Home რუბრიკები საზოგადოება “თუ თურქები არ ისწავლიან სხვა ერების პატივისცემასა და სიყვარულს, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება...

“თუ თურქები არ ისწავლიან სხვა ერების პატივისცემასა და სიყვარულს, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყანა”

979

31 წლის გიორგი საათაშვილი მსახიობი და მომღერალია. ამჟამად იმყოფება თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში. ამბობს, რომ თურქეთში ცხოვრება მისცემს საშუალებას, უკეთ გაეცნოს ამ ქვეყანას და დამოუკიდებლად გადადგას ნაბიჯები კარიერის გასაგრძელებლად:

_ ორი წელია, თურქეთში ვცხოვრობ. საქართველოში ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, გაუსაძლისი გახდა ცხოვრება. ადამიანი, როგორი პროფესიონალიც უნდა იყოს, ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ტყუილად ვიტანჯავდი თავს ათასი ფიქრითა და ოცნებით. ბევრჯერ წავქცეულვარ და ავმდგარვარ… თუ დააკვირდებით ქუჩაში მიმავალი ადამიანების სახეებს, შეამჩნევთ, რომ გაჭირვებამ ხალხს ცხოვრების ხალისი დაუკარგა. აი, ამიტომ წავედი ქვეყნიდან. თურქეთში თავს კარგად ვგრძნობ, შემიძლია ვაკეთო ის, რაც მიყვარს. როგორც ყველა ქართველს, მეც სისხლში მაქვს გამჯდარი სამშობლოს სიყვარული. საქართველო ყოველთვის დამელოდება. თურქეთშიც კი ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ხალხზე ვფიქრობ, რომ იქნებ როგორმე მივაღწიო ისეთ წარმატებას, რომელიც ჩემს ქვეყნას წაადგება.

_ როგორი ვითარებაა თურქეთში, როგორი ხელისუფლება ჰყავთ, როგორი ხალხი არიან და რას ამბობენ ქართველებზე?

_ თურქეთში ყველაფრის გაკეთებას შეძლებს ადამიანი, რა საქმითაც უნდა დაკავდეს. ზემოდან არავინ გიყურებს, არარაობად არავის მიაჩნიხარ. თურქები ქართველების მიმართ ცივად არიან განწყობილნი, ალბათ, იმიტომ, რომ აქ ხშირად ქურდობენ ქართველები. თურქეთში არის ორი ტიპის საზოგადოება: ერთი ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას, მეორე კი სრულიად რეალიზებულია. ნაწილს არაფერი უკვირს, ცივილიზებულად აზროვნებს, მეორე ნაწილისთვის კი ყველა სიახლე მიუღებელია. თურქეთში არავინ გაგაჩერებს უსაქმურად. არ აინტერესებთ, ვინ ხარ და რას საქმიანობდი წარსულში, მთავარია, საქმე კარგად გააკეთო. თუმცა ცუდი ის არის, რომ ცივად არიან განწყობილნი სხვა ერების მიმართ. ხშირად ხდება დაპირისპირებები. მაგალითად, თურქებსა და ქურთებს შორის.

_ თურქეთში მცხოვრები ქართველები ჩართულნი ხართ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში? რას ფიქრობთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე?

_ თურქეთში მცხოვრებ თითოეულ ქართველს გვაინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და განვიცდით იმას, რაც დღეს ხდება. ოცდახუთი წელიწადია, საქართველოს არაფერი ეშველა, მეცოდება ჩემი ქვეყანა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ჩემი ერი, რომელსაც გასაქანი არ აქვს ასეთი ხელისუფლებების ხელში. ყველაფრის მიუხედავად, გვწამს, რომ შეიცვლება სიტუაცია, საქართველოდან წასვლა აღარვის მოუწევს და, ვინც წასულები ვართ, ისინიც დავბრუნდებით. ამჟამინდელი ხელისუფლება ერთს თუ აკეთებს, მეორეს აფუჭებს. რამდენიმე ხნის წინათ ვიყავი საქართველოში ჩამოსული. ხალხი დაბნეულია, დადიან ქუჩაში და თავისთვის ლაპარაკობენ. აი, ეს გააკეთეს ჩვენმა ხელისუფლებებმა.

_ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ქვეყანაში და,საერთოდ, რეგიონში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. რატომ დაიწყო დაპირისპირება და რა ვითარებაა ამჟამად?

_ ქვეყანაში მშვიდობა იყო და უცებ შევიტყვეთ, რომ ასეთი ვითარება შეიქნა. ხალხი პანიკაში ჩავარდა, შიშმა მოიცვა ქვეყანა. რამდენიმე დღე გავიდა მომხდარიდან და ხალხი კიდევ ამაზე საუბრობს. არ უნდათ ქვეყნის პრეზიდენტი, არ უყვართ. არ გამკვირვებია ამბოხი, ერდოღანი ყველაფერს თავისი სურვილებიდან გამომდინარე აკეთებს, ხალხის აზრს არ ითვალისწინებს, აი ამიტომ არ სურთ, რომ ის იყოს თურქეთის მმართველი.

_ ერდოღანმა თურქ საზოგადოებას მოუწოდა, გასულიყო ქუჩაში და შეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დამხობის მსურველებს. რა მოხდა ამის შემდეგ?

_ თურქეთის პრეზიდენტი კარგად ხვდება, რომ მარტო თვითონ ვერაფერს გახდება და ფარად იყენებს ხალხს. რა გარანტია აქვს ერდოღანს, რომ ამ მოწოდების შემდეგ უფრო დიდი დაპირისპირება არ მოხდება ქვეყანაში?! ერდოღანმა მშვიდობისკენ უნდა მოუწოდოს ხალხს და არა გარეთ გამოსვლისკენ. მას სურს, მსოფლიოს დაანახვოს, რომ ხალხი მის გვერდითაა. არავინაა დაზღვეული, რომ სკვერებსა და აეროპორტში ისევ არ მოხდება აფეთქებები და ისევ არ დაიხოცება ხალხი. თუ ერდოღანი თავის ხალხს არ დაარწმუნებს, რომ ქვეყანა იქნება დაცული და არ გაამკაცრებს ზომებს, მერწმუნეთ, უარესი მოხდება და ამას გააკეთებს არა უცხო, არამედ მისი ხალხი. დღეს ქვეყანაში 90-დღიანი საგანგებო რეჟიმია. 9 საათის შემდეგ კომენდატის საათია და გადაადგილება შეზღუდული გვაქვს. ამით რის შეცვლას ცდილობენ, არ ვიცი. თურქეთი ყოველდღე მოლოდინშია, რომ შეიძლება კიდევ იყოს ახალი ტერაქტები, ხალხი პანიკაშია. თუ პრეზიდენტმა არ მოუწოდა ხალხს სიმშვიდისკენ, უარესი მოხდება, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ ამბავს, თუ თურქები არ ისწავლიან სხვა ერების პატივისცემასა და სიყვარულს, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყანა.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. Tamazich turqebis dedac da amerikelebisac,danarcheni yvelasi kidev visac chveni mtroba unda gind shinauri iyos da gind gareuli,mteri tu moyvare.saqartveloshi rames rom miagwio xelidan unda waxvide,shublis dzargvi gaiwyvito,erti adgili ki ara yvelaferi adzlio rasac getyvian da ar mogtxoven kidev da mere ki geqneba ragac tan yurmowrili monobazec unda ertguli dzaglivit kudi aqicino da klounivit yurebamde dagebuli pirit icino.yvela egetisac!!! Gmertma male dagvabrunos chven RUISHI…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here