Home რუბრიკები საზოგადოება 9 ოქტომბრის აჯანყება კოდური სახელწოდებით “გედების ტბა”

9 ოქტომბრის აჯანყება კოდური სახელწოდებით “გედების ტბა”

955

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობაირწმუნება, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება. ჩვენმა ტრადიციულმა წყარომ შემთხვევით მოიპოვა ის გეგმა, რომელიც 9 ოქტომბერს დაიწყებს მოქმედებას.

გეგმაში ვკითხულობთ: “2016 წლის 9 ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ქვეყანაში ნამდვილი გამოცოცხლება დაიწყება. 9 ოქტომბრის დილიდან სწრაფად მოხდება პარლამენტის უმრავლესობის დამტკიცება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გაუხანგრძლივდება უფლებამოსილება და სწორედ ის აღადგენს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო სტატუსს. 9 ოქტომბრის 12 საათზე სპეცრეისით ჩამოფრინდებიან ზურაბ ადეიშვილი, ერეკლე კოდუა, დავით კეზერაშვილი, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე. 13:00 საათზე ოკუპირებული რეგიონების გავლით შემოსვლას გეგმავს მეგის ქარდავა, რომელსაც შეეგებებიან მეგი გოცირიძე და ზვიად კუპრავა. 14:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით გადაიკეტება ყველა შემოსასვლელი და დაიხურება ქართული საჰაერო სივრცე, სპეცრეისით მოფრინავს დევნილი და დაჩაგრული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაბადრული სახეებით და ბელას ტორტით დახვდებიან ირინე სარიშვილი, ირაკლი წერეთელი, მაია ორჯონიკიძე და ჰელენ ხოშტარია. 15:00 საათზე უფლებამოსილებააღდგენილი პრეზიდენტი სამების ტაძარში ღვთის სამადლოს აღავლენს და გაემგზავრება “რუსთავი 2”-ის შენობისკენ, სადაც ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია და ზაალ უდუმაშვილი პირზე კოცნით შეეგებებიან. მზად არის “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური შტაბიც. უკვე წინასწარ არის შედგენილი მენიუ, რომლითაც სააკაშვილს გაუმასპინძლდებიან. “მარაზილკაში” საგანგებოდ შეინახეს ღორის თავი, რომელიც ხათუნა გოგორიშვილმა სოფლიდან ჩამოიტანა. “თავისუფალი ზონის” ოფისში კობა ხაბაზი და მისი მეკობრეები დიდი მასკარადის გამართვას გეგმავენ.

ამ დღეს საგანგებოდ თეთრ რაშზე ამხედრებულ ლიდერ დავით ბაქრაძეს სიმბოლურად გაახსნევინებენ საზეიმო ღონისძიებას. ამავე ღონისძიებაზე იგეგმება ლიდერობის გადაცემა, რომელსაც ბაქრაძე დევნილ პრეზიდენტს გადასცემს. აჭარაში საკრუიზო ლაინერით შემოიჭრება ლევან ვარშალომიძე, რომელიც მოსახლეობას მიშას დაბრუნებას პიპინით ამცნობს.

დიზაინერები უკვე მუშაობენ შალვა ნათელაშვილის ბაზალეთის ვილაშიც, სადაც მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეს დაჰყოფს. როგორც წყარო გვატყობინებს, ნათელაშვილმა თავისი ვილა განუსაზღვრელი დროით დაუთმო დევნილ ოდესელს, თვითონ კი მთელი ოჯახით ქირით გაიხიზნა.

19:00 საათზე გაიმართება გრანდიოზული კონცერტი ბოტანიკურ ბაღში, სადაც საგანგებოდ ამ დღისთვის იმღერებენ: ნიკა მელია, ნატა ფერაძე და ალეკო ელისაშვილი.

20:00 საათზე იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის შტურმით აღება და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ყველა თანამშრომლის დემოკრატიული კინწისკვრით გამოყრა. საინფორმაციო სამსახურს კვლავ ხათუნა ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც საჰაერო ბურთით მიაბრძანებენ მაუწყებლის შენობაში. დღის ბოლოს კი მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად საპატიმრო დაწესებულებებს მოინახულებს.

ჩვენი გაოგნებული წყარო გვაცნობებს, რომ მთელ ამ ოპერაციას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მათმა სატელიტებმა მიანიჭეს კოდური სახელწოდება “გედების ტბა”. ეს გაკეთდა დამაგვირგვინებელი ბანკეტის აღსანიშნავად, რომელიც გაიმართება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც დაბრუნებულ პრეზიდენტს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხლებზე ხოხვით მიეახლება და ნებაყოფლობით დაუთმობს უფლებამოსილებასაც და რეზიდენციასაც.

ბანკეტის ბოლოს კი სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილ საოპერო არიას “რუსთავი ორი _ დემოკრატიის შტორი!” იმღერებს პაატა ბურჭულაძე, ხოლო ნიკა გვარამია ირაკლი ალასანიასა და შალვა ნათელაშვილთან ერთად ბალეტიდან “გედების ტბა” ცნობილ ცეკვას შეასრულებს.

უკვე მომზადებულია კვასკვასა წითელი ვარდები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ამ ღონისძიების დასასრულს ლოჟიდან თავზე უნდა გადმოაყაროს მონაწილებს, _ გვატყობინებს ჩვენი გადარეული კორესპონდენტი.

რევო ლუცია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here