Home რუბრიკები პოლიტიკა სიტყვის თავისუფლება და საქართველოს “ისტორიული მეგობრები”

სიტყვის თავისუფლება და საქართველოს “ისტორიული მეგობრები”

1055

სიტყვის თავისუფლება მთელ მსოფლიოში ფეხქვეშ ითელება. ჟურნალისტები დღისითმზისით აეროპორტში ქრებიან; შემდეგ კი მათ ნაწამებ და დასახიჩრებულ გვამებს პოულობენ; ბლოგერებსა და უფლებადამცველებს ასობით აპატიმრებენ _ აგერ, თურქეთში, სირიაში იარაღის საიდუმლო მიწოდებაზე რეზონანსული რეპორტაჟის მომზადებისთვის ხუთი წელიწადი მიუსაჯეს ცნობილ ჟურნალისტებს.

2014 წლიდან თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრულია 1845 სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტ ერდოღანის “შეურაცხყოფის” ბრალდებით.

წყენია სულთანი…

ამ სულთნის შიში გერმანიასაც გადასწვდა, რომლის მთავრობამ, სამწუხაროდ, ნება დართო, დაწყებულიყო სასამართლო პროცესი ცნობილი ტელეწამყვანის _ იან ბემერმანის წინააღმდეგ, რომელმაც წაიკითხა სატირული ლექსი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანზე. პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიაში ცნობილი ჟურნალისტები უცებ სხვებით შეცვალეს, უფრო დამყოლი ტელეწამყვანებით, რომლებიც მმართველი პარტიის _ “კანონი და სამართლიანობა” _ მოთხოვნებს უსიტყვოდ იზიარებდნენ.

დიდ ბრიტანეთშიც კი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერპრეტირებული ახალი კანონები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, უმაღლეს სასწავლებლებში სიტყვის თავისუფლებას ემუქრება. ამას გარდა, ეშინიათ, რომ ბი-ბი-სი-მ შეიძლება დამოუკიდებლობა დაკარგოს, თუ მთავრობა ტელეკომპანიის საბჭოს დირექტორების თითქმის ნახევარი შემადგენლობის დანიშვნის პრაქტიკას განაგრძობს, როგორც ამას ექსპერტები ვარაუდობენ.

მსოფლიო მასშტაბით სიტყვის თავისუფლების ასეთი შეკვეცა ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებს. ათიოდ წლის წინათ დავიწყე წიგნის წერა ამ საკითხზე; ხუთი წელიწადია, ოქსფორდის უნივერსიტეტში 13 ენაზე ვუძღვები საიტს, რომელშიც გაანალიზებულია მსოფლიოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იდევნებოდნენ. უმეტეს ქვეყანაში მდგომარეობა მუდმივად უარესდება. აი, ერთი მცირე, მაგრამ ნიშანდობლივი მაჩვენებელი: ჩვენი საიტის კორესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფსევდონიმით აქვეყნებენ მასალებს, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ოთხი წლის წინათ ვმონაწილეობდი ეგვიპტელი ბლოგერების, უფლებადამცველებისა და მასწავლებლების საჯარო ღონისძიებაში, რომელიც კაიროში ტახრირის მოედნის გვერდით მდებარე შენობის დარბაზში გაიმართა. არაბული გაზაფხული ის-ის იყო იწყებოდა. იმ ღონისძიების მონაწილეთაგან ბევრი ამჟამად ციხეშია ან იძულებულია, ხმა არ ამოიღოს, ან წასულია ქვეყნიდან. ერთი ფოტოჟურნალისტი, მესამე წელიწადია, ციხეში ზის და რამდენიმე დღეში სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რომელმაც შეიძლება სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს. ვაჟკაცური წერილი, რომელიც პატიმრობაში ყოფნისას დაწერა, მთავრდება სიტყვებით: “განაგრძეთ გაპროტესტება, ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის!”

იმავე, ახლა უკვე შორეულ, 2012 წელს სტამბოლში “მრგვალი მაგიდა” მოვაწყვეთ. გამოითქვა მოსაზრება, რომ მმართველი პარტია “სამართლიანობა და განვითარება” დაუბრუნდება ევროპულ ფასეულობებს, რომლებსაც ერთგულებდა თავისი მმართველობის პირველ წლებში. ჟურნალისტებსა და მასწავლებლებს, რომლებიც მაშინ თავისუფლად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს, ამჟამად თავს ესხმის გაცოფებული ბრბო, რომელსაც აქეზებს აღნიშნული პარტია თავისი ტვიტებითა და დამცინავი გამოხდომებით, გულმოცემულია წამყვანი გაზეთების გამოცემის აკრძალვითა და დაპატიმრებებით, სასამართლო განხილვებითა და სხვა ამგვარი რეპრესიებით. ერთ-ერთი მათგანი ჯან დუნდარი, გაზეთ “ჯუმჰურიეთის” მთავარი რედაქტორი, სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლისას შეიარაღებულ მამაკაცს შეეჯახა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს “მრგვალ მაგიდას”, რომელიც თურქეთში სიტყვის თავისუფლების საკითხებს მიეძღვნება, ვაწყობთ არა სტამბოლში, არამედ ოქსფორდში, სადაც თავი შეაფარა გაზეთ “რადიკალის” ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, გამოცემისა, რომელიც ხელისუფლებამ დახურა.

პოლონეთში მიმდინარე მოვლენების შედარება იმასთან, რაც თურქეთში, ეგვიპტეში ან ჩინეთში ხდება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამის მიუხედავად, პოლონეთის ჟურნალისტთა პროფკავშირების ცნობით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში პარტია “კანონი და სამართლიანობა” მოვიდა, 140 ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს, ან დააქვეითეს, ან იძულებული გახადეს, საკუთარი ნებით წასულიყვნენ. საერთოეროვნული ტელევიზია ამჟამად გაცილებით მეტ საეთერო დროს უთმობს მთავრობის ოფიციალური პოლიტიკის საკითხებს. დიდ ბრიტანეთში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე პოლონეთში, მაგრამ რეფორმები, რომლებიც კულტურის მინისტრმა წარადგინა, შეიცავს ბი-ბი-სი-ს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ხელყოფის საშიშროებას.

ასეთი უკუსვლა განპირობებულია ბევრი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზეზით, მაგრამ საერთო ჯამში ისინი შეიძლება შეფასდეს, როგორც ლიბერალურ ფასეულობათა წინააღმდეგ გალაშქრება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ შექმნილ ვითარებაში? არ უნდა გავჩუმდეთ. ავიმაღლოთ საპროტესტო ხმა. ვიზრუნოთ სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფაზე, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც მას გაცილებით რთულ გარემოებაში იცავს…

რას ამბობს ამაზე ბრიტანეთის მთავრობა? _ ფაქტობრივად, არაფერს. როცა ჩემს მეგობარს, თურქული გაზეთის მთავარ რედაქტორ დუნდარს ვაცნობე, რომ ამ წერილს ვამზადებ, მან მომწერა: “მთელი ამ ისტორიის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი იმას, რომ ბრიტანეთის მთავრობა ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა. ალბათ, ეს სამარცხვინო ფაქტია ქვეყნისთვის, რომელიც ამაყობს თავისი დემოკრატიული ტრადიციებით”. ვფიქრობ, მისი ჩინელი და ეგვიპტელი კოლეგებიც იმავე აზრისანი არიან.

შარშან დიდი ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები “ჩვენი ძირითადი პრიორიტეტების რიგში არ შედის”. ახლა კი ამ კომიტეტის მოხსენებაში ფრთხილად მიგვითითებენ, რომ, მართალია, მინისტრმა მტკიცედ უარყო საყვედური, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებებს აღარ აქცევს ყურადღებას, არსებული წერილობითი მტკიცებულებანი სწორედ ამაზე მიგვითითებს”…

სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები იმ ქვეყნის დიდი მხარდაჭერით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი, რომელმაც მსოფლიოს ჯონ მილტონი, ჯონ სტუარტი და ჯორჯ ორუელი მისცა.

ტიმოთი ეში, “ელ პაისი”, ესპანეთი

P.S. ამასობაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სულ უფრო განიმტკიცებს ქვეყნის პირველი პირის პოზიციას.

ახლახან თურქეთის პრემიერმინისტრმა ახმედ დავითოღლუმ განაცხადა, რომ გადადგა მმართველი პარტიის _ “სამართლიანობა და განვითარებახელმძღვანელის თანამდებობიდან. “პარტიის ერთიანობის შესანარჩუნებლად თავმჯდომარის შეცვლა უკეთესი იქნება”, _ თქვან მან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრი _ ბინალი ილდირიმი, რომელიც 19 მაისს მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მას მიიჩნევენ ერდოღანის თავდადებულ ქომაგად დადიადი თურქეთისკენსწრაფვის მისეული კურსის ერთგულ მიმდევრად.

პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ილდირიმმა განაცხადა, რომ იგი იბრძოლებს პარტიასთან ერთად, რომელიც აშენებს მომავალს. “ჩვენი პარტიის ლიდერის წინამძღოლობით ძალას არ დავიშურებთ, რათა მივაღწიოთ დიადი თურქეთის მიზნებს”.

დიადი თურქეთისო, ანუ პანთურქიზმის.

ეს კი ნიშნავს, ასკვნიან ანალიტიკოსები, რომ ის ნეგატიური მოვლენები, რომლებმაც თავი იჩინა თურქეთში, გამრავლდება და გაძლიერდება. მათ შორისაა თურქეთის ურთიერთობა .. ისლამურ სახელმწიფოსთან (რომელსაც ერდოღანი ყოველთვის უარყოფდა), რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება. დადგენილია, რომისლამური სახელმწიფოსმხარეზე ბრძოლის მსურველები თურქ გამყოლებს მასობრივად გადაჰყავთ თურქეთსირიის საზღვრის გადაკვეთით. მათი რაოდენობა საერთო მონაცემის 93 პროცენტს შეადგენს. დანარჩენი 7 პროცენტი ერაყიდან შედის.

საკადრო გადაადგილება თურქეთის უმაღლეს ეშელონში, ასკვნიან ანალიტიკოსები, კიდევ უფრო გააძლიერებს ერდოღანის, როგორც ერთპიროვნული მმართველის, პოზიციას.

შუა ტყეში უფრო მეტი შეშა არისო, ნათქვამია: სულ ახლახან თურქეთის პარლამენტის 138 წევრს დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here