Home რუბრიკები საზოგადოება ზინა გაბიჩვაძე: თუ გვინდა, კრიტიკული აზროვნება და ანალიზი ისწავლოს ბავშვმა, პროგრამასა და...

ზინა გაბიჩვაძე: თუ გვინდა, კრიტიკული აზროვნება და ანალიზი ისწავლოს ბავშვმა, პროგრამასა და სახელმძღვანელოებს უნდა გადავხედოთ

1708

განათლების სფეროში უამრავი პრობლემა არსებობს, სისტემა გასაუმჯობესებელი და დასახვეწია. ქართული ენა, რომელიც ილია ჭავჭავაძემღვთაებრივ საუნჯედგვიანდერძა, ყოველდღიურად ბინძურდება, მიზეზებზე კი არავინ საუბრობს. სად ვეძებოთ გაუნათლებლობის მთავარი პრობლემა? რატომ ვერ იძლევა სკოლა სათანადო ცოდნას და მართებულია სასწავლო სახელმძღვანელოს პოლიტიკური ნიშნით აკრძალვა ან გამოცემა? რა არის განთლების სისტემის მთავარი პრობლემა? _ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა ფილოლოგი, ქალბატონი ზინა გაბიჩვაძე.

_ ქალბატონო ზინა, საგანმანათლებლო სფეროში ჩატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ფაქტია, რომ განათლების დონე დაბალია. როგორც პედაგოგი და ლექტორი, როგორ ფიქრობთ, რატომ იყო და რჩება გადაუჭრელ პრობლემად განათლების საჭირბოროტო საკითხები?

_ საგანმანათლებლო სფეროში ცვლილების სიმწირეს ნადვილად არ ვუჩივით. თითქმის ყოველ წელს, ყოველ თვეს თუ არა, რაღაც ახალს გვთავაზობს განათლების სამინისტრო. ხშირი ცვლილებები კი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ განათლების დონეზე, არამედ ქვეყნის მომავალზეც.

როდესაც საგანმანათლებლო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვაანალიზებთ, კონკრეტულად რა გვინდა, არის კი ეს ის ცვლილება, რომელიც განათლებას სჭირდება? როდესაც საუბარია განათლების სისტემაზე, ვფიქრობ, უნდა ვგულისხმობდეთ მთელ სისტემას _ საბავშვო ბაღებით დაწყებულსა და უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებულს. ეს არის ერთი სისტემა, რომლის ყველა რგოლი დაკავშირებულია ერთმანეთთან და თითოეულს თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია.

ჩემი აზრით, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს საშუალო განათლებას, რადგან სკოლას არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ აღმზრდელობითი ფუნქციაც აკისრია. აქ ხდება ადამიანის მენტალიტეტის, მისი ღირებულებების სისტემის ფორმირება, ამიტომ, მოდი, ჯერ გავარკვიოთ, რა არის სკოლის მიზანი _ ცოდნის მიცემა თუ აღზრდა, მათგან რომელს უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი. იქნებ მთავარი მათი სინთეზია? ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგადი განათლების მიზანი უნდა იყოს, რომ სკოლადამთავრებულს შეეძლოს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, სოციალურ გარემოსთან ეფექტიანი ურთიერთობა და თავისი შესაძლებლობების მუდმივად განვითარება. ეს მგონია სკოლის უმთავრესი მისია.

განათლების დონეს ვინ ზომავს და რა კრიტერიუმით, ესეც საინტერესოა. განათლებას სხვა მიდგომები სჭირდება, პრაქტიკოს მასწავლებლებს იშვიათად ეკითხებიან აზრს და, ალბათ, ერთ-ერთი, და არა ერთადაერთი, მიზეზი ესაა, რომ მარცვალი, რომელიც უნდა აღმოცენდეს და ნაყოფი მოგვცეს, ვერ ახერხებს განვითარებას.

_ განათლებას სკოლიდან ვიღებთ, მაგრამ ნათელია, რომ ახალგაზრდებს ისეთ შეკითხვებზე უჭირთ პასუხის გაცემა, რომლებიც დაწყებითი მასალის ცოდნას გულისხმობს. როგორ ფიქრობთ, სკოლა რატომ ვერ იძლევა სათანადო ცოდნას?

_ მაინტერესებს, რომელია ისეთი შეკითხვები, რომლებიც დაწყებითი მასალის ცოდნას გულისხმობს _ რა მოხდა 11 სექტემბერს თუ რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს? განა ასეთი კითხვებით შეიძლება ადამიანის განათლების დონის განსაზღვრა? რატომ ვერ იძლევა სკოლა სათანადო ცოდნასო? _ მეკითხებით. ყველაფერს სკოლას ნუ დავაბრალებთ.

განათლება მხოლოდ თარიღების, ფორმულების, ფაქტების, ციტატების დაზეპირება არ არის. განათლება ცოდნამიღებული ადამიანის მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბებაა, ვიმეორებ: მოაზროვნე პიროვნებად და არა მოზეპირედ. შეიძლება ბავშვმა ზუსტად არ იცოდეს, რომელი წლის რომელ რიცხვში მოკლეს ილია, მაგრამ სიღრმისეულად გააანალიზოს, რატომ მოკლეს. რომელი სჯობს?

_ მოგეხსენებათ, სასკოლო სახელმძღვანელოები ხშირად იცვლება განათლების დონის გაუმჯობესების მიზნით. როგორ ფიქრობთ, სახელმძღვანელოს შერჩევაშია პრობლემა თუ მეთოდში, რომელიც მასალის მიწოდებას გულისხმობს?

_ განათლების დონის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად აქვს სახელმძღვანელოს. ამ შემთხვევაში ჩემს საგანზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, ვისაუბრებ. ვფიქრობ, ამ საგნის სწავლება სერიოზულ გავლენას ახდენს პიროვნების მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე, რადგან დამოკიდებულება, რომელიც უყალიბდება ლიტერატურულ ტექსტებთან, პირდაპირ აისახება მის მსოფლმხედველობაზე. მთავარი პრობლემა, ვფიქრობ, ხშირად არის ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტირების უარყოფა. ამ თვალსაზრისით, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია კარგად დაწერილი (შედგენილი) სახელმძღვანელო. იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ახალგაზრდას სხვაგვარი ხედვა აქვს, თუ გვინდა, ბავშვმა კრიტიკული აზროვნება და ანალიზი ისწავლოს, პროგრამასა და სახელმძღვანელოებს უნდა გადავხედოთ. ბევრი რამ უნდა განახლდეს, შეიცვალოს.

ძალიან ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, შეუძლია თუ არა მას, ასწავლოს ბავშვებს არა დაშტამპულად, ტაბუდადებულად, არამედ მისცეს თავისუფლად აზროვნების საშუალება. განა მასწავლებელი რასაც ამბობს, ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა? ის უნდა შეეცადოს, ასწავლოს დაფარულის ამოკითხვა, რათა სიღრმისეულის შემჩნევა შეძლონ. შეიძლება, ნაწარმოების განხილვისას არ გეთანხმებოდეს მოსწავლე და ეს სულაც არ არის საგანგაშო, პირიქით _ საინტერესოც კია. მთავარია, არგუმენტირებულად დაამტკიცოს თავისი მოსაზრება. მასწავლებელმა ეს რომ შეძლოს, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის მომზადებას.

 _ ქალბატონო ზინა, ავტორი ხართ წიგნისაქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის”. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მშობლიური ენა ყოველდღიურად მახინჯდება და არასწორი ფორმები მკვიდრდება. როგორ ფიქრობთ, ენის დაბინძურება მხოლოდ ქართველი ხალხისსიზარმაცისბრალია თუ სისტემის, რომელმაც ვერ უზრუნველყო სათანადო ცოდნის დანერგვა?

_ ადამიანის განათლებისთვის მშობლიური ენის გრამატიკის ცოდნა აუცილებელია. თუმცა რადგან ქართველები ვართ, გვგონია, რომ ქართული ენა ვიცით. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს სწორად მეტყველებისა და წერის კულტურის უნარები, რაც, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ხერხდება. დღეს სკოლებში დანერგილია ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება, რომელსაც აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. ვფიქრობ, ძირითადი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს პრაქტიკულ სწავლებაზე და არა თეორიულზე. არაფერი დაშავდება, თუ არ გეცოდინებათ, რამდენი გვარი აქვს ქართულ ზმნას, მაგრამ გაუმართლებელია, “დაუხატავს” ნაცვლად თქვათ “დაუხატია”. ენა არა მხოლოდ გამოხატავს, იგი წარმართავს და აყალიბებს კიდეც ჩვენს შეგნებას, ანუ ჩვენ ვართ ის, რასაც ვამბობთ. დღეს უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს სინტაქსში. თითქმის მთლიანად დარღვეულია ქართული წინადადების სინტაქსური კონსტრუქცია და ეს იმიტომ, რომ უცხოური ენების (ინგლისურისა და რუსულის) სინტაქსის გავლენით აგებენ წინადადებას.

ილია ამბობდა: “ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეოროტიკა”. ენა ცოცხალი და დაუდგრომელი ფენომენია, ჩვენი სალიტერატურო ენა კი არის კონსერვატიული ბუნებისა, მაგრამ ეს მის ხელოვნურად “კონსერვაციას” არ უნდა ნიშნავდეს. ენა ახალ სიტყვებსაც უნდა ითვისებდეს და მივიწყებულსაც უნდა აცოცხლებდეს.

არ შეიძლება მასწავლებელთა ასე ხელაღებით გაკიცხვა. ეს იწვევს იმას, რომ ახალგაზრდებში ეს პროფესია არ ითვლება პრესტიჟულად. როდესაც მოსწავლეს მასწავლებელი უიღბლო ჰგონია მხოლოდ იმიტომ, რომ ის სკოლაში ასწავლის, ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა. სანამ მოსწავლე არ გააცნობიერებს, რომ მასწავლებლის გარეშე ის წარმატებას ვერ მიაღწევს, მანამდე განათლების რეფორმას წარმატებულად ვერ ჩავთვლი.

_ ქალბატონო ზინა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი საგნის ზღვრის აწევას გეგმავს. როგორ ფიქრობთ, კარგი ცვლილება იქნება ეს და როგორ აისახება საბოლოო ჯამში სამომავლო შედეგებზე?

_ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა საქართველოს განათლების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი და ერთ-ერთი წარმატებული რეფორმაა. ვფიქრობ, გამოცდების გადასალახავი ზღვარი უნდა აიწიოს, რაც კონკურენციას გაზრდის, ეს კი სწავლის ხარისხს გააუმჯობესებს, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, უნდა ვიფიქროთ გარეთ დარჩენილ ახალგაზრდებზეც. მხოლოდ ბარიერის აწევა პრობლემას რომ არ მოაგვარებს, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ რაღაც მაინც დაიძვრება ადგილიდან. უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებს ის, ვისაც მართლა უნდა სწავლა, განსხვავებით მათგან, ვისაც დიპლომი მხოლოდ საჩვენებლად სურს. ამის შემდეგ გვეყოლებიან არა “ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლები”, არამედ პროფესიონალი ხარატი, დურგალი, სტილისტი…

დავასრულებ კონფუცის სიტყვებით: “თუ ერთწლიანი გეგმები გაქვს _ ბრინჯი დათესე, თუ ათწლიანი გეგმები გაქვს _ ხეები დარგე; ხოლო თუ ასწლიანი _ განათლება მიეცი ბავშვებს”, რადგან ეს არის უმთავრესი ქვეყნის მომავლისთვის”.

ესაუბრა

ეკა ზარნაძე

1 COMMENT

  1. umtavresia saxelmzgvaneloebi ise sheicvalos rom damoukideblad imushaos da ara repetitorze ikos damokidebuli.98 pdocenti emzadeba . da isev tavis skolis mascavlebeltan …?metodikaze carmodgena ar ak mascavlebelta umravkesobas rac aisaxeba masalis atvisebashi amitomac mimartaven repetitors .monitoringi aucilebelia anu komunistebis dros ganatlebis inspekcia da daxelovnebis institutis metoduri daxelivneba adgilze misvlit chatarebuli gakvetilebis mixedvit.shedegad gvkavda sauketeso oedagogebi sauketeso shedegebit.sertipicireba araperze ar metkvelebs praktikosi pedagogebia sachiro romelta gverzec gaizrdeba axalgazrda pedagogebi\\\’

  2. დღეს სკოლებში მასწავლებლების პასუხია მოსწავლეებზე ატესტატი გატანა თუ უნდათ უნდა მოემზადონ,მაშინ სკოლები რა საჭიროა ან მაგ მასწავლებლბი,განუკითხაობა გაქვთ სკოლებში,ვისაც ფული არა აქვს ვერ ემზადება და 11 კლასის ატესტატსაც ვერ გაიტანს თურმე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here