Home რუბრიკები პოლიტიკა პარლამენტის წინ “შხამის ქვა” დაიდება

პარლამენტის წინ “შხამის ქვა” დაიდება

553

საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვით, “ნაციონალურ მოძრაობასთბილისის პარლამენტში გადმოსვლის შემდეგ რეგულაციები დაუწესდება.

კერძოდ, ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შენობაში შესვლამდე შხამის დატოვება  სპეციალურ ქვაზე მოუწევთ, რომელიც საგანგებოდ დამზადდა.

სპეცქვა აღჭურვილია შემნახველი კონტეინერით. ასე რომ, შენობიდან გამოსვლის შემდეგ უმცირესობის წარმომადგენლები შხამს უდანაკარგოდ დაიბრუნებენ.

კანონპროექტს უკვე აკრიტიკებენ ექსპერტები. ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” შხამის მითვისებას გეგმავს და ეს ერთგვარი ეშმაკური “ტრიუკია”.

რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება შხამის გენეალოგიის შესწავლას და მის გაშიფვრას ცდილობს.

შხამის შემნახველი დანადგარი პარტიის ყველა წევრისთვის დამზადდა და პროცედურა რამდენიმე წუთს მოითხოვს.

ფაქტს გამოეხმაურა ოდესაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. მისი შეფასებით, ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, პარლამენტის ტრიბუნიდან მართალი სიტყვა ჩაახშოს, რაც, მისი თქმით, არ გამოუვა.

ინიციატივას კრიტიკულად აფასებს მესამე სექტორიც. გიგა ეკაურის თქმით, “დასადგენია, რამდენად უსაფრთხო იქნება დანადგარი, რომელიც შხამს შეინახავს და რამდენად იქნება დაცული ის გაყალბებისგან, ვინაიდან შესაძლოა, მისი ჩანაცვლება ქოც-ნივთიერებით მოხდეს და მივიღოთ გაქოცებული ნაცი”, _ დასძენს ეკაური.

როგორც ცნობილია, ამის გამო სერიოზული შეშფოთებაა ამერიკის საელჩოში და ევროპის სახალხო პარტიაში.

საგანგებოდ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ კონგრესმენი სტივ რასელი და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოული.

საგანგებო შეკრება გაიმართა ლეიბორისტულ პარტიაშიც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერაფერი გააწყო, რამდენიმე ადამიანს შხამის დარაჯად დააყენებენ, რომლებიც მას საგულდაგულოდ დაიცავენ, რათა არ მოხდეს მისი გაყალბება.

როგორც წყარო გვამცნობს, ირინა სარიშვილი და მეგი გოცირიძე მოხალისეთა სპეციალურ ჯგუფს ქმნიან, რომლებიც მონაცვლეობით იმორიგევებენ პარლამენტის შენობასთან.

24-საათიან მორიგეობაზე თანხმობა უკვე განაცხადა ირაკლი წერეთელმა. მისი თქმით, პარლამენტის შენობა მისთვის ნაცნობი ადგილია და იქ დგომა არ გაუჭირდება.

წყაროს ინფორმაციით, დანადგარები, ფაქტობრივად, უკვე მზად არის და რამდენიმე დღეში მოხდება მისი დატესტვა.

გრიგოლ ინგაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here