მთავარი ისტორია “მართალი იცოცხლებს რწმენით”

“მართალი იცოცხლებს რწმენით”

556
გააზიარეთ

როგორ შეუწყო ხელი სტალინმა ათეისტური საბჭოთა კავშირის ქრისტიანი მრევლის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დაბრუნებას

დღეს ვასრულებთ გიორგი კარპოვის ქართულად ნათარგმნი ჩანაწერის გამოქვეყნებას. თარგმანი არაოფიციალურია. პირველი ნაწილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ რედაქციაში მიღებული წერილებიდან ირკვევა, რომ მკითხველებმა სათანადოდ შეაფასეს დოკუმენტის მნიშვნელობა, უწინარეს ყოვლისა, იოსებ სტალინის, როგორც უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის პორტრეტის სრულყოფილად წარმოსაჩენად და, ამასთანავე, იმ კუთხითაც, რა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის მიერ მართლმადიდებლობის საკულტო ინსტიტუტების აღდგენამ ადამიანების სულიერების ჩამოყალიბებასა და მათი რწმენის განმტკიცებაზე.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი საუბრისას შეეხო სანთლების დამამზადებელი ქარხნების საკითხს, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საეკლესიო სანთლებს ამზადებენ შინამრეწველები, სანთლები ეკლესიებში უაღრესად ძვირად იყიდება და იგი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი, მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ეპარქიებს მიეცემათ უფლება იქონიონ ასეთი ქარხნები.

ამხ. სტალინმა თქვა, ეკლესია დაიმედებული შეიძლება იყოს, რომ მთავრობა ყოველმხრივ დაეხმარება ყველა საკითხში, რომლებიც დაკავშირებული იქნება საბჭოთა კავშირში მის (ეკლესიის) ორგანიზაციულ განმტკიცებასა და განვითარებასთან. და როგორადაც მან მხარი დაუჭირა სასულიერო სასწავლებლების ორგანიზების, ეპარქიებთან სასულიერო სემინარების გახსნის საკითხებს, ასევე არ შეექნებათ დაბრკოლება საეპარქიო მმართველობებთან სანთლების დამამზადებელი ქარხნებისა და სხვა საწარმოების გახსნის საკითხებში.

შემდეგ ამხ. სტალინმა მე მომმართა: უზრუნველყოფილი უნდა იყოს მღვდელმთავრის (არქიერის) უფლება, განკარგოს საეკლესიო სახსრები. დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ სემინარიების, სანთლების (ქარხნების) და .. ორგანიზებაში”.

შემდეგ ამხ. სტალინმა მიმართა მიტროპოლიტებს, უთხრა მათ: თუ საჭიროა ახლავე, ან თუ საჭირო იქნება, მომავალში, სახელმწიფოს შეუძლია გაიღოს სუბსიდიები საეკლესიო ცენტრისთვის”.

ამის შემდეგ ამხ. სტალინმა მიტროპოლიტებს სერგის, ალექსისა და ნიკოლოზს მიმართა: ამხ. კარპოვმა მომახსენა, რომ თქვენ ძალიან ცუდად ცხოვრობთ: (გაქვთ) ვიწრო ბინა, სურსათს ბაზარში ყიდულობთ, არანაირი ტრანსპორტი არ გაგაჩნიათ. მთავრობას სურს, იცოდეს, რა გიჭირთ და რისი მიღება გსურთ სახელმწიფოსგან”.

ამხ. სტალინის პასუხად მიტროპოლიტმა სერგიმ თქვა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქის შენობით უზრუნველყოფის საკითხში იგი მხარს დაუჭერდა მიტროპოლიტ ალექსის წინადადებას _ საპატრიარქოს განკარგულებაში ნოვოდევიჩის მონასტერში ყოფილი საიღუმენიო კორპუსის გადაცემას. ხოლო რაც შეეხება სურსათით უზრუნველყოფას, პროდუქტებს ისინი ყიდულობენ ბაზარში. ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხში კი ითხოვენ, თუ შესაძლებელია, გამოუყონ მანქანა.

ამხ. სტალინმა მიტროპოლიტ სერგის უთხრა: “ამხ. კარპოვმა დაათვალიერა შენობები ნოვოდევიჩის მონასტერში: ისინი სრულიად კეთილმოუწყობელია, საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას და მათ დასაკავებლად კიდევ დიდი დრო იქნება საჭირო. იქ სინესტეა და სიცივე. გასათვალისწინებელია, რომ ეს შენობები აგებულია XVI საუკუნეში. მთავრობას შეუძლია, ხვალვე შემოგთავაზოს საკმაოდ კეთილმოწყობილი და გამზადებული შენობა, სამსართულიანი ცალკე სახლიჩისტი პერეულოკში” (სუფთა შესახვევში), რომელიც ადრე დაკავებული ჰქონდა გერმანიის ყოფილ ელჩ შულენბურგს, მაგრამ ეს შენობა საბჭოთაა, არ არის გერმანული. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად იცხოვროთ იქ. ამასთანავე, ამ შენობას გადმოგცემთ მთელი ქონებით, ავეჯით, რომელიც ამ სახლშია, ხოლო იმისთვის, რომ უკეთ წარმოიდგინოთ, როგორია ეს შენობა, ახლავე გაჩვენებთ მის გეგმას”.

რამდენიმე წუთში ამხ. პოსკრებიშევის მიერ ამხ. სტალინისთვის წარდგენილი ცალკე სახლის პროექტი (ჩისტი პერეულოკის #5, ეზოს ნაგებობებითა და ბაღით) აჩვენეს მიტროპოლიტებს. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, 4 სექტემბერს ამხ. კარპოვი პირადად მიტროპოლიტებს დაათვალიერებინებს ამ შენობას.

(დარწმუნებული ვარ, ჩვენმა მკითხველმა მიაქცია ყურადღება, რომ ყველა დეტალი, რომლებსაც შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ, ყველა წინადადება თუ შეთავაზება წინასწარ იყო შესწავლილი, განხილული და გადაწყვეტილიც კი. იყო რეალისტური და ყოველმხრივ აწონილდაწონილი.

თუ რომელიმე საკითხი ბოლომდე გარკვეული არ იყო ან წინასწარ გათვლილს არ მიესადაგებოდა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზებების გამო, სტალინი კვლავ უბრუნდებოდა ამ საკითხს, რათა იქვე ოპერატიულად მიეღწიათ კონსენსუსისთვის.

ამის დამადასტურებელ ფაქტს კარპოვის ჩანაწერში ახლავე წაიკითხავთ _ . .).

ამხ. სტალინი კვლავ დაუბრუნდა სურსათით მომარაგების საკითხს და მიტროპოლიტებს უთხრა: “ბაზარში სურსათის ყიდვა თქვენთვის მოუხერხებელიცაა და ძვირიც. ახლა კოლმეურნეს ბაზარში ცოტა პროდუქტი გამოაქვს, ამიტომ სახელმწიფოს შეუძლია პროდუქტებით თქვენი უზრუნველყოფა სახელმწიფო ფასებში. ამას გარდა, ხვალ-ზეგ თქვენ განკარგულებაში გადმოგცემთ 2_3 მსუბუქ ავტომანქანას საწვავითურთ”.

ამხ. სტალინი შეეკითხა მიტროპოლიტ სერგის და სხვა მიტროპოლიტებს, აქვთ თუ არა კიდევ რაიმე საკითხი მის წინაშე დასასმელი, კიდევ ხომ არ სჭირდება რაიმე ეკლესიას, თანაც, ამის შესახებ რამდენიმეჯერ ჰკითხა.

სამივემ განაცხადა, რომ სხვა, განსაკუთრებული თხოვნა არ აქვთ, მაგრამ ზოგჯერ ადგილებზე ღვთისმსახურებს დამატებით საშემოსავლო გადასახადს აკისრებენ. ამას ამხ. სტალინმა ყურადღება მიაქცია და წინადადება მომცა ყველა ცალკეულ შემთხვევაში განვახორციელო შემოწმებისა და გამოსწორების შესაბამისი ღონისძიებანი.

ამის შემდეგ ამხ. სტალინმა მიტროპოლიტებს უთხრა: “თუ მთავრობასთან სხვა საკითხები არ გაქვთ, შეიძლება შემდგომ გაგიჩნდეთ. მთავრობას განზრახული აქვს შექმნას სპეციალური სახელმწიფო აპარატი, რომელსაც დაერქმევა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთა საბჭო, საბჭოს თავმჯდომარედ, ვფიქრობთ, დაინიშნოს ამხ. კარპოვი. რას იტყვით ამაზე?”

სამივემ განაცხადა, რომ ისინი სრული კეთილგანწყობით ეთანხმებიან ამ თანამდებობაზე ამხ. კარპოვის დანიშვნას.

ამხ. სტალინმა თქვა, რომ საბჭო იქნება მთავრობისა და ეკლესიის დამაკავშირებელი ადგილი და მისმა თავმჯდომარემ მთავრობას უნდა მოახსენოს ეკლესიის ცხოვრებასა და მის წინაშე წამოჭრილ საკითხებზე.

შემდეგ ამხ. სტალინმა მე მომმართა: “შეარჩიეთ 2_3 თანაშემწე, რომლებიც თქვენი საბჭოს წევრები იქნებიან, შექმენით აპარატი, მაგრამ დაიხსომეთ: ჯერ ერთი, თქვენ ობერპროკურორი არ ხართ; მეორე _ თქვენ მოღვაწეობაში უფრო მეტად გაუსვით ხაზი ეკლესიის დამოუკიდებლობას”.

ამის შემდეგ ამხ. სტალინი მიუბრუნდა ამხ. მოლოტოვს და უთხრა: ამის შესახებ უნდა ვაცნობოთ მოსახლეობას, ისევე, როგორც შემდგომ საჭირო იქნება, მოსახლეობას ვაცნობოთ პატრიარქის არჩევის შესახებაც”.

ვიაჩესლავ მოლოტოვმა იქვე დაიწყო რადიოსა და გაზეთებისთვის კომუნიკეს წერა, რომლის შედგენისას მოკლედ შეჰქონდათ შესაბამისი შენიშვნები, შესწორებები და დამატებები როგორც ამხ. სტალინს, ასევე, მიტროპოლიტებს _ სერგისა და ალექსის.

ცნობის ტექსტი მიღებული იქნა შემდეგი რედაქციით:

.. 4 სექტემბერს სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარესთან _ ამხ. სტალინთან შედგა მიღება, რომლის დროსაც გაიმართა საუბარი პატრიარქის ადგილმონაცვლესთან, მიტროპოლიტ სერგისთან, ლენინგრადის მიტროპოლიტ ალექსისთან და უკრაინის, კიევისა და გალიციის ექზარქოსთან, მიტროპოლიტ ნიკოლოზთან.

საუბრის დროს მიტროპოლიტმა სერგიმ აცნობა სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელ წრეებს განზრახული აქვთ ეპისკოპოსების კრების (სობოროს) მოწვევა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ასარჩევად და პატრიარქთან წმინდა სინოდის შესაქმნელად.

მთავრობის თავმჯდომარე ამხ. . . სტალინი თანაგრძნობით მოეკიდა ამ წინადადებებს და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან ამას არავითარი წინააღმდეგობა არ ექნება.

საუბარს ესწრებოდა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამხ. . . მოლოტოვი”.

ეს ცნობა გამოქვეყნდა გაზეთ “იზვესტიაში” 1943 წლის 5 სექტემბერს.

კომუნიკე გადაეცა ამხ. პოსკრებიშევს იმავე დროს რადიოთი გადასაცემად და საკდესს გაზეთებში დასაბეჭდად.

ამის შემდეგ ამხ. მოლოტოვმა მიმართა სერგის შეკითხვით: როდის იქნება უკეთესი ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციის მიღება, რომელსაც სურს იორკელი არქიეპისკოპოსის მეთაურობით მოსკოვში ჩამოსვლა?

სერგიმ უპასუხა, რადგან ეპისკოპოსების კრება 4 დღის შემდეგ გაიმართება, მაშასადამე, კიდეც გაიმართება პატრიარქის არჩევნები, ანგლიკანური დელეგაციის მიღება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.

ამხ. მოლოტოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ამ დელეგაციის მიღება ერთი თვის შემდეგ იქნება უკეთესი.

ამხ. სტალინთან ამ მიღების დასასრულს მთავრობისა და პირადად ამხ. სტალინისადმი მოკლე სამადლობელო სიტყვით გამოვიდა მიტროპოლიტი სერგი.

ამხ. მოლოტოვმა ჰკითხა ამხ. სტალინს: “იქნებ გამოგვეძახა ფოტოგრაფი?”

ამხ. სტალინმა თქვა: “არა, ახლა უკვე გვიანია, ღამის ორი საათია, ამიტომ სხვა დროს გავაკეთოთ”.

ამხ. სტალინი დაემშვიდობა მიტროპოლიტებს და თავისი კაბინეტის კარამდე მიაცილა.

ეს მიღება ისტორიული მოვლენა იყო ეკლესიისთვის და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სერგი, ალექსი და ნიკოლოზ მიტროპოლიტებზე, რაც აშკარა შეიქნა ყველასთვის, ვინც იცნობდა და იმ დღეებში ნახა სერგი და სხვები.

ასე მთავრდება გიორგი კარპოვის საოქმო ჩანაწერი.

ბოლოთქმის მაგიერ

მკითხველს, რომელიც გაეცნო ამ ჩანაწერს, ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს ერთ პასაჟს:

მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ, რომ რელიგიურ საქმეთა მომავალ საბჭოს სათავეში გიორგი კარპოვი ჩაუდგებოდა, სტალინი ასე მიმართავს მას: “…გახსოვდეთ: ჯერ ერთი, თქვენ არ ხართ ობერპროკურორი; მეორე _ თქვენს საქმიანობაში უფრო მეტად ხაზი გაუსვით ეკლესიის დამოუკიდებლობას”.

.. სტალინს მიაჩნდა, რომ ეკლესია დამოკიდებული არ უნდა იყოს არც მთავრობაზე, არც, მით უფრო, პარტიის ცენტრალურ კომიტეტზე. ხოლო რელიგიის საქმეთა ახალშექმნილმა საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს საპატრიარქოს, იღვაწოს ნებისმიერი დიქტატისგან გათავისუფლებულმა.

გადის დრო და ხელისუფლების სათავეში მოდის ნიკიტა ხრუშჩოვი და ყველაფერს, რასაც სტალინმა სიკეთის ხელი დაატყო, ანგრევს და აცამტვერებს, დაერია სტალინის კადრებსაც.

1956 წელს, როცა ხრუშჩოვმა წამოიწყო ანტირელიგიური კამპანია, პარტიულმა ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ კარპოვი არასაკმარისად აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიების განხორციელებაში, გაუხსენეს ძველი “ცოდვები” და პარტიიდან გარიცხვა დაუპირეს, რომელიც შემდეგ პირად საქმეში საყვედურის შეტანით შეუცვალეს. 1960 წელს კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და საბჭოს საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს ასეთი ფორმულირებით:

“მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს მთავარი შეცდომა იყო ის, რომ იგი არათანმიმდევრულად განახორციელებდა პარტიისა და სახელმწიფოს კურსს ეკლესიის მიმართ, ხშირად ეშვებოდა საეკლესიო ორგანიზაციების მომსახურების პოზიციაზე. ეკავა თავდაცვითი პოზიციები ეკლესიასთან ურთიერთობაში, კი არ ებრძოდა ღვთისმსახურთა მიერ კულტების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს, არამედ იცავდა ეკლესიის ინტერესებს”.

ე. ი. ბრალი დასდეს, რომ სტალინის მითითება დაეცვა ეკლესიის დამოუკიდებლობა, პირნათლად შეასრულა.

ესეც ერთი მაგალითი “სტალინის პიროვნების კულტის წინააღმდეგ” ნიკიტა ხრუშჩოვის “ობიექტური” გალაშქრების სიყალბის შესახებ.

მოციქულთასწორ წმინდა ოლგას ტაძრის (ქ. სტრელნია) მოძღვარმა, პეტერბურგში ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ, იღუმენმა ევსტაფიმ (ჟაკოვმა) ტელეარხ ნტვ-სთვის მიცემულ ინტერვიუში დარწმუნებით განაცხადა: “სტალინი, რასაკვირველია, მორწმუნე ადამიანი იყო”, ხოლო გაზეთ “ნოვიე იზვესტიას” კორესპონდენტის შენიშვნას, რომ სტალინი მაინც ათეისტი იყო, ასე უპასუხა: “თქვენ საიდან იცით? ის, რომ იგი სათავეში ედგა ათეისტურ სახელმწიფოს, ბევრს არაფერს ნიშნავს. განა ცოტა რამეს ედგა სათავეში?! მე უფრო მჯერა ორი პატრიარქის _ სერგისა (1943-1944 წწ.) და ალექსის (1945-1970 წწ). ისინი მიიჩნევდნენ: სტალინი მორწმუნე ადამიანი იყო”.

არმაზ სანებლიძე

P.S. ხოლო სახარებაშიცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: “მართალი იცოცხლებს რწმენით” (რომ. 1,14).

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here