Home რუბრიკები საზოგადოება გოგიტა მურცხვალაძე: სანდრამ მომატყუა. მის იმედად რომ დავრჩენილიყავი, შვილი მომიკვდებოდა

გოგიტა მურცხვალაძე: სანდრამ მომატყუა. მის იმედად რომ დავრჩენილიყავი, შვილი მომიკვდებოდა

893

მსოფლიოში დამკვიდრდა ტენდენცია, რომ თითქმის ყველა ქვეყნის პირველი ლედი საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩაბმულნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემების მოგვარებაში. წესით, ასე უნდა იყოს საქართველოშიცგოგიტა მურცხვალაძე, საქველმოქმედო ფონდღვთისშვილებისთავმჯდომარე, რედაქციის ოფისში გვესტუმრა და თავისი და ფონდში გაერთიანებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ოჯახების გაჭირვებაზე გვესაუბრა _ თუ როგორ ექცევიან ამ ქვეყანაში შშმ პირებს პირველი ლედი, მაღალი თანამდებობის ქალები ან მაღალი თანამდებობის პირთა ცოლები.

_ იმ ბავშვის მამა ვარ, რომელმაც ბერი გაბრიელის საფლავზე 2000 წელს ფეხი აიდგა. ვარ აჭარიდან, დედითა და მამით ქართველი. ამ ფაქტს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ბევრი ქართველი ცდილობს, აჭარა თურქეთს მიაწეროს, მაგალითად, აჭარის ყოფილი “მმართველი” ლევან ვარშალომიძე, რომელმაც თქვა, _ ქართველები და თურქები ერთი ერი ვართ, ოღონდ სხადასხვა სივრცეში ვცხოვრობთო.

ახლა ჩემს გაჭირვებაზე მოგიყვებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი მყავს და თვითონაც ასეთ მდგომარეობაში ვარ.

გავიხსენებ იმ ავადსახსენებელ წუთებსა და დღეებს, როდესაც დახმარებისთვის ჩვენი ქვეყნის ყოფილ და ამჟამინდელ პირველ ლედისა და მაღალი თანამდებობის პირთა მეუღლეებს მივმართე.

ცოცხალი აღარ არის ედუარდ შევარდნაძის მეუღლე და მასზე აღარაფერს ვიტყვი… თუმცა არ შემიძლია, არ ვახსენო მანანა შევარდნაძე და “მაგთის” მეპატრონე გია ჯოხთაბერიძე, ადამიანები, რომლებმაც ქველმოქმედის სახელის დამკვიდრება იმით სცადეს, რომ საზოგადოებას ატყუებდნენ, თითქოს ჩემს შვილს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ და ოპერაციების ფულს იხდიდნენ. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მათი მტერი ვიქნები. ვიცი, ამ დღეებში ხელოვნების მუზეუმის გახსნას აპირებენ, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ, საქართველოში რომ ჩამოვლენ. შევარდნაძეების ოჯახმა ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაწირა.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ჩემს შვილს ოპერაცია სჭირდებოდა, მაგთის უფასო ნომრები მომცეს, გადარიცხვები რომ მომხდარიყო. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ბევრი რეკავდა. “მაგთიში” რომ მივედი, მითხრეს, ერთხელ შეცდომით სხვისი ფული გადმოგირიცხეთ და ახლა უნდა გასწორდეს, 1 100 ზარის ფულს ვერ მოგცემთო…

სანდრა რულოვსზე გადავიდეთ, ამ უსინდისო ქალზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა გაბედა. მრცხვენია იმ ქალების მაგივრად, რომლებმაც სანდრას ქმრის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, სენაკში შეურაცხყვეს.

ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელში მოკალათდებოდა, სანდრას ოფისი ჰქონდა პეკინის ქუჩაზე. იმხანად მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და შემპირდა, რომ, როგორც კი მიშა პრეზიდენტი გახდება, პირველი, რასაც გავაკეთებ, იქნება ის, რომ შენს შვილს გერმანიაში საოპერაციოდ გავუშვებო. მეც იმედით ვიყავი. “ვარდების რევოლუციისდროს ჩემს ინვალიდ შვილთან ერთად ორჯერ ჩამოვედი თბილისში. თუმცა ძალიან მალე, რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, მიშას ინაუგურაციის დღეს, პირველი საპროტესტო აქცია გავმართე, სააკაშვილს კოჭებში ეტყობოდა, რასაც ჩაიდენდა. საპროტესტო აქციაზე ინციდენტიც მოხდა…

ამის შედეგ ორკვირიანი საპროტესტო აქცია გავმართე სახელმწიფო კანცელარიასთან. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვაკეთებდი, რომ სანდრამ ზურგი გვაქცია. მისი თანაშემწე ქალების პირით შევუთვალე, სანამ გასუქდები და ხელის მოთბობას დაიწყებ, ბავშვის ჯანმრთელობა არ ითმენს-მეთქი. პასუხი არ გამცა…

ჩემს ინვალიდ შვილთან ერთად სანდრას ოფისთან მივედი… რამდენიმე წუთში სახელმწიფო დაცვის ორი მანქანა მომადგა და, როგორც დამნაშავეს, ტერორისტს ისე მომექცნენ. ერთ-ერთმა პირმა მიცნო და ამან გადამარჩინა.

ამის შემდეგ სახლთან მივედი, პლაკატები გავაკარი წარწერით “ბავშვს სულში ნუ ჩააფურთხებ” და დაველოდე. მალე მოვიდა. მანქანიდან რომ გადმოვიდა, დავუძახე, სანდრამეთქი, მოიხედა და დამინახა, რომ ჩემი შვილის ეტლი მქონდა სხეულზე მიკრული, ხელში ბენზინის ბოთლი და სანთებელა მეჭირა, მაგრამ მისი რეაქცია ასეთი იყო _ “არ მცალია!”. მე გამაკავეს, სამაგიეროდ, სულ მკვდარი და ცოცხალი ვაგინე. ინვალიდი ბავშვის მშობელი როცა ხარ და ხვდები, რომ შენი გაჭირვება ფეხებზე ჰკიდია იმას, ვისაც დახმარება ევალება, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე და ასეთ ადამიანს თვალები ამოჩიჩქნო.

ამ საშინელი ფაქტის შემდეგ თბილისიდან ბათუმამდე ჩემს შვილთან ერთად ფეხით ჩავედი. ეს საპროტესტო აქცია იყო, მაგრამ საეკლესიო დაარქვეს.

სანდრა, ვიდრე პირველი ლედი გახდებოდა, გაზეთებს აფრიალებდა, სადაც ჩემს შვილსა და მისნაირ ბავშვებზე ეწერა; ხალხს ეუბნებოდა, აი, შევარდნაძის ხელისუფლებას ინვალიდი ბავშვები რა დღეში ჰყავსო… შემდეგ კი მომატყუა და მის იმედად რომ დავრჩენილიყავი, შვილი მომიკვდებოდა.

ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვიხსენებ, რომ ზუგდიდელებს მინდა ვუთხრა: მარჯვენა ხელით, რომლითაც პირჯვარს იწერენ, სანდრა რულოვსის, ინვალიდი ბავშვების დამღუპველი ქალის, ნომერი არ შემოხაზონ!

არსებობს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ქალი _ თინა ხიდაშელი.

სანამ ამ ქალბატონზე დავიწყებ ლაპარაკს, მოკლედ გეტყვით, რა დახმარებას ვითხოვ მთავრობის წევრებისგან. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გავხდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, საქველმოქმედო აქციები დავიწყე. ვაწყობ ნახატების გამოფენას, ნახატებს კი ჩვენი ქვეყნის ცნობილი მხატვრები უანგაროდ მაძლევენ. გამოფენაზე გატანამდე ამ ნახატებს ჩარჩოებს ვუკეთებ, ვალამაზებ, ამ საქმეში ახალგაზრდები მეხმარებიან. მოკლედ, ხარჯი საკმაოა, მაგრამ, როდესაც ვინმე პატრონაჟს გიწევს, ეს ხარჯი იფარება. პატრონაჟი კი იმაში გამოიხატება, რომ გამოფენაზე სტუმრები მოიწვიონ, ანუ ნახატები გაიყიდოს, შემოსული თანხით კი შემდგომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ვეხმარებით.

როცა ასეთი გამოფენის გაკეთება გადავწყვიტე, ბევრი ფიქრის შემდეგ, არჩევანი თავდაცვის სამინისტროზე შევაჩერე, რადგან, ჯერ ერთი, მინისტრი ქალი იყო, მერე _ საქართველოში უამრავი უცხოელი ატაშეა, ბევრი სტუმარი და ა.შ. მოკლედ, “ღარიბისა და ქილა ერბოს” ამბავი დამემართა. ვიოცნებე და მივადექი თინას უწყებას. ყველაფერი კარგად აეწყო. პრესსამსახურის უფროს დავუკავშირდი. მან, თავის მხრივ, ერთი კვირა ითხოვა იმისთვის, რომ მინისტრი და მოადგილე ანა დოლიძე საქმის კურსში ჩაეყენებინა. ერთი კვირის თავზე დამირეკა, _ ყველაფერი რიგზეა და მზადება დაიწყეო.

უკვე მოგახსენეთ, რამდენი ხარჯია გასაწევი, როდესაც გამოფენას ამზადებ, მაგრამ ამას აღარ დაგიდევდით, რადგან თავდაცვის სამინისტრო გვეხმარებოდა. ხარჯი დაუშურებლად გავწიეთ. ბანკებიდან სესხიც კი ავიღე.

“პროკრედიტ ბანკთან” კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის ყველა გამოფენას მათ ფოიეში ვაკეთებდი. რომ შეიტყვეს თავდაცვის სამინისტრო გვპატრონობდა, ბანკის პრესსამსახურის უფროსი თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და შვედური მაგიდიდან დაწყებული ყველა წვრილმანი დეტალი მათთან შეათანხმა. გვინდოდა, სტუმრებთან არ შევრცხვენილიყავით. ღონისძიება ამ წლის 18 აპრილს იყო დაგეგმილი და დაახლოებით 200 სტუმარს ველოდით. ღონისძიებაზე სამინისტროს თხოვნით ის ბავშვებიც მოვიყვანეთ, რომელთა მამებიც ომში ან მისიებში დაიღუპნენ. მათი ეს ინიციატივა საქველოქმედო აქციისთვის კარგი იყო და ვფიქრობდით, რომ ამის გამო უამრავ ადამიანს მოიყვანდნენ.

18 აპრილიც დადგა, მაგრამ, სულ რაღაც, 12 ადამიანი მოვიდა, მათ შორის არ იყო არც მინისტრი და არც მისი მოადგილე. ალბათ, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები არ აინტერესებდათ, არც ნახატებით “მოიხიბლნენ”.

დრო რომ გავიდა და ცოტა აზრზე მოვედი, რესპუბლიკური პარტიის წევრებს დავურეკე, მათ კი თინათინ ფუტკარაძესთან დამაკავშირეს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან დასავლეთის მიმართულებით. მას წერილის გადაცემა ვთხოვე თინა ხიდაშელისთვის და, როგორც შემდეგ მითხრა, გადასცა კიდეც, მაგრამ თინა ხიდაშელს პასუხი არ გაუცია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ კი განმიცხადა, რაც სამინისტროში ხდება, თინამ ყველაფერი კი არ იცისო. ვაი იმ მინისტრს, რომელმაც არ იცის, თავის სამინისტროში რა ხდება.

ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროს თამუნა კაციტაძეს გადააბრალეს და ღონისძიების დაგეგმვა ხელახლა მთხოვეს. ღონისძიება პაპანაქება სიცხეში უნდა ჩამეტარებინა, მაშინ, როდესაც თბილისში არავინაა, მაგრამ ბოლოს ესეც ჩაიშალა. მათ ჩემთვის აღარ დაურეკავთ. ყველა ტელევიზიას მივმართე, რომ ამ საკითხზე მელაპარაკა, მაგრამ ამაოდ. ტელევიზიები ფატალურ შედეგს ელოდებიან და მერე გააშუქებენ.

თინა ხიდაშელისა და მისი ქმრის გასაგონად ვიტყვი: თქვენი შვილები ხომ გყავთ მაძღრები და ბედნიერები? რატომ არ ფიქრობთ, რომ ინვალიდი ბავშვების მშობლებსაც სურთ ჯანმრთელი და ბედნიერი შვილები ჰყავდეთ. გვიჭირს, დახმარება გვჭირდება. 18 აპრილს ხიდაშელი ღინისძიების ჩატარებაში რომ დაგვხმარებოდა, სააღდგომოდ შშმ ბავშვებს გავახარებდით. თინა ხიდაშელისგანაც გაწირულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები. კატეგორიულად მოვითხოვ თინა ხიდაშელისგან, სანდრა რულოვსისა და მანანა შევარდნაძისგან, ფონდის მიერ გაწეული ხარჯები ათმაგად ამინაზღაურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად ვუჩივლებ.

ზუსტად ასეთი რამ გააკეთა დედაქალაქის მერის ცოლმა, ქალბატონმა თინიკო თინიკაშვილმაც. დახმარება ვთხოვე და სხვასთან გამგზავნა. მაშინაც ხარჯი გავწიეთ და ღონისძიება არ გაიმართა.

პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ შემოგვითვალა, _ არ მცალიაო, ისიც ერთი თვის თავზე დაგვდო პატივი, პასუხი რომ გაეცა; ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, _ თავი დამანებეთ, რა გამიჭირეთ საქმე თქვენი დებილი ბავშვებითო.

ნეტავ, იცოდეთ, რამდენი საპროტესტო აქცია გამიმართავს, რამდენჯერ მიშიმშილია, ჩემი პრობლემა ვინმეს გულთან რომ მიეტანა, მაგრამ ახლა დადგა დრო, ყველამ პასუხი აგოს. არავის შევარჩენ ჩვენთვის განკუთვნილი ფულის შეჭმას. არ გაიხარებს არავინ. როდის ჰქონდა ნატა ფერაძეს სექსი _ ეს უფრო საინტერესოა ქართული ტელევიზიებისთვის, ვიდრე შშმ ბავშვების პრობლემა?!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ცერილის ავტორს ვურჩევდი ერთხელ კიდევ მიმართოს დღევანდელ მთავრობას და მერე გაასაჩივროს ,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here