Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

1145

მზად ვარ, სიმართლისთვის დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

ნაწილი IV

1941 წლის 11 სექტემბერს, 4 და 22 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გოლოვანოვის პოლკის მფრინავები ორდენებით დააჯილდოვა.

დაჯილდოებულთა შორის ლენინის ორდენოსანი გახდა უმცროსი სერჟანტი დავით ჩხიკვიშვილი, შემდგომ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

დავით ჩხიკვიშვილმა პირველი საბძოლო გაფრენისთანავე გამოიჩინა გამბედაობა და მოხერხებულობა. დარწმუნდა რა, რომ მის ბომბდამშენს ვერ დაიცავდა გამანადგურებელი ავიაცია, გადაწყვიტა, თავისი თვითმფრინავი თვითონვე მოეყვანა საიმედო საბრძოლო მდგომარეობაში. თვითმფრინავის იმ ადგილებში დარჩენილი სიცარიელეებიდან, საიდანაც ძრავა გამონაბოლქვს ისვრის, მოხერხებულმა ქართველმა ორ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს ლულები გამოაყოფინა, ხოლო სასხლეტებს ტროსები მიამაგრა და ფეხებზე გამოიბა. გერმანულიმესერშმიტებისპილოტები ცდილობდნენ, უკნიდან მიჰპარვოდნენ და ტყვიამფრქვევებით დაეცხრილათ დავით ჩხარტიშვილის ბომბდამშენი, მაგრამ გმირობისთვის დაბადებული გურული ხელების პარალელურად ფეხებზე მობმულ ტროსებსაც ამუშავებდა და თვითმფრინავის კუდში ჩადგმული ტყვიამფრქვევებიდან უფრო მასირებულ სროლას აუტეხავდა ხოლმე ფაშისტებს, ვიდრე წინ დადგმული ტყვიამფრქვევიდან. დავით ჩხიკვიშვილის პირველი გაფრენა და გმირობა შეუმჩნევლი არ დარჩენილა არც მტრისა და არც მოყვრისთვის. თვითნაკეთი დაჯავშნილი ფარები, რომლებიც მკერდსა და მუცელს უფარავდა, უვნებელს ხდიდა მფრინავს, მაგრამ რამდენჯერმე მაინც დაჭრეს ფეხებში, თუმცა ამის გამო საჰაერო ბრძოლა არ შეუწყვეტია. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, მიწაზე დაშვებულ მფრინავის მკერდისა და მუცლის დამცავ ჯავშანზე ტყვიის შვიდი ნაკვალევი აღმოაჩინეს.

დავით ჩხიკვიშვილმა თავისი მოხერხებულობით მოწინააღმდეგის 7 გამანადგურებელი დაანარცხა მიწას. ასე უკვდავყო შესანიშნავმა მფრინავმა, მეცნიერმა, ორგანიზატორმა და აღმზრდელმა თავისი სახელი დიდი სამამულო ომის ისტორიაში. თუმცა, დავით ჩხიკვიშვილი არა მხოლოდ ბრძოლებითა და მოხერხებულობით, არამედ უზადო ადამიანობით, მაღალი კულტურითა და უანგარო მეგობრობითაც არის ჩაწერილი საქართველოს მატიანეში.

“1941 წლის 10 აგვისტოს სამხედრო ავიაციის შტაბში გამომიძახეს. ადგილზე დილაადრიან გამოვცხადდი. სამსახურში ჯერ კიდევ არავინ იყო მოსული. პირველი, ვინც შენობაში შემოვიდა, სარდლის მოადგილე, გენერალი პეტროვი იყო, რომელმაც შეშფოთებით მკითხა, რისთვის ჩამოხვედიო.” _ იგონებს გოლოვანოვი.

_ მე თქვენგან მოველი პასუხს, რისთვის გამომიძახეთ.

_ სარდალს უნდა დაელოდოთ, მე არაფერი ვიცი. _ მითხრა გენერალმა.

ღრმად განათლებული გენერალთან საინტერესო საუბარი ტელეფონის ზარმა შეწყვიტა. ყურმილიდან შემომესმა ხმამაღლა ნათქვამი: “გოლოვანოვი ამხანაგ სტალინთან!”

როდესაც კაბინეტში შევედი, სტალინი ჩიბუხით ხელში ხალიჩაზე მიმოდიოდა. მომესალმა და მშვიდი ხმით მომმმითხრა:

_ არის ავიადივიზია, რომელიც ბერლინის სამრეწველო ობიექტებს ბომბავს. დივიზიის მეთაურია ვოდოპიანოვი. მას ეს საქმე კარგად არ გამოსდის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ დივიზიას თქვენ ჩაუდგეთ სათავეში, სასწრაფოდ გამოცხადდით ხელმძღვანელობასთან, ნახვამდის.”

კაბინეტიდან გამოსული გოლოვანოვი გონს დიდხანს ვერ მოდიოდა. არ იცოდა, სად უნდა წასულიყო, ვინ იყო ვოდოპიანოვი, ან სად იყო დისლოცირებული სტალინის მიერ ხსენებული ავიადივიზია. არ იცოდა, როგორი ადამიანები იყვნენ დივიზიაში, ვისთან უნდა ემუშავა. თანაც, ენანებოდა იმ ერთიანი ორგანიზმიდან მოშორება, რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ ააწყო, მაგრამ სტალინის ბრძანება ყველასთვის უსიტყვოდ შესასრულებელი იყო.

“სასწრაფოდ გამოვცხადდი სამხედრო ავიაციის სარდალ პავლე ჟიგარევთან. სარდალმა მითხრა, რომ უამრავი საკითხის გამო დაავიწყდა ჩემი გამოძახება (ვითომ სტალინზე მეტი საკითხები ჰქონდა გადასაწყვეტი._ გრ. ონიანი). მკითხა, რაზე ვესაუბრე სტალინს. ვუპასუხე, რომ გარდა ბრძანებისა ჩემი დანიშვნის შესახებ, სტალინს ჩემთვის არაფერი უთქვამს. სარდალს სახეზე კმაყოფილება მოეფინა, რაც მე საეჭვოდ მომეჩვენა”. _ წერს გოლოვანოვი.

“_სასწრაფოდ გადააბარეთ პოლკი თქვენს მოადგილეს, ახლავე გავცემ განკარგულებას, დივიზიის მეთაურად თქვენი დანიშვნის შესახებ, თქვენ კი სასწრაფოდ უნდა ჩახვიდეთ დივიზიაში.

სარდლის კაბინეტიდანვე აეროდრომზე გავეშურე და თავდაპირველად ჩემს პოლკში ჩავფრინდი. პოლკი ჩემს მოადგილე ფილიპოვს ჩავაბარე. დავემშვიდობე პირად შემადგენლობას და მოსკოვში დავბრუნდი. კვლავ გამოვცხადდი სარდალ ჟიგარევთან. მან ჩემი დანიშვნის ბრძანება გადმომცა და მკაცრად გამაფრთხილა, რკინის ხელით გამეწმინდა დივიზიის შემადგენლობა და დამემყარებინა სამხედრო წესრიგი.

კვლავ აეროდრომი და დანიშნულების ადგილზე გაფრენა. ახალ დივიზიაში რამდენიმე ნაცნობი მფრინავი შემხვდა. ვაზუსტებდი დივიზიის შემადგენლობას, მის საბრძოლო დისციპლინას და მფრინავთა კვალიფიკაციას. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მთავარ ინჟინერ მარკოვთან საუბარი, ვისგანაც ბევრი რამ შევიტყვე, როგორც დივიზიის ახალმა მეთაურმა.

როდესაც ვეცნობოდი დოკუმენტებს, წავაწყდი სტალინის ხელმოწერილ ბრძანებას დივიზიის საბროლო დავალების შესახებ:

“81-ე ავიადივიზიამ (დივიზიის მეთაური ვოდოპიანოვი) 9-დან 10 აგვისტომდე მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით განახორციელოს ბერლინისაკენ გაფრენა. ფრენისას, გარდა ფუგასური ბომბებისა, გამოყენებული იქნას მცირე და დიდი ძალის ცეცხლგამჩენი ჭურვები. ბერლინამდე გზაზე შეფერხების შემთხვევაში შეტევა განახორციელონ კენიგსბერგზე. ი. სტალინი. 8/8/ 1941.”

სტალინის ამ ბრძანების შესასრულებლად საბრძოლო მოქმედებაში ჩართულა თვითონ სარდალი ჟიგარევი. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, დივიზიამ განიცადა მატერიალური და ადამიანური ზარალი, რის გამოც სტალინს არაერთი “სასიამოვნო” სიტყვით შეუმკია ჟიგარევი (ახლა გაახსენდა გოლოვანოვს, რატომ აინტერესებდა ჟიგარევს, რაზე ესაუბრა სტალინი მას _ გრ.ონიანი).

გამოჩენილი საბრძოლო მამაცობისათვის სტალინმა, ბრძანებით, მადლობა გამოუცხადა დივიზიის მეთაურს _ მიხეილ ვოდოპიანოვს და შეუქო სამშობლოსათვის თავგანწირვა, რომელიც მან მტრის ზურგში საბძოლო მოქმედებებისას გამოავლინა.

მაგრამ ბრძანების მეორე ნაწილში არ გაითვალისწინა ვოდოპიანოვის გმირობა, დივიზიის მეთაურობა მისთვის შეუფერებელ თანანმდებობად ჩათვალა და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვოდოპიანოვთან ერთად გაათავისფლა დივიზიის შტაბის უფროსი და მის ნაცვლად დანიშნა პოდპოლკოვნიკი ელინი.

საქაღალდეებიდან ამოღებული ბრძანებებითა და კერძო საუბრებით გოლოვანოვი მოკლე ხანში გაერკვია საქმის ვითარებაში და, მიუხედავად ვოდოპიანოვის სიმამაცისა, გაოცებული იყო, როგორ დათანხმდა ის დივიზიის მეთაურის პოსტზე დანიშვნას.

დაიწყო დივიზიის დაკომპლექტების მეტად რთული და, ამასთანავე, საჩქარო საქმე. ერთ დღეს გოლოვანოვმა გამოიძახა დივიზიის ყოფილი მეთაური ვოდოპიანოვი და დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით მიიღო იგი. გულახდილი საუბრის შემდეგ გოლოვანოვმა ყოფილ მეთაურს ჰკითხა, როგორ გადაეწყვიტა მისი საქმე ან რა მოეხსენებინა სტალინისათვის მის შესახებ.

ვოდოპიანოვმა გულახდილად უთხრა ახალ მეთაურს, რომ არა აქვს ცოდნა, უხელმძღვანელოს ამ უზარმაზარ სამხედრო შენაერთს, მაგრამ სურს, დარჩეს დივიზიაში, როგორც მფრინავი და ჰყავდეს თავისი ეკიპაჟი. ხოლო, თუ ამას სამხედრო წოდებაც დაემატება, დიდი მადლობელი დარჩება. დღეს მას აქვს ბრიგადის მეთაურის წოდება, რომელიც გაუქმებულია, ახალი ჩინი კი მიღებული არ აქვს. გოლოვანოვმა დახმარება აღუთქვა დივიზიის ყოფილ მეთაურს და დაემშვიდობა.

“დათქმულ დროს სტალინთან გამოვცხადდი და მოვახსენე, რომ დივიზია მზად არის საბრძოლო დავალებების შესასრულებლად. _ იგონებს გოლოვანოვი.

_ როგორ გადაწყდა დივიზიის ხელმძღვანელობის საკითხი?

სტალინს მოვახსენე, რომ დივიზიაში გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა: მოსახსნელი _ მოიხსნა, დასაწინაურებელი _ დაწინაურდა, დასასჯელი კი _ დაისაჯა. აქვე სტალინს ვოდოპიანოვის თხოვნით კი არა, პირადი რეკომენდაციით მივმართე, დახმარებოდა ყოფილ დივიზიის მეთაურს.

_ აი ასე! _ გაეღიმა სტალინს და მითხრა:

_ ხალხთან შენ მუშაობ და მათი ბედიც შენ უნდა გადაწყვიტო”.

სტალინმა სრული ნდობა გამოუცხადა გოლოვანოვს.

“გავიდა ხანი. სტალინს ანგარიშს ვაბარებდი ჩემი მუშაობის შესახებ.

_ რა არის თქვენთან ახალი, ამხანაგო გოლოვანოვ?!

მე კვლავ ვოდოპიანოვზე დავუწყე საუბარი.

_ამხანაგო სტალინ, ვოდოპიანოვს შემორჩა ძველი წოდება _ “ბრიგადის მეთაური,” რომელიც გაუქმებულია, ახალი წოდება კი არ მიუღია.

_ თქვენ რას შემოგვთავაზებთ? _ შემეკითხა სტალინი.

_ მივანიჭოთ მას, ამხანაგო სტალინ, გენერალმაიორის წოდება.

_ კი მაგრამ, ის ხომ დღეს საჰაერო ხომალდის მეთაურია და არა _ დივიზიის.

_ მართალია, ამხანაგო სტალინ, მაგრამ მას მხრებზე აწევს ბევრი გმირული და კარგი საქმე, ის ხომ პირველია, ვინც პოლარული წრის იქით იფრინა. მივცეთ გენერლობა, ძალიან გთხოვთ, მან ეს დაიმსახურა.

ცოტაოდენი დუმილის შემდეგ სტალინმა მითხრა:

_თანახმა ვარ! მომეცით წარდგინება.

არ გასულა დიდი დრო, რომ ქუჩაში გენერალი შემხვდა და, წესის დარღვევით, მხედრულად მომესალმა მე, ნაკლები ჩინის მქონეს. შევხედე და გამეღიმა, _ ჩემი ვოდოპიანოვი იყო.

ჩვენი დივიზია მტრის ღრმა ზურგში გამბედაობას და გმირობას იჩენდა_ ბომბავდა გერმანელთა ქალაქებში განლაგებულ სამრეწველო ობიექტებს.

მაშინ, როდესაც ჰიტლერი ტრაბახით აყრუებდა მსოფლიოს,_ მოვსპე საბჭოთა ავიაცია და მალე საბჭოთა კავშირსაც გავანადგურებო, გერმანიის მოსახლეობა გაკვირვებული უსმენდა ფიურერს, რადგან “განადგურებული” საბჭოთა ავიაცია მასირებულად ბომბავდა გერმანულ ქალაქებსა და სამრეწველო ობიექტებს.

თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტში შორეული ბომბდამშენი ავიაციის დივიზიის სამოქმედო გეგმას ვიხილავდით. კომიტეტში სამოქალაქო პირებს თითქმის არ შევხვედრივარ მალენკოვისა და ბერიას გარდა.

სწორედ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ამ სხდომაზე შევესწარი სტალინის სატელეფონო საუბარს, რომლიდანაც ნათლად ჩანს სტალინის როლი და მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომში და, კერძოდ, მოსკოვის დაცვის საქმეში.

როდესაც სტალინი ოპერატიულ რუკაზე წითელი ისრებითა და ხაზებით აღნიშნავდა ბერლინზე საჰაერო დარტყმის კოორდინატებს, ტელეფონმა დარეკა. სტალინი აუჩქარებლად მივიდა ტლეფონების მაგიდასთან და დინჯად აიღო ყურმილი. სტალინი ყურმილს ყურზე არასოდეს მიიდებდა _ ოდნავ მოშორებით ჰქონდა დაკავებული, რადგან მემბრანის ფირფიტა ძლიერად გადმოსცემდა ხმას და იქ მყოფთ გვესმოდა, რაზე ესაუბრებოდა აბონენტი სტალინს. ხაზზე იყო კორპუსის სამხედრო კომისარი პავლე სტეპანოვი _ სამხედრო-საჰაერო ავიაციის სამხედრო საბჭოს წევრი. სტალინს მოახსენა, რომ სერპუხოვოში (ქალაქ მოსკოვის დასავლეთის მხარე) იმყოფებოდა.

_ როგორ გაქვთ მანდ საქმე? _ ჰკითხა სტალინმა.

_ სამხედრო შტაბი ძალზე ახლოს არის ფრონტის ხაზთან და ხელმძღვანელობა ითხოვს უფლებას, შტაბი გადმოიტანონ მოსკოვის აღმოსავლეთით, სამეთაურო პუნქტი კი მოსკოვის უკიდურეს აღმოსავლეთით.

ოთახში დუმილმა დაისადგურა.

_ ამხანაგო სტეპანოვ, _ნიჩბები თუ გაქვთ ადგილზე? _ მშვიდად იკითხა სტალინმა.

_ ახლავე მოგახსენებთ. _ და კვლავ პაუზა.

_ როგორი ნიჩბებია საჭირო? _ იკითხა სტეპანოვმა.

_ სულერთია. _ განუმარტა სტალინმა.

_ ახლავენიჩბები გვაქვს, ამხანაგო სტალინ. _ გაარკვია საკითხი სტეპანოვმა.

_ გადაეცით ამხანაგებს, _ აიღონ ხელში ნიჩბები და თავიანთი ხელით გაითხარონ სამარე. შტაბი დარჩება სერპუხოვოში. მე კი ვრჩები მოსკოვში.

სტალინმა ისე დადო ყურმილი, არც უკითხავს, ვინ ითხოვდა შტაბის გადმოტანას. შემდეგ მიუჯდა სათათბირო მაგიდას და განაგრძო შეწყვეტილი საუბარი…”

“1941 წლის 15-17 ოქტომბერი ყველაზე მძიმე დღეებია ჩემს ცხოვრებაში. ქალაქი ქაოსში იყო გახვეული. ხალხმა არ იცოდა, რა მიმართულებით უნდა გაქცეულიყო, რომ თავისთვის ეშველა. იყო პანიკა. გავიფიქრე, _იგონებს გოლოვანოვი, _ თავს დავანებებ შორეულ ფრენებს და ჩემს განკარგულებაში არსებულ 400 თვითმფრინავს მოსკოვის ცაზე გამოვიყვან, იქნებ ეს უფრო საჭიროა დღეს, ვიდრე შორეული დაბომბვები.

სიტყვა საქმედ უნდა მექცია. გამოვიძახე შტაბის უფროსი და მოადგილე. გავაცანი ჩემი მოსაზრება და დავავალე, მოემზადებინათ შესაბამისი ბრძანება საბრძოლო ოპერაციის შესასრულებლად, გავესაუბრე ცალკეულ მფრინავებს, ძალები მოსკოვის დაცვისკენ მიემართათ. აღმოჩნდა, რომ საშინელმა საჰაერო ბრძოლებმა სამოქალაქო ავიაციის ზოგიერთი მფრინავი შოკში ჩააგდო _ ფრენაზე უარი განაცხადეს ავადმყოფობის მომიზეზებით. არადა, ავიადივიზია შემოწმებული მფრინავებისაგან დავაკომპლექტე, მათ შორის, ჯანმრთელობის მხრივ.

_ რით ხართ ავად? _შევეკითე ერთ-ერთ მფრინავს, გვარად ანდრეევს.

_ თიაქარი მაწუხებს. _იყო პასუხი.

_ თქვენ? _ვკითხე მეორეს.

_ გულის დაავადება მაქვს და არ შემიძლია სიმაღლეზე ფრენა.

ეტყობა, შიშმა ავადმყოფობის სინდრომი შექმნა. არადა, ვფიქრობდი, რომ ჩვენი ავიადივიზიის ყველა მფრინავი ჯანმრთელი იყო.

_ სამოქალაქო ავიაციაში საზღვარგარეთ ფრენისას თქვენ ჯანმრთელობა არ გაწუხებდათ და ახლა, ომის დროს გაგიუარესდათ?

პასუხს არავინ მცემდა.

_ დივიზიის სრული შემადგენლობას საველე სასამრთლოს გადავცემ. _ გამიელვა თავში და ექოსავით მომესმა პასუხი: “დაუყოვნებლივ დახვრიტეთ!”.

გამახსენდა, რომ მიმდინარეობდა სატანკო არმიის ფორმირება, სადაც რადისტები ჰაერივით იყო საჭირო. აზრი შევიცვალე და გადავწყვიტე, ეს დეზერტირები სატანკო არმიისათვის გადამეცა. სიის შედგენა პოლკოვნიკ შეველიევს დავავალე:

_ ვისაც არ შეუძლია ჰაერში მტერთან ბრძოლა, ყველა გადაეცით სატანკო არმიას, დაე, მათ მიწაზე დაიცვან სამშობლო.

ჩემი ოთახის კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა. ჩემი განკარგულებით, კარი ყველასთვის ღია იყო და არავის სჭირდებოდა შემოსვლის ნებართვის აღება. ვიფიქრე, სტუმარია-მეთქი და კარი გამოვაღე. იქ იდგა ჩვენი დივიზიის ერთ-ერთი რადისტი.

_ ალექსანდრე ევგენის-ძევ, შეიძლება?

_ შემოდით, შემოდით. რისთვის მოხვედით?

_ არასწორად გამოგვივიდა… მეგობრებმა მე გამომგზავნეს თქვენთან. არ ვიცი, საიდან დავიწყო.

_ დაიწყე სიმართლის თქმით და ყველაფერი მითხარი, რაც მოხდა.

_ ეს ყველაფერი ანდრეევის ბრალია…”…

რადისტმა პანიკიორი გასცა. ყველაფერი მოუყვა თავის მეთაურს და მეგობრების სახელით პატიება ითხოვა.

ავიადივიზიაში მომხდარი ერთსაათიანი ბუნტი არ გახმაურებულა, მაგრამ იმ დღის შემდეგ არც ანდრეევს ამოუღია ხმა _ სამუდამოდ დადუმდა.

შორეულ ბომბდამშენ ავიაციას მსოფლიოში გაუთქვა სახელი კაპიტანმა ნიკოლაი გასტელომ, რომელმაც ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავი პირდაპირ ჰიტლერელთა საბრძოლო მასალებისა და საწვავის საწყობებისაკენ მიმართა, რითაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს. კაპიტანი გასტელოს გმირობა გაიმეორა უმცროსმა ლეიტენატმა ივანე ვლადენკომ.

გოლოვანოვის გამორჩეული მფრინავი ალექსანდრე მოლოდჩიი ბერლინის თავზე ტრიალებდა და საავიაციო ქარხანას ზვერავდა დასაბომბად, როდესაც პროჟექტორების შუქზე ჰიტლერთა საჰაერო დაცვის ცეცხლში აღმოჩნდა. მფრინავი არ დაიბნა და მაინც მიზნისაკენ მიისწრაფოდა. მიაღწია კიდეც და საავიაციო ქარხანას უამრავი ბომბი დააყარა. შემდეგ კი რადიოგრამა აფრინა:

“მოსკოვი, კრემლი, სტალინს. ვიმყოფები ბერლინის თავზე, დავალება შესრულებულია. მოლოდჩიი”.

მოსკოვმა უპასუხა:

“თქვენი რადიოგრამა მივიღეთ. გისურვებთ მშვიდობით დაბრუნებას. ი. სტალინი”

“დღე და ღამე ვმუშაობდით._ იგონებს გოლოვანოვი._ იყო პერიოდები, როდესაც საერთოდ არ ვიცოდით, რა იყო ძილი და დასვენება.

ერთხელ, როდესაც სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტში მოხსენებით გამოვდიოდი, ფეხზე ვიდექი და მაგიდაზე გაშლილ რუკაზე მოქმედების რაიონებს ვინიშნავდი, რომ უცებ თვალს დამიბნელდა და ტორტმანი დავიწყე. ჩემ გვერდით მჯდომმა მალენკოვმა და შაპოშნიკოვმა ხელი წამაშველეს და სკამზე დამსვეს. გონებას ვკარგავდი. ვეღარ ვსუნთქავდი. დავინახე, რომ სტალინი სწრაფად წამოხტა თავის სავარძლიდან და სასწრაფოდ გვერდით ოთახში შევიდა. ოთახიდან რაღაც სითხით სავსე ჭიქით გამოვიდა და პირთან მომიტანა.

_სასწრაფოდ გადაჰკარით. _ მითხრა სტალინმა.

პირი გავაღე და სტალინმა თავისი ხელით პირში რაღაც ჩამასხა. მყისვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ცოტა ხანში პირში სპირტის გემო ვიგრძენი. უცბად ჩვეულებრივ ადამიანად ვიქეცი. სტალინი არ მშორდებოდა და თვალებში ჩამცქეროდა.

_ რამდენი ხანია, არ გძინებია? _ შემეკითხა სტალინი.

_ არც მახსოვს, როდის მეძინა, ამხანაგო სტალინ.

გარეთ გამოსული, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ფეხზე მდგომს საუბრისას ჩამძინებოდა, ან შოკში ჩავარდნილიყავი. ვიხსენებდი ბევრ შემთხვევას ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი არაფერი მახსენდებოდა”.

მოსკოვის მისადგომებთან გოლოვანოვის ავიადივიზიის მფრინავები ბომბავდნენ გერმანელი ჯარისკაცებითა და იაღაღით დატვირთულ შემადგენლობებს, ანადგურებდნენ ტანკებსა და მანქანების კოლონებს. მოსკოვის გარეუბანი დამწვარი ტანკების, მანქანების, ზარბაზნების, მიწაზე დანარცხებული სვასტიკიანი თვითმფრინავების სასაფლაოდ იყო ქცეული.

“ნოემბრის პირველ რიცხვებში, _იგონებს გოლოვანოვი, სტალინმა საიდუმლოდ გამანდო, რომ 7 ნოემბერს წითელ მოედანზე ჩატარდებოდა ტრადიციულად სამხედრო აღლუმი და, რომ ამის შესახებ არავის არ უნდა სცოდნოდა. მე ავიადივიზია უნდა მომეყვანა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და ვყოფილიყავი ტელეფონის აპარატთან.

7 ნოემბრის სამხედრო აღლუმის მსოფლიო მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე სამამულო ომში გამარჯვებაზე იმდენი რამ არის დაწერილი და გადაღებული, რომ მას ვერც გოლოვანოვის ჩანაწერები და ვერც ჩემ მიერ მოხმობილი ციტატები ვერაფერს შეჰმატებს, მაგრამ ეს პასაჟი აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ მკითხველმა იცოდეს: გოლოვანოვმა სტალინისაგან იცოდა ის, რაც არავინ იცოდა სტალინის გარდა.

7 ნოემბრის სამხედრო აღლუმის საიდუმლოს გარდა, სტალინის მიერ დიდი ოქომბრის სოციალისტური რევოლუციის 24 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი მხოლოდ გოლოვანოვმა იცოდა სხვებზე ადრე და იცნობდა კიდეც იმ ტექსტს, რომელიც პატრიოტიზმის განცდას აღუძრავდა საბჭოთა ხალხს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ყველაფერი ეს ცნობილი იყო სამხედრო-საჰაერო ავიაციის სარდად ჟიგარევისათვის, ვისაც მოსვენებას არ აძლევდა გოლოვანოვისადმი სტალინის კარგი დამოკიდებულება. ჟიგარევისათვის ცხადი იყო, რომ მის სავარძელს საფრთხე ემუქრებოდა.

სწორედ 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომის შემდეგ, მეორე დღეს, ჟიგარევმა შექმნა კომისია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა შორსმოქმედი ბომბდამშენი დივიზიის საქმიანობა და გამოეტანა შესაბამისი დასკვნა მისი მუშაობისა და შედეგების თაობაზე.

ჟიგარევმა გოლოვანოვს მოსთხოვა, წარმოედგინა წინადადება, ვისი დატოვება და ვისი გაშვებაა საჭირო დივიზიიდან, დივიზიამ იმაზე უკეთ რომ იბრძოლოს, ვიდრე იბრძვის დღეს. გოლოვანოვმა მოახსენა, რომ დივიზიაში წესრიგია, მისი პოლკის ყველა მეთაური და შტაბის უუფროსი გამოირჩევვა მაღალი პროფესიული ხელოვნებითა და პატრიოტიზმით და ასეთივე მდგომარეობაა მთელ დივიზიაშიც.

_ დივიზიაზე ცალკე გვექნება საუბარი. _გადაჭრით უპასუხა ჟიგარევმა.

გოლოვანოვმა მიხვდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული სარდალს და მშვიდად დაელოდა მოველნების განვითარებას. იმავე დღის ბოლოს გოლოვანოვის კაბინეტში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ხაზზე იყო ავიამრეწველობის სახალსო კომისარი შახურინი.

_ როგორ მიდის ცხოვრება? როგორი დამოკიდებულება გაქვთ ჟიგარევთან?

გოლოვანოვმა უპასუხა:

_ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, როგორც იტყვიან, ღმერთის წყალობით. რაც შეეხება ჩემი და ჟიგარევის დამოკიდებულებას, ის სარდალია, მე კი _ დივიზიის მეთაური. სულ ეს არის.

გავიდა რამდენიმე წუთი და გოლოვნოვს სტალინმა დაურეკა:

_ როგორ მიდის საქმე, ამხანაგო გოლოვანოვ.

_ ვმუშაობ თქვენ მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად.

_ რას ფიქრობთ მომავალში, რა გეგმები გაქვთ? _ ჰკითხა სტალინმა.

_ მომავალში, ვფიქრობ, ჩავაბარო დივიზია და ველოდები შემცვლელს, ამხანაგო სტალინ.

ასეთ პასუხს სტალინი ჩემგან არ ელოდა და ოდნავ გაღიზიანებულმა მითხრა:

_ შეგიძლიათ, ახლავე მოხვიდეთ ჩემთან?

_ შემიძლია, ამხანაგო სტალინ.

როდესაც მის კაბინეტში შევედი, მისალმებითანავე მკითხა:

_ რა მოხდა იქ თქვენ შორის?

სტალინის კაბინეტში მხოლოდ მალენკოვი იყო.

მოკლედ მოვუყევი საქმის შინაარსი. შევატყვე, სარდალს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩვენი დივიზიის ბედი და მე მელაპარაკებოდა, როგორც დივიზიის ყოფილ მეთაურს-მეთქი.

_ ხედავ, რაში ყოფილა საქმე? _ გახედა სტალინმა მალენკოვს. მის ხმაში იყო, რაღაც გაკვირვება, ან რაღაცის მიხვედრა. ხალიჩაზე რამდნიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ სწრაფად შემობრუნდა და გაღიზიანებული ტონით წარმოთქვა:

_ ამით დასრულდა ყველაფერი. მალენკოვთან ერთად დაწერეთ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის დადგენილება, თქვენი დივიზიის სამხედრო საჰაერო ავიაციის შემადგენლობიდან გამოყვანისა და უშუალოდ სახელმწიფოს თავდაცვის კომიტეტის დაქვემდებარებაში გადაცემის თაობაზე. ასევე გადაეცით ჟიგარევს.

ჟიგარევისთვის არ დამირეკავს, არც მას ჰქონია ჩემთან კონტაქტი, მაგრამ ჩვენ მიერ შედგენილი დადგენილება, რომელსაც სტალინმა იქვე მოაწრა ხელი, არა მხოლოდ ჟიგარევისათვის, არამედ სრულიად საბჭოთა კავშირისათვის დროის მცირე მონაკვეთში შეიქნა ცნობილი.”

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here