Home რუბრიკები საზოგადოება რატი მაისურაძე: დღე არ გავიდოდა, ციხიდან ერთი-ორი მიცვალებული მაინც არ გაესვენებინათ

რატი მაისურაძე: დღე არ გავიდოდა, ციხიდან ერთი-ორი მიცვალებული მაინც არ გაესვენებინათ

1556

საზოგადოებამ საქართველოს ციხეებში პატიმრებისადმი არნახულად სასტიკი მოპყრობის შესახებ რამდენიმე წლის წინათ შეიტყო და ყოფილი ხელისუფლების მმართველობას წერტილი დაუსვა. მსოფლიომ გაიგო, როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლებას პირადი მიზნები ამოძრავებდა. 

ამ ყველაფერს კი ყოფილი ხელისუფლება თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ახორციელებდა. ციხეში წამების ფაქტებზე, მართალია, დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ მათზე რატომღაც ყველა თვალს ხუჭავდა და ყოფილი პრეზიდენტიც ამერიკელებისთვის _ კვლავდემოკრატიის შუქურად” , საერთაშორიოს საზოგადოებისთვის კი თავისუფლებისა და სამართლიანობის მედროშედ რჩებოდა. თუმცა, როგორც ყოფილი პატიმრები ამბობენ, დამნაშავეები არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასჯილან და არც ყოფილი პოლიტიკური პატიმრების რეაბილიტაცია განხორციელებულა. მეტიც, როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური ამნეზია დაემართა, ვინაიდან ახლახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებშინაციონალურმა მოძრაობამხმების 27% მოიპოვაიმიტომ, რომ არასოდეს დავივიწყოთ ის სისასტიკე და უკანონობა, რომელიც ახლო წარსულში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, “საქართველო და მსოფლიომდაიწყო რუბრიკახანდაზმულობის ვადის გარეშე”, რომელშიც ყოფილი პოლიტპატიმრები საკუთარ ისტორიას ყვებიანდღეს რუბრიკის სტუმარია ყოფილი პოლიტპატიმარი რატი მაისურაძე, რომელიც ტელეკომპანიაკავკასიისპირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტისას დააპატიმრეს და 7 წელი მიუსაჯეს. მასთან ერთად დააკავეს 8 ახალგაზრდა, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისადამართლმადიდებელ მშობელთა კავშირისწევრები. როგორც რატი ამბობს, ყოფილმა ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმა.

_ ყოფილმა ხელისუფლებამ ჩვენს ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში _ “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობაში” რეალური ძალა დაინახა. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენს ორგანიზაციაში გასაწევრებლად, რაც, ბუნებრივია, ხელისუფლებას არ მოეწონა. შედეგად, უშუალოდ თავისუფლების ინსტიტუტმადა მათმა ლიდერებმა ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმეს.

_ ციხეში რას ითხოვდნენ თქვენგან?

_ სურდათ, ჩვენგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენება, რომ თითქოს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტში დამნაშავეები ვიყავით და გვპირდებოდნენ, რომ პირობით სასჯელს მოგვისჯიდნენ, რაზეც არ დავთანხმდით. ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი იყო.

_ რა მეთოდებს მიმართავდნენ თქვენგან აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად?

_ ჩემ მიმართ, ძირითადად, ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავდნენ. ჩვენთან ყოველდღიურად შემოდიოდნენ ადვოკატები, მღვდლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ამიტომ ჩვენს ცემას ერიდებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეს ამბავი გახმაურდებოდა. თუმცა ციხეში ისეთი ვითარება იყო, იქ არ არსებობდა პატიმარი, რომელიც არ უცემიათ. ყველას მიმართ ახორციელებდნენ ძალადობას.

ზოგჯერ საკანში შემოვარდებოდნენ და განურჩევლად ყველას სცემდნენ. სასამართლო პროცესზე ყოველ წასვლაზე, საკნიდან გასვლაზე გამუდმებით სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ პატიმრებს.

როდესაც ციხეში ხვდები, პირველივე დღეს ე.წ. სამედიცინო შემოწმებას გადიხარ, შემდეგ გადაგიყვანენ ე.წ. კარანტინში, სადაც წარმოუდგენელი პირობებია. წარმოდიგინეთ, 12 კვადრატულ მეტრ ოთახში, რომელიც მხოლოდ ექვს კაცზეა გათვლილი, 40-მდე პატიმარი იმყოფებოდა და ყველა სასტიკად იყო ნაცემი. ოთახში აუტანელი სიცხე იდგა. პატიმარს დაჯდომის საშუალება არ ჰქონდა. მთელი ორი კვირა ფეხზე უნდა მდგარიყავი, მხოლოდ ასე თუ დაიძინებდი. კარანტინში ასეთ პირობებში ზოგს ერთი და ზოგსაც ორი კვირის გატარება უწევდა. შემდეგ იწყებოდა კარანტინის დაშლა, რომლის დროსაც სასტიკად სცემდნენ პატიმრებს და შემდეგ ზოგს, ასე ნაცემს, ისევ კარანტინში აბრუნებდნენ, ზოგი კი საკანში აჰყავდათ.

ციხეში მიყვანის წუთიდანვე იწყებოდა პატიმრის წამება.

სწორედ კარანტინში ჩასვლისას ვნახე საშინლად ნაწამები, დაბმული პატიმრები, რომლებიც . ფუქსების საკნებში ისხდნენ.

თუ ჩათვლიდნენ, რომ საკანში რამე დააშავე, მყისვე გადაგიყვანდნენ კარცერში, შემდეგ _ ისევ კარანტინში და ასე უსასრულოდ გრძელდებოდა. საკანში კი აუტანელი პირობები იყო: არ შეიძლებოდა საუბარი, ფანჯარაში გახედვა, მხოლოდ ჩურჩულით უნდა გესაუბრა, ლოცვასაც გვიშლიდნენ.

_ ამის გამო შეიძლება ეცემათ პატიმარი?

_ დიახ, ლოცვის გამო, სანთლის დანთების გამო, საეკლესიო წიგნების კითხვის გამო სცემდნენ პატიმრებს. მსგავსი რამ ჩვენს საკანშიც მოხდა. ვლოცულობდით, შემოვიდა ე.წ. კონტროლიორი და გვითხრა, _ აქ თქვენ, სალოცავად კი არა, დასასჯელად ხართ მოსულებიო. წაგვართვა სანთლები, საეკლესიო წიგნები და, თავისი ჭკუით, ლოცვა აგვიკრძალა, მაგრამ შეუძლებელია, მორწმუნე ადამიანს ლოცვა აუკრძალო.

დილით, როდესაც პატიმრები, წესით, სასეირნოდ უნდა გასულიყვნენ, ყველა უარს ამბობდა ამ გასეირნებაზე, რადგან საკნიდან სასეირნოდ გასულ პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ.

_ თვითონ უშვებდნენ პატიმრებს სასეირნოდ და მაინც სცემდნენ?

_ დიახ, რადგან მათი ცვლა ათ საათზე მთავრდებოდა და ცხრა საათზე პატიმრების გაშვება სასეირნოდ ხელს არ აძლევდათ, ანუ ამით წუხდებოდნენ.

პატიმრის ცემის მიზეზი თუნდაც ჩურჩულით საუბარი შეიძლება ყოფილიყო. რატომ დგახარო (ამის გამოც შეიძლებოდა ეცემე) ან რატომ ზიხარო. პატიმრის საცემად მიზეზი არ სჭირდებოდათ. ამოჩემებული ჰყავდათ ზოგიერთი პატიმარი და ცემა მათთვის პრობლემა არ იყო, რადგან ადამიანი მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა და პატიმარს ისე უყურებდნენ, როგორც ცხოველს.

საკანში გვყავდა გულით ავადმყოფი პატიმარი, რომელსაც მიკროინფარქტი დაემართა და, როდესაც მოვითხოვეთ, მისთვის ციხის ექიმი მოეყვანათ და ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ, ჯერ ექთანი შემოიყვანეს, რომელმაც ჩემ თვალწინ გატეხა ერთი აბი შუაზე და ერთ ნაწილზე ამბობდა, ეს გულის წამალიაო, მეორე ნაწილზე კი _ წნევის წამალიო და ასეუმკურნალაპატიმარს. როდესაც შევეპასუხეთ, ეს რა არის, დაგვცინი, რა გულისა და წნევის წამალს აძლევ ავადყოფსთქო, შემოვიდა რეჟიმის უსაფრთხოების უფროსი იოლეგ ფაცაცია მის დაახლოებით 15 თანამშრომელთან ერთად და გვითხრეს, თქვენ რა, არ იცით, ღამით ექიმის გამოძახება რომ არ შეიძლებაო, და ისე სასტიკად გვცემეს, ყველას ნეკნები გვქონდა ჩამტვრეული

_ ასე ნაცემები არ გადაგიყვანეს საავადმყოფოში ან ექიმი არ მოგიყვანეს?

_ არა, რა თქმა უნდა. ყურადღებას მხოლოდ მაშინ მოგაქცევდნენ, თუ მოკვდებოდი _ მორგში გადაგიყვანდნენ. ჩვენი ფანჯრებიდან ჩანდა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო, იქ იშვიათად მიჰყავდათ ნაცემები, ძირითადად, მიცვალებულები გადაჰყავდათ. დღე არ გავიდოდა, ციხიდან ერთი-ორი მიცვალებული მაინც არ გაესვენებინათ.

_ ერთერთ ტელეგადაცემაში მოყევით, როგორ გიამბოთ პატიმარმა, რომ ცოლის გაუპატიურების კადრები ანახვეს. ბევრს დღესაც არ სჯერა, რომ ასეთი სისასტიკე მართლაც ხდებოდა ციხეში. თქვენს საკანში იყო ეს პატიმარი?

_ დიახ, უამრავი ასეთი ფაქტი ხდებოდა. გოგა ხაინდრავას ფილმ “ჰეროკრატიაში” კარგად არის ასახული ყველაფერი. ყველა მეთოდს იყენებდნენ პატიმრების გასატეხად და მათზე ზეგავლენისთვის. ეს პატიმარი მე კარანტინში ვნახე. მომავალში რა ბედი ეწია, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და თავის მოკვლა სურდა. ყველა პატიმართან ინდივიდუალური მიზეზი ჰქონდათ, ზოგისგან აღიარებითი ჩვენება უნდოდათ, ზოგისგან _ ფულის გამოძალვა და ამის გამო ყველა ხერხს მიმართავდნენ.

_ რატი, 7 წელი უნდა გაგეტარებინათ ციხეში. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ციხიდან გათავისუფლების შანსი არ გქონდათ?

_ იყო შანსი, სასჯელი დაემატებინათ, რადგან ყოველი წლის ბოლოს ერთ ან ორ წელს მიმატებდნენ. თავდაპირველად გამასამართლეს 152-ე მუხლით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დამდეს ბრალად, შემდეგ ბრალი დამიმძიმეს და დამიმატეს ხულიგნობა, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი.

_ დღეს რას ითხოვთ ხელისუფლებისგან?

_ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი დაპატიმრება და პროვოკაცია დაგეგმეს და ეს ყველაფერი შეთხზეს. ეს ადამიანები დღეს დაუსჯელები არიან და ზოგიერთი ისევ მუშაობს პოლიციასა თუ პროკურატურაში. ისინი არამხოლოდ ჩემს დაპატიმრებაში მონაწილეობდნენ, სხვა პატიმრების საქმეებშიც ცრუმოწმეებად გამოდიოდნენ ხოლმე. ასევე უნდა დაისაჯონ ციხის ის ზედამხედველები, რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ, დღეს კი თავისუფლად დადიან და კაცმა არ იცის, ვის შეიძლება ავნონ. ზედამხედველს, რომელიც ციხეში ასე სასტიკად აწამებდა, ხომ შეიძლება შეხვდეს რომელიმე ყოფილი პატიმარი, ვერ მოითმინოს და შური იძიოს?!

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here