Home რუბრიკები საზოგადოება რატომ ჩავარდა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის საგაზაფხულო სამუშაოები

რატომ ჩავარდა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის საგაზაფხულო სამუშაოები

496

ხარვეზი საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში, რომლის გამოსწორებასაც ფერმერები ითხოვენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, მთავრობის ინიციატივით, 2013 წელს დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბების მიზნით სოფელში მცხოვრებთა ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ. ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ სახნავი მიწის ფართობი 0.25-1.25 ჰექტარი, მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს _1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. ფერმერები, რომლებსაც აქვთ 0.25-მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50-ლარიანი აგრობარათით. ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად, 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლოსამეურნეო საქონელს მიიღებენ. ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპსმექანიზატორიდა კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ერთი შეხედვით, ბრწყინვალე პროექტია, ფერმერებს დიდი დახმარება უნდა გაუწიოს, მაგრამ, როგორც ყველა სფეროში და, ყველა ხელისუფლების აზრით, “წარმატებულპროექტში, აქაც აღმოჩნდა ხარვეზი, რომელიც პროექტის წარმატებაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის საგაზაფხულო სამუშაოები ჩავარდა, თუ რატომ, ამაზე თვითონ კახათელები გვესაუბრებიან.

კუკური ბიჭია:

_ უკვე სამი წელიწადია, მიწის სახნავი ბარათი მაქვს, მაგრამ არაფერში მჭირდება, რადგან სახნავი მიწა არ მაქვს. ყოველ წელიწადს მიწევს ბარათის გადაცვლა, ეს პროცესი ჭიანურდება. ზოგჯერ ისეთ დროს მიბრუნდება უკან, რომ ვეღარ ვიყენებ. შეწამვლისა და თესვის დრო გასულია. წელს ცარიელზე დავრჩი, მეუბნებიან, რომ მიწა აპრილში დავხანი, მაგრამ სახნავი მიწა საერთოდ რომ არ მაქვს _ ეს როგორ და ვის დავუმტკიცო? ჩემსავით ბევრი ოჯახი წვალობს.

კანდიდ თოლორაია:

_ ჩემი ოჯახიც ამ დღეშია. შარშან საერთოდ ვერაფერი მივიღეთ.

_ ასე რომ მოხდა, ვისი ბრალია?

_ ვერ გეტყვით, არ ვიცი. სოფლის რწმუნებული ადგენდა სიებს, მან ყველა ოჯახის ამბავი იცის, შეკითხვაც არ სჭირდება, მაგრამ ასე რატომ მოხდა, არავინ იცის. სოფელში თითქმის ყველა ოჯახს არეული აქვს ბარათები, ვისაც სახნავი სჭირდება _ იმას სათესი აქვს და პირიქით. ეს პროექტი რომ დაიწყო სოფლის გამგებელი ნაციონალი იყო, ვფიქრობთ, საბოტაჟია…

ჯონი დარასელია:

 _ იქნებ ხმა მიაწვდინოთ ვინმეს. მოგვხედონ, ხარვეზი აღმოსაფხვრელია, ყოველ წელიწადს ასე ხომ ვერ ვიწვალებთ?!

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე:

_ მცირემიწიან ფერმერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს იმ სიკეთეებით, რომლებიც მთავრობამ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 2013 წლიდან დააწესა. ხშირად დახმარება გამოყოფილია სახნავი მიწის დასამუშავებლად, მაგრამ გლეხს სულ სხვა რამ სჭირდება, მაგალითად, შესაწამლი ნივთიერება

_ მოკლედ მოგახსენებთ პროექტის შესახებ, რათა ნათლად დაგანახვოთ, რომ ეს მართლაც საუკეთესო დახმარებაა ფერმერთათვის.

პროექტი, სახელწოდებით “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა” ქართულ რეალობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ გვყავს 800 ათასი ბენეფიციარი, რომლებსაც დახმარებას ვუწევთ, ამ საქმეში ჩართულია 500-მდე მაღაზია, აგრეთვე, 100-ზე მეტი სატრაქტორო კომპანია.

თქვენ საუბრობთ სიებსა და ბენეფიციარებზე, რომლებსაც დახმარება საჭიროებისამებრ არ მისდით, მაგრამ ჩვენი ბრალი აქ უმნიშვნელოა. სიებს გვაწვდის რაიონის ხელმძღვანელობა და გვებნება, ვის რა სჭირდება. დახმარებას იღებს ის ფერმერი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი შეიძლება იყოს ერთწლიანი კულტურისთვის და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მას დახვნაში ვეხმარებით _ 1 ჰექტარზე 140 ლარს ვაძლევთ. მრავალწლიანი კულტურების მქონე ფერმერებს, ხვნის ბარათის ნაცვლად, აგროქულებს ვურიცხავთ და მას შესაძლებლობა აქვს, საჭიროებისამებრ გამოიყენოს ის. ვფიქრობთ, ეს საუკეთესო დახმარებაა.

_ ზოგმა ფერმერმა დარგო თხილი და, ვიდრე წამოიზრდებოდა, იმ ადგილას სიმინდს თესავდა. რამდენიმე წლის შემდეგ თხილი გაიზარდა და იქ სიმინდის მოყვანა შეუძლებელი შეიქნა. გლეხს მანამდე სახნავი ბარათი სჭირდებოდა, ორი წლის შემდეგ კი აღარ დასჭირდა, მაგრამ ის მაინც სახნავ ბარათს იღებს და ვერაფერში იყენებს. ბარათის გადაცვლას დრო სჭირდება, ამასობაში თხილის შეწამვლის დროც გადის.

_ გასაგებია, რასაც მეუბნებით, მაგრამ ჩვენ ამ ხარვეზის აღმოფხვრა არ შეგვიძლია, ეს ადგილზე მოსაგვარებელი პრობლემაა. წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მასშტაბით სამინისტრომ აკონტროლოს, ვის რა სჭირდება. პროგრამაში ბევრი სტრუქტურაა ჩართული და ყველას თავისი მოვალეობა აქვს. რაიონული თვითმმართველობის მოვალეობაა, ჩვენამდე მოიტანონ ინფორმაცია, ვის რა სჭირდება.

_ ზუგდიდის რაიონში ბევრი ოჯახისთვის თქვენისაუკეთესოპროგრამა ჩავარდნილია. მიიღებთ თუ არა ზომებს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ?

_ ჩავარდნილი რატომ არის? მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. ბარათის გადაცვლა ყოველთვის შეიძლება.

_ მაგრამ გვიანდება. წინა წელს ბევრმა ოჯახმა ვეღარ გამოიყენა.

_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ საუკეთესო პირობები გვაქვს. მაგალითად, თუ ოჯახმა საკუთარი სახსრებით დახნა მიწა, მაშინ კონვერტაციას ვაკეთებთ და ფერმერს აგროქულებს ვაძლევთ. არც ერთი ფერმერი არ რჩება სახელმწიფოს დახმარების გარეშე.

_ თქვენ რომ გგონიათ, ყველაფერი ისე არ ხდება სინამდვილეში, სამწუხაროდ. ბევრი ოჯახი წვალობს, რათა კუთვნილი მიიღოს. მეტსაც გეტყვით: არიან ოჯახები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სახნავი მიწა, მაგრამ სახნავი მიწისთვის გამოყოფილ დახმარებას იღებენ.

_ წარმოუდგენელ რამეს ამბობთ. შემიძლია, სტატისტიკა მოგიყვანოთ, თუ რა რაოდენობის მიწაა დახნული, რა ნათესებია, რამდენი ოჯახი სარგებლობს, თანაც _ წარმატებით. თქვენ, ალბათ, კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობთ, რომლებიც გამოსაკვლევია. ძალიან ცუდია, თუ მსგავსი შემთხვევები ხდება. ჩვენთან ცხელი ზარიც კარგად მუშაობს, გვირეკავენ და ჩვენც ყველას ვაკვალიანებთ.

_ დიახ, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კუკური ბიჭიას ამა წლის 27 აპრილს მიწა დაუხნავს, მაგრამ ბიჭიას სახნავი მიწა საერთოდ რომ არ აქვს?

_ რას ამბობთ?! ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. ასეთი რამ მართლაც წარმოუდგენელია _ ადამიანს სახნავი არ ჰქონდეს და დასტურდებოდეს, რომ მიწა დახნა. რაღაც პრობლემაა და იქ, ადგილზე, უნდა გავარკვიოთ.

მითხრეს, რომ კუკური ბიჭიას ნამდვილად აქვს განაღდებული “ლიბერთი ბანკში” ბარათი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მას სახნავი მიწა საერთოდ არ ჰქონდა. ბარათის განაღდებისას ხელს თვითონ აწერს. ვერ ვხვდები, რა უნდა მომხდარიყო და რასთან გვაქვს საქმე.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here