Home რუბრიკები პოლიტიკა “პაპუაშვილი ცდილობს, წასვლის წინ სამსახური გაუწიოს უსამართლობას და სააკაშვილს”

“პაპუაშვილი ცდილობს, წასვლის წინ სამსახური გაუწიოს უსამართლობას და სააკაშვილს”

559

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული სადავო ქონების საკითხზე  „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მთავრობასა და საზოგადოებას  რამდენიმე დღით ადრე მიმართავს. 

„მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების აბუჩად აგდებას ბოლო უნდა მოეღოს. როგორც ამ ქვეყნის ბევრ მოქალაქეს, როლანდ ბლადაძესაც 2012 წელს გაუჩნდა იმედი, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებოდა. იგი, რამდენიმე წელია, იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ უშედეგოდ. მეც, როგორც მის ადვოკატს, და მასაც გვესმის, რომ უსამართლობასთან სამართლიანობის აღდგენის დევიზით შეუძლებელია უკანონოდ და იმავე მეთოდებით ბრძოლა, რომლებსაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მიმართავდა… დაუშვებელია, რომ კანონისა და კონსტიტუციის აღსრულების გარანტის ინსტიტუციის სათავეში იდგეს ადამიანი, რომელიც უკანონოდ წართმეული ქონების მფლობელია და სხვის კუთვნილ სახლში ცხოვრობს. რომელ კონსტიტუციასა და სამართალზეა საუბარი? ჩვენ ხომ ბრიუსელიდან ჩამოსული გულუბრყვილო ბიუროკრატები არ ვართ, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რა მზაკვრობებზე არის წამსვლელი ოდესის გუბერნატორის მარიონეტი და მოძალადე ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, რომელსაც თანამდებობა თავგასულმა და კანონზე მაღლა მდგომმა ნერონებმა ხონჩით მიართვეს?!

არადა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქვეყენაში ავტორიტეტული პროფესიონალი იურისტი უნდა იყოს, გამოცდილი და მაღალი ზნეობრივი სტანდარტებით ხელმძღვანელობდეს. არც ერთი ეს პარამეტრი ბატონ პაპუაშვილს არ ახასიათებს. მან შეთავაზებული მანტია ისე მოისხა, არც უფიქრია, მისი პროფესიული უნარ-ჩვევებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ეკუთვნოდა თუ არა მას ეს თანამდებობა. მეტიც, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ კონსტიტუციისა და სამართლიანობის ფეხქვეშ გამთელავი ხელისუფლების პირობებში ერთხელაც კი არ ამოუღია ხმა და დამოუკიდებელი, მართალი და ობიექტური გადაწყვეტილება არ გამოუტანია; არ დაუცავს შეურაცხყოფილი და სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუციის პრინციპები, თვალს ხუჭავდა მართლმსაჯულების ძალადობაზე მოქალაქეების მიმართ. ბატონი პაპუაშვილი თითქოს მიეწება თავის სკამს, ცდილობს, წასვლის წინ მაქსიმალური სამსახური გაუწიოს უსამართლობას და სააკაშვილს. უფრო მეტიც, ის არასგზით არ გამოდის მის მიერ ზნეობრივი პრინციპების ყოველგვარი დარღვევით სიმბოლურ 1000 ლარად მიტაცებული საცხოვრებელი ფართიდან და  ეს ქონება რომ შეინარჩუნოს, იაფფასიან სპექტაკლებს აწყობს და სკანდალური განცხადებებით მანიპულირებს. პაპუაშვილის ქმედებები გასაგებია, მაგრამ საზოგადოებისთვის არ არის საცნაური დღევანდელი ხელისუფლების გარკვეული უმოქმედობა, რომელიც ვერასგზით ვერ ახერხებს ნაციონალების აქტივისტის ალაგმვას”, – ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here