Home რუბრიკები პოლიტიკა “შიდაოჯახური დემოკრატია”

“შიდაოჯახური დემოკრატია”

538

წლები გადის, მაგრამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი საქართველოში აქტუალობას არ კარგავს. სამი დღის განმავლობაში 4,99%-ზე გაყინული “პატრიოტთა ალიანსის” შეყვანა-არშეყვანას პირდაპირ უკავშირებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. სახეების განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. “ელცინის პერიოდის გაყალბების სტილი” – ასე შეაფასეს მათ 8 ოქტომბრის არჩევნები. აბა, რას იტყოდნენ, “მოქალაქეთა კავშირის” ან “ნაციონალური მოძრაობის” სტილს ხომ არ დაარქმევდნენ?!

გაყალბება ნამდვილად რომ მოხდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ათასამდე საჩივრიდან უბნების გადათვლის შესახებ არც ერთი, დიახ, არც ერთი არ დაკმაყოფილდა. თითქოს ყველაფერი მარტივია _ თუ არაფერია გაყალბებული, გახსენი და გადათვალე! “ნაციონალური მოძრაობა” ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან გაყალბებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ბიულეტენების გადათვლას ცოცხალი თავით არ ითხოვს.

“ნაცმოძრაობის” არაფორმალურმა მმართველმა ოდესიდან დირექტივა გასცა, არ შეხვიდეთ პარლამენტშიო, მაგრამ პოლიტსაბჭომ და მისმა ასევე არაფორმალურმა მმართველმა გიგა ბოკერიამ პირიქით გადაწყვიტეს. მოკლედ, სააკაშვილის პარტიამ “პირველად საქართველოს ისტორიაში” მიშას არ დაუჯერა. ახლა მისი ყოფილი თანამებრძოლები ამას “შიდაპარტიულ დემოკრატიას” არქმევენ, მაგრამ სანდრა ელისაბედ რულოვსის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, “შიდაოჯახურ დემოკრატიას” ვერანაირად ვერ დაარქმევ.

ამ საქმეს ვეღარც “რუსთავი 2”-ის პროპაგანდა შველის. ან რა ქნას ერთმა ნიკა გვარამიამ, ვის დაუჭიროს მხარი? სანდრა რულოვსიც ამჯერად სოციალური ქსელით მიმართავს ძვირფას მეგობრებსა და თანამებრძოლებს: “არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის მიერ ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას. პარტიისთვის ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბრიდან იყო ცნობილი, როცა ეს გადაწყვეტილება გავაცანი ენმ-ის პოლიტსაბჭოს, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების თანდასწრებით. ჩემი ამ განცხადების შემდეგ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ბაქრაძემ, განაცხადა რომ, პოლიტსაბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქალბატონი სანდრას შემთხვევა არის განსაკუთრებული და უნდა შევიდეთ მის მდგომარეობაში რაც, დარწმუნებული ვარ, პოლიტსაბჭოს ოქმშიც არის ასახული.

ზუსტად პოლიტსაბჭოს სხდომის დროს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის რაიონის 3 საარჩევნო უბანზე პირველი ტური განმეორებით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე, იქვე, პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ზუგდიდის რაიონში ჩემთვის პირველი ტური ჯერ არ დამთავრებულა. ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღირებულებებთან.

მგონი, ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეობით თავისი პოზიციის გახმოვანება. ბანალობაა იმის მტკიცება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს, ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლის მიზანი არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის დამარცხებაა და ეს აუცილებლად მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია”, _ წერს რულოვსი.

ყველამ კარგად იცის, რომ, თუ სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი გვარი ბიულეტენში მაინც დარჩება. მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა არ განაპირობებს მესამე ადგილზე გასული კანდიდატის ზემოთ “ანაცვლებას”.

“ნაციონალური მოძრაობის” სახე აკაკი ბობოხიძე კი ასე აფასებს სანდრა რულოვსის ნაბიჯს: “ეს არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ ერთიან მთლიან ფრონტს დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ. პარტიაში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა; მაშინაც კი, როდესაც მიშა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. პარტიაში განსხვავებული აზრი არ იდევნებოდა, თუმცა ეს არ იყო ღია და საჯარო. დღეს უფრო ღია გახდა შიდაპარტიული დისკუსიები. მივესალმები, რომ მომავალში ნელ-ნელა “ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდაპარტიული დისკუსიები საჯარო გახადოს”, _ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეს ის კაკო ბობოხიძეა, რომელიც ჯერ ხსნიდა საკუთარ კანდიდატურას მეორე ტურიდან, შემდეგ კი “გადაიფიქრა” და ქუთათურებისთვის სახელდახელო ვერსიაც შეთხზა: იმიტომ ჩავერთვები მეორე ტურში, რომ ქუთაისში პარლამენტის დატოვებაზე “ოცნების” კანდიდატების პოზიცია ბუნდოვანიაო.

ბობოხიძისგან განსხვავებით, რომან გოცირიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ “მომავალში ნელ-ნელა “ნაციონალურმა მოძრაობამ” შიდაპარტიული დისკუსიები საჯარო გახადოს”. იგი აცხადებს: “არ ვაპირებ პარტიის შიდა საქმის საჯაროდ გამოტანას ზოგიერთის გულის გასახარად”. ეს მან ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იყო თუ არა პარტიის პოლიტსაბჭო ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს ინფორმირებული სანდრა რულოვსის გადაწყვეტილების თაობაზე, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. გოცირიძის თქმით, ეს არის სანდრა რულოვსის პირადი გადაწყვეტილება, თუმცა მიზანი საერთო რჩება და პარტია განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურებში. რაც შეეხება იმას, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამის თაობაზე საუბარი არ ყოფილა. “მე დარწმუნებული ვარ, რომ შევა”, _ დასძინა მან.

აშშ-ის ელჩი დროულად ჩაერია და პოლიტიკურ პარტიებს რჩევა მისცა: “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება. იყო ძალადობისა და დაშინების ინციდენტები. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინციდენტები არ უწყობს ხელს წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და არ გამოეთიშონ არჩევნებს”, _ განაცხადა იან კელიმ.

ასეა თუ ისე, ინტრიგა რჩება _ იტყვის თუ არა უარს სანდრა რულოვსი სიაში მეორე ადგილზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური პროცესების წარმართვის შესაძლო სცენარებზე აზრთა სხვადასხვაობაა და რულოვსის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სცენარებიდან ერთ-ერთს უკავშირდება.

გია ხუხაშვილი: “ერთია ფორსირებული სცენარი, პირობითად, რულოვსის მეუღლის სცენარი და მეორე _ გრძელვადიანი პოლიტიკური სცენარი, პირობითად, ბოკერიას სცენარი. მიუხედავად იმისა, რომ ამან სერიოზული განხეთქილება არ გამოიწვია და მიხეილ სააკაშვილმა უკან დაიხია, იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ შეეცდება თავისი არგუმენტის გამოყენებას სამომავლოდ შიდაპარტიულ ბრძოლებში. სააკაშვილი რჩება საკუთარ აზრზე და, როგორც ჩანს, სანდრა რულოვსიც მიიჩნევს, რომ უფრო ფორსირებული სცენარით უნდა წასულიყო პოლიტიკური პროცესი და მისი გადაწყვეტილება შედარებით რბილი, არააგრესიული ფიქსაციაა ამ პოზიციის, რაც სამომავლოდ შეიძლება პარტიისთვის შეხსენებული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ კონცეფციური კონფლიქტი გარკვეულწილად კონსერვაციის მდგომარეობაშია, თუმცა ამის მიუხედავად ასეთი გამოტყორცნები დროდადრო ხდება ხოლმე და ახლა სწორედ ეს მოხდა, ჩემი აზრით”.

პარტიის ლიდერების აზრით, ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილება პარტიისთვის გარკვეულწილად დამაზიანებელია. რომელი ფრთა გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

სანდრას ფაქტორი, როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ლიდერებსაც აწუხებთ. სოციალურ ქსელში უკვე ქილიკობენ იმაზე, რომ მომავალ პარლამენტში ორი ვიცესპიკერი იქნება _ სანდრა რულოვსი და ირმა ინაშვილი და მოსალოდნელ “სანახაობას” სწორედ ამ დუეტს უკავშირებენ. ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე კი ასე აფასებს რულოვსის უარს მეორე ტურში მონაწილეობაზე:

“სანდრამ ნახა, რომ არჩევნებში უკვე მეორედ დამარცხდა, ახლა მესამედაც უნდა დამარცხდეს და, ბუნებრივია, ეს სასიამოვნო არ არის. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის სტანდარტებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით და თავისუფლად ჩატარდა, იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, მიუხედავად ეპიზოდური დარღვევებისა, რომელიც გამოსწორებულია… ამას ყველა აღიარებს, როგორც დასავლეთში, ასევე ქვეყნის შიგნით. ამას არ აღიარებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. როცა სანდრა რულოვსზე ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ის იგივე მიხეილ სააკაშვილია, რადგან სანდრა რულოვსი პოლიტიკაში არ შემოვიდოდა, ეს დავალება რომ არ ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არჩევნებში მონაწილეობას დიდი სიხარულით არც მიიღებდა _ ჰქონდა პირდაპირი დავალება, იყო გარკვეული ტაქტიკური სვლა და ამიტომაც ჩასვეს სიაში მეორე ნომრად. სანდრა რულოვსის სახით, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა არჩევნებში და მხოლოდ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი გაყალბდა, რაც სასაცილოა. ზუგდიდელი ამომრჩეველი მას ხმას არ აძლევს, რადგან ხმას არ აძლევს ძალადობასა და ღირსების შელახვას”.

გასაგებია მანანა კობახიძის პათოსი სააკაშვილისა და რულოვსის მიმართ, მაგრამ ეს ვერ ხსნის, რატომ გადაარჩინა და გააცოცხლა “ოცნებამ” უკვე ისტორიის სანაგვეზე მოსროლილი დამნაშავე პარტია. არის მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს სწორედ ამ არჩევნების მოგების გასაღებად აქცია. “შუის გაკრეფის” მომდევნო ეპიზოდი სწორედ დაუძინებელი “მეგობრების” საარჩევნო დუეტი გახდა, როდესაც ძველი ლოზუნგი “მიშა, მოვდივარ” ახლა სააკაშვილმა გადაამღერა: “ბიძინა, მოვდივარ!”. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ ორმა პარტიამ საარჩევნო ველის პოლარიზება მოახდინა და ხმები გადაინაწილა.

არც იმაშია მანანა კობახიძე მართალი, რომ მხოლოდ ნაციონალები ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე. ამას სხვებიც ამბობენ, ოღონდ სამართლებრივი გზით მხოლოდ ნინო ბურჯანაძე იბრძვის. რატომ არიან სხვები ჩუმად, ამას მალე დავინახავთ.

ამასობაში “ნაციონალური მოძრაობის” ჩუღურეთის შტაბში კიდევ ერთი სკანდალი გასკდა. შტაბის უფროსი დავით დაღელაშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩოლოყაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი პარტიული ფულის მითვისებაა. ჩუღურეთის შტაბის უფროსმა დავით დაღელაშვილმა პარტიული აქტივისტებისა და კორდინატორებისთვის გამოყოფილი 7 ათასი დოლარი მიითვისა და “ნაცმოძრაობის” შტაბის წევრები ანაზღაურების გარეშე დატოვა. ეს თანხა პარტიამ არჩევნების პირველი ტურისთვის კორდინატორთა ხელფასების ასანაზღაურებლად გამოყო, მაგრამ დაღელაშვილმა კორდინატორებს ხელფასები არ გადაუხადა და წინასაარჩევნოდ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებაზე, უფასოდ ამუშავა.

სიტუაცია შტაბში მას შემდეგ გამწვავდა, რაც დავით დაღელაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კორდინატორებსა და მხარდამჭერებს ანაზღაურების გარეშე მუშაობა კვლავ მოსთხოვა. ამან აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია და რაიონულმა შტაბმა დაშლა დაიწყო.

თუ ეს მართალია, “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი” ირმა ნადირაშვილის ქმარი, სავარაუდოდ, პარლამენტში შესვლა-არშესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის პროგნოზს ემსხვერპლა. “ნაცმოძრაობა” ამ თამაშიდან რომ გასულიყო, აღარც ეს 7 ათასი დოლარი გაახსენდებოდა ვინმეს და აღარც ნადირაშვილის ქმარი.

შევა თუ არა პარლამენტში სანდრა რულოვსი ან მთელი “ნაციონალური მოძრაობა”, არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი სხვა რამ არის _ შეინარჩუნებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მათ მომავალი საარჩევნო ციკლისთვისაც. რაც შეეხება ხალხს, მას ნათლად მიანიშნეს, რომ მის ხმას კონკრეტული ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ “ოცნებას” ან ნაციონალებს უჭერს მხარს. “პატრიოტთა ალიანსი” კი კვლავ დუმს და ამას “ხმების დაცვით” ამართლებს.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here