Home რუბრიკები საზოგადოება ლევან ვასაძის თვალსაზრისის არალიბერალური კრიტიკა

ლევან ვასაძის თვალსაზრისის არალიბერალური კრიტიკა

1256

წინამდებარე სტატიაში გავიხილავთ ლევან ვასაძის მიერ “სტუდია ფალავანდიშვილის” ხელმძღვანელის _ გურამ ფალავანდიშვილისადმი მიცემულ ვრცელ ინტერვიუს:

უამრავი დადებითი აზრი გამოითქვა ამ ინტერვიუს ფარგლებში, რომლის სულისკვეთებასაც მთლიანობაში ვიზიარებ. მთავარი ვასაძის ხედვაში მაინც არის საქართველოს ისტორიული ფუნქციის გააზრება გეოპოლიტიკის ჭრილში. ვასაძის შეფასებით, საქართველო, გამომდინარე თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, ისტორიიდან, კულტურიდან, არის კავკასიის ბუნებრივი ცენტრი. საქართველო არ უნდა იყოს მუდმივად მთხოვნელის როლში.

ჩემი მხრიდან დავძენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც, განსხვავებით წარსულისგან, მცირე სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართალი, გაეროს წესდება და სხვა საერთაშორისო დოკუმენტები იცავს პირდაპირი გარე აგრესიისგან, საქართველოს არათუ არსებობა, არამედ ღირსეული მდგომარეობაც სავსებით რეალური წარმოსადგენია. ეს ასე იქნებოდა, რომ არა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ახალპატრონებზეგამუდმებული აპელირება დასავლეთის მიერ გამოზრდილი სამთავრობო, არასამთავრობო თუ ჟურნალისტური ბიუროკრატიის მხრიდან.

ლევან ვასაძე მართებულად დასცინის ჩვენი საზოგადოების ამ “კასტას”, აღნიშნავს მათ უსახურობასა და უგვანობას. მისასალმებელია მისი ოპტიმიზმი, რომ საქართველო “უკვდავია”, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება მაინცდამაინც დადებით განწყობას არ გვიქმნის. ეს არ არის როყიო ნაციონალისტური ნაბოდვარი და თვითმიზნად ქცეული ოპტიმიზმი (როგორსაც ნერგავდა სააკაშვილი და ამ ოპტიმისტურ განცდებს მხოლოდ საკუთარ პერსონას უკავშირებდა), არამედ მორწმუნე ქრისტიანის მიერ გააზრებული შეფასება.

განსაკუთრებით მოსაწონია ვასაძისეული შეფასება რუსი პატრიოტებისა, რომლებთანაც შესაძლებელია და აუცილებელიცაა დიალოგი. ჩემი გამოცდილებიდანაც დავამოწმებ, რომ რუსი პატრიოტები _ სხვადასხვა დარგის ექსპერტები, ჩემი კოლეგები, ასევე პოლიტიკოსები და სამხედროები, არასგზით ანტიქართულად არ არიან განწყობილნი; პირიქით, სწორედ რუსი პატრიოტები წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც მომავალში აუცილებლად იქნება საქართველოს მთავარი პარტნიორი.

მაგრამ ამ ვრცელ ინტერვიუში არაფერი თქმულა საქართველოს ეკონომიკის განვითარების გზებსა და მექანიზმებზე. ამასთანავე, არის რამდენიმე შეფასება თუ მოსაზრება, რომელთა მიმართ კრიტიკულად განვეწყვე. სწორედ ამ თემებზე მინდა გამოვთქვა აზრი.

 

ლიბერალური წარმოდგენა ფაშიზმსა და კომუნიზმზე

სამწუხაროდ, ბატონი ვასაძე, ლიბერალიზმის მძაფრი და სამართლიანი კრიტიკის მიუხედავად, თვითონ ხდება ლიბერალური პარადიგმის ტყვე, როდესაც ტოლობის ნიშანს სვამს ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის (მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იმას, რომ, ამასთანავე, ლიბერალიზმსაც აიგივებს ფაშიზმსა და კომუნიზმთან). ერთი მხრივ, იგი სწორად აღნიშნავს, რომ სამივე ეს იდეოლოგია წარმოიშვა ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში, ანუ დასავლეთში თითქმის ერთმანეთის პარალელურად, მაგრამ ეს გარემოება სულაც არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ყველა ეს იდეოლოგია თავისი არსით ერთი და იგივეა. არათუ ფაშიზმი და კომუნიზმი, არამედ საკუთრივ ფაშიზმი იყოფა ფაშიზმად, ერთი მხრივ, და ნაციონალ-სოციალიზმად _ მეორე მხრივ. მათ შორისაც არის მნიშვნელოვანი სხვაობა. ბატონი ვასაძე, როგორც მორწმუნე მართლმადიდებელი, მონარქისტი, იმაშია მართალი, რომ ფაშიზმმა, კომუნიზმმა და ლიბერალიზმმა, როგორც ახალი ეპოქის პროდუქტებმა, უარი თქვა მთავარზე (განსხვავებით შუა საუკუნეების მონარქიული იმპერიებისგან) _ ღმერთზე. სამივე იდეოლოგია სეკულარულია, თუმცა მყარ ათეისტურ პოზიციაზე მხოლოდ კომუნიზმი დგას. აქ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ განმარტება კომუნიზმის დამოკიდებულებაზე რელიგიისადმი. მიუღებელია ბ-ნი ვასაძის მოსაზრება, რომ თითქოს სად გვაქვს იმის დრო, ვარჩიოთ, რომელი იდეოლოგიაა ბოროტება და რომელი _ სიბრიყვე”. პირიქით _ სერიოზული ანალიზია საჭირო, მით უმეტეს, როცა ასეთი მსჯელობებით ქართული საზოგადოება განებივრებული არ არის. კომუნიზმი დაგმობილ იქნა პრიმიტიულად, ქუჩის დონეზე და იგი ყოველივე “ეროვნულისა” და ეკლესიურის ანტიპოდად განიხილება, მაგრამ ამ დამკვიდრებულ სტერეოტიპს სერიოზული რევიზია სჭირდება სწორედ მორწმუნე, მართლმადიდებელი საზოგადოების მხრიდან. კომუნიზმი, მიუხედავად ოფიციალურად დეკლარირებული ათეიზმისა, თავისი არსით გაცილებით ახლოს დგას ქრისტიანობასთან, ქრისტიანულ მორალსა და ეთიკასთან, ვიდრე ფაშიზმი ან ლიბერალიზმი. საბჭოთა კავშირის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტური იდეოლოგია ბიბლიურ მორალს ქადაგებდა და ქრისტიანულ ეთიკას ნერგავდა საზოგადოებაში, უპირისპირდებოდა რა მომხვეჭელობას, თვითგანდიდებას, ანგარებას, სექსუალურ აღვირახსნილობას; საბჭოთა სახელმწიფო ხელს უწყობდა სწორედ იმ ფასეულობების დანერგვას, რომლებიც ბატონ ვასაძეს ასე აწუხებს (და სამართლიანად აწუხებს) _ ოჯახის სიმტკიცეს, მრავალშვილიანობას, ბავშვების ჯანსაღ აღზრდას მორალურად და ფიზიკურად… “კლასობრივი ბრძოლაკი საბჭოთა კავშირში 30-იანი წლების ბოლოს რეპრესიებთან ერთად ჩაბარდა წარსულს, ისევე, როგორცკომუნისტური ინტერნაციონალი”.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პარადოქსთან _ კომუნისტური, ათეისტური იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოს ეთიკა უფრო ახლოს იდგა ქრისტიანობასთან, ვიდრე ოკულტისტური ფაშიზმი დარელიგიის თავისუფლებისმომხრე ლიბერალიზმი. კომუნისტები დიდწილად იზიარებდნენ ღვთის მიერ ადამიანისთვის დადგენილ კანონებს, ოღონდ ღვთის გარეშე. სწორედ ამიტომ გაუფასურდა კომუნისტური იდეოლოგია, რაღაც ეტაპზე იგი უკვე მომაბეზრებელი და სასაცილოც გახდა, მისი კრახი გარდაუვალი აღმოჩნდა, მაგრამ კომუნისტების დანატოვარი არ არის ხელწამოსაკრავი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გავამარტივებთ ისტორიას. როგორც ალექსანდრე დუგინი წერს თავის ნაშრომში “Русская вещь”, ადამიანს გიჩნდება სურვილი, “ბოლშევიკებს თან გადაეხვიო და თან დახვრიტო”.

 კომუნისტურმა იდეოლოგიამ განიცადა ევოლუცია, ფაშიზმი, ნაციზმი კი (ლიბერალიზმი ცალკე სადისკუსიო თემაა) ისეთი იდეოლოგიაა თავისი ბუნებით, რომ ევოლუციას არ ექვემდებარება. ნაციზმის იდეური ქვაკუთხედი სოციალდარვინიზმია: თუ არ ხარ იმ რასის წარმომადგენელი, რომელიც უნდა მართავდეს დედამიწას, მაშინ ან ამმაღალი რასისმსახური უნდა გახდე, ან სრულ განადგურებას ექვემდებარებიგანა ეს არ არის ფაშისტური იდეოლოგიების ძირეული განსხვავება კომუნიზმისგან?

ფაქტია და ამაში ყველა ავტორიტეტული მკვლევარი თანხმდება, რომ სტალინმა იმთავითვე უარი თქვა მსოფლიოსთვის კომუნიზმის თავს მოხვევის გიჟურ იდეაზე და რუსეთს გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მართავდა, როგორც მისი წინამორბედი იმპერატორები. განსხვავებით ბოლო იმპერატორისგან, სტალინის გეოპოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა და საბჭოთა რუსეთი, სხვა რესპუბლიკებთან ერთად, არნახულ დონეზე აიყვანა. სტალინი ჰიტლერისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ იგი იყო რაციონალურად მოაზროვნე მმართველი, სტრატეგი და არა ოკულტისტი და ეზოთერიკოსი. ამიტომ ლევან ვასაძის გარეგნულად მონარქისტული მიდგომა, რომელიც სინამდვილეში ლიბერალურ სიყალბეს ემთხვევა, აცდენილია რეალობას. ამის გათვალისწინება აუცილებელია, თუკი სწორი დასკვნების გაკეთება სურს ბატონ ვასაძეს.

 

ნაციზმის დამარცხება საბჭოთა კავშირის მიერ _ კათარზისი და არა ფარულად დაწერილი სცენარის განხორციელება

ბატონ ვასაძეს მიაჩნია, რომ ფაშიზმიც, კომუნიზმიც და ლიბერალიზმიც ერთი სცენარის მიხედვით დაიგეგმა; ყოველ შემთხვევაში, იგი აღნიშნავს, რომ ჯერ ლიბერალიზმი შეიქმნა, შემდეგ ბოლშევიზმი დამკვიდრდა რუსეთში და ბოლოს ფაშიზმი განხორციელდა პრაქტიკაში. მავანთა სურვილით, ჯერ ფაშიზმი დამარცხდა, შემდეგ _ კომუნიზმი. ახლა ჯერი ლიბერალიზმზეა _ ამჯერად ჩანაფიქრის ავტორთა სურვილის საწინააღმდეგოდ. მაგრამ ფაშიზმისა და კომუნიზმის დამარცხება ამ “მავანთა” სურვილი ყოფილა, რათა გადაერჩინათ ლიბერალიზმი _ ამას თვითონ ლევან ვასაძე ამბობს აღნიშნულ ინტერვიუში (დაინტერესებულმა მკითხველმა მოისმინოს ინტერვიუ 46-ე წუთიდან, შემდეგ კი, განსაკუთრებით, _ 56-ე წუთიდან).

გამოდის, ბატონ ლევანს სჯერა “შეთქმულების თეორიისა”. ამაში ცუდი თავისთავად არაფერია. ეს ტერმინიც _ “შეთქმულების თეორია” _ ლიბერალიზმის პროდუქტია, მაგრამ სიმართლის დასადგენად მთავარია, ეს ხედვა მეცნიერული იყოს. კონსპიროლოგია ავტომატურად არ გამორიცხავს მეცნიერულ მიდგომას, თუკიკონსპიროლოგიმკვლევარი მეთოდურად სწორად ოპერირებს ემპირიული ფაქტებით, მაგრამ რომელ ფაქტებზე შეიძლება ვისაუბროთ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ისტორიული მეცნიერებები ვერ აღიქვამს სქემას, რომელსაც გვთავაზობს ბატონი ვასაძე: მის მიერ აღნიშნული მოვლენები, ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტები ერთმანეთთან არანაირ მიზეზშედეგობრიობას არ ავლენს. ყოველ შემთხვევაში, ძნელია, სერიოზულად იკამათო, არსებობს თუ არა რაიმე ცენტრი, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ხელეწიფებოდა, ჯერ შეექმნა იდეოლოგიები, შემდეგ თავს მოეხვია ამა თუ იმ ერისა და სახელმწიფოსთვის, ბოლოს კი თვითგანადგურებისკენ ებიძგა მათთვის. ეს იგივეა ისტორიკოსისთვის, რაც გეოლოგისთვის იმის წარმოდგენა, რომ ინდონეზიაში ვულკან გალუნგუნგის ამოფრქვევა დაკავშირებულია დასავლეთ ციმბირში ახალი ნავთობსაბადოების აღმოჩენასთან და ეს ყოველივე გრენლანდიიდან რეგულირდება. არ არსებობს და ვერ იარსებებს ასეთი მასშტაბის ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს, რომელი იდეოლოგია როდის გაბატონდება რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, შემდეგ როგორ განვითარდება იგი და როდის და რა გზით დამარცხდება.

თეზისი, რომ ბოლშევიკებსა და “ჟიდომასონებს” რუსეთის დაღუპვა სწადდათ და ბოლშევიკური რევოლუცია რუსეთის დასჯა იყო, ცნობილია. ამ თეზისს ამყარებს თუნდაც კარლ მარქსისა და ფრიდრის ენგელსის ანტისლავური, ანტირუსული, პირდაპირ რასისტული გამონათქვამები (მათი საგაზეთო პუბლიკაციები და პირადი მიმოწერა 1848-49 და 1853-57 წლებში, იხ.: Н. Ульянов: Замолчанный Маркс. Франкфурт-на-Майне, 1969). ბოლშევიკების მიერ რუსეთში ეკლესიების ნგრევა, სასულიერო პირების დახოცვა და ბევრი სხვა საშინელი ფაქტი ამ მოსაზრებებს თითქოს ამყარებს კიდეც, მაგრამ ვიმეორებ: მიზეზ-შედეგობრიობა ფაქტებისა სხვა კატეგორიაა, მას მეცნიერული ანალიზის გზით, სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, დამტკიცება სჭირდება. მაგრამ ლევან ვასაძე რუსული რევოლუციის ფარგლებს შორს სცდება, იგი მიიჩნევს, რომ გარკვეული ძალები უწყვეტად მართავდნენ პროცესებს, მათ შექმნეს სამი იდეოლოგია, გაავრცელეს და შემდეგ ორი მათგანი მესამის სასარგებლოდ დაამარცხეს. ეს თვალსაზრისი, როგორც აღვნიშნეთ, ზემძლავრი ცენტრის არსებობას გულისხმობს, რაც ყველა არგუმენტს მოკლებულია. ამგვარი არამეცნიერული კონსპიროლოგია ნამდვილად ვერ გამოგვადგება საქართველოს ადგილისა და როლის გასააზრებლად თანამედროვე მსოფლიოში.

მეტიც, მისდა უნებურად, ლევან ვასაძე ერთგვარად ბღალავს დიდი სამამულო ომის ადგილსა და მნიშვნელობას ჩვენს ისტორიაში, რომელიც წმიდათაწმიდაა ყველა ნორმალური რუსის, ქართველის, ოსის, ბელარუსის თუ ბაშკირისთვისროდესაც ბატონი ლევანი ამტკიცებს, რომ რაღაც ძალებმა ფაშიზმს წააგებინეს, ეს ამ კათარზისის უარყოფას, წმიდა ომის შებღალვას ნიშნავს. არა, ბატონებო, არავინ არწააგებინაფაშიზმს. ნაცისტური გერმანია და მისი სატელიტი ფაშისტური რეჟიმები უდიდესი სისხლის ფასად დაამარცხეს საბჭოთა კავშირში შემავალმა ერებმა. ეს ისეთი მძიმე და საშინელი ომი იყო, რომ წინასწარ ვერც ერთი “განდობილი მასონი” ვერ განჭვრეტდა მის შედეგს. დიახ, ცნობილია, რომ სწორედ დასავლეთისდემოკრატიებიაქეზებდნენ ნაცისტებს, “დაერტყათსაბჭოთა კავშირისთვის, მაგრამ ეს იყო მათი გეოპოლიტიკური ინტერესებით განპირობებული და არა იმით, რომ კომუნიზმს ფაშიზმი დაემარცხებინა, 45 წლის შემდეგ კი თვითონ კომუნიზმი დამარცხებულიყო ევროპაშიხავერდოვანი რევოლუციებისგზით, და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ლიბერალიზმი გადარჩენილიყო აბსურდამდე მივდივართ.

 

მთავარი თემა: აფხაზები, ოსები და რუსები

კატეგორიულად მიუღებელია ის ზერელე დამოკიდებულება, რომელიც ბატონ ვასაძეს, ჩვენი საზოგადოების არცთუ ცოტა თვალსაჩინო წარმომადგენლის მსგავსად, აქვს აფხაზებისა და ოსების მიმართ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხები არიან ბავშვივით მიამიტნი, რომლებსაც ყალბი ღიმილითა დაკანფეტითმოხიბლავ.

დავუშვათ და, აფხაზები და ოსები დავაინტერესეთ და მოგვისმინეს (რომლისგანაც ჯერ ძალზე შორს ვართ) _ რას ვთავაზობთ მათ? მხოლოდ იმას, რასაც ბატონი ვასაძე ბრძანებს? ანუ იმას, რომ “ეს ეთნიკური, ნატურალური, ნამდვილი უმცირესობები” არ გაქრებიან ჩვენს ხელში, “არ დავჩაგრავთ” მათ და “გულში ჩავიხუტებთ”? თანაც, ამას ისე ამბობს, რომ რუსეთს ავალდებულებს, “დაგვიბრუნოს” ტერიტორიები. სამაჩაბლო თურმე პოდმოსკოვიეს ხიმკის ოდენა ყოფილა და “რა გახდა, ბიძია”, დაგვიბრუნე ეს ჩვენი პატარა ტერიტორიაო, _ აღნიშნავს პიროვნება, რომელსაც ქართველ საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი არ აქვს და ბევრისთვის იმედის მომცემი მოღვაწეა.

ინტერვიუში ამაოდ ველოდი ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თემაზე სიღრმისეულ მსჯელობას, ჩვენი უბედურების სათავეების ანალიზს, ბოლოს და ბოლოს, იმის აღნიშვნას მაინც, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა მიუტევებელი დანაშაული, როდესაც წამოიწყო 2008 წლის ომი… არა და არა! ბატონი ვასაძე ჯიუტად აბრალებს რუსეთს უინიციატივობას, სიჯიუტეს, რომ თურმე რუსეთიარ გვიბრუნებსტერიტორიებს, ანუ გამოდის, რომ ბატონ ლევანს არც აინტერესებს აფხაზებისა და ოსების აზრი, არ აინტერესებს მათთან დიალოგი, ნდობის ჩამოყალიბება, რასაც, რა თქმა უნდა, ჯერ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება სჭირდება. საქართველომ რუსეთთან მაქსიმალურად გამჭვირვალე პოლიტიკა უნდა აწარმოოს აფხაზეთისა და ცხინვალის კონტექსტში, ვინაიდან კულუარული მოლაპარაკებები მათ ეჭვებსა და უკურეაქციას გამოიწვევს. ესეც არ იყოს, რუსეთიც არ დათანხმდება მოლაპარაკების ისეთ მოდელზე, რომელიც გამორიცხავს აფხაზებისა და ოსების მონაწილეობას. ჯერ რუსეთთან უნდა დალაგდეს ურთიერთობები, რუსეთში უნდა ჩამოყალიბდეს ნდობა საქართველოს პოლიტიკის მიმართ და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი რუსეთისგან სამშვიდობო ინიციატივები, მხოლოდ შემდეგ შეიძლება დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან აფხაზები და ოსები. მანამდე ეს გამორიცხულია. ამჟამად რუსეთს ძველებურად, როგორც ელცინის პერიოდში, ხელს აძლევს მხოლოდ გაყინვა კონფლიქტებისა. რუსეთი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აწარმოებს რადიკალურ პოლიტიკას ნატოში შესვლის მიზნით, არ არის მზად, წამოაყენოს კონკრეტული ინიციატივები ტერიტორიული საკითხების დასარეგულირებლად.

ნუთუ ეს ასე რთული გასაგებია? რა შუაშია ხიმკი? რატომ ვასხამთ ცეცხლზე ნავთს? განა ასეთი შედარებები ოსებს მოეწონებათ? ან, საერთოდ, ვის უნდა ელაპარაკოს რუსეთი? _ დღევანდელ მთავრობას, რომელსაც არ სურს და არ ძალუძს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე? დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, როდესაც ეს შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებშია აღწერილი, არ ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, პირიქით _ გარკვეული ზემოქმედების ბერკეტების მოპოვებას ნიშნავს საქართველოსთვის. სეპარატისტულ ძალებს ეშინიათ მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთგაგებისა და ვითარების დალაგებისა, მათ არ ეშინიათ ნატოსკენ კურსაღებული საქართველოსი, რადგან იციან, რომ მათ რუსეთი გარანტირებულად დაიცავს ამ შემთხვევაში. მაგრამ ქართულ-რუსულ დიალოგს შეუძლია გაალღოს უნდობლობა და აფხაზები და ოსები დაიყოლიოს მოლაპარაკებებზე, ეს კი სეპარატისტულ ძალებს ხელს არ აძლევთ.

აი, ეს უნდა თქმულიყო მოცემულ თემაზე და არა კიდევ ერთი აბსურდი: თითქოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით კოსოვოს გამო “იძია შური”. აბსურდია ეს იმიტომ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა დასავლეთის ძირითადმა ქვეყნებმა 2002 წლის დასაწყისში აღიარეს. 2002-დან 2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებამდე რუსეთს არ უღიარებია სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა _ განა ეს არ იცის ბატონმა ვასაძემ? მაშ, რატომ ლაპარაკობს აბსურდს? დღეს წვრილფეხა “ნაციონალმაც” კი იცის (უბრალოდ, არ ამბობს), რომ რუსეთს სულაც არ აძლევდა ხელს ამ ტერიტორიების “დამოუკიდებლად” აღიარება და ამისკენ მას უბიძგა ამერიკელების დავალებით სააკაშვილის მიერ გაჩაღებულმა ომმა. სხვაგვარად რუსეთს არ რჩებოდა იურიდიული საფუძველი, დაეტოვებინა ჯარები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომ არ ეღიარებინა ეს ტერიტორიები და ამ გზით გაეროს წესდების დარღვევა აეცილებინა თავიდან. ეს არ არის რუსეთის გამართლება, ეს არის ფაქტი. პოლიტიკა დიმიტრი მედვედევისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტი იყო, არც მე მხიბლავს, მაგრამ ხომ უნდა დავინახოთ სიმართლე, რომელიც ასეთია: 2008 წლის 26 აგვისტოს, როდესაც მედვედევმა გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისდამოუკიდებლობა”, მან განცხადების ტექსტი წაიკითხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის ეს იყომძიმე გადაწყვეტილება”. დიახ, რუსეთისთვის არ ყოფილა სანუკვარი ოცნება ამ ტერიტორიების აღიარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გახდა მძევალი მანიაკი სააკაშვილისა, რომელმაც გაწირა ქვეყნის ერთიანობა და მერე გაიძახოდა, რა მოხდა, “რამდენიმე სოფელი” დავკარგეთ, სამაგიეროდ, მსოფლიოს ვაჩვენეთ რუსეთის სახეო(!).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბატონი ვასაძის კრიტიკა და ანალიზი სანახევროა, არასრული, ამიტომ პრაქტიკაში ნაკლებად გამოსადეგი. თუკი ბატონი ლევანი ოდესმე გახდება მოლაპარაკების პროცესების მონაწილე, მას ამ საუბარს აფხაზი და ოსი ოპონენტები შეახსენებენ. ბატონმა ლევანმა ბრძანა: “სიტყვას ძალა აქვს”.

მართლაც აქვს!

მაგრამ, მეორე მხრივ, საქმეს კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს _ ილიასეული “სიტყვა, საქმით მეტყველი”. 1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც დასავლურმა კოალიციამ ნატოს საშუალებით იუგოსლავია გაანადგურა, სიტყვითა და საქმით ვეწინააღმდეგები საქართველოს მცდარ, დასავლეთზე ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებულ კურსს და მხარს ვუჭერ ბალანსის პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ტრადიციული გეოპოლიტიკური არჩევნიდან გამომდინარეობს და ეს არჩევანი სათავეს XVI_XVII საუკუნეებში იღებს. მრავალი პუბლიკაცია და გამოსვლა, საერთაშორისო კონფერენცია თუ მრგვალი მაგიდა მივუძღვენი ამ თემას, ქუჩის აქციებიც კი მოვაწყვე კოლეგებთან ერთად. ამ 17 წლის განმავლობაში ეს არ იყო იოლი საქმე, მაგრამ დღეს დასავლური კურსისადმი სკეპტიციზმი ისე დიდია საზოგადოებაში და ისე ძლიერია რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის სურვილი, რომ ეს ლოზუნგები რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არა ერთმა მოღვაწემ დაიწერეს თავიანთ დროშაზე საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს ნიშნავს, რომ ამდენი წლის განმავლობაში სწორ პოზიციას ვიცავდი და ამის მოხარული ვარ, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჯერ არც ისე ახლოსაა. უფრო სავარაუდოა ჩვენი ქვეყნის სრული კრახი იმ ფონზე, როდესაც ხსენებული პოლიტიკოსები საერთო ენას ვერ პოულობენ, ერთმანეთს “ძირავენ” და ხმებს ართმევენ, ნაცვლად ერთიანი ფრონტით მოქმედებისა. ამიტომ აუცილებელია, ისევ საზოგადოებრივმა სექტორმა შეუწყოს ხელი საზოგადოების სიფხიზლეს და “საჭირო ტემპერატურის” შენარჩუნებას. ამ საქმეში ლევან ვასაძეს შეუძლია თავის გამოჩენა, მაგრამ იგი რატომღაც ფრთხილობს და მხოლოდ წაუგებელ თამაშს თამაშობს _ “ოჯახური ფასეულობები”, “არა ლგბტ”- და მსგავსი თემები, რომლებიც აპრიორი მისაღებია მოსახლეობის 99 პროცენტისთვის, მაგრამ რას ვაკეთებთ ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის? მოსკოვში ვიზიტისას კერძო საუბრებს ვმართავთ ნაცნობ-მეგობარ რუს პატრიოტებთან? _ ეს არ არის საკმარისი. მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობის მქონე ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთი შეხვედრა გამართა შიდა ქართლის მოსახლეობასთან, მოისმინა და გაავრცელა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების აზრი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ზოგან ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანა; იგივე გააკეთა სხვა რეგიონებშიც _ აჭარაში შეაკეთა საძმო სასაფლაო და პატივი მიაგო ოსმალეთთან ომში დახოცილ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც აჭარის გათავისუფლებას შეეწირნენ 1878 წელს. უნდა გენახათ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობა ამ საქმეში…

ეს, რაც ჩამოვთვალე, მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელიც ჩემ მიერ დაარსებულმა “ევრაზიის ინსტიტუტმა” შეძლო. გაცილებით მეტი შეუძლიათ ბატონ ვასაძესა და იმ პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ბოლო დროს გააქტიურდნენ ქართულრუსული ურთიერთობების მიმართულებით, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში კი, ჩემგან განსხვავებით, მათი ხმა არ ისმოდა (იმხანად ზოგი ნატოში შესვლას გვპირდებოდა). კარგი იქნება, ბატონებო, ჩემ მიერ ნახსენებ საძმო სასაფლაოზე, ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში, ყვავილების თაიგულს თუ მიიტანთ და იქ მისცემთ სიტყვას ქართველ ხალხს, რომ აღებული გზიდან არ გადაუხვევთ. ახლოსაა 25 აგვისტო, რომელსაც აჭარის ინტელიგენცია აღნიშნავს აჭარის გათავისუფლების დღედ, მაგრამ მათ ამაში ხელს უშლის ადგილობრივი ხელისუფლება _ არიქა, თურქებს არ ეწყინოთო! ჩაბრძანდით 25 აგვისტოს ბათუმში და მიდით აჭარის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, დაუდექით გვერდით და ერთხმად ბრძანეთ, რომ აჭარა იყო და იქნება საქართველო!

ოჯახური ფასეულობები ყველაფრის ამოსავალი წერტილია, მაგრამ, რადგან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პროფესიონალური მიდგომა აუცილებელია.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. ხო, სერიოზული სტატიაა, ყურადსაღებია. ლევან ვასაძე დღეს ავტორიტეტია და სასურველია მისი კრიტიკა მეგობრულ ფორმატში იყოს. მომეჩვენა რომ კრიტიკა იქეთ მიდის რომ ავტორმა მეორეზე უპირატესობა გვანახოს.

  2. მიუხედავად იმისა,რომ ვასაძე მომწონს,სტატია ძალიან მომეწონა.ბევრი ასეთი კარგი ანალიზი სჭირდება ქვეყნის საქმეს,რომ ჭეშმარიტებამდე მივიდეთ და საქვეყნო საქმე გაკეთდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here