Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა მართალია _ ჯიბეზე ვიგრძენით!

ბიძინა მართალია _ ჯიბეზე ვიგრძენით!

569

ნორმალური ადამიანისთვის წარმოუდგენელია, რაც არ გაგიკეთებია, იმის შესახებ ამტკიცო, _ ეგეც გავაკეთე და მაგაზე მეტიცო. საუბარია 2012 წლის არჩევნების წინ გაცემულ დაპირებაზე _ “მეოთხე წელს ყველანი საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთ”!

ამ ლეგენდარული დაპირების გარშემო, უკვე კარგა ხანია, ერთ ამბავია ატეხილი. ადამიანები _ ოპტიმისტებიც და სკეპტიკოსებიც, პირველი წლიდანვე სულმოუთქმელად ელოდნენ ამ ყბადაღებულ “მეოთხე წელს”; ერთნი იმიტომ, რომ ძალიან უნდოდათ, მართლაც “ეგრძნოთ საკუთარ ჯიბეზე”, ხოლო მეორენი იმიტომ, რომ ნიშნი მოეგოთ _ აგე, ხომ ვერც ვერაფერი იგრძენითო(?!).

საბოლოო ჯამში, მეოთხე წელი, რა თქმა უნდა, მოვიდა, მაგრამ ქვეყანას, ხალხსა დაჯიბესსასიკეთო არაფერი დატყობია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მესვეურნი მაინც ამაყად აცხადებენ, _ რაც დაგპირდით, ისიც გავაკეთეთ და იმაზე მეტიცო.

 ჩვენი ძალიან დაკვირვებული კორესპონდენტი, თითქმის ოთხი წელიწადია, აკვირდება ამ ამოუცნობ მოვლენას და, რა თქმა უნდა, არცთუ უშედეგოდ.

კერძოდ, იგი განსაკუთრებით აკვირდებოდა ამ დაპირების უშუალო ავტორსა და “ოცნების” მთავარ ფიგურას, ბატონ ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ერთხელაც არ უცვლია ნირი, როდესაც ჟურნალისტები თუ უბრალო მოქალაქეები მას ამ ლეგენდარულ “მეოთხე წელს” და “ჯიბის გრძნობებს” შეახსენებდნენ ხოლმე.

არადა, წარმოუდგენელია, ადამიანმა ამ დონეზე ჩაისვაროს და მაინც ამაყად ყელმოღერებული ჩნდებოდეს ხალხში და ხმამაღლა ამბობდეს, _ ყველა დაპირება ზედმიწევნით შევასრულეო.

აი, სწორედ ამან ჩააფიქრა ჩვენი ჩაფიქრებული კორესპონდენტი, რომ აქ რაღაც საიდუმლო იმალებოდა. მან კატეგორიულად გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, გაერკვია, რატომ იჩემებს ბატონი ივანიშვილი ასე მტკიცედ, რომ მან ყველა დაპირება შეასრულა.

ამ მიზნით ჩვენმა გაბედულმა კორესპონდენტმა გაბედულად გადაიცვა “ჩვეულებრივი ადამიანის”, ანუ “ერთი სტატისტიკური ქართველისთვის” დამახასიათებელი სამოსი და იმ ბრბოს შეერია, რომელიც ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქციას მართავდა მოთხოვნით “გვაგრძნობინეთ ჯიბეები”!

ჩვენს დაიმედებულ კორესპონდენტს იმედი ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ადრე თუ გვიან, რაიმე საჭიროების გამო გამოვიდოდა შუშის სასახლიდან ან ფანჯრიდან მაინც გამოიხედავდა ჰაერის ჩასასუნთქად.

მომენტი ხელიდან რომ არ გაეშვა, იგი სწრაფი ნაბიჯით შეუჩერებლად უვლიდა გარს სასახლეს და ფანჯრებს თვალს არ აშორებდა. და აი, ერთ-ერთ ფანჯარაში, როგორც იქნა, გამოჩნდა ივანიშვილის თვითკმაყოფილი სახე და ჩვენმა მოურიდებელმა კორესპონდენტმა მოურიდებლად მიახალა: ბატონო ბიძინა! ხომ ამბობდით, მეოთხე წელს საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთო? ვერაფერსაც ვერ ვგრძნობთ! პირიქით _ დაგვიცარიელდა ჯიბეები”.

ამ შეძახილზე სხვებმაც მოირბინეს და იგივე გაუმეორეს ბელად-ბიძინას.

თქვენ წარმოიდგინეთ, ბელადი სულაც არ დაბნეულა, სულაც არ მოუხურავს ფანჯარა და სულაც არ შებრუნებულა სასახლეში; პირიქით _ საკმაოდ დამაჯერებელი სახე მიიღო და ბრბოსაც სრულიად ნათელი პასუხი გასცა: მე მხოლოდ ის ვთქვი მაშინ, რომ იგრძნობთ საკუთარ ჯიბეზე! მე ხომ არ მითქვამს, რომ საკუთარი ჯიბის ავსებას იგრძნობთ?! მე ვთქვი, რომ, უბრალოდ, იგრძნობთ. ჰოდა, დაცარიელებას ხომ გრძნობთ საკუთარ ჯიბეზე? ანუ ესე იგი საკუთარ ჯიბეზე რაღაცას გრძნობთ! რაღა გინდათ? გამოდის, მე შევასრულე ჩემი დაპირება”.

ამ სიტყვებზე ბოროტმა ბიძინამ გადაიხარხარა და სასახლის ფანჯრები მიხურა…

აჰ, თუმცა ეს ფრაზა ზღაპრიდანაა და ბოროტ გველეშაპს ეხება…

აქ ასე უნდა დაგვემთავრებინა _ ამ სიტყვებზე კეთილმა და ქველმოქმედმა, მეცენატმა და უსათნოესმა ბიძინამ მომხიბლავად გაიცინა, კეთილშობილად მიხურა დარაბები და საკუთარ შუშის სასახლეში შენარნარდა.

ქატო იქა, ფქვილი იქა, ჯიბე იქა, ლხინიც იქა და ყველაფერი იქა. დასასრული.

ბეჩა ბაბაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here