Home რუბრიკები საზოგადოება საგანგაშო დასკვნა: ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოკვდავობა საქართველოშია

საგანგაშო დასკვნა: ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოკვდავობა საქართველოშია

515

საქართველო ეკოლოგიური პრობლემების გამო დაღუპულთა რაოდენობით ლიდერია

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მე-20 საუკუნის ავტომობილებს კრძალავენ, საქართველოში ისეთი ელემენტარული სტანდარტის შემოღება ვერ ხერხდება, როგორიცაა ავტომობილების ტექდათვალიერება და მავნე გამონაბოლქვის შემცირება. ხელისუფლებაზე გავლენას ვერც ექიმები ახდენენ, რომლებიც ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების ზრდის გამო განგაშს ტეხენ და ხელისუფლებას შესაბამისი ნაბიჯების უსწრაფესად გადადგმისკენ მოუწოდებენ.

 ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში ლიდერობს. შესაბამისი კვლევა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტო IEA-მ გამოაქვეყნა. ანგარიში სახელწოდებით Energy and Air Pollution მიმდინარე წელს არის გამოქვეყნებული, თუმცა ამ კონკრეტული მიმართულებით 2012 წლის მონაცემებს ასახავს. კვლევაში მოცემულია მოკვდავობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას კაცზე, რომელიც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურების შედეგად. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შემდეგ ყველაზე მაღალი მოკვდავობა ყოველ 100 ათას კაცზე ბულგარეთშია. შემდეგ მოდის ჩინეთი და ინდოეთი. ათეულში შედის უნგრეთი, ჩადი, რუსეთი, ნიგერია, პაკისტანი და ინდონეზია. საყურადღებოა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებიც. აქ მსოფლიო ქალაქებს შორის გარემოს დაბინძურების მიხედვით თბილისი 570-ე ადგილზეა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც OECD -ის (Organisation for Economic Co-operation and Development) ჩარჩოში 1974 წელს შეიქმნა, ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2012 წელს ჰაერის დაბინძურების მიზეზით 6,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველი 9 ადამიანიდან ერთი  ამ მიზეზით იღუპება.

ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვების სიმსივნეს, ფილტვების ქრონიკულ და გულის დაავადებებს. ამავე ანგარიშით, ჰაერის დაბინძურებას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაბალი შობადობა, ტუბერკულოზი, კატარაქტა, ასევე ხორხის სიმსივნე. 5 წლამდე ბავშვებში კი ჰაერის დაბინძურება პნევმონიის მიზეზია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით,  ჰაერის დაბინძურების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად სწორედ ბავშვები მიიჩნევიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია IEA ძირითადად ენერგეტიკულ საკითხებზე მუშაობს, მისი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინფორმაციის (ანგარიშების, კვლევების) გამოქვეყნება სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა.

P.Sსაქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ უარყო, რომ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია.

1 COMMENT

  1. სად არის გარემოს დაცვის სამინისტრო? სად არის და ოცნებაშია. მე იმ სამინისტროს რა
    ვუთხარი მინისტრი რომ გამომძიებელი ეოლება, თანაც რესპუბლიკელი.
    უვიცების დოღიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here