ნავთობის მარაგის ოდენობით მეცხრე ადგილზეა ლიბია, მეათეზე ნიგერია. ორივე ქვეყანა ფრიად სპეციფიკურია.
ლიბიის სოციალისტური სახალხო არაბული ჯამაჰირია (ჯამაჰირია სახალხო მასების ხელისუფლებას ნიშნავს) არა მხოლოდ დემოკრატიული, არამედ ზედემოკრატიულ სახელმწიფოს მაგალითად იყო წარმოდგენილი. საკმარისზე მეტი დემოკრატიით. კარგა ხნის წინათ. სრულად და საყოველთაოდ. სახელმწიფო, მთავრობა და პარტიები ოფიციალურად იყო გაუქმებული. საკანონმდებლო ორგანოდ უმაღლესი სახალხო კონგრესი ითვლებოდა. მთავრობის ფუნქციებს უმაღლესი სახალხო კომიტეტი ასრულებდა, რომელიც ბოლო პერიოდში მუამარ კადაფიმ გააუქმა. ქვეყნის ლიდერმა ისიც კი გამოაცხადა, რომ თითოეული ლიბიელი ნავთობის გაყიდვიდან შემოსული მოგების თავის წილს ნაღდი ფულით მიიღებდა. არც თუ ბევრს, მაგრამ სულზე ათას დოლარს აუცილებლად.
მრავალჭირგადახდილი ქვეყანაა ლიბია 1912 წლამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, 1912 წლიდან იტალიის კოლონია იყო, 1951 წლიდან დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, რომელსაც მეფე მართავდა. ნავთობის ექსპორტი 1961 წელს დაიწყო. როგორც წესი, აქედან მიღებული ფული თითქმის სრულად რჩებოდა საზღვარგარეთ, რადგან “შავ ოქროს” მოიპოვებდა “ეფექტიანი დასავლური მონოპოლიები”.
1969 წელს მოხდა რევოლუცია და ხელისუფლების სათავეში მოვიდა მუამარ კადაფი, რომელმაც დაამყარა საყოველთაო და სრული დემოკრატია ყველა სახელმწიფო ორგანოს გაუქმების გზით. ნავთობგიგანტები თავიდანვე შეავიწროვეს ნავთობის მოპოვება ლიბიის სახელმწიფო ეროვნული ნავთობკომპანიის ხელში გადავიდა.
და აქ მოხდა ის, რაც ამ დარგში ყველგან და ყოველთვის ხდება: ნავთობდოლარების ნაკადულის დაწრეტასთან ერთად მინიმუმამდე დაეცა “ცივილიზებული სამყაროს” სიმპათია ამ ქვეყნის მიმართ. კადაფიმ ნავთობმომპოვებელი დარგის ნაციონალიზაცია გამოაცხადა, რითაც ხელი მოაწერა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს.
ბოლოს და ბოლოს, ასეც მოხდა: არაბეთის გაზაფხულის ტალღაზე არნახულად შეურაცხყოფილი კადაფი საშინელი წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს მისმა ნალოლიავებმა თანამემამულეებმა.
ვისაც გნებავთ, ჰკითხეთ, რომელი სახელმწიფოებია მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებლები?
გიპასუხებენ, რომ ასეთებად მიიჩნევენ საუდის არაბეთს, ირანსა და ერაყს, არ დაივიწყებენ ნორვეგიასა და რუსეთს, დაასახელებენ ვენესუელასა და Qქუვეითს, ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, აი ქვეყანას, რომელსაც ნავთობის მოპოვებაში მეშვიდე ადგილი უკავია (მარაგის ოდენობით მეათე), ვერ გაიხსენებენ.
ეს ქვეყანაა ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ფედერაციული რესპუბლიკა ნიგერია. აფრიკის ყველაზე უფრო ხალხმრავალი ქვეყანა, რომელშიც 115 მილიონი ადამიანი სახლობს. ესენი არიან მაჰმადიანები, ქრისტიანები, ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარნი.
ქვეყნის ეთნიკური პალიტრა მრავალფეროვანია. ევროპელებმა წიგნებიდან და ფილმებიდან იციან, რომ აქ ცხოვრობენ პიგმეები, მასაები, ბუშმენები და ჰოტენტოტები. არადა, აქ არიან იბოები (ან იგბოები), იორუბები, ჰაუსები, ედოები, იბიბიოები და ა.შ. და ა.შ. ყველა ეს ეროვნება და ტომი დასახლებულია მიწაზე, რომლის წიაღში, სხვადასხვა მონაცემით, 25-დან 35 მილიარდამდე ბარელი ნავთობია ჯერ კიდევ ხელუხლებელი. ნავთობს მოიპოვებს ნიგერიის ეროვნული ნავთობკომპანია, რომელიც აკონტროლებს და მსოფლიო გიგანტებთან ერთად წარმართავს ნავთობმოპოვების პროცესს.
ნიგერია მყარად ზის “ნავთობის ნემსზე”: “შავი ოქროს” მოპოვება ქვეყნის მშპ-ს 20 პროცენტს შეადგენს და უზრუნველყოფს ბიუჯეტის შემოსავლების 80 პროცენტს. მაგრამ სად მიდის და რაზე იხარჯება თვით ბიუჯეტი, ამის თქმა მეტად რთულია.
საქმე ის არის, რომ ნიგერიას განსაკუთრებული თავისებურება გააჩნია _ 1963 წლიდან მოკლე შესვენებებით მართავენ სამხედრო დიქტატორები. ამ ქვეყნის თავისუფალი განვითარების წლების უმეტესობა სამხედრო რეჟიმების პირობებში მიმდინარეობდა. ხოლო თითოეულ “წესიერ” აფრიკელ დიქტატორს აუცილებლად სჭირდება პენსია…
თუ, საერთოდ, აფრიკისთვის სიცოცხლე ნიშნავს წყალს, ნიგერიისთვის მთავარია ნავთობი. ნიგერიის “შავი ოქროს” ნაკადი მიედინება არა აბსტრაქტულ “მსოფლიო ბაზარზე”, არამედ კონკრეტულ ქვეყნებში. მხოლოდ გარეშე მაყურებელს ეჩვენება, რომ ნავთობი მსოფლიოში სრულიად მოუწესრიგებლად იყიდება და ყველა ყველასგან ყიდულობს, სინამდვილეში მყიდველები და გამყიდველები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და იშვიათად იცვლებიან. ნიგერიაც ამ დადგენილ წესს მიჰყვება. სწორედ ეს ქვეყანა არის ნავთობის ერთ–ერთი ძირითადი მიმწოდებელი დასავლეთ ევროპისთვის, ხოლო აშშ–ისთვის ნედლი ნავთობის მიმწოდებელთა შორის მეხუთე ადგილი უკავია: ნიგერიული ნავთობის 10 პროცენტი გრაფიკის ზუსტი დაცვით ამერიკაში იგზავნება.
ნიგერია და ამერიკის შეერთებული შტატები ორი განსხვავებული ქვეყანა, დემოკრატიის განსხვავებული დონეებით. ნიგერიაში დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს ხშირად კლავენ, ისე, როგორც ფილმებში სიცილიის მაფიის შესახებ. ჩაუქროლებს მოტოციკლისტი მდიდრულ მანქანას, ამოიღებს პისტოლეტს, ესვრის და მოკლავს ნავთობის რომელიმე მსხვილი მონოპოლიის ადგილობრივი ფილიალის დირექტორს. ნიგერიაში არიან ამბოხებულებიც, პარტიზანები. ისინი იტაცებენ ადამიანებს და ითხოვენ გამოსასყიდს. ხელისუფლება ებრძვის მათ. მაგრამ სურათი უფრო და უფრო მძიმდება. აქ ჩვეულებრივი რამ არის “სასიკვდილო განაჩენი, წამება, პოლიციელების მიერ ადამიანების დახვრეტა გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, წინასაარჩევნოდ მოკლული პოლიტიკოსები, ძალადობა ქალებზე, უფლებადამცველების და გაზეთების რედაქტორების მკვლელობა”, იუწყება ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა.
ლიბიაში კი სიმშვიდე სუფევდა. დასავლეთის ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს არ კლავდნენ. იმიტომ, რომ ისინი იქ არ იყვნენ. მაგრამ გაზეთები მიიჩნევდნენ, რომ ლიბია ტოტალიტარული ქვეყანაა, დიქტატორული, ნიგერია კი არაჩვეულებრივად კარგია, სამოთხეა აფრიკის.
ორმაგი სტანდარტი შეფასების?
დიახაც. რეალობა კი საპირისპიროა.
სწორედ იმიტომ, რომ ერთ ქვეყანას აკონტროლებს აშშ, იქ კლავენ დასავლელ მენავთობეებს. მეორეში, ფეხქვეშ რომ არ ჰყავდათ გაგდებული, სიმშვიდეა.
ასეთია ორმაგი სტანდარტების ლოგიკა.
ვინ ვინ არის, ამის გარკვევა იოლია…
ნორმალური გამყიდველი ყოველთვის დაინტერესებულია საქონლის გაძვირებით. საღად მოაზროვნე ვაჭარი დაინტერესებული არ იქნება თავისი საქონლის ფასის შემცირებით, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მოთხოვნის გაზრდას. გონიერი კაცი მზადაა, შეამციროს მოთხოვნა, რათა გააძვიროს თავისი საქონელი. რას აკეთებდა ოპეკის წევრი ორი ქვეყანა ლიბია და ნიგერია?
“ლიბიის რევოლუციის ლიდერი მუამარ კადაფი არ გამორიცხავს, რომ ტრიპოლის შეუძლია მკვეთრად შეამციროს, ან, საერთოდ, უარი თქვას ნავთობის ექსპორტზე იმ “აუტანლად დაბალი ფასების” გამო, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დადგინდა… კადაფიმ განაცხადა, რომ ტრიპოლის შეუძლია უარი თქვას ნავთობის გაყიდვაზე დაბალ ფასად, რომელიც ბოლო ხანს დამკვიდრდა და შეაჩეროს მისი ექსპორტი”, წერდა ლიბიის იმდროინდელი პრესა.
“როგორც გაზეთი აღნიშნავს, ოპეკის წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების მორიგი, დიდი მოცულობით შემცირების საკითხზე. მაგალითად, ნიგერიამ განაცხადა, რომ არ სურს ნავთობის წარმოების შემცირება, რადგან არსებულ რთულ ვითარებაში შეიძლება შეუმცირდეს სავალუტო შემოსავალი.
ადვილი მისახვედრია, რომ აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს) მფლობელებს მსოფლიოს ნავთობსაბადოების დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება კი არ სურთ, არამედ ყველაფრის, გამონაკლისის გარეშე!
სწორედ მაშინ მათი ჰეგემიონია ჩვენს პლანეტაზე იქნება სრული და განუყოფელი. ნებისმიერი ზესახელმწიფოს მოშთობა იქნება შესაძლებელი, თუ გადაუკეტავ ფინანსურ ნაკადს და ნავთობის ონკანს.
სწორედ ასეთი, ჩვენი პლანეტისათვის უსაშინელესი მონოპოლიის შესაქმნელად მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა.
მაგრამ ამერიკელ ბანკირებს ერთი დიდი პრობლემა რჩებათ გადაუწყვეტელი. დედამიწის წიაღში არის არა მხოლოდ ნავთობი, არამედ ბუნებრივი აირიც, რომელიც გეოგრაფიულ რუკაზე ისე არ არის განლაგებული, როგორც “შავი ოქრო”. ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგი რუსეთის ტერიტორიის წიაღშია.
მაშ, მოდით, ვილაპარაკოთ ბუნებრივ აირზე. დავიწყოთ შორიდან, იმ პერიოდიდან, როცა საწვავის ამ სახეობაზე, შესაძლოა, არც არავინ ფიქრობდა.
ბრიტანული თერმული ერთეულის, საკოლმეურნეო ვიტამინური გრადუსისა და ჯორჯ ბუშის შესახებ
მე ვიცი, რომ მყეფარი ძაღლები არ იკბინებიან, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ძაღლებმაც იციან ეს.
მაქსიმ ლიტვინოვი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი
მიჰყევი შენს გზას, და დაე ილაპარაკონ ადამიანებმა, რაც სურთ.
დანტე ალიგიერი
პომიდორი შესანიშნავი ბაღჩეულია: სასარგებლო, გემრიელი, ლამაზი. მისგან ბევრი სასარგებლო კერძის, საწებლის, კეტჩუპის დამზადება შეიძლება. მსოფლიოში ტომატზე მოთხოვნა ყოველთვის არის. მისი მოყვანა ყოველმხრივ მომგებიანია. საპატიოც კი. მაგრამ იმ მომენტამდე, სანამ მისი ფასის გაკონტროლებას არ დაიწყებს საბაზრო მაფია. წარმატებული შრომის სიხარული, რომელიც მატერიალიზებულია მწიფე პომიდორში, უცებვე დახარჯული ძალის არაადეკვატური გახდება. ეს საწყენია. იმუშავე, ოფლი დაღვარე, საბაზრო ფასს კი შეგნებულად აიაფებს ერთმანეთთან გარიგებული ყაჩაღების ხროვა. სამართალს ვერ იპოვი ძალიანაც რომ ეცადო. სამართალდამცავი სტრუქტურები ნაყიდი ჰყავთ, გაზეთებს თხოვნით ვერ მიმართავ წყლის ნაყვა იქნება სრული, ხელისუფლება არ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში “ტომატის პრობლემა” არსებობს.
რა უნდა ჰქნა?!
“ტომატის მწარმოებელთა ორგანიზაციის ჩამოყალიბებაც” არაფრის მომცემი იქნება. ყველა ფერმერი ორმეტრიანი “შკაფი” არ არის, ჯანიანი და უდრეკი. არიან გაცილებით ჩია კაცები. საბაზრო მაფია სწორედ მათთან იჭერს საქმეს. ისინიც, უხერხული სიტუაციის სრული შეგნებით, მიწას მიშტერებულები, თავიანთ საერთო კრებებზე მორცხვად იწყებენ ლაპარაკს, რა სასარგებლოა მთელი კაცობრიობისთვის პომიდვრის იაფად გაყიდვა, და მიჰყიდიან კიდეც გადამყიდველებს მოწეულ მოსავალს კაპიკებად. ამით აიაფებენ პროდუქციას მთელი ბაზრის მასშტაბით და ძირს უთხრიან კოლეგა ფერმერებს, რომლებიც პომიდვრის ფასის შემცირების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
არ გეგონოთ, რომ ეს მაგალითი განვიხილეთ თქვენი ქალაქის საკოლმეურნეო ბაზრის პრობლემებიდან გამომდინარე. მარტივად გადმოგეცით მსოფლიო ეკონომიკის პრობლემა, რომლის ძირითადი რესურსი ნავთობით ვაჭრობაა. ნავთობზე ფასს კი ადგენს არა მოთხოვნა, არამედ არაფრით უზრუნველყოფილი ფულადი მასა, რომელიც ფიუჩერსების ეშმაკური სისტემის მეოხებით “შავ ოქროზე” ფასს საჭირო მიმართულებით წარმართავს. ეს ფულადი მასა დღეს ჩვენს პლანეტაზე განსაზღვრავს ყველაფერს.
მაგრამ იგი თავის თავს თვითონვე არ წარმოქმნის. მას ბეჭდავს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც კერძო “კონცესიონერებს” ეკუთვნის. მაშასადამე, ამ კეთილ ბიძიებს უნდა გადავუხადოთ მადლობა ყველა დროის კრიზისის გამო.
ტომატის გადამყიდველები ისე არიან გამაგრებული თავიანთ ციხესიმაგრეებში, რომ მწარმოებლებს ყველა გზა მოჭრილი აქვთ. თავიანთი ძალისა და შესაძლებლობის საჯაროდ ჩვენებას არ ერიდებიან. პირიქით _ საცირკო სპექტაკლივით გამოაქვთ ფართო აუდიტორიის წინაშე ამ ილუზიონისტებს. ოპლა! და პატივცემული მაყურებლის თვალწინ გაქრება ნავთობის მაღალი ფასი. გაჩნდება ახალი დაბალი, ძლივს შესამჩნევი ლილიპუტივით.
“WTI მარკის ნავთობმა 120 დოლარის ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და ერთი ბარელის ფასი 120,58 დოლარამდე გააძვირა”.
ეს ინფორმაცია დათარიღებულია 2008 წლის 8 აგვისტოთი. იმ ღამეს დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთში. მის დაწყებამდე ნავთობის ბაზარზე არავითარი კატაკლიზმი არ შეიმჩნეოდა. პლიუს-მინუს 15 პროცენტით ფასის მერყეობა საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელი თვისებაა.
ომი დამთავრდა “მედვედევი–სარკოზის გეგმის” წყალობით, რომელიც მიიღეს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე 2008 წლის 12 აგვისტოს. მეორე დღესვე “ოპეკის ნავთობის კალათის ფასმა (ერთ ბარელზე) განაგრძო კლება და 109 დოლარამდე დაეცა”, ნათქვამი იყო ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.
“ანალისტები” გვარწმუნებდნენ, რომ ომის დაწყებას ყოველთვის მოჰყვება ნავთობს გაძვირება. მიზეზები _ მიწოდებათა არასტაბილურობა, ბაზრის ცვალებადობის განსაზღვრის შესაძლებლობა. მაგრამ 2008 წლის აგვისტოში ყველაფერი პირიქით მოხდა. ნავთობი გაძვირდა ომის დაწყების წინა დღეს, ომის დაწყებისთანავე კი გაიაფება დაიწყო.
“ანალისტების” სიტყვების არსენალში არის ინგლისური სიტყვა “ტრენდი”, რომელიც ნიშნავს მოძრაობის მიმართულებას ან მხოლოდ მიმართულებას. ტრენდი თითქოს ორი უნდა იყოს: ზრდა და ვარდნა. თურმე არის მესამე ტრენდიც იქით-აქეთ, ზევით-ქვევით, მცირე ზრდა, შემდეგ მცირე ვარდნა. ამ შემთხვევასაც აქვს თავისმ სპეციფიკური სიტყვა “ვოლატილობა”. მაღალი ვოლატილობა ნიშნავს, რომ ნავთობის ფასი, ან ვალუტის კურსი ირყევა მთვრალი კაცივით, სხვადასხვა მხარეს. რომელ მხარეს გადაიხრება ღირებულება ხვალ, დღეს ვერავინ იტყვის ალკოჰოლიკივით ფეხარეულია. მაგრამ როცა ფასი საფუძვლიანად და თანმიმდევრულად იწყებს ვარდნას, ეს იქნება “მყარი ტრენდი”. რას აკეთებენ ბროკერები და მაკლერები, როცა ხედავენ, რომ საქონელი სტაბილურად იაფდება? იწყებენ ამ საქონლის გაყიდვას. ღირებულება კვლავ იაფდება. მაშასადამე, ფასის დასაგდებად ბირჟაზე მოთამაშეებს უნდა “აჩვენონ ტრენდი”. 2008 წლის აგვისტოში სწორედ ამის დემონსტრაცია მოხდა.
2008 წლის 26 აგვისტოს, როცა რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, ნავთობის ფასი ისე სწრაფად დაეშვა მიწისკენ, როგორც თვითმფრინავი პიკირებისას. ეს ნიშნავდა, რომ მისი შესყიდვა გაძვირების იმედით არ ღირდა, უმჯობესი იყო გაყიდვა, რადგან კიდევ უფრო გაიაფება რეალური ჩანდა.
მანამდე ყველა კომენტარში ლაპარაკი იყო, რომ ფასის ვარდნა დროებითია, გაძვირება კი მალევეა მოსალოდნელი და ა.შ. 26 აგვისტოს ყველასთვის გასაგები მინიშნება ვრცელდება ნავთობი უფრო გაიაფდება.
უნდა გაიაფდეს და იმიტომ!
“სექტემბერში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 97 დოლარი იყო. ფიუჩერსებმა კიდევ უფრო გაიაფებისკენ უბიძგა. მიმართულების მიმცემი კი, როგორც ყოველთვის, იყო “საბეჭდი დაზგა”. 2008 წლის პირველი კვარტლისთვის კრიზისი მომზადებული იყო, პროცესი დაწყებული. ფულით გაბერილ ბუშტს უჩხვლიტეს ნემსი. შეეძლოთ ამის გარეშეც ჩაეფუშათ ნელა და აუჩქარებლად. მაგრამ კრიზისის ორგანიზატორებმა პროცესისთვის დინამიზმის მისაცემად, ნემსთან ერთად, დანაც დაჰკრეს. საფინანსო-საკრედიტო ონკანი გადაიკეტა და დაუყოვნებლივ დაიწყო საყოველთაო ჩამოშლა-ჩამოქცევა. ფედერალური სარეზერვო სისტემის პატრონები სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ, რადგან საქმე მათ პრესტიჟს შეეხო, მათ სახელს მთელი მსოფლიოში, რაც გარკვეულ შიშსაც ბადებდა: რუსეთის არმიის პატარა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო გამარჯვებამ მთელი მსოფლიოს მიერ ერთადერთ ზესახელმწიფოს მიმართ ნდობის საკითხი დააყენა დღის წესრიგში.
ეს გამოწვევა იყო.
ფსს–ის პატრონების პასუხი გლობალური ფინანსური კრიზისი იყო. რომელსაც წელში უნდა გაეტეხა მოწინაამდეგენი და სრული მორჩილება გამოეცხადებინათ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ისე, როგორც ეს მიხეილ გორბაჩოვმა გააკეთა. მან უღალატა თავის მომხრეებს, დაშლილად გამოაცხადა ვარშავის ხელშეკრულება, აფრიკიდან წავიდა ათეული წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი ძალების გამარჯვების წინა დღეს. ყველა და ყველაფერი ჩააბარა დასავლეთს. ნება დართო ტალახში ამოესვარათ ჩვენი ისტორია, ძალა გამოაცალა არმიას და, როგორც ამ ყველაფრის აპოგეა, დაშალა ხალხის მიერ მისთვის ჩაბარებული ქვეყანა.
ამერიკამ საპირწონედ რა დადო?
არც არაფერი.
უფრო მეტიც, არ შეასრულა არც ერთი დაპირება და შეთანხმება. ყოფილი ვარშავის ხელშეურელების წევრი ქვეყნები ნატოში გაერთიანდნენ. ეს პროცესი გრძელდება. დასავლეთი არ დამშვიდდება, სანამ, ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არ გაერთიანდება დამოუკიდებელი და დემოკრატიული რიაზანის ოლქი, თავისუფალი თათრეთი და კიდევ უფრო თავისუფალი ალტაის მხარე.
მოკლედ, ჩვენგან მიიღეს ყველაფერი ისე, რომ საკუთარი არაფერი გაუციათ. ასეთი იყო დასავლეთთან მოლაპარაკების შედეგები.
და, საერთოდ: შეიძლება კი მოლაპარაკება დასავლეთთან? ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ შეიძლება და აუცილებლიცაა. ზუსტად ასე ფიქრობდნენ ამერიკელი ინდიელები. გულუბრყვილოდ მიაჩნიათ, რომ თუ ამ გორაკს, ან ამ მინდორს ანლოსაქსებს დაუთმობდნენ, მათ თავს დაანებებენ და ბიზონებზე მშვიდად ნადირობის ნებას დართევენ.
რა გამოდნა აქედან?
მილიონობით ინდიელი დაიხოცა. ტომების უმეტესობა აღარ არსებობს. “აშშ–ის მონაცემებით, ევროპელთა მოსვლის წინ 48 შტატის მიწებზე 12 მილიონი ინდიელი ცხოვრობდა. XX საუკუნის დასაწყისისთვის 250 ათასიღა დარჩა. ინდიელთა 70 პროცენტი ლტოლვილია თავის სამშობლოში, რადგან აყრილები არიან თავიანთი მიწებიდან. აშშ–მა განახორციელა გენოციდი, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. მოსპო და გაანადგურა ინდიელთა 99,6 პროცენტი”.
ყველა გადარჩენილი ინდიელი ამჟამად რეზერვაციებში ცხოვრობს. იცით, რას წარმოადგენს ეს რეზერვაციები? ეს არ არის ავტონომიური ეროვნული ოლქი, ან სახელმწიფოს სხვა მსგავსი ადმინისტრაციული დანაყოფი. განსხვავება, მათსა და ეროვნულ ავტონომიებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირში არსებობდა, კოლოსალურია. ევენკები და ჩუქჩები არავის შეუწუხებია ცივ ტუნდრაში ცივ ნიავს არ აკარებდნენ. სკალპებს არ აჭრიდნენ, შავი ყვავილით დაინფიცირებული საბნები არავის მიუყიდია მათთვის. ტერიტორიას არავინ შესცილებია სადაც ცხოვრობდნენ, დღესაც იქ არიან დასახლებულები. იმავე არეალში შეუქმნეს ეროვნული ავტონომიები.
აშშ-ში კი ინდიელები ძალით აყარეს თავიანთი მიწებიდან და ჩაასახლეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში… ბოდიში არავის მოუხდია. არც არავინ აპირებს. რეზერვაციების ტერიტორიაზე კანონებიც განსხვავებულია. მაგალითად, იქ შეიძლება სათამაშო ბიზნესის გახსნა. აშშ-ის დანარჩენ ტერიტორიაზე არა. ამიტომაა, რომ ამერიკაში სამორინეებს ხსნიან ხომალდებზე და ინდიელთა რეზერვაციებში. ცნობილი ლას-ვეგასი სწორედ იქ არის, რეზერვაციაში…
სრულ სიმართლეს არავინ ამბობს. XX საუკუნე რუსეთისთვის უსაშინელესი გამოცდების დრო იყო. მაგრამ თუნდაც ნახევარი სიმართლის ლაპარაკი რუსეთზე მაშინ, როცა გარშემო მყოფნი თავისი ქვეყნის მსგავსი პიკანტური შემთხვევების შესახებ კრინტს არ ძრავენ, ხალხს რუსეთზე უბადრუკობისა და არასრულყოფილების შთაბეჭდილებას უქმნიდა.
ირგვლივ ყველაფერი თეთრია და ფუმფულა, რუსეთია მხოლოდ შავი ხვრელი.
მხოლოდ შემთხვევით თუ წააწყდებით გაზეთებში ისეთ მაგალითებს, რომლებიც გაგაოგნებთ. თუნდაც ასეთს: ავსტრალიაში, სადაც ქვეყნის მეთაურად დღემდე ითვლება ინგლისის დედოფალი, 1967 წლამდე აბორიგენებს სამოქალაქო უფლებები არ ჰქონდათ. მათი პრობლემებით დაკავებული იყო “ფლორისა და ფაუნის” სამინისტრო. 1915-წან 1969 წლამდე აბორიგენთა ბავშვები ოჯახებიდან მასობრივად მიჰყავდათ მათი “ასიმილაციის დასაჩქარებლად” და მათ სპეციალურ თავშესაფრებში ათავსებდნენ. ათასობით ადამიანისთვის ეს მოვლენა პირად ტრაგედიად იქცა.
წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ მშვიდ და ბედნიერ ავსტრალიაში. გარშემო დემოკრატიაა. მზე უხვად სტყორცნის მაცოცხლებელ სხივებს ოკეანის სანაპიროს. ამ დროს დაუკითხავად შემოგიღებენ კარს ადგილობრივი თეთრკანიანი მოხელეები და წაგართმევენ შვილებს “დაჩქარებული ასიმილაციისთვის”, იმიტომ, რომ თქვენ მოქალაქე არ ხართ, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელი ბრძანდებით. მოკლედ აბორიგენი. თქვენი წინაპრების ასობით თაობას უცხოვრია ამ მიწაზე, მშვიდად და თავისთვის, სანამ არ მოვიდნენ ანლოსაქსები და დაიწყეს ავსტრალიაში თავიანთი კატორღელების “გაციმბირება”.
შვილებს კანონის სრული დაცვით გართმევენ. ვერსად და ვერავისთან იჩივლებთ. ზუსტად ასე იქცეოდნენ ნაცისტები ოკუპირებულ პოლონეთში: “რასობრივად წმინდა სისხლის” ბავშვები ოჯახებიდან მიჰყავდათ “გასაგერმანელებლად”.
ახლა კი დავუბრუნდეთ პომიდვრების ისტორიას… მაგრამ გაზეთის მომდევნო ნომერში.
გაგრძელება
შემდეგ ნომერში