Home რუბრიკები პოლიტიკა 8 ოქტომბრის არჩევნებიდან ორი კვირის თავზე ეროვნული უშიშროების საბჭო სააკაშვილის რეჟიმისდროინდელ მოხელეს...

8 ოქტომბრის არჩევნებიდან ორი კვირის თავზე ეროვნული უშიშროების საბჭო სააკაშვილის რეჟიმისდროინდელ მოხელეს ჩააბარეს

582

არჩევნები დასრულდა და დადგა დრო, ყველა პოლიტიკოსი თავის ტყავში დაბრუნდეს. აღარავინ გამოვა და გაეცნობა ხალხის პრობლემებს, აღარც კრავის თვალებით დაიწყებენ თავიანთი უმწიკვლობის მტკიცებას სატელევიზიო ეთერში. და მთავარი _ აღარც “ოცნება” დაიწყებს ლაპარაკს, რა საზიზღრები არიან ნაციონალები და ხელახლა დაპროგრამდებიან კოაბიტაციაზე. 

გახსოვთ, რა გვესმოდა მთელი წინასარჩევნო კამპანიის განმავლობაში “ქართული ოცნებისგან” და კონკრეტულად ივანიშვილისგან? _ “ცხრა წელი”, “ცოცხები”, “ესენი არ უნდა დავაბრუნოთ”, “უნდა დავასამაროთ”… მოკლედ, “ნაცმოძრაობაზე” უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე საკუთარ თავზე. ხალხს ყოველ წამს ახსენებდნენ, როგორი უნამუსო, უსირცხვილო, ტირანი და სისხლისმსმელია თითოეული ნაცი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სერიალიც კი გადაიღეს, მაგრამ, ალბათ, არ იციან, სიტყვას რომ იტყვი, უკან ვეღარ წაიღებ.

დამთავრდა არჩევნები. გაიმარჯვა “ოცნებამ”. ხალხს უხარია, ზოგს ისიც კი სჯერა, რომ ნაცები მართლა დაასამარეს და საბოლოოდ მოიშორეს თავიდან. თარხან-მოურავ-ინაშვილიც კი შევიდნენ პარლამენტში. თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უცებ მოწმენდილ ცაზე მეხი ვარდება და იმ პარტიისა და პირადად იმ კაცის მიერ “დასმული” პრეზიდენტი ამბობს, რომ დავით რაქვიაშვილი ხდება უშიშროების საბჭოს მდივანი. მოკლედ, ვინც არ იცის, მათთვის ორ რამეს განვმარტავ:

პირველი _ “ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი” არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობისა და რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი სერიოზული დაწესებულება ჩანს, ხომ? საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობა და ა. შ. ასეთ აპარატს ვინმე ნდობით აღჭურვილმა და ღირსეულმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს, არა? მისმა არც წარსულმა და არც ახლანდელმა საქმიანობამ არავითარი ეჭვი არ უნდა აღგვიძრას, ხომ? ამაზე, იმედია, ვთანხმდებით, მაგრამ გაირკვა, რომ “ოცნებაში” ასე არ ფიქრობენ. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ კაი ალპინისტი კაცი მონახეს და ეს თანამდებობა უბოძეს. დიახ, პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით, რაქვიაშვილი კარგი ალპინისტია და ეს მის პიროვნებაზე ბევრს გვეუბნება. ალბათ, ვინც კალაძე დანიშნა ენერგეტიკის მინისტრად, ის დაიხმარეს შერჩევის პროცესში.

ახლა მეორე განმარტება _ ვინ არის ეს რაქვიაშვილი?

ერთ-ერთი ცნობა, რომელიც შემხვდა, 2011 წელს პრეზიდენტისადმი მიწერილ ღია წერილშია, სადაც უსამართლობით შეწუხებული მხარის მიერ დავით რაქვიაშვილი მოხსენიებულია შემდეგნაირად:

“ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ კანონიერების აღდგენის მიზნით მივმართეთ სასამართლოს, მათ კი _ საბუთების გაყალბებას, რაშიც მათ ეხმარება საჯარო რეესტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დავით რაქვიაშვილი”.

აქ საქმე ქონების არაკანონიერად ჩამორთმევასა და გამოსახლებას ეხებოდა და 2004 წლის ისტორიაა აღწერილი.

როგორც ირკვევა, რაქვიაშვილი შევარდნაძის მთავრობაშიც იყო და სააკაშვილის ნავშიც გადაბრძანდა, სადაც საბუთების გაყალბებას მიჰყო ხელი. უშიშროების საბჭოს მდივნობის შესაფერისი კანდიდატი ჩანს ხომ? ყოფილი “ნაშევარდნაძალი” ცოტა ხანში სააკაშვილის მთავრობაში ვიხილეთ. 2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, 2010-2013 წლებში _ საქართელოს დესპანი აშშ-ში.

დავტოვოთ ეს რაქვიაშვილი, სადაც არის, და ისევ “ოცნებას” მივუბრუნდეთ. ხალხი შეიძლება ერთხელ მოატყუოთ, მაგრამ ერთი და იმავე ტყუილის გამეორება უსინდისობის ახალი საფეხურია. ორი წელია, ამომრჩეველთა მხარდაჭერას იმით მოიპოვებენ, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანებს ჰპირდებიან: საბოლოოდ აღვკვეთთ “ნაცმოძრაობის” გადმონაშთებს, ამოვძირკვავთ, დავასამარებთ და ასე შემდეგ. მაგრამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ კვირის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმისდროინდელ მოხელეს ჩააბარეს ისეთი მნიშვნელოვანი პოსტი, როგორიც ეროვნული უშიშროების საბჭოა.

“ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა დებატებისას ყველა “მეოცნებე” გულში ცეცხლანთებული შურისმაძიებელივით ლაპარაკობდა. იმ მომენტში, ალბათ, თვითონაც სჯეროდათ საკუთარი თავის. კახა კალაძის ნათქვამი მახენდება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის მიმართ: “სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს შეხედეთ, რას დაემსგავსეთ!”

ბატონო კახა, ახლა თქვენ და თქვენმა გუნდმა ჩაიხედეთ სარკეში და ნახეთ, რას დაემსგავსეთ!

სისულელეებს აკეთებს “ოცნება”, ხალხს ნაცარს აყრის თვალში და შემდეგ ამ საქციელზე ძალიან ინტელექტუალი პრეზიდენტი გამოდის და ისე ლაპარაკობს, ვითომც არაფერი. ნამდვილი ცირკია!

უკვე მერამდენე ნაციონალია საპასუხისმგებლო პოსტზე? როდის უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი? საქმე იქით მიდის, რომ, თუ “ნაციონალური მოძრაობის” მოშორება გვინდა ქართული პოლიტიკიდან, ჯერ “ქართული ოცნება” უნდა მოვიშოროთ. სწორედ ისინი ამარაგებენ დღეს მთავრობას ყოფილი, მსხვილ-მსხვილი ნაციონალებით…

ვახტანგ დავითაშვილი

1 COMMENT

  1. ნაციონალებს 2020 წლის არცევნებისათვის ამზადებენ! იმიტომ რომ ახლა მათი ჯერი დგება, ორი არჩევნების შედეგ ისევ ოცნება იქნება ასე და მარად უკუნითა უკუნისამდე სანამ ნამდვილი ეროვნული ძალები საღათას ძილიდან არ აღდგებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here