Home რუბრიკები საზოგადოება “უთანაბრობის კანონი”, ანუ სანამ პროფესორის პენსია 500 ლარი არ იქნება

“უთანაბრობის კანონი”, ანუ სანამ პროფესორის პენსია 500 ლარი არ იქნება

574

არც ერთ არჩევნებში არც ერთ მთავრობასა თუ პარტიას მხარს არ დავუჭერ მანამ, სანამ პროფესორის მინიმალური პენსია 500 ლარი არ იქნება. 250 და 300 ლარი მათ ოჯახებში შევიდეს, ვინც ამ ოდენობის პენსიის დანიშვნას აპირებს ჩვენთვის.

შეადარეთ ჩვენი პენსიები ინგლისელის 1400-დოლარიან პენსიას და ადვილად მიხვდებით, რა სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით ისინი, ვისაც ქვეყნისათვის დიდი სამსახური გაუწევია. ეკონომიკა არ გვაძლევს დიდი პენსიების დანიშვნის საშუალებასო, _ ამბობთ თქვენ. სწორედ იმიტომ არ მოგცემთ ხმას, რომ ეკონომიკაც დაცემულია თქვენს ხელში და სასიკეთოს ვერაფერს აკეთებთ მის გასაჯანსაღებლად; ვერ ასაქმებთ ხალხს და არც პოლიტიკური ნება გაქვთ, ხალხზე რომ იზრუნოთ; მხოლოდ თქვენს სინეკურულ ცხოვრებას იწყობთ. თქვენსა და ხალხს შორის “ხიდი ჩატეხილია” და მისი გამთელება არ მოხდება, სანამ არ დამკვიდრდება “გათანაბრების წყობა და კანონი”. ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯის სტუდენტებიც კი თქვენზე წინ წავიდნენ, როცა მათ რამდენიმე წლის წინათ თქვეს, რომ დედამიწაზე მოქმედებსუთანაბრობის კანონი”, რომელიც იწვევს სოციალურ უსამართლობას, სიდუხჭირესა და სიღატაკეს, შიმშილს, განუკითხაობას, დაპირისპირებას საზოგადოების წევრებს შორის. თქვენს პარტიებს შორის უგუნური დაპირისპირებაც სწორედ სოციალური არამდგრადობის მიზეზია. ხალხი სულს ღაფავს. პროფესორსა და აკადემიკოსს (პენსიონერს) პურის ფული რომ ენატრება, შეიძლება ამის მეტი უსამართლობა იყოს ქვეყნად? თქვენ კი, სასახლეებჯიპებიანო სახელმწიფო მოხელეებო, რესტორნებში ქეიფის შემდეგ ოფიციანტებს რომ ასლარიან კუპიურებს ჩუქნით, თუ ფიქრობთ, რამდენი ბავშვი შიმშილობს საქართველოში თქვენი უნიათობის გამო? თქვენმა თავისუფლებამ და ყბადაღებულმა დემოკრატიამ აღვირახსნილობა და განუკითხაობა, ქაოსი და თავაშვებულობა მოგვიტანა. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები მიუთითებდნენ, რომ დემოკრატია, ტიმოკრატია, ტირანია და ოლიგარქია მმართველობის უვარგისი ფორმებია. თქვენ იმიტომ არ გსურთ ასეთი მმართველობის შეცვლა უკეთესი წყობით, რომ დიდ სიმდიდრეს დაკარგავთ. მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებმა შეძლესგათანაბრების კანონისდამკვიდრება და ამიტომ ამ ქვეყნებში დიდი განსხვავებები შრომის ანაზღაურებაში არ არსებობს. მე არ ვამბობ, რომ მაღალჩინოსნებსა და ჩვენ შორის არ იყოს განსხვავება ანაზაღურებაში (რადგან თქვენ 24 საათი მუშაობთ და დიდ სახელმწიფო საქმეებს განაგებთ), მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომელიც არსებობს. თქვენი ხელფასის 10% მაინც უნდა დაგენიშნათ პროფესორებისთვის პენსიად, მაგრამ ამას ვერ გააკეთებთ, რადგან სინდისის დეფიციტი გაქვთ.

როცა გსურთ, ხალხმა მხარი დაგიჭიროთ არჩევნებში, საზოგადოებას დაპირებებით კი არ უნდა კვებავდეთ, არამედ რეალურად უნდა ასრულებდეთ მათ, რაც ჯერ არც ერთი ხელისუფლებას არ გაუკეთებია. უკვე თორმეტი მთავრობა გამოვიცვალეთ და ხალხის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, მეტ ძალას იკრებს განუკითხაობა და უსამართლობა. ყველა დარგი ჩავარდნილია, არც ერთი უწყება არ მუშაობს ნორმალურად.

საჭიროა, ასპარეზზე გამოჩნდნენ დიდი ადამიანები, რომლებზეც ოცნებობდა ჩვენი სასიქადულო პოეტი მუხრან მაჭავარიანი. თუ ეს არ მოხდება და არ შეიცვლება მართვის სისტემა, თუ არ ამოქმედდება “გათანაბრების კანონი”, ჩვენს ხალხს მომავალი არ უწერია.

ვიმედოვნებ, რომ გამოჩნდებიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, შეიქმნება “ადამიანი-სახელმწიფოს” ცნება, დაფასდება შრომა და მაშინ წაღმა დატრიალდება ჩვენი ცხოვრების ჩარხი.

მამია მდინარაძე,

პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here