Home რუბრიკები საზოგადოება პირველი ქალი რუსეთის იმპერიაში, რომელმაც “საუნივერსიტეტო ნიშანი” მიიღო

პირველი ქალი რუსეთის იმპერიაში, რომელმაც “საუნივერსიტეტო ნიშანი” მიიღო

1069

დასასრული. დასაწყისი იხ. #37 (366)

1913 წლის ივნისში თბილისში გაიმართა ბუნებისმეტყველთა მე-13 ყრილობა, რომლის საპატიო თავმჯდომარე იყო ცნობილი ექიმი კურორტ აბასთუმნისმამაილია გოპაძე, ყრილობას კი ხელმძღვანელობდა ცნობილი მოსკოველი ქიმიკოსი, პროფესორი კაბლუკოვი, რომლის წინადადებითაც ყრილობის მორიგი სხდომის საპატიო მდივნად აირჩიეს რუსუდან ნიკოლაძე. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით პროფესორმა კაბლუკოვმა: “აქამდე ქართველ ქალებს ფიზიკური სილამაზით ვიცნობდით ლერმონტოვისა და მხატვარ ზიჩის წყალობით, ახლა კი ამას გონებრივი სრულყოფაც ემატება”.

რუსუდანი ბავშვობიდანვე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა წრეში ტრიალებდა. ესენი იყვნენ ნიკოს ახლო ნათესავები და მეგობრები _ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, რომელსაც პირველ ცოლად ჰყავდა რუსუდანის მამიდა ოლიმპიადა ნიკოლაძე. ნიკოს მეორე და, ფროსიკო, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის _ ალექსი ჭიჭინაძის ცოლი იყო. აი, ის წრე, სადაც ფეხი აიდგეს ნიკო ნიკოლაძის შვილებმა…

მეფის რუსეთში 1907 წლამდე უნივერსიტეტის კარი დაკეტილი იყო ქალებისთვის. ნიკო ნიკოლაძემ, რომელსაც დიდი ავტორიტეტი და ფართო ნაცნობობა ჰქონდა არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ ევროპაშიც, მოახერხა რუსუდანის მოწყობა ორი წლით ადრე პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელსაც სათავეში ედგა დიდი ისტორიკოსი პლატონოვი. ამ ინსტიტუტმა, რომელსაც ქალთა უნივერსიტეტი ერქვა, რუსუდანს მის მიერ არჩეული სხვადასხვა დარგის გასაცნობადაც ფართოდ გაუღო კარი. და აი, რატომ: ამ სასწავლებლის ახალგაზრდა, ნიჭიერ პროფესორთა მოწინავე (მოსოციალისტო) ჯგუფი ახლოს იდგა მოსკოვისა და პეტერბურგის იმდროინდელ ყველაზე მოწინავე საზოგადოებასთან _ მწერლებთან, კომპოზიტორებთან და თეატრალური ხელოვნების მოღვაწეებთან. ეს პროფესორები: ქიმიკოსები _ ვერხოვსკი და ლებედევი, მუსიკისმცოდნე, ფილოსოფოსი ლაპშინი და ისტორიკოსი პოლიევქტოვი, რომელიც ხელოვნების ისტორიის პროფესორიც იყო, იზიარებდნენ სტუდენტთა მოწინავე იდეებს და თანაუგრძნობდნენ მათ. ოთხივე პროფესორი თავიდანვე დაინტერესდა ოქროს მედალოსან ქალთა ჯგუფით, რომელიც არც ერთ საინტერესო კონცერტს, წარმოდგენას ან გამოფენას არ ტოვებდა უყურადღებოდ. სტუდენტთა ეს ჯგუფი მთლიანად გაირიცხა ინსტიტუტიდან 1905 წლის 9 იანვრის დემონსტრაციის თანაგრძნობისთვის, მაგრამ მათ მაშინვე გამოესარჩლა მოწინავე პროფესორთა ჯგუფი და ოცივე აღადგინეს ინსტიტუტში.

ამრიგად, რუსუდანი პირველი კურსიდანვე გაეცნო ხელოვნების ისეთ საინტერესო კერებსა და მიმართულებებს, როგორიც იყო, მაგალითად, კომისარჟევსკაიას ახალგახსნილი თეატრი, გორკის, ჩეხოვის, ანდრეევისა და იბსენის რევოლუციური სულისკვეთების მქონე პიესები _ “მოაგარაკენი”, “მზის შვილები”, “თოლია”, “ვარსკვლავებისკენ”, “ცხოვრება ადამიანისა”, “მშენებელი სოლნესი” და სხვ. ან კიდევ “დიდმარხვის” სეზონისათვის მოსკოვიდან ჩასული სამხატვრო თეატრი, რომელშიც იმჟამად ორი ქართველიც მუშაობდა რეჟისორად: ვახტანგ მჭედლიშვილი და აკაკი ფაღავა. ამ თეატრის “გენერალიტეტი” _ სტანისლავსკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო, კაჩალოვი და ლუჟსკი პოლიევქტოვის და მის საუნივერსიტეტო წრესთან ახლოს იდგნენ და მოსკოვიდან პეტერბურგში ჩამოსვლისას მისი და პროფ. პრესნიაკოვის ხშირი სტუმრები იყვნენ. ვერხოვსკისა და ლებედევის შემწეობით რუსუდანი ახლოს გაეცნო ხელოვან ხალხს: სომოვსა და დობუჟინსკის, სორინსა და სუდეიკინს, ოსტროუმოვა-ლებედევას, ლიდია ვერხოვსკაიასა და სხვებს. ეს წრე ხან ერთ ოჯახში იყრიდა თავს, ხან _ მეორეში. ვერხოვსკის უფროსი და ოლღა, აგრეთვე, მხატვარი, ცნობილი მუსიკოსი კრიტიკოს კარატიგინის მეუღლე იყო და მათთან პარასკევობით რევოლუციის წინა პეტერბურგის ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლებს შეხვდებოდით; ზოგი თეატრიდან გამოდიოდა, ზოგი _ სხდომიდან.

…მშობლების წყალობით რუსუდანი ბავშვობიდანვე ეზიარა ევროპულ კულტურას, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მან შემოიარა ევროპის დიდი ქალაქები _ პარიზი, ლონდონი, რომი, ბერლინი, ჟენევა, ვენა და სხვ. შინ შეისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, აგრეთვე, იტალიური და ჩეხური ენები.

რუსუდანი პარიზში ყოველ ჩასვლაზე სორბონის უნივერსიტეტში ისმენდა მარიამ კიურის, მასტანისა და ლეშატელიეს ლექციებს, ბერლინში თავის ძმა გიორგისთან ერთად _ ზომბარტისა და სხვა გამოჩენილი პროფესორების ლექციებს. შვეიცარიაში ხვდებოდა და მეგობრობდა ცნობილ ფილოსოფოს ციგლერთან და ლაპშინთან, ჟენევის უნივერსიტეტში ისმენდა ქიმიკოს გრებესა და კერმანის ლექციებს…

იმ დავასა და ცხარე კამათს, რომელიც იმართებოდა ხოლმე ნიკო ნიკოლაძისას თბილისსა და ქუთაისში, ფოთსა და ჯიხაიშში, მოსკოვსა თუ პეტერბურგში, პარიზსა თუ ლონდონში, ჟენევასა თუ ბერლინში, ციურიხსა თუ რომში, ისმენდა ცნობისმოყვარე და ნიჭიერი რუსუდანი და დღიურებსაც კი ადგენდა. 1893 წელს 8-9 წლის გოგონამ თავის დღიურში დიდი ასოებით ჩაწერა ასეთი სტრიქონები: “გუშინ საოცარი ამბავი მოხდა: 50 წლის მკვდარი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი განჯიდან თბილისში ჩამოასვენეს და აქ დამარხეს”.

რუსუდან ნიკოლაძის ბიოგრაფია მამამისის _ ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიის გაგრძელებაა. ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგაც (1928 წ.) მის სახლში რუსუდანის წყალობით არ ჩამქრალა დიდი შემოქმედებითი ძიება, კამათი და აზრთა ჭიდილი. აქ კამათობდნენ, მსჯელობდნენ ძველსა და ახალ ლიტერატურაზე, თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებზე. ისმოდა გარდასულ დროთა საინტერესო მოგონებები. ისევ გრძელდებოდა ნიკოს მიერ დაწყებული მეგობრობის დიდი ტრადიციები.

1917 წელს რუსუდან ნიკოლაძე დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაება საგანმანათლებლო მუშაობაში. ჯერ მუშაობდა დიდი ჯიხაიშის სკოლებში (1921 წლამდე), შემდეგ კი _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთქმული ქიმიკოსის _ პეტრე მელიქიშვილის ლაბორატორიაში და ითვლებოდა მის ნიჭიერ მოწაფედ.

მას შემდეგ, რაც ნიკო ნიკოლაძემ სოფელ დიდ ჯიხაიშში მოაწყო საცდელი მეურნეობა, გაიყვანა გზები, სარწყავი არხები, დააარსა ფოსტატელეგრაფი, საავადმყოფო და სხვა კულტურული დაწესებულებანი, ჯიხაიში გახდა დასავლეთ საქართველოს კულტურის ცენტრი, სადაც ჩამოდიოდნენ დიდი ქართველი მწერლები _ აკაკი წერეთელი, იონა მეუნარგია, კირილე ლორთქიფანიძე და სხვები, წლების განმავლობაში ჯიხაიშის საავადმყოფოში მუშაობდა ცნობილი ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელიც.

ჯიხაიშში მოწყობილ ნიკოს საცდელ მეურნეობაზე ლაპარაკობდნენ არა მარტო მოსკოვსა და პეტერბურგში, არამედ პარიზსა და ლონდონში, ბერლინსა და რომში, ჟენევასა და მადრიდში, სადაც ნიკო ნიკოლაძეს მრავალი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. ჯიხაიშში საცდელი მეურნეობის სანახავად საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიოდნენ მეცნიერ მუშაკები, ფერმერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. ფოთში ნიკოს კოშკს ეწვივნენ მერეშკოვსკი და მისი მეუღლე ზინაიდა გიპიუსი, რომლებიც ნიკომ ფოთიდან ჯიხაიშში ჩამოიყვანა და თავისი საცდელი მეურნეობა დაათვალიერებინა.

ნიკომ, აგრეთვე, პირველად საქართველოში სოფელ დიდ ჯიხაიშში გიმნაზია გახსნა, რომელშიც მოიწვია საუკეთესო მასწავლებლები.

1917 წელს რუსუდან ნიკოლაძე პეტერბურგიდან დიდ ჯიხაიშში ჩამოვიდა მამასთან და იქ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. მაგრამ, სანამ რუსუდანი ჯიხაიშში ჩამოვიდოდა, 1915-1917 წლებში სპეციალურად დაამთავრა პეტროგრადში პირველად გახსნილი სკოლამდელი აღზრდის კურსები, რომლის მიზანი იყო, რომ იტალიაში პირველად შემოღებული ბავშვების სწავლების ახალი სისტემა დანერგილიყო რუსეთის საბავშვო ბაღებში.

“ჩემდა სასიხარულოდ, _ ამბობს რუსუდანი, _ მას შემდეგ, რაც სოფლად ლექცია-მოხსენებები წავიკითხე მონტესორის სისტემის შესახებ, ბევრი მიმდევარი და მომხრე შევიძინე სკოლებში; და ამიტომ “არა მარტო საცდელი ჯგუფი მივიღე ერთი წლით ჩემს განკარგულებაში წერა-კითხვის “უწიგნო” სწავლების დასადგენად”, არამედ დამევალა, ფართოდ გამეშალა მუშაობა სოფლად მონტესორის მეთოდით დაწყებითს სკოლებში სწავლის დანერგვისათვის და სისტემატურად წამეკითხა ლექცია-მოხსენებები სოფლის სკოლებში”.

საქართველოში რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, 1921 წლიდან, რუსუდან ნიკოლაძე განათლების კომისარიატში იწყებს მუშაობას და მთელი ენერგიით ხელმძღვანელობს დაწყებითი შრომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობას.

1925 წელს რუსუდან ნიკოლაძემ გამოსცა სქელტანიან წიგნი “წერა-კითხვა საბავშვო ბაღში და შრომის სკოლაში”, თუმცა რუსუდან ნიკოლაძის გვარი სახელმძღვანელოს ყდას არ აწერია. წიგნს ორი ავტორი _ ს. მაჩაბელი და ნ. წულუკიძე _ ჰყავს, მაგრამ ორივე ავტორს 315-გვერდიან სახელმძღვანელოში მხოლოდ 49 გვერდი ეკუთვნის, ისიც რუსუდან ნიკოლაძისა და მისი მამის _ ნიკო ნიკოლაძის მიერ წაკითხული და შესწორებული. სახელმძღვანელოს წინასიტყვაობა და წიგნის თეორიულ-პრაქტიკული ნაწილი 61 გვერდიდან 315 გვერდამდე მთლიანად რუსუდანს ეკუთვნის, მისი დაწერილია და ეს სახელმძღვანელოშიც აღნიშნულია 61-ე გვერდზე.

1933-1974წლებში რუსუდან ნიკოლაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე მოღვაწეობდა, იყო ამ კათედრის გამგე, მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე, ავტორია მრავალი სამეცნიერო, მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. 1970 წელს დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია.

მას შეეძლო ამაყად გადაეხედა მის მიერ განვლილი სასახელო გზისთვის და თამამად გაემეორებინა ილია ჭავჭავაძის სიტყვები:

დაე, თუნდ მოვკვდე,

არ მეშინიან,

მაგრამ ისე კი,

რომ ჩემი კვალი

ნახონ მათ,

ვინცა ჩემს უკან ვლიან,

თქვან: აღასრულა მან

თვისი ვალი.

რუსუდან ნიკოლაძე გარდაიცვალა 1981 წელს, 96 წლისა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მომზადდა

ალექსანდრე სიგუას ნარკვევის  “მეცნიერი და მოქალაქე” (1975.) მიხედვით,

ისტორიული მემკვიდრეობა” #10, 2016 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here