Home რუბრიკები პოლიტიკა ომი კოსმოსში ფანტასტიკა აღარ არის

ომი კოსმოსში ფანტასტიკა აღარ არის

1155

ის, რაც ადრე სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, დღეს რეალობაა და ამერიკა ამ რეალობაში უკვე აგებს. ბოლო რამდენიმე ათეული წელია, კოსმოსში ომის იდეა დრამატულად ვითარდება. თუკი ადრე კოსმოსური ომები TIE-გამანადგურებლებითა და X-ფრთებით ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, ახლა რეალობად იქცა. მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში თანამგზავრები და ორბიტული სამხედრო ობიექტები უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას იწყებენ გეოპოლიტიკაში.

სფეროს, სადაც ადრე აშშ ბატონობდა, დღეს საფრთხე დაემუქრა. ამა თუ იმ უცხო სახელმწიფოს მიერ კოსმოსში გაშვებული თითოეული თანამგზავრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვაში ახალი ნახვრეტი ჩნდება. დღეს კოსმოსი ღიაა რიგი ძლიერი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც სურთ, ის სამხედრო უპირატესობისთვის შესაქმნელად გამოიყენონ. ღამით ცაზე უხილავი ომის ველი ყალიბდება.

კოსმოსური ჯარები

სამხედრო უპირატესობის შესანარჩუნებლად ამერიკის შეერთებული შტატები კოსმოსური კონფლიქტებისთვის მზადების მეთოდებს ცვლის. ამოქმედდა საფრთხეების აღმოცენების საწინააღმდეგო ახალი პროგრამა, სახელწოდებით Space Mission Force. ამ პროგრამის მიზანია მომზადება თანამგზავრების ოპერატორებისა, რომლებსაც უნდა შეეძლოთ მოქმედება კოსმოსური კონფლიქტის პირობებში. კოსმოსური კონფლიქტის კონცეფცია კი იცვლება. მომზადების 6-თვიან ინტენსიურ კურსებში გათვალისწინებულია ისეთი საგნები, როგორიცაა ტაქტიკა და მუქარებზე რეაგირება, ამის შემდეგ კი იწყება ახალი 6-თვიანი კურსი მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოსაყენებლად. პროგრამა გასულ წელს შეიმუშავეს, მისი არსი კი ახლახან გამოქვეყნდა 8-გვერდიან ოფიციალურ დოკუმენტში სახელწოდებით “Space Mission Force: ხვალინდელი დღის კოსმოსური ჯარების მომზადება”.

ამ პროგრამის ავტორი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ ჰაიტენი მიუთითებს, რომ აშშ-მა კოსმოსური ჯარები უნდა შექმნას არა ხვალინდელი, არამედ დღევანდელი დღისთვის. ამერიკის მტრები შეუპოვრად ცდილობენ მის დაწევას და გადასწრებას სამხედრო-კოსმოსურ რბოლაში. კერძოდ, რუსეთი და ჩინეთი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ ნებისმიერ სავარაუდო კონფლიქტში.

თავის მოხსენებაში ჰაიტენი აშშ-ის მთავრობას აფრთხილებს: თუ ჩვენ სწრაფად არ განვახორციელებთ რეფორმებს, დავკარგავთ უპირატესობას კოსმოსში და აღარ გვექნება შესაძლებლობა, წარმატებით დავუპირისპირდეთ მოწინააღმდეგეს ყველა სფეროში”.

ჩინური საფრთხე

24 ივლისს ჩინეთმა გაავრცელა თანამგზავრის გამოჭერისა და ხელში ჩაგდების ვიდეოკადრები. ამ ქვეყანამ 2010 წელს გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც ორბიტული თანამგზავრი გაანადგურა. მეორე გამოცდა 2013 წელს ჩატარდა.

ჩინეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღსკოზირის ტუზსუწოდებს ვაშინგტონის წინააღმდეგ. მიზეზი გასაგებია. განადგურების საფრთხე ემუქრება ამერიკის არა მხოლოდ ჯაშუშურ ტექნიკას. ის გაცილებით სერიოზულია _ კოსმოსში ჩინეთის შესაძლებლობები კოსმოსური ბაზირების მთელ ინფრასტრუქტურას უქმნის საფრთხეს და ცვლის მსოფლიოს.

კაცობრიობა დამოკიდებულია თანამგზავრულ ტექნიკაზე: ეს არის რადიო, ტელეფონი, ტელევიზია, სანავიგაციო ხელსაწყოები, რომლებიც თვითმფრინავებს, საზღვაო ხომალდებს, მანქანებს მიუთითებს, სად იმყოფება; დაზვერვისა და ჯაშუშობის საშუალებები, აგრეთვე, კვლევები და ასტრონომია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ვიმზიროთ არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარეთაც. კიდევ არის მეტეოროლოგიური დაკვირვების საშუალებები, რომლებიც, მაგალითად, თვითმფრინავის პილოტს მიუთითებს, როგორ, რა მიმართულებით იფრინოს და ა.შ. ეს ყველაფერი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. და, თუ ამ ყველაფერს წაართმევენ ადამიანს, ყველაზე მეტად ამერიკა დაზარალდება.

თავის მიღწევებს სამხედრო და კომერციულ კოსმოსურ სფეროში ამერიკა თანამგზავრულ ტექნიკასა და ტექნოლოგიებს უნდა უმადლოდეს. დღეს კი ვხედავთ, რომ მისი მოწინააღმდეგეები მუშაობენ ისეთი სამხედრო ტექნიკის შექმნაზე, რომელმაც შეიძლება აშშ ყველა ისტორიული უპირატესობა დააკარგვინოს.

როგორ შეიძლება უპასუხოს აშშ-მა თავდასხმას?

თუკი რომელიმე ქვეყანა გაანადგურებს აშშ-ის ყველა თანამგზავრს, აშშ ვეღარ შეძლებს საპასუხო დარტყმას. GPშ-ით დამიზნება და მართული ბომბები ეხმარება აშშ-ს, თავიდან აიცილოს თანმდევი ზიანი და აძლევს მას უპირატესობას. მაგრამ აქ ჩნდება თავისი ხასიათით უნიკალური დამოკიდებულება. წაართვით ნებისმიერ სხვა ქვეყანას კოსმოსი და ეს მისთვის მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტი იქნება, მაგრამ, თუ კოსმოსურ სივრცეს ვერ გამოიყენებს ამერიკა, მისი ბრძოლის მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება.

ამერიკას უნდა აშფოთებდეს ჩინეთის მიღწევები იმიტომ, რომ ბევრ რამეს დაკარგავს, თუ კოსმოსური რბოლა მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის გაიმართება. ჩინეთის ცდები თანამგზავრების განადგურების სფეროში აშკარა საფრთხეა აშშისთვის.

კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას უნდა იწვევდეს ის, რომ ჩინეთი მარტო არ არის.

რუსეთის წარმატებები

ამას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ რუსეთს შეიძლება ვუწოდოთ კოსმოსური სახელმწიფო ნომერი ორი.

თუ ჩინურმა დრაკონმა ახლახან შექმნა რაკეტა, რომელსაც შეუძლია ამერიკულით თანამგზავრის განადგურება შორეულ ორბიტაზე, ეს რუსული დათვისთვის კარგა ხნის წინათ იყო შესაძლებელი.

ამჟამად დედამიწის ახლო და შორ ორბიტებზე რუსეთის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების 75 თანამგზავრია. მასვე აქვს ამერიკული ჯაშუშითანამგზავრის აღმოჩენის საშუალებები. რუსეთი ფლობს თვალთვალსა და დევნის თანამედროვე საშუალებებს, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ ამერიკელი .. უხილავი ჯაშუშითანამგზავრებისთვის. ალტაის ოპტიკურლაზერული ცენტრის განცხადებით, მას შეუძლია 40%-ით მეტი ობიექტის მიღება და თვალთვალი, ვიდრე ამერიკულ მონაცემთა ბაზაშია მოხსენიებული.

რუსული გაზეთი “იზვესტია” იუწყებოდა, რომ მოსკოვი გეგმავს ინფორმაციის გამოქვეყნებას ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრებზე. ასეთ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ხელში ჩაუვარდება ჩინელებს, ეს კი კიდევ უფრო შეასუსტებს აშშ-ის უსაფრთხოებას კოსმოსში და დედამიწაზე. ვაშინგტონმა უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსულ თანამგზავრებზე, და ახლა კრემლი დარტყმას დარტყმით პასუხობს, რომელსაც შეიძლება კატასტროფული შედეგი მოჰყვეს.

ალტაის ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ამერიკის რადიოსალოკაციო დაზვერვის _ “ლაკროსის” _ თანამგზავრების გამოსახულებები. მალე, ალბათ, ახალ ფოტოებსაც ვიხილავთ.

ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო იოლია თანამგზავრების აღმოჩენა. მაგალითად, აშშ-ის უახლესი ჯაშუში _ თანამგზავრი გაშვებიდან სამი დღის შემდეგ აღმოაჩინა ავსტრალიელმა დამკვირვებელმა. ამ აღმოჩენის შესახებ მან დაწერა თავის ბლოგში, რომლის წაკითხვაც ყველას შეუძლია.

კოსმოსურ სახლში სიმჭიდროვეა

დღეს ორბიტაზე იმყოფება დაახლოებით 1380 თანამგზავრი. არსებული მონაცემებით, მათგან 149 ამერიკული თანამგზავრია _ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების. რუსეთს 75 თანამგზავრი ჰყავს, ჩინეთს _ 35, ისრაელს _ 9, საფრანგეთს _ 8, ბრიტანეთსა და გერმანიას თითოეულს _ 7. თუ კომერციულ თანამგზავრებსა და დაახლოებით 500 ათას კოსმოსური ნაგვის ნამსხვრევს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ორბიტაზე სიმჭიდროვეა. უზარმაზარი რაოდენობა ნაგვისა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობს, და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები კესლერის სინდრომის პროვოცირების საფრთხეს ქმნის. მეცნიერი დონალდ კესლერი კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალურ სამმართველოში (NASA) მუშაობდა და შეიმუშავა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ორბიტული ნაგვის რაოდენობა მოიმატებს მანამ, სანამ არ წარმოიქმნება ჯაჭვური რეაქცია. ნაგავი დაეჯახება თანამგზავრს, წარმოიქმნება ახალი ნამსხვრევები, რომლებიც დაეჯახება ახალ თანამგზავრებს, და წარმოიქმნება კიდევ მეტი ნაგავი. ეს ყველაფერი კი დაემსგავსება ბირთვულ რეაქციას, რომელშიც ერთი ელემენტი იშლება და იწვევს დაშლას დიდი რაოდენობის ელემენტებისა, რომლებიც იმავეს აკეთებენ.

თუ კოსმოსში დაიწყება ომი, ის ძალიან მალე გამოიწვევს ასეთ ჯაჭვურ რეაქციას. ასეთ შემთხვევაში ომი ჩვენთვის ცნობილი სახით არ იქნება. კოსმოსში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად შეცვლის დედამიწელთა ცხოვრებას.

“დაბრმავებული, დაყრუებული და დამუნჯებული” მეთაურები იძულებულნი იქნებიან, ომის წარმოების ჩვეულებრივ საშუალებებს მიმართონ, რადგან ვერ გამოიყენებენ თანამგზავრებიდან მართულ უპილოტო საფრენ აპარატებსა და რაკეტებს. ამერიკელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ შეძლებენ ასეთი ომის თავიდან აცილებას, მაგრამ ჩინეთმა თავისი ცდებით შეიძლება გამოიწვიოს კესლერის სინდრომი.

რა მოხდება, თუ ომი დაიწყება? თუ აშშისთვის გამოუსადეგარი შეიქნება მის ხელთ არსებული კოსმოსური იარაღი, რაც ძირეულად შეცვლის ომის ხასიათს, ომის ესკალაცია უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე მისი შეკავების მცდელობა.

მოვა დრო, დედამიწაზე გამეფდება მშვიდობა, მაგრამ ჯერ რთული დროება დადგება. ომები თითქმის დამთავრდა როგორც კოსმოსში, ისე დედამიწაზე. და მიუხედავად იმისა, რომ მათი ქუხილი მაინც ისმის ჩვენ გარშემო, საშინელებებმა შეიძლება გვერდი აგვიაროს.

კალუმ ვუდი (The Trumpet)

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here