Home რუბრიკები საზოგადოება ონკოლოგთა ასოციაცია ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას სთხოვს

ონკოლოგთა ასოციაცია ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას სთხოვს

654

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ონკოლოგთა ასოციაციამ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართა და თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით კანონმდებლობისა და ადმინისტრირების წესების შეცვლა მოითხოვა

„მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. ამიტომაც ვუერთდებით თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივას და მოვითხოვთ, პარლამენტმა უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობასა და ტრანსპორტში აიკრძალება თამაბაქოს მოწევა, უარს ვიტყვით თამბაქოს რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, გამარტივდება ადმინისტრირება, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და განხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული ღონისძიებები.

მრავალ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შემდეგ სწრაფი ტემპით იკლებს ფილტვის კიბოს სტატისტიკა. საქართველოში კი ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება. სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება. წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს, შემთხვევები. აღნიშნული დაავადებები ახალგაზრდავდება და უკვე ხშირია ქალებს შორის. ანალოგიური მდგომარეობაა გულ-სისხლძარღვთა, რესპირაციული, პედიატრიული, რეპროდუქციული და მრავალი სხვა დაავადების მხრივ.

სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა კლინიკური პროგრამების სახით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ დაავადებათა სამკურნალოდ, ვიბრძვით ექიმები, მაგრამ უამრავი პათოლოგიის თავიდან აცილება უფრო იოლად შეიძლება თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით. ამიტომაც ვთხოვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონი, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და მისი მომაკვდინებელი ზეგავლენისგან თაობებს გადაარჩენს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ კიდევ უფრო გაიზრდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული საგანგაშო ციფრები, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა ციფრი, სინამდვილეში კი ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ“, _ ნათქვამია ონკოლოგთა ასოციაციის საგანგებო განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here