Home რუბრიკები საზოგადოება “ნატოს ჯარი რომ შემოვიდეს, ამას რაც მოჰყვება, გათვითცნობიერებული გვაქვს?!”

“ნატოს ჯარი რომ შემოვიდეს, ამას რაც მოჰყვება, გათვითცნობიერებული გვაქვს?!”

564

ოთხი წელია, 39 წლის მარიანა თავაძე ემიგრანტია. ამჟამად რუსეთის ქალაქ ასტრახანში ცხოვრობს და მუშაობს ექიმად. საქართველოში ყოფნისას პოლიტიკაშიც მოღვაწეობდა, რამდენიმე პარტიას პიარს უწევდა. თანამშრომლობდა თურქეთის ერთერთ პოლიტიკურ პარტიასთან ოჯახური ძალადობის კონცეფციაზე. მუშაობს ორ პროექტზე _ “რატომ იხრება არასრულწლოვანთა ფსიქიკა კრიმინალისკენდაპრევენცია არასრულწლოვანებში ნარკომანიის მიდრეკილების თავიდან ასაცილებლად”.

_ ქალბატონო მარინა, რატომ დატოვეთ საქართველო?

_ ოთხი წელია, საქართველოდან წამოვედი. წარმოშობით გორელი ვარ. აგვისტოს ომის დროს კასეტური ბომბის ნამსხვრევი მომხვდა, რის შემდეგაც ასთმა დამემართა. როდესაც გამოვკეთდი, სამსახურის პოვნის პრობლემა შემექმნა. სიამაყის გამო ვერავის ვთხოვე დახმარება, არადა, ძალიან ბევრმა ნაცნობმა, მათ შორის, პარლამენტარმა, იცოდა, რის გამოც ვეღარ ვმუშაობდი. სამწუხაროდ, არავის შემოუთავაზებია სამსახური. ჩემი მეუღლე პოლიციის ოფიცერი იყო და ათი წლის წინათ გარდაიცვალა. ორი სტუდენტი შვილით უშემოსავლოდ დავრჩი. ამიტომ იძულებული შევიქენი, ასტრახანში წამოვსულიყავი…

_ რუსეთში ბევრი ქართველია. მოგეხსენებათ, როგორაა დაძაბული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. თქვენი აზრით, როგორი სიტუაციაა რეალურად რუსეთში, როგორაა ხალხი განწყობილი მთავრობის მიმართ და რას ფიქრობენ ქართველებზე?

 _ ქართველები აგვისტოს ომს პოლიტიკოსების შეცდომებს აბრალებენ. საზოგადოდ კი, სხვადასხვაგვარი თვალსაზრისია დამკვიდრებული მოსახლეობაში. ზოგს ჰგონია, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი გახდება, თუ რუსეთი ძლიერი არ იქნება. არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი კავშირი სურთ ევროპასთან, ზოგს სირიის ომის შემდეგ სწორედ რუსეთი ჰგონია ლიდერი მსოფლიო ასპარეზზე. სირიის პრობლემას კი დასავლეთს აბრალებენ. რუსეთის ხელისუფლება, ჩემი დაკვირვებით, მოსახლეობის გულის მოგებაზე ფიქრობს, ინარჩუნებს სიძლიერეს და მსოფლიოში თავისი ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება რეფორმებს, ნელი ტემპის რეფორმის მომხრეები არიან. რუსეთს “პოლიტიკური ვაჭრობა” უყვარს, დიპლომატია და რატომ ვერ ვიყენებთ ქართველები ამას, გაუგებარია. რუსეთთან მტრულმა ურთიერთობამ, ვხედავთ, რაც მოიტანა. აუცილებელია, აღდგეს სავაჭრო ურთიერთობა. აუცილებელია, მეზობელ ქვეყანასთან გამოვნახოთ საერთო ენა. მეშინია, საქართველო ისრაელივით ორ ცეცხლს შუა არ აღმოჩნდეს და თვითმყოფადობა არ დაკარგოს. ტერიტორიებს კი შეველიეთ, მაგრამ, ნატოს ჯარი რომ შემოვიდეს, ამას რაც მოჰყვება, გათვითცნობიერებული გვაქვს?

_ რუსეთში მცხოვრები ქართველები ჩართულნი ხართ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში? როგორია თქვენი აზრი საქართველოს ძველ და ამჟამინდელ ხელისუფლებაზე?

_ წინა არჩევნებში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” იყო დასამარცხებელი. ახლა არის შესაძლებლობა, მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს. იდეებისა და კონცეფციების კორიანტელი უნდა იყოს. პარტიები რატომღაც გვერდს უვლიან მთავარს, აგვისტოს ომის გამოძიებას დაჰპირდა ალასანია მოსახლეობას, მაგრამ ვერაფერი გააკეთა. რაც შეეხება მედიას, თავისუფლება აშკარაა. “რუსთავი 2” კი აქამდეც უნდა გადასცემოდა მფლობელს. არ მომწონს პრეზიდენტის რწმუნებულების მუშაობაც. ამბობენ, ქართლის რწმუნებული მოსახლეობაში არც დადისო. სამწუხაროა, რომ დღემდე არ გამოუძიებიათ ბევრი საქმე. არადამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავთ მტკიცებულებად. ყველა მინისტრი თვეში ერთ დღეს მაინც უნდა პასუხობდეს მოსახლეობის კითხვებს. სამწუხაროა, რომ არც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნა პარლამენტში.

_ როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ რუსებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინება მიუღებელია. არა მგონია, ამას ევროპა გვავალდებულებდეს, მაგრამ პრევენციისთვის აუცილებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონით აკრძალვა ან ასეთი პირების მკურნალობა. როგორ შეიძლება დავაკანონოთ ის, რასაც შეუძლია ჩვენი კულტურის, ტრადიციების გაუფასურება?! რომელ ქართველ მშობელს მოეწონება, თავისი ვაჟი რომ ეტყვის, _ მამა, ვთხოვდებიო… ან ქალიშვილი _ ცოლი მომყავსო?! ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. შეიძლება დიდი ბრძოლა დაგვჭირდეს ჩვენი ღირებულებების დასაცავად, მაგრამ წყალი არ გაუვა, რომ ქართველები ამას ვერ აიტანენ. ქართველი ვაჟკაცები და მანდილოსნები სხვა სულით, შეგნებით არიან აღზრდილები, ამიტომ ამას არავინ დაუშვებს.

_ დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ბრიტანელებმა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას?

_ ევროკავშირში ქვეყნის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის _ დევიდ კემერონის წინასაარაჩევნო დაპირება იყო და შესრულდა. უბრალოდ, შედეგზე არ უფიქრიათ… ან იქნებ დაფიქრდნენ კიდეც. ევროპა ისედაც ორად იყო გაყოფილი. ზოგი ექსპერტი ამას რუსეთის თამაშს მიაწერს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაფერს დააჩქარებს. რამდენიმე თვის წინათ იწინასწარმეტყველა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ევროკავშირის ტრანსფორმაცია. ნატოს ტრანსფორმირებაც გარდაუვალია. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ლიდერები მოუმზადებლები არიან ახალი პრობლემების მოსაგვარებლად.

_ რას შემოუთვლიდით მონატრებულ საქართველოს, გეგმავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

_ საქართველო ჩემი ფესვებია. ნოსტალგია, როგორც თავისუფლების უშრეტი წყარო, ჩემს სულს კვებავს. რამდენიმე პროფესია მაქვს, რამდენიმე ქვეყანა მოვიარე და რამდენიმეშიც ვგეგმავ ვიზიტს, მაგრამ სამშობლოში ღირსეული ცხოვრება უფრო აღმატებულია, ვიდრე უცხოეთში. რამდენიმე წელი ევროპაში ვმუშაობდი. ახლა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მომიწია ექიმად მუშაობა, მაგრამ სულიერად მაინც მანდ ვარ და ჩამოსვლისთანავე ემიგრანტებისთვის სპეციალური საიტის შექმნას ვაპირებ, რომელზეც ისინი საკუთარ ინიციატივებს გაასაჯაროებენ. ემიგრანტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. რუსეთში ცხოვრება არ მიჭირს. ვიცნობ რუს პოლიტიკოსებს, აგრეთვე, ჟურნალისტებს. ისინი ჩემთან საუბრისას საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავენ… კარგი მენეჯერი სჭირდება ქართულ პოლიტიკას, ქართველ პოლიტიკოსებს კი _ ბევრი ფიქრი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. საკმაოდ ჭკვიანი და გონებაგამჭრიახი ქალბატონი ბრძანდებით, ჩემი ნააზრევი და ნაფიქრალია მეგონა თქვენი სტატია………………..გმადლობთ გულწრფელობისთვის.

  2. აი, ეს არის ხელისუფლების იდიოტური საკადრო პოლიტიკის შედეგი, ასეთი ჭკვიანი
    ქალბატონი აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო, აქ კი უგულოების და უვიცების დოღია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here