Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში გაუდაბნოების პროცესს სამასი ათასი ჰექტარი მიწა განიცდის

საქართველოში გაუდაბნოების პროცესს სამასი ათასი ჰექტარი მიწა განიცდის

1491

1962 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის, შემდეგ ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ქალბატონი გოგოლა მარგველაშვილი აქტიურად ერთვება პრაქტიკულ სამეურნეო და სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობაში. 

1970 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას, 1989 წელს კი ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიაში _ სადოქტორო დისერტაციას. მომდევნო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს დარგის რიგ სამეცნიეროკვლევით ორგანიზაციებს. 1995 წელს აირჩიეს საქართველოს სასოფლოსამეურნეო აკადემიის აკადემიკოსად; 2010 წლიდან აკადემიის საბჭოს წევრი და აგრონომიული განყოფილების აკადემიკოსმდივანია. იგი ჩვენს ისტორიაში ერთადერთი ქართველი აკადემიკოსი ქალია აგროქიმიის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 130-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 2 მონოგრაფიაა და ორი _ სახელმძღვანელო. მოამზადა 17 მეცნიერებათა კანდიდატი და 4 მეცნიერებათა დოქტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ნიადაგის დეგრადაცია _ გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხე

თანამედროვე კაცობრიობა კვების პროდუქტების 93 პროცენტს ნიადაგის ნაყოფიერებით იღებს. ნაყოფიერი ნიადაგის ფართობი კი თანდათან მცირდება, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იზრდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის გაიზრდება 3,0 მილიარდი ადამიანით და 9 მილიარდს მიაღწევს. თუკი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში მარცვლეული მსოფლიოში კულტურებით დაკავებული ფართობი ერთ სულ მოსახლეზე შემცირდა 0,23-დან 0,12 ჰამდე, 2050 წლისთვის იგი შეადგენს, სულ რაღაც, 0,07 ჰექტარს. ეს უკვე კრიტიკული სიდიდეა, რომლის კომპენსირება ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებით ძალიან ძნელი იქნება.

მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაწყებული ნიადაგების სულ უფრო მზარდი წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ნიადაგების, მტკნარი წყლებისა და მსოფლიო ოკეანის ტექნოგენური დაბინძურება, სამრეწველო გამონაბოლქვი ატმოსფეროში _ ყოველივე ამან გლობალური მასშტაბი მიიღო. კაცობრიობის ისტორიაში პირველად ადამიანის საწარმოო მოქმედებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენს პლანეტაზე ბუნებრივი პროცესების ჩამოყალიბებულ ბალანსს.

1934 წელს აშშ-ში ცენტრალური დაბლობის პრერიების ფართოდ და უკონტროლოდ გადახვნამ გამოიწვია ნიადაგების ძლიერი ქარისმიერი ეროზია (დეფლაცია), აიტაცა ჰაერში მტვრის უდიდესი მასა, რომელმაც გარკვეული დროით დააბნელა ვაშინგტონისა და ნიუ იორკის თავზე ცა. დაირღვა ნიადაგის სახნავი ჰორიზონტი დაახლოებით 40 მილიონ ჰექტარზე. მომხდარი გამოცხადდა ეროვნულ უბედურებად. დასამახსოვრებელია ამ უბედურებისას აშშის პრეზიდენტის _ ფრანკლინ რუზველტის განაცხადება: “ხალხი, რომელიც არღვევს თავის ნიადაგს, ანადგურებს თავის თავს”. აღნიშნული მოვლენის გამო 1935 წელს აშშ-ში შეიქმნა ნიადაგის დაცვის სახელმწიფო სამსახური, ხოლო 1939 წელს მიიღეს კანონი ნიადაგის დაცვის შესახებ.

მსგავსი მოვლენა, ძლიერი მტვრიანი ქარიშხლები და ნიადაგების ქარისმიერი ეროზია, მოხდა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირშიც _ ყამირი მიწების დიდი ფართობების გადახვნის შედეგად დასავლეთ ციმბირის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ყაზახეთსა და ვოლგისპირეთში.

ამ ვითარებით შეშფოთებულმა რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა XX საუკუნის 80-90-იან წლებში ჩაატარეს ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ნიადაგებისა და მსოფლიოს მიწის ფონდის მდგომარეობის ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ჩვენს პლანეტაზე სახნავად ვარგისი მიწის ფართობი შეადგენს 3 მილიარდ 278 მილიონ ჰექტარს, ანუ ხმელეთის მთლიანი ფართობის 22%-; ამასთანავე, მაღალი და საშუალოდ პროდუქტიული ნიადაგები ხმელეთის მხოლოდ 9 პროცენტს. დანარჩენი მიწები, კლიმატური, გეოლოგიური და ოროგრაფიული პირობების მიხედვით, მიწათმოქმედებისთვის უვარგისია.

მსოფლიოში სახნავად ვარგისი 3 მილიარდ 278 მილიონი ჰექტრიდან დღეს იხვნება 1.5 მილიარდი ჰექტარი; დარჩენილი მოუხნავი მიწები უპირატესად წარმოდგენილია დაბალნაყოფიერი ნიადაგებით და მათ ასათვისებლად დიდი დანახარჯებია საჭირო.

1990 წელს ნიდერლანდების საერთაშორისო საცნობარო-საინფორმაციო ნიადაგურმა ცენტრმა შეადგინა ნიადაგების ანთროპოგენური დეგრადაციის რუკა, რომელიც თვალსაჩინოდ უჩვენებდა ამ უაღრესად საშიში პროცესის გლობალურ მასშტაბს. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხარისხის დეგრადაციით დაზიანებულია თითქმის 2 მილიარდი ჰექტარი ნიადაგი, მათგან 55,6% მოდის წყლისმიერ ეროზიაზე, 27,9% _ ქარისმიერ ეროზიაზე, 12,2% _ დამლაშებაზე, დაბინძურებაზე, ნიადაგის გამოფიტვაზე, 4,2% _ მექანიკურ გამკვრივებაზე. აღნიშნულ მონაცემებს უნდა დაემატოს ისიც, რომ კაცობრიობამ ისტორიულ პერიოდში უკვე დაკარგა ოდესღაც ნაყოფიერი ნიადაგების 2 მილიარდი ჰექტარი, გადააქცია ისინი ანთროპოგენურ უდაბნოებად და უვარგის მიწებად. ნაყოფიერი ნიადაგების დაკარგვა გრძელდება თანამედროვე პერიოდშიც. ყოველწლიურად სასოფლო-სამეურნეო სარგებლობიდან ეთიშება დაახლოებით 15 მლნ ჰა პროდუქტიული ნიადაგი. დადგენილია, რომ ნიადაგის დეგრადაციის პროცესი მიმდინარეობს მზარდი სიჩქარით; გასული საუკუნის მეორე ნახევარში იგი საშუალო ისტორიულთან შედარებით 30-ჯერ გაიზარდა.

 მსოფლიოზე დაკვირვების ვაშინგტონის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლესტერ ბრაუნმა ნიადაგის დეგრადაციის პროცესს მოსწრებულად უწოდა “პლანეტის ჩუმი კრიზისი”, ხოლო ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში დიდი ავტორიტეტი, ფრანგი მეცნიერი ჟან დორსტი თავის ცნობილ წიგნში “მანამდე, სანამ მოკვდება ბუნება” აღნიშნავდა: “ნიადაგი ჩვენი ყველაზე ძვირფასი კაპიტალი, სიცოცხლე და კეთილდღეობაა. მიწისზედა ბიოცენოზების მთელი კომპლექსის, ბუნებრივისა და ხელოვნურის არსებობა, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია თხელ ფენაზე, რომელიც ქმნის დედამიწის ყველაზე დიდ ზედა საფარს”. საუბარია რა, თქმა, უნდა ნიადაგზე.

სიღარიბესთან ბრძოლისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია, გადაიხედოს ნიადაგისადმი, როგორც სიცოცხლის მთავარი წყაროსადმი, დამოკიდებულება. ვერც ქიმიური მრეწველობის განვითარებამ და მინერალური სასუქების წარმოების გაზრდამ, ვერცმწვანე რევოლუციამვერ შეძლო შიმშილის დაძლევა დედამიწაზე, ამიტომ მთავარი ამოცანაა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს ალტერნატული მეთოდების გავრცელებისა და დანერგვის კომპლექსური მიდგომით, ისეთით, როგორიცაა ნიადაგდაცვითი და რესურსდამზოგი მიწათმოქმედება, ორგანული სოფლის მეურნეობა, ოჯახური ფერმერული მეურნეობრიობა და აგროეკოლოგია.

მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ვერ თანხმდებიან დედამიწის სასურსათო პოტენციალის საკითხზე. “მწვანე რევოლუციის” მამად წოდებული ნობელის პრემიის ლაურეატი ნორმან ბერლოუგი ამტკიცებდა, რომ დედამიწას შეუძლია უზრუნველყოს საკვებით ათი მილიარდი ადამიანი, თუმცა იქვე აღნიშნავდა, რომ ეს შეუძლებელია თანამედროვე აგროტექნიკის სერიოზული მიღწევებისა და განვითარების გარეშე. საწინააღმდეგო პოზიციაზე დგანან სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგები _ პოლი და ენი ერლიხები. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ უკვე გავედით ჩვენი პლანეტის პოტენციალური მოცულობის ფარგლებს გარეთ, რომელიც მათ დაადგინეს დაახლოებით სამი მილიარდის ნიშნულზე.

და მაინც, ვიდრე ნიადაგის ეროზია ნიადაგწარმოქმნას უსწრებს, იქმნება სიტუაცია, როცა სოფლის მეურნეობას უკვე არ შეუძლია მოსახლეობის მზარდი რაოდენობის საკვებით უზრუნველყოფა _ ეს, უბრალოდ, დროის საკითხია.

როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს საქართველოში ნიადაგებთან დაკავშირებით? საქართველო ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა ნიადაგის მრავალფეროვნებით. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობების, ნიადაგწარმომქმნელი ქანების მრავალფეროვნება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგის გავრცელებას განაპირობებს _ დაწყებული შავმიწებიდან, დამთავრებული უდაბნოს ტიპისა და ტენიანი სუბტროპიკებისთვის დამახასიათებელი ნიადაგებით (49 ნიადაგური ტიპი). ამდენად, საქართველოს შეიძლება “ნიადაგური მუზეუმიც” ეწოდოს.

მაგრამ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში შექმნილი მძიმე სოციალურეკონომიკური პირობების გამო ნიადაგი სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩა. ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების შენარჩუნებაამაღლებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კრიტიკულ დონეს მიაღწია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოში როგორც ბიომრავალფეროვნების ფორმირებასა და შენარჩუნებას, ისე სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას, ამის დაშვების უფლება სახელმწიფოს არ აქვს.

ჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობას ისიც ემატება, რომ მნიშვნელოვანი ფართობები უჭირავს დეგრადირებულ ნიადაგებს, რომლებიც სავარგულების 35 პროცენტს შეადგენს.

მიწის დეგრადაცია საქართველოში განპირობებულია კლიმატურ-რელიეფური თავისებურებებით, გეოდინამიკური პროცესების აქტივობით, ტყეების უკონტროლო ჭრითა და არასწორი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით (უკონტროლო ძოვება, დამრეც ფერდობებზე ხვნა, ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ა.შ.) და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოში დათბობისა და კლიმატის არიდიზაციის პროცესები დროში დაემთხვა ნიადაგების გაძლიერებულ დეგრადაციას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სოფლის მეურნეობის წარმოების პროდუქტიულობის დაცემას.

მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა ჩვენს ქვეყანაში ეროზიაა. ეროზირებულ ნიადაგებს საქართველოში მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 33 პროცენტი უკავია. ეროზირებული მილიონი ჰექტრიდან 330 ათასი სახნავ-სათესი ფართობია, რომელთაგან 221 ათასი წყლისმიერ ეროზიას განიცდის, 109 ათასი ჰექტარი კი _ ქარისმიერ ეროზიას.

ნიადაგების დეგრადაციაში მნიშვნელოვანია ქარისმიერი ეროზიის (დეფლაცია) როლი. აღმოსავლეთ საქართველოში _ სამგორისა და ალაზნის ველზე, შირაქის, ტარიბანასა და ელდარის ფართობებზე, ქართლში ხშირად ძლიერი ქარები რამდენიმე დღეში აცლის ნიადაგს 5-6 სმ სისქის ზედა ფენას. ნიადაგის დანაკარგთან ერთად იკარგება საკვები ელემენტებისა და ჰუმუსის დიდი ნაწილი. ეს კი ამ ფართობების გაუდაბნოების რეალურ საშიშროებას ქმნის მთელი თავისი უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგებით.

დეგრადაციის ერთ-ერთი გამოხატულებაა დამლაშებული ნიადაგები. საქართველოს ნახევრადგაუდაბნოებულ ტერიტორიებზე გავრცელებული დამლაშებული და ბიცობი ნიადაგების ფართობი 205 ათას ჰექტარზე მეტია.

ქვეყნის მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის 80 პროცენტამდე ღარიბია საკვები ელემენტებით; განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში შეინიშნება ნიადაგის ნაყოფიერების უმთავრესი მაჩვენებლის _ ჰუმუსის მწვავე დეფიციტი და მისი ბალანსი უარყოფითია.

 მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი, მსოფლიოში ცნობილი სახეა გაუდაბნოება, რომელიც მშრალი სტეპებისა და ნახევარუდაბნოების მცენარეული საფარის თანდათანობით დაკარგვას იწვევს.

საქართველო არ იმყოფება უდაბნოების ზონის უშუალო სიახლოვეს, მაგრამ მოსალოდნელი გლობალური დათბობის ფონზე მის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგიერთ რეგიონს (კახეთი, ქვემო ქართლი) სისტემატური გვალვიანობის შემთხვევაში შეიძლება რეალურად შეექმნას ლოკალური გაუდაბნოების საშიშროება. საქართველოში გაუდაბნოების პროცესს განიცდის 3 000 კმ2, ანუ 300 000 ჰა; გაუდაბნოების პროცესის გააქტიურება შეიმჩნევა სამხრეთ საქართველოშიც _ ახალციხის ქვაბულსა და შიდა ქართლში (კასპის რაიონი), სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების თითქმის მთლიანად განადგურების, გვალვების სიხშირის გაზრდისა და ნალექების დეფიციტის პირობებში მომატებული ტემპერატურის ფონზე გაძლიერდა ქარისმიერი ეროზიის პროცესი.

როგორც ზემოთ წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, ნიადაგების ასეთი მდგომარეობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, საფრთხეს უქმნის საქართველოში არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების დაცვას, არამედ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასაც. დადგა დრო, გავიგოთ, რომ ნაყოფიერი ნიადაგი _ ეს არის ბუნებრივი რესურსი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისთვის, ვიდრე ჰაერი და წყალი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიწის დეგრადაციასთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა აღიაროს.

აუცილებელია, შეიქმნას ნიადაგის დაცვის სახელმწიფო სამსახური. ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების პრობლემის გადაწყვეტა მისი მეცნიერული უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია; “სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა”, _ ასე მიაჩნიათ ევროპაში.

მიწაზე დამკვიდრებული ყველა თაობის ვალია, იზრუნოს მის დაცვაზე, ნაყოფიერების ამაღლებაზე და ასე გადასცეს იგი შთამომავლობას.

1 COMMENT

  1. სტატია თავიდან ბოლომდე დიდი ინტერესით წავიკითხე! რაც გვჭირს, იმის გარდა თურმე კიდევ უფრო დიდი პრობლემა გვქონია.. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მართლაც საგანგაშო და საშური საქმე გვქონია გასაკეთებელი.. იმედი მაქვს ჩვენი მთავრობა მიხედავს ამ პრობლემას. ტყუილად კი არ ეძახიან ჩვენს პლანეტას დედამიწას! თუ ნიადაგი გამოუსედაგი გახდება, მაშინ არც სოფლის მეურნეობის პროფცია გვექნება. ალბათ ამიტომაც წინასწარმეტყველებენ, რომ დიდი შიმშილის საშიშროება გვემუქრებაო… ღმერთმა დაგვიფაროს!
    მადლობა ქ-ნ გოგოლა მარგველაშვილს საინტერესო სტატიისთვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here