Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნების” ნახევარი და ორი მესამედი

“ქართული ოცნების” ნახევარი და ორი მესამედი

501

არჩევნებზე თუ 80 მანდატზე ნაკლებს მიიღებსქართული ოცნება”, ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება”, _ განაცხადა გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა. თუ შეძლებს მმართველი პარტია პარლამენტში ნახევარზე მეტი ადგილის მოპოვებას და რა სტრატეგიას აირჩევს ამისთვის?

ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში არა მხოლოდ 80, არამედ 95 მანდატი ახსენა. ამ დიაპაზონში მერყეობდა მისი თანაპარტიელების თანამდევი პროგნოზებიც _ ნახევარზე მეტი და ორ მესამედზე ოდნავ ნაკლები მინიშნებით ამ ზღურბლის შესაძლო გადალახვაზე. ბევრმა ეს ამბიციები ფრიად გადაჭარბებულად ჩათვალა, თუმცა აქ ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: როდესაც ექსპერტები მანდატების სავარაუდო განაწილებაზე მსჯელობენ, ხშირად არჩევნების მხოლოდ იმ “ნაწილს” ითვალისწინებენ, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება და პროგნოზებს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებსა და პარტიების იქ მიღებულ რეიტინგზე აფუძნებენ. მაჟორიტარები კი ყურადღების მიღმა რჩებიან. ამას ორი მიზეზი განაპირობებს: ) საუბარი შედეგებზე ძნელია, როდესაც უცნობია კანდიდატების ვინაობა; ) ძალზე რთულია, ერთდროულად დაამუშავო ინფორმაცია 73 ოლქში მიმდინარე პროცესების შესახებ.

გასული წლის 24 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს (ადრე საკმარისი იყო 30 პროცენტი). თუ ვერც ერთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაწილეობით მეორე ტური ჩატარდება. ამ მიზანმიმართულმა ცვლილებამ მაჟორიტარული არჩევნები, ფაქტობრივად, სახელისუფლო პარტიის “მანდატების ყულაბად” გადააქცია. იმის გათვალისწინებით, რომ კონსერვატიული და ლიბერალური ოპოზიცია მეორე ტურში ვერ მოახერხებს კონსოლიდირებას ერთობლივი კანდიდატების გარშემო, იმის ალბათობა, რომქართული ოცნებამაჟორიტარების 55-60 მანდატს მიიღებს (სულ 73-ია), საკმაოდ მაღალია. მხოლოდ ძალიან ძლიერი, ქარიზმული ოპოზიციური კანდიდატები თუ შეძლებენ მეორე ტურში რეალური ბრძოლის გამართვას _ ეს ძალთა არსებული ბალანსიდან და ქართული პოლიტიკის უცნაური ტრადიციებიდან გამომდინარეობს. ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა მეტი მაჟორიტარის გაყვანის შანსი, ვიდრე მის რეიტინგს შეესაბამებოდა, 50%-იანი ბარიერის შემოღების შემდეგ კი მასთან ბრძოლა კიდევ უფრო გართულდა.

თუ მაჟორიტარების ფაქტორს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ ფანტასტიკური და შეუძლებელი ივანიშვილის სურვილსა თუ პროგნოზში არაფერია. თუმცა არგუმენტები, რომელთა გამოყენებით ის ამდენი მანდატის მოპოვების აუცილებლობას ხსნის, ერთობ საგანგაშოდ გამოიყურება. “თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები, ძირითადად, რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები რჩება უყურადღებოდ, თუმცა მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ასეთი ეკონომიკისა და მცირე დაფინანსების პირობებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ძალიან რთული იქნება და შეუშლის ხელს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა (“ინტერპრესნიუსი”). ის, რომ კოალიციური შემადგენლობა დრო და დრო აფერხებდა მთავრობის შედეგიან მუშაობას, ერთი შეხედვით, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ეს მოხდა კონკრეტულ პოლიტიკურ და ისტორიულ გარემოებებში, 2012-16 წლებში, და ამ გამოცდილების პირდაპირი პროეცირება მომავალზე არაკორექტულია. საკითხის ასე დაყენება “დემოკრატიისთვის კარგია, მაგრამ ეკონომიკისთვის _ ცუდი”, საერთოდ არ შეიძლება, რადგან აქედან ორიოდე ნაბიჯი რჩება კარგად ნაცნობ ფორმულებამდე: “ჯერ _ დამოუკიდებლობა, შემდეგ _ დემოკრატია”, “ჯერ _ ტერიტორიული მთლიანობა, შემდეგ _ დემოკრატია”, “ჯერ _ ეკონომიკა, შემდეგ _ დემოკრატია”, რომელთა პრაქტიკული რეალიზება ჩვენში ფრიად მონსტრული რეჟიმების ჩამოყალიბებით სრულდებოდა. პრეტენზია უპირობო დომინირებაზე ქართულ პოლიტიკაში, სულ ცოტა, უკეთეს შეფუთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბოლო ორი ათწლეულის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთ დომინირებას მმართველი პარტიისთვის გაღორებისა და დეგრადაციის გარდა არაფერი მოაქვს. მართვის პროცესის გამარტივება ამ საფრთხესთან შედარებით ერთობ მოკრძალებულ ბონუსს წარმოადგენს.

ამომრჩევლების დაბალმა აქტიურობამქართულ ოცნებასშეიძლება სერიოზული პრობლემა შეუქმნას. ივანიშვილი ამ თემასაც შეეხო: “უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, თუ გინდათ, რომ კარგი მთავრობა გყავდეთ, პრემიერს უნდა ჰქონდეს კარგი ზურგი. არ უნდა ვიფიქროთ, “ქართული ოცნება” ისედაც გაიმარჯვებს, ისედაც ეყოლება უმრავლესობა პარლამენტში, ეს ასე არ არის” (“გურიანიუსი”). ჩვენ შეიძლება დიდხანს ვიკამათოთ იმაზე, “ოცნების” რამდენი ამომრჩეველი, უბრალოდ, ზარმაცობს და ეყრდნობა მოსაზრებას “უჩემოდაც გაიმარჯვებენ” და რამდენი არჩევნებზე მიუსვლელობით ხელისუფლებას ჩუმ ბოიკოტსა და პროტესტს უცხადებს; ამ მხრივ ზუსტი მონაცემები არ არსებობს (და ვერც იარსებებს), მაგრამ თითოეულ ჩვენგანს (ყოველდღიურ საუბრებში თუ სოციალურ ქსელებში) შეუძლია დარწმუნდეს, რომ ბევრი მათგანი, ვინცოცნებას” 2012-ში მხარი დაუჭირა და სხვა პარტიებისკენ არ გადაიხარა, არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. ეს რეალური პრობლემაა ხელისუფლებისთვის და მან შეიძლება გადადგას არაორდინალური ნაბიჯი, რათა მასთან ერთად კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი რამ გადაწყვიტოს.

პარლამენტში დამაჯერებელი უპირატესობა რომც მოიპოვოს, თბილისის მერის მომავალ არჩევნებზე “ქართულ ოცნება” შეიძლება ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. დღეს თითქმის არავინ დავობს იმაზე, რომ ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა შეარჩია. მართალია, ნარმანია (რომ იტყვიან, ბიძინას ხათრით) აირჩიეს, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო მისი რეიტინგის მკვეთრი დაცემა. ძირითადი როლი ამაში ფსიქოლოგიურმა, საიმიჯო ფაქტორებმა შეასრულა. მომავალ არჩევნებზე თბილისელებმა შეიძლება შეახსენონ ივანიშვილს მისი არასწორი გადაწყვეტილება და ნაკლებად სავარაუდოა, კიდევ ერთხელ ბრმად მიენდონ. ამასთანავე, იმ არჩევნებისთვის პიკს მიაღწევს რამდენიმე დამოუკიდებელი ან “ვითომ დამოუკიდებელი” ძლიერი კანდიდატის “რასკრუტკაც”, რომელიც მიზანმიმართულად, თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. ზოგს შეიძლება ეს მოსაზრება სადავოდ მოეჩვენოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ თბილისის მერის მომავალ არჩევნებშიოცნებისმარცხის ალბათობა გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის დეპუტატების პარალელურად დედაქალაქის მერის არჩევაც მოგვიწევს, სახელისულო კანდიდატის გაყვანა, სავარაუდოდ, გაიოლდება. ოპონენტებს შეიძლება არ ეყოს დრო გააზრებული რეაგირებისთვის, ხოლო უხერხული კითხვები მერიის მუშაობის თაობაზე ნაწილობრივ ჩაიკარგება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ხმაურში; მოხდება კონკრეტული საკითხების გადაფარვა ყოვლისმომცველი პოლიტიკური ბრძოლის ზოგადი ლოზუნგებით. ამასთანავე, მერის “პარალელური” არჩევა თბილისელ ამომრჩევლებს გამოაცოცხლებს.

არცთუ დიდი ხნის წინათ დაიწყო საუბრები იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს შეიძლება გაიმართოს რეფერენდუმი _ უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ამას დაუყონებლივ მოჰყვა კონსპიროლოგიური ხასიათის მსჯელობა, რომ ეს ხელისუფლების ინიცირებულია და მას სურს, არჩევნების დღეს უბნებზე რაც შეიძლება მეტი კონსერვატიულ-ტრადიციონალისტურად განწყობილი მოქალაქე მივიდეს, რომელთა ხმების გარკვეული ნაწილი ხელისუფლებასთან წავა, ხოლო ლიბერალური პარტიების შედეგები გაუარესდება. შემდეგ ამ თემამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. მერის არჩევნების შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ის სხვადასხვა თვალსაზრისის მქონე ამომრჩევლების გააქტიურებას გამოიწვევს და “დამატებით” მოზიდული ხმები თითქმის თანაბრად განაწილდება. მეტნაკლებად დაზარალდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებსაც პოლიტიკურად აქტიური თბილისელების დიდი ნაწილი არ სწყალობს (მაგალითად, “ნაცმოძრაობა”), მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მთავარია ის, რომ ოპონენტებს შეიძლება გაუჭირდეთ სტრატეგიის მყისიერი შეცვლა. ცხადია, არის რისკებიც. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სცენარი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთკართან მოდგა შემოდგომა _ ნარმანიას გადადგომანამდვილად განიხილებოდა მმართველი პარტიის ზედა ეშელონებში, მაგრამ ამ მომენტისთვის ის დამტკიცებული არ არის, შესაძლოა იმიტომ, რომ ივანიშვილი დიდი სიფრთხლით ეკიდება (ნებისმიერი) რიგგარეშე არჩევნების იდეას. თუმცა ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ახლო მომავალში დავით ნარმანია ირაკლი ღარიბაშვილს მიბაძავს და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გვამცნობს, თანაც ისეთ დროს, რომ შესაძლებლობა მისცეს ხელისუფლებას, მერის არჩევნები საპარლამენტოსთან ერთად ჩაატაროს.

ორი მესამედის პრობლემას”, რომელიც 2012-16 წლების ორპარტიულ პარლამენტშიქართულ ოცნებასმოსვენებას არ აძლევდა, მომავალში ასეთი მნიშვნელობა აღარ ექნება. ახალ, “ჭრელპარლამენტში ის, საჭიროების შემთხვევაში, თემატურად ითანამშრომლებს ხან ლიბერალურ, ხან კონსერვატიულ პარტიებთან, რომლებიც დაპირისპირების გამო ერთმანეთს ვერ შეეკვრებიან (მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი” და რესპუბლიკური პარტია). მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა მოწადინებულია, მაქსიმალური შედეგი აჩვენოს და სულ უფრო ხშირად გვესმის მინიშნებები არა მხოლოდ 80 ადგილზე, არამედ ყბადაღებულ “ორ მესამედზეც”. ასეთ დროს (“მოქკავშირის” და “ნაცმოძრაობის” გამოცდილებას თუ გავიხსენებთ) იზრდება ადმინისტრაციული რესურსის ზეაქტიური გამოყენების ცდუნება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად კახი კალაძე დაინიშნა, რომელმაც ახლახან სოფელ კორცხელში გამართულ არჩევნებში სერიოზული მარცხი განიცდა _ ჯერ “ოცნების” კანდიდატად “ნაცმოძრაობის” ორდენოსანი წევრი ამირან ლაგვილავა წარადგინა, შემდეგ კი დაუშვა არჩევნების წაგება და ხელისუფლების იმიჯისთვის ფრიად საზიანო ჩხუბი ტელეკამერების წინ. მისი დანიშვნა საკმაოდ სარისკოდ გამოიყურება, თუმცა, შესაძლოა, მთავარი ფაქტორი, რომელიც ივანიშვილმა გაითვალისწინა, კალაძის ერთგულებაა.

ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი პასაჟი ბოლო გამოსვლებიდან, რომლებიც “ოცნების” ამომრჩევლებმა შეიძლება მოწონებით მიიღონ, ძველ რეჟიმს ეხებოდა: არ გაჩერდება ქართველი ხალხი, არ გავჩერდები მეც, უკან ვეღარ შემოაბრუნებთ ვერაფერსვერაფრით მოხერხდება, რომ შემაჩერონ და დაბრუნდეს ძველი ტაშფანდურა. ვეღარ გაიგდებენ ფეხქვეშ ხალხს, როგორც ჰყავდათ გაგდებული, ცოცხების ინდუსტრია საქართველოში ვეღარ დაბრუნდება, ტყუილად გაქვთ იმედი”. ეს, ასე თუ ისე, დამაჯერებლად გაისმა, თუმცა ივანიშვილს ჯერ კიდევ მოუწევს ელექტორატისთვის იმის ახსნა, რატომ არ არის დღემდე ნეიტრალიზებული სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხე.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ამის დაბოლება და აფერისტობაღა გვაკლდა და ავშენდით! აღარ იცის რა სიაფანდობით და ტრიუკით გაიხანგძლივოს ძალაუფლება. ესეიგი ამის ლოგიკით მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ჩავარდნა იმის ბრალი იყიო საქართველოში რომ კოალიციური მთავრობა იყო და მარტო ოცნება რომ ყოფილიყო კოსმოსში გავფრინდებოდით:)) ანუ სოსო ჯაჭვლიანს და ლუკა კურტანიძეს და ზვიად ძიძიგურს და ასევე გუგული მაღრაძეს მუშაობაში ხელს უშლის ის რომ კოულიციურ მთავრობაში უწევთ მუშაობა და არა მარტო თორე აქამდე ავყვავდებოდით:))) დააბოლე ვინც აქამდე დაგიბოლებია ბიძო და ის ადმინისტრაციული რესურსი რომლის იმედიც ტყუილად გაქვს ამ არჩევნებზე:)))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here