Home რუბრიკები ისტორია ზვიად გამსახურდია: ამ ნაძირალებისგან მე წამებულებს ვერ შევქმნი!

ზვიად გამსახურდია: ამ ნაძირალებისგან მე წამებულებს ვერ შევქმნი!

1875

ვახტანგ გვარამია ეროვნულ ხელისუფლებაში რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო. დღეს იგისაქართველო და მსოფლიოსმკითხველებს მოუთხრობს ერთი საინტერესო მომენტის შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალებას.

_ 1991 წლის 21 დეკემბერი. დაახლოებით ღამის თერთმეტი საათია.

მთავრობის სახლის (ასე ერქვა იმხანად დღევანდელი პარლამენტის შენობას) წინ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ხალხმრავალი მიტინგები ერთდროულად იმართებოდა, დგანან თავდაცვის მინისტრი ჯონი ფირცხალაიშვილი, რესპუბლიკის პროკურორი ვაჟა აბაკელია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან გვენცაძე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ნინუა. არიან სხვებიც. მათ შორის _ მეც.

_ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გიხსენებიათ.

_ ხალხში გასულ დილარ ხაბულიანს სახეში რაღაც ხსნარი შეასხეს, თვალები დაუზიანეს და, ფაქტობრივად, შრომისუუნარო გახადეს, ამიტომ არ იმყოფებოდა იქ, სადაც შეკრებილები ვიყავით.

ამ დროს კი რუსთაველზე ბობოქრობს ორი მიტინგი _ ხელისუფლების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების. დაპირისპირება უაღრესად მწვავეა. ერთი ნაპერწკალია საჭირო და იფეთქებს დიდი ცეცხლი. დაჯახება ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს. ვითარება უაღრესად რთული და, ამასთანავე, ფრიად სპეციფიკურია: დაჯახება არც ერთ მხარეს არ სურს, მაგრამ ასევე არც ერთი უკან არ იხევს. ნებისმიერი მცირე პროვოკაცია სიტუაციას უმართავს გახდიდა. სისხლი დაიღვრებოდა უეჭველად.

დაპირისპირებაში ორივე მხრიდან მონაწილეობდნენ უაღრესად ეგზალტირებული ქალები. არა მხოლოდ “კარვის ქალები”…

_ “შავი კოლგოტკები”?

_ ასეც ეძახდნენ. ერთ მხარეს ხელისუფლების მომხრე ქალები იდგნენ, მეორეს _ მათი მოწინააღმდეგენი. მასა მასასთან იყო დაპირისპირებული, სახედაკარგული ბრბო.

თენგიზ სიგუა, მთავრობის გადამდგარი თავმჯდომარე, დაჟინებით იმეორებდა, რომ საჭირო იყო, როგორმე მოენახათ საერთო ენა, კომპრომისი, მაგრამ მისი ხმა იკარგებოდა, “ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

არც ზვიად გამსახურდია იყო კომპრომისის წინააღმდეგი, მაგრამ ბოლო პერიოდში დაიწყო ყოყმანი. როგორც ჩანს, მის უკან იდგნენ ისეთი პირები, რომლებსაც გავლენა ჰქონდათ, თანაც საკმაოდ დიდი გავლენა და რომლებიც შეთანხმების წინააღმდეგნი იყვნენ. არადა, იყო ამის საშუალება…

შევიკრიბეთ გამსახურდიას კაბინეტში.

შეკითხვაზე რა ვქნათ, ვაჟა აბაკელიამ უპასუხა, რომ მდგომარეობა უკიდურესად რთულია და, ეგებ, რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთო. სიტუაცია უმართავი ხდება და კონკრეტულ ხელმძღვანელებს ორივე მხრიდან აღელვებული მასა არ დაემორჩილებაო. იგივე გაიმეორა რომან გვენცაძემ, მეც იგივე ვთქვი: საერთო ენის გამონახვა იყო ერთადერთი საშუალება კრიზისის დაძლევის.

სიტყვას იღებს ერთ-ერთი იქ მყოფი ხელმძღვანელთაგანი (ამჟამად გარდაცვლილია) და ამბობს:

_ ბატონო ზვიად, ვახტანგ გვარამიას დაპატიმრებული ჰყავს ჯაბა იოსელიანი, ვეფხვაძე, ყურაშვილი (ბუღა) დამხედრიონისსხვა მოთავეები.

პროკურატურას ისინი მართლაც დაპატიმრებული გვყავდა. მოთავსებულები იყვნენ უშიშროების იზოლატორში, სადაც, როგორც წესი, გამოძიების პერიოდში იმყოფებოდნენ რეზონანსული საქმეების ფიგურანტები. მაშინ ის იზოლატორი ყველაზე კეთილმოწყობილ და დაცულ ადგილად ითვლებოდა.

უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შენობა მომიტინგეების ალყაში იყო მოქცეული. მისი აღება მათთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა.

_ არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, _ ეუბნება პრეზიდენტს ის ხელმძღვანელი, რომლის გვარს არ ვასახელებ.

ზვიად გამსახურდია ინტერესდება, რა გამოსავალზეაო ლაპარაკი.

პასუხად ისმენს:

_ თუ ჩემ მიერ დასახელებული ლიდერები გარეთ გამოვლენ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ხელისუფლება დაკარგულია: გადანახული აქვთ იარაღი, ჰყავთ კარგად გაწვრთნილი ხალხი, მათი შეერთება მიტინგის მონაწილეებთან და, საერთოდ, ოპოზიციასთან ჩვენ დამარცხებას ნიშნავს. გამოსავალი არის მხედრიონის ლიდერებს უშიშროების #1 საგამოძიებო იზოლატორში (ორთაჭალის ციხეში იყო მაშინ ეს იზოლატორი) გადაყვანა. თუ ნებას დაგვრთავთ, ბატონო ზვიად, ჩვენ მათ იქ კი წავიყვანთ, მაგრამ ვერც ერთი ადგილამდე ვერ მიაღწევს, შეეცდებიან გაქცევას და ამ მცდელობას რა შედეგიც მოჰყვება, კარგად იცით…

_ .. მოხდებოდა მათი ლიკვიდაცია?

_ დიახ, ყველას დახოცავდნენ…

სიჩუმე ჩამოვარდა. ეს იყო ჭეშმარიტების მომენტი. ეტყობა, ამ ვარიანტზე ყველა თავისთვის ფიქრობდა, მაგრამ თქმისგან თავს იკავებდა.

_ ასეთ გადაწყვეტილებაზე, როგორც წესი, საჯაროდ არ ლაპარაკობენ. მით უფრო, რომ საეჭვო შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა, გაცილებით უარესი და ყოვლად მიუღებელი.

_ ყოვლად მიუღებელი! ტაქტიკური თვალსაზრისით, ასეთი გადაწყვეტილების რეალიზაცია შეიძლება მართლაც ყოფილიყო ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება, მაგრამ მხოლოდ დროებით. სტრატეგიული თვალსაზრისით, პერსპექტივისთვის, ბუნებრივია, უაღრესად უარყოფით ნაყოფს გამოიღებდა.

ზვიად გამსახურდია ჩაფიქრდა.

წუთები საათებივით გაიწელა.

ბოლოს თქვა ის, რაც არასოდეს დამავიწყდება და რასაც სიტყვასიტყვით გადმოგცემთ:

_ გენაცვალე, ამ ნაძირალებისგან მე წამებულებს ვერ შევქმნი!

ზოგმა მისი ეს პოზიცია სისუსტედ ჩათვალა: ხელისუფლების შენარჩუნება კი უნდა, მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიაო. მაშინ ღრმად არ ჩაფიქრებულან, რომ შექმნილ ვითარებაში გამსახურდიას პოზიცია იყო სწორი. ის ხელისუფლება ხვალ თუ ზეგ მაინც დაემხობოდა, შეიძლება, დეკემბრის დარჩენილ დღეებში ძალაუფლება შეენარჩუნებინა და იანვარიც გადაეტანა, მაგრამ იმდენი შეცდომა იყო დაშვებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, ისე დაიძაბა ვითარება მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ასპარეზზეც, რომ კრახი ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნებოდა.

იმ ურთულეს დღეს, იმ უმძიმეს წუთებში ზვიად გამსახურდიამ ზუსტად განჭვრიტა პერსპექტივა და პრეზიდენტის სავარძელს არ შესწირა ადამიანების, ქართველების (გინდაცნაძირალების”) სიცოცხლე. არ გასცა მათი ლიკვიდაციის სანქცია.

ის ხელმძღვანელი, რომელმაც ლიკვიდაციის ნებართვა ითხოვა, თათბირის შემდეგ მოვიდა ჩემთან და მითხრა:

_ ეე, ჩემო ვახტანგ, ამ კაცს უნარი არ აქვს, ხელისუფლება რომ შეინარჩუნოს და დღეიდან ჩვენი გზები გაიყო. მე წავედი…

და წავიდა.

25 თუ 26 დეკემბერს ციხის უფროსმა ტარიელ დილიბაზაშვილმა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ნინუას მითითებითმხედრიონისდაპატიმრებული ლიდერები გაათავისუფლა.

ნინუას ასეთი განკარგულების გაცემის უფლება არ ჰქონდა.

ჯაბა იოსელიანის შეიარაღებული რაზმები გამოვიდნენ ასპარეზზე, კიტოვანს ამდენი ძალა არ გააჩნდა, გაერთიანდნენ და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო და ეს ეპოპეაც დამთავრდა.

_ იმ დროს, ეს თათბირი რომ გაიმართა, ჯაბა იოსელიანი და მხედრიონელები იზოლატორში რომ იყვნენ დაპატიმრებულები, თენგიზ კიტოვანი და მისი ამბოხებული გვარდია სად იდგა?

_ თბილისის ზღვაზე იყვნენ დაბანაკებული. ომი რომ დაიწყო, დილის 4 საათზე გამაღვიძეს ორი საათის წინ შინ მისული, გამომიძახეს მთავრობის სახლში. ინგრევა ყველაფერი, ძლივს შევაღწიე შენობაში. მითხრეს, რომ მიბარებდა ზვიად გამსახურდია, რომელიც იმ მომენტში საქმეთა მმართველის კაბინეტში იჯდა, რადგან მისი სამუშაო ოთახი დანგრეული იყო _ ფასადის მხრიდან ესროდნენ შენობას. დამავალა, რამდენიმე კაცთან ერთად წავსულიყავი თბილისის ზღვაზე და მოვლაპარაკებოდით კიტოვანს. უნდა გაგვეგო, რას ითხოვდნენ თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და სრულად ოპოზიცია, ომი რომ შეწყვეტილიყო.

თბილისის ავტოინსპექციის უფროსის _ ლევან კენჭაძის მანქანით წავედით დავალების შესასრულებლად. თავისუფლების მოედანზე დაგვაკავეს ამბოხებულებმა, მაგრამ ვაჟა ადამიას მოთხოვნით გაგვათავისუფლეს (იმ უბანში მისი ხალხი იყო გამაგრებული). შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილს გადავრჩით _ გვესროლეს, და ადამია რომ არა, ჩვენი საქმე წასული იყო.

როგორც იქნა, მივაღწიეთ დანიშნულ ადგილს და იქ შევხვდით თენგიზ კიტოვანსა და თამაზ დუმბაძეს. მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გადამდგარიყო ზვიად გამსახურდია, რადგან სისხლი დაიღვარა და სხვა გამოსავალი არ გვაქვსო.

დავბრუნდით მთავრობის სახლში, შევხვდით ზვიად გამსახურდიას და გადავეცით დანაბარები. მისი რეაქცია ასეთი იყო:

_ ჩემი პრეზიდენტობა ერთი ქართველის სიცოცხლედ არ ღირს. მე აუცილებლად გადავდგები!

გამოვედით კაბინეტიდან. უჩვენოდ იქ რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ პრეზიდენტი არ გადამდგარა.

_ ის თუ იცით, რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი და ამბოხებულები, როცა მას (ზვიად გამსახურდიას), მისი ოჯახის წევრებსა და თანმხლებთ გაუხსნესმშვიდობიანი დერეფანი”, საშუალება მისცეს დაეტოვებინათ თბილისი და თავი შეეფარებინათ მეზობელი ქვეყნისთვის?

_ შეთანხმება არ მომხდარა. არავითარი დერეფანი არ გაუხსნიათ, პირიქით, ხელისუფლებაში მოსულები მაქსიმალურად შეეცადნენ, სომხეთიდან ზვიად გამსახურდიას დეპორტირებას.

_ მაშ, როგორ გავიდა?

_ გავიდა იმიტომ, რომ მაშინ თბილისში სრული ქაოსი სუფევდა. ქალაქი გადაკეტილი არ ყოფილა. ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ თავმოყრილები გარკვეულ უბნებში, ისიც ალაგ-ალაგ. არ იყო ერთიანი, ორგანიზებული ძალა, ერთიანი ხელმძღვანელობა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here