Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქრუაშვილი უზნეობის სიმბოლოა _ როგორ წახდა ადამიანი ხელისუფლებაში ყოფნისას და როგორ ვერ...

“ოქრუაშვილი უზნეობის სიმბოლოა _ როგორ წახდა ადამიანი ხელისუფლებაში ყოფნისას და როგორ ვერ გააცნობიერა, რომ ბოროტებას ემსახურებოდა”

552

მოსახლეობას სჯეროდა, რომქართული ოცნებაწინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებდა და სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. “როდესაც დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული და ამას სისტემური ხასიათი აქვს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოებრიობას ეთხრება ძირი, რადგან კანონის წინაშე თანასწორობა არის ფუნდამენტური პრინციპი”, _ ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია. სამართლიანად მოქმედებს თუ არა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი? რატომ ცდილობსნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოში ქაოსის შეტანას? _ ამ და სხვა საკითხებზე სწორედ ქალბატონი ლია გვესაუბრება.

_ თუ მართლმსაჯულების სისტემა არ ექნება გამართული, ქვეყანა წინ ვერ წავა. ვიღაცის მიერ პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავის დაძვრენა, საბოლოო ჯამში, ანგრევს და აზიანებს ყველას. როდესაც დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული და ამას სისტემური ხასიათი აქვს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოებრიობას ეთხრება ძირი, რადგან კანონის წინაშე თანასწორობა არის ფუნდამენტური პრინციპი. უწინარესად, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ამ მავნე დაავადებისგან როგორმე განიკურნოს.

_ როგორ შეაფასებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს?

_ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება იყო მცდელობა, რომ სასამართლოსთვის დაებრუნებინათ საზოგადოების ნდობა, მაგრამ ნდობის აღდგენის უსუსური მცდელობა გამოვიდა. ამ მცდელობის არსი იყო არა ის, რომ სასამართლო გაუმჯობესებულიყო, არამედ საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როდესაც მდგომარეობის შესაცვლელად რადიკალური არ არის რეფორმა, ის ყოველთვის ფასადურია, ფასადურ ცვლილებებს კი არ მოაქვს კარგი შედეგი.

_ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებს აშანტაჟებენ, ხოლოქართული ოცნებისწევრების აზრით, პაპუაშვილი ქაოსის შეტანას ცდილობს სასამართლოში

_ ადამიანი მაღალ თანამდებობაზე მხოლოდ სერიოზული განსჯისა და შერჩევის შემდეგ უნდა დაინიშნოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იმუნიტეტით აღჭურვილი პირია, მის საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა, ეს არის კონსტიტუციით დამტკიცებული. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გადახედვასა და გაუქმებას არ ექვემდებარება, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან თავჯდომარის უღირსი საქციელის გამო სახელმწიფო ზარალდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამჟამად შეაჩერა საქმიანობა, თითქოს გამოძიებით უნდა გაირკვეს, იყო თუ არა მოსამართლეებზე ზემოქმედების ფაქტები, ცხადია, რომ დღეს მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სადავოა და ასეთ პირობებში სასამართლო ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არის საბოტაჟის ნიშნების მქონე ქმედება, რადგან ეს სკანდალი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ყველა სუბიექტის მხრიდან, რომლებიც კი ამ პროცესში არიან ჩართულნი. წინააღმდეგობრივია მოსამართლეების პოზიციები, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ან ხელისუფლებამ დააპირისპირა, აქეთ პროკურატურა, რომელსაც გამოძიება ორი დღის დაწყებული აქვს, აცხადებს, რომ ჩვენ ყველა დავკითხეთ თავმჯდომარის გარდა და არც ერთმა არ დაადასტურა მასზე ზეწოლის ფაქტიო. უკაცრავად და, რა უფლება აქვს პროკურატურას, გამოძიების მასალები გაასაჯაროოს, როდესაც ახალი დაწყებულია გამოძიების პროცესი? მთელი ეს აყალმაყალი ძალიან არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ყველაზე მეტად ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებსაც სარჩელი აქვთ შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოუთმენლად ელიან გადაწყვეტილებას. ამ ვითარების გამო სახელმწიფო გვენგრევა თავზე.

_ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, ცხრა მოსამართლიდან, რომლებიცრუსთავი 2”-ისა და უგულავას საქმეს განიხილავენ, სამი ნაციონალების პერიოდშია დანიშნულიო

_ არა მგონია, მხოლოდ სამი მოსამართლე იყოს ნაციონალების მიერ დანიშნული, ჩემი აზრით, უმრავლესობაა ასეთი. საქმე გაცილებით რთულადაა და ასეთი მარტივი დიაგნოზით ეს ავადმყოფობა არ განიკურნება.

_ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობა არ აღადგინა და დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებთან კოაბიტაციას განაგრძობს. როგორ ფიქრობთ, სამართლიანია სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის მიტევება? ახალი თაობა მოდის, რა უნდა იფიქრონ მათ: თუ ქვეყნის სათავეში მოვალთ, შეიძლება ათასი დანაშაული ჩავიდინოთ, მაგრამ მოგვიტევებენო?

_ დღეს ბევრ ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის პასუხი არ უგია. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ვამბობდი და დღესაც გავიმერებ ამ მოსაზრებას: არ ვარ მომხრე, ყველა ციხეში გავუშვათ, ვისაც კი რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რადგან ძალიან ბევრია ასეთი ადამინები. კი ბატონო, ისინი უნდა ვცნოთ დამნაშავეებად იმ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს, მაგრამ ყველას ვერ გამოვამწყვდევთ ციხეში. მათ უნდა მოინანიონ, ითხოვონ პატიება და შეიძლება ეპატიოთ, მაგრამ იურიდიულად უნდა ჩაიწეროს, რომ მათ ჩაიდინეს ესა თუ ის დანაშაული. არსებობს საზოგადოების საყოველთაო შეთანხმება და პოლიტიკური ნება იმაზე, რომ დაისაჯონ მეთაურები, რიგით შემსრულებლებს _ მიეტევოთ. ეს იქნებოდა ჩვენი ცხოვრების, ჩვენი წარსულის გაჯანსაღების რეალური გზა. ამის ნაცვლად რა მივიღეთ? ყველამ ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები, მაგრამ მხოლოდ წვრილფეხობა მისცეს პასუხისგებაში, თანაც ძალიან ლოიალური სასჯელი აკმარეს და უმრავლესობა უკვე გამოსულია ციხიდან; ხოლო ისინი, ვინც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასჯელს წვრილმანი დანაშაულისთვის იხდიან. საერთოდ გაუკუღმართდა სამართლიანობისა და დარღვეული უფლებების აღდგენის პრინციპი. თუ მიიჩქმალება დანაშაული, თუკი დამნაშავეს სათანადოდ არ მოეთხოვება პასუხი, არ მოინანიებს, არ ითხოვს მიტევებას და პირიქით _ გათავხედდება, როგორც ნაციონალები, და აქეთ შეუტევს ხელისუფლებას, მივიღებთ ძალადობის ძალიან საშიშ ფორმას. ასეთ საკითხებზე უნდა მოხდეს საზოგადოებასთან ძალიან სერიოზული კონსულტაცია. ჩვენ დროებით მივეცით ამ ადამიანებს უფლება, რომ მართონ ქვეყანა, მაგრამ მათთვის არავის მიუცია უფლება, ბოროტმოქმედებს დანაშაული მიუტევონ და განაგრძონ კოაბიტაციის პროცესი, რომელიც ყველასთვის მიუღებელი იყო. თავდაპირველად კოაბიტაცია ერთი წლით გამოცხადდა, მაგრამ აშკარად გაუგრძელდა ბევრს.

_ მოსმენების შესახებ კანონზე რას იტყვით?

_ მოსმენების კანონი არის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დანერგილი ბოროტება, რომელიც სასწრაფოდ უნდა ამოიძირკვოს. არ გამოვრიცხავ, რომ ფარული ჩანაწერები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ვიდრე ამ ბოროტების შემქმნელები თვითონ არ გახდებიან მსხვერპლი, ასე გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლების მზადყოფნას ვითარების შესაცვლელად.

_ ერთერთ სტატიაში ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე ამბობთ, მის მიმართ ანტიპათია მაქვს, რადგან ის იყო ბოროტების ერთერთი სათავეო

_ ოქრუაშვილი ადეიშვილსა და სააკაშვილთან ერთად ბოროტების დამფუძნებელია. მათ ააყვავეს საქართველოში საპროცესო გარიგების ინსტიტუტი, რომლის დროსაც ბიზნესმენებს ძალით ართმევდნენ მილიონებს და, სად მიდიოდა წართმეული ფული, კაცმა არ იცის. ოქრუაშვილი, მისდა სამწუხაროდ, მალე თვითონ გახდა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და იწვნია მისი სიმწარე. ამ ადამიანის უზნეობა გასაოცარია, იმიტომ, რომ დღესაც აპირებს ამომრჩევლის ხმების მიღებას, საქართველოში ოქრუაშვილი უზნეობის სიმბოლოა _ თუ როგორ წახდა ადამიანი ხელისუფლებაში ყოფნისას და როგორ ვერ გააცნობიერა, რომ ბოროტების სამსახურში იყო.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here