტია. ცოტა უფრო ადრე ასეთივე განცხადება გააკეთა ბ-მა კახა შარტავამ. ისეთი პირი უჩანს მსგავს განცხადებას სხებიც გააკეთებენ. მაქვს ერთი შეკითხვა – აქამდე როგორი პარტიების ლიდერები იყვნენ, ევრ-აზიური, აფრო -ავსტრალიური თუ…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here