Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი ბიძინა, ორი გიორგი და ოცნების მეოთხე წელიწადი

ერთი ბიძინა, ორი გიორგი და ოცნების მეოთხე წელიწადი

546

საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვე დარჩა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავგამოდებით ცდილობს რეიტინგდაცემული “ქართული ოცნების” რეპუტაციის რესტავრირებას. “ქართული ოცნების” რეპუტაციის შელახვა კი ქვეყნის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის, სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმის, ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოაბიტაციის, თითქმის ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელების ხელისუფლებაში მოყვანისა და მათთვის საკვანძო თანამდებობების ჩამორიგების შედეგია. 30 მაისს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მის მიერ “დატოვებული მთავრობის” 4-წლიანი მოღვაწეობა ისე წარმოაჩინა, გეგონებოდათ, საქართველოზე კი არა, შვეიცარიაზე ლაპარაკობდა ან, სულაც, სხვა გალაქტიკის რომელიღაც პლანეტის სახელმწიფოზე, 7 ივნისს კი ოქროყანაში მდებარე “ტექნოპარკში” ეროვნული მაუწყებლობის წარმომადგენლებს _ ჟურნალისტებს, შეხვდა და კიდევ უფრო გამაოგნებელი ფრაზები წარმოთქვა. აი მათგან რამდენიმე:

* “არაფერი პირადი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა სწორი გზით ვითარდებოდეს და შენს ქვეყანაში, შენს საყვარელ ხალხთან ერთად გეცხოვრებოდეს. გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობისა და განწყობის იმისა, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება, იგივე მიზანი აქვს გიორგისაც. მე შეიძლება, ქონებრივად უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ ნაკლების შემძლე გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს. მხოლოდ ამისთვის არის მთავრობა და მხოლოდ გიორგი არ არის მთავრობაში ასეთი. არიან სხვებიც, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო აქცენტი, საოცარი პიროვნებაა, ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში. იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და, ამასთანავე, არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი ფინანსისტი. მხოლოდ ერთი განწყობით გახლავთ დღეს ის მთავრობის მეთაური და, გარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას და ის საუკეთესო გზით წაიყვანოს”.

ამ ფრაზის წაკითხვის თუ მოსმენის შემდეგ ადამიანს, როგორც ფრანგები იტყოდნენ, დეჟა ვუს განცდა გაუჩნდება, ანუ განცდა იმისა, რომ ეს უკვე ნანახი აქვს ან მოსმენილი და არც შეცდება.

გიორგი მარგველაშვილი არის გამორჩეული იმით, რომ მას აქვს სახელმწიფო აზროვნება, ის არის კაცი, რომელიც არა საკუთარ პოსტზე და საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს, არამედ კაცი, რომელსაც შეუძლია გლობალურად იფიქროს სახელმწიფოზე და მის პერსპექტივებზე. ასეთი პიროვნებები მე იშვიათად შემხვედრია ცხოვრებაში, შემიძლია სულ ორისამი გავიხსენო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ასეთი წარმატებული პიროვნების აღმოჩენა და პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრაზე მისი თანხმობის მიღწევა მოხერხდაჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილი არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტი, ესეც ვიტყოდი, თუ რამე თვისებები და ღირსება შეიძლება ადამიანს ქონდეს ამ პოსტზე, ყველა ღირსება აქვს გიორგი მარგველაშვილს. კარგი ანალისტიკოსია, კარგი ექსპერტია, რომელი ერთი ჩამოვთვალო. სადაც რა გამიჭირდება, გიორგის ვეძახიგიორგი მარგველაშვილი იქნება ძალიან ღირსეული და მისაღები პრეზიდენტი მთელი საზოგადოებისთვისგიორგი მარგველაშვილი იქნება ღირსეული და ევროპული ტიპის პრეზიდენტი.… გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება, იცოდეთ, რომ ჩემთვის ნდობის გამოცხადებასაც ნიშნავს”.

…ამას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა, მიუხედავად იმისა, რომ მტერიც და მოყვარეც ეუბნებოდა, მარგველაშვილის გაპრეზიდენტება შეცდომააო, მაინც თავისი გაიტანა და პრეზიდენტის სავარძელში მქსოველი და “პლასტელინა” პრეზიდენტი ჩასვა. მოკლე ხანში კი, როცა შეატყო, რომ მარგველაშვილისგან სასიკეთო არაფერი გამოიძერწებოდა, იმედგაცრუებულმა განაცხადა:

არ დავმალავ _ უკეთესს ველოდი. პრეზიდენტთან პირველი ორი თვე საკმაოდ ბევრი პოლემიკა მქონდა. ჩვენ შორის გაუგებრობა ბევრი იყო. მას პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა და არჩევნების შემდეგ მან სხვა ხასიათი გამოავლინა. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. ჩვენ არაფორმალურ ურთიერთობებს აღარ ვაგრძელებთ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება”.

შეფასებების მკვეთრი ფერისცვალება მოხდა ირაკლი ალასანიას მიმართაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ აღაზევა _ მისი პარტია კოალიციაში გააერთიანა და საკანონმდებლო ორგანოში შეიყვანა, თვითონ ალასანია კი ვიცეპრემიერად და თავდაცვის მინისტრად დანიშნა, შემდეგ კი, როცა ალასანიას საქციელი აღარ მოეწონა, შერისხა და ახლა უკვე ექსთავდაცვის მინისტრი ნაციონალებზე არანაკლებ მტრულად არის განწყობილი ივანიშვილის მიმართ.

ნარმანიას კანდიდატურა ჩემთვის იმითაა საინტერესო, რომ არის აკადემიური, დალაგებული, დაბალანსებული ემოციების კაცი. დაუბალანსებელმა ემოციებმა ჩვენ ძალიან ბევრი გვაზარალა. ასეთი უნდა იყოს მომავალი ჩინოვნიკი. იგი არის ეტალონი, როგორი უნდა იყოს მომავალი ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი. არამარტო ქალაქის მერი, არამედ მომავალი პოლიტიკური ჩინოვნიკის სახეა ჩემთვის”, _ ასე შეაფარა ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანია თბილისის მერის არჩევნების წინ.

ეს კი ნარმანიას მუშაობის შეფასებაა არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ:

ვფიქრობ, რომ შეიძლება, თბილისის მერი დავით ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება, მოვუწოდებ, რომ მას მოუწევს რეალობის გათვალისწინება და თავისი მენეჯერული თვისებების ცოტა მეტი ფორსირება”.

ბიძინა ივანიშვილს უყვარს ფრთიანი ფრაზები, ხატოვანი გამონათქვამები და კარგი იქნება, თუ გაიხსენებს ძველ ქართულ ანდაზას: “ადამიანი რომ გაიცნო, მასთან ერთად 9 ფუთი (1 ფუთი =16,3 კგ-ს) მარილი უნდა შეჭამოო”. ნამდვილად სჯობდა, ბატონ ბიძინას, 9 თუ არა, ერთი ფუთი მარილი მაინც შეეჭამა ამ ადამიანებთან ერთად და მერე წარედგინა ისინი მაღალ თანამდებობებზე, არც მას გაუცრუვდებოდა იმედი და არც მის მიმართ _ ქართველ ხალხს.

* “ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დაახლოებით 6-ჯერ და უფრო მეტად, _ გააჩნია, რა განზომილებით მოვახერხებთ შედარებას, _ ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. შესაბამისად, პრობლემა და ცდუნება დიდია იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი დავაბრალოთ, რომ მან 3-4 წელიწადში ვერ მოახერხა, ეს პრობლემა გადაეჭრა. ჩემი აზრით, ეს თეორიულად შეუძლებელია. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, 3-4 წელიწადში მაქსიმუმი გაკეთდა, დანარჩენს სჭირდება, დაახლოებით, 10-15 წელიწადი, თუ ჩვენ მოვახერხებთ, ვიქნებით სტაბილურები და ყველა იმ ღირებულებებს დავიცავთ და სწორი გზით წავალთ, ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს დროში მოვახერხოთ და ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში”, გამაოგნებელია ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა, რადგან სრულიად საწინააღმდეგოს ამბობდა რამდენიმე დღის წინათ, 30 მაისს, გამოქვეყნებულ წერილში:

“2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე 2009-2012 წლებშიმსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87- ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ზე აღმოვჩნდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66- ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით

სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000 საერთაშორისო დოლარს, რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს. იმავე კვლევის მიხედვით, 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46,4%-ით გაიზრდება”.

სწორედ ამ მონაცემებზე შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ბიძინა, საქართველოზე კი არა, შვეიცარიაზე ან სულაც სხვა გალაქტიკაში არსებულ რომელიმე პლანეტის სახელმწიფოზე ლაპარაკობს.

ისე, საქართველოში უმუშევრობის დონე რომ მაღალია, ლარი გაუფასურებული, პენსიები სასაცილო და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი უცხოეთში გადახვეწილი (ერთი ამდენი კიდევ, თუ მეტი არა, ე.წ. ვიზალიბერალიზაციას ელოდება, სამშობლოდან რომ გაიქცეს), ვისი ბრალია _ მოსახლეობის, რომელმაც მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას” თუ “ქართული ოცნების”, რომელმაც ფეხებზე დაიკიდა მოსახლეობა?

კორცხელის ინციდენტი ძალიან სამარცხვინო იყო და პასუხისმგებლობა ძირითადად მთავრობას ეკისრება

აი ასე: მთავრობამ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები, სპორტსმენები და რიგითი მოქალაქეები, უნდა დასაჯოს და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს 9 წლის განმავლობაში ჩადენილი უამრავი დანაშაული _ ტერიტორიების დაკარგვა, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტა, ბიზნესმენთა დატერორება, განათლებისა და მეცნიერების, სპორტის, კულტურის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გაპარტახება _ “ძალიან სამარცხვინო” არ არის და უნდა ეპატიოს? უნდა ეპატიოს მართლმადიდებელი ეკლესიის, პატრიარქის, ყველა მართლმადიდებლის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა?

და ვის უნდა დაეკისროს ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა? _ “ქართულ ოცნებას” ხომ არა, რომელიც 4 წლის განმავლობაში სიამტკბილობით ცხოვრობდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ახლაც ხელს აფარებს ამ დამნაშავე პოლიტიკურ ძალას?

* “რაც შეეხება რეგიონულ ხელისუფლებას, დაგეთანხმებით, რომ კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს და უნდა იყოს კიდეც. გუნდის ბევრი წევრი იყო წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა, რომელიც კბილებით გავიტანეთ. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, გამგებელს ვერაფერს მოუხერხებ და არაფერი ესმის, თან ამ დროს არაფერი იცისო. საიდან გინდა, მოიყვანო ამდენი მცოდნე გამგებელი?.. აკლიათ კვალიფიციურობა, მართვის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან ეკონომიკა”.

აქ აღსანიშნავია 2 რამ:

პირველი _ იმ კადრებმა, რომლებსაც ხოტბას ასხამდა და რომლებიც ძალით მოგვახვია თავს (მარგველაშვილი, ალასანია, ნარმანია, რესპუბლიკელები და სხვ.), ცოტა ხანში გაუცრუა იმედი ბატონ ბიძინას და წარმოიდგინეთ, ის ადგილობრივი თვითმმართველობის კადრები როგორი იქნებიან სინამდვილეში, რომლებზეც ამბობს, კვალიფიკაცია და გამოცდილება არ ჰყოფნითო.

მეორე _ განა ვისი ან რისი ბრალია, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია და არამხოლოდ თვითმმართველობის ორგანოებში? ეს დეფიციტი იმის გამო ხომ არ არის, რომ “ქართული ოცნების” მესვეურები კადრებს მხოლოდ თავიანთ გარემოცვაში ეძებენ და არა იქ, სადაც საჭიროა. რა, დაილია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრი საქართველოში? კარგად დააკვირდით ჯერ თქვენს გარემოცვას, ბატონო ბიძინა, და მერე _ ქართულ საზოგადოებას ან გაიკითხეთ მაინც, ოღონდ თქვენს გარემოცვას არ ჰკითხოთ, ამა თუ იმ თანამდებობაზე კვალიფიციური კადრის დანიშვნა მინდა და ვის მირჩევთ-თქო.

* “დავით აღმაშენებელს ედრებოდა _ წარმოგიდგენიათ, როგორი თავხედობაა, ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს, გაბედო და, შეედარო და მერე როგორი უმეცრებაა?!

“აღმაშენებლის პრეზიდენტობაზე” კომენტარი, მგონი, საჭირო არ არის, ამ ფრაზის მთქმელი მკითხველმა თვითონ შეაფასოს.

* “მე ვალდებულების განცდა მამოძრავებს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოებას, არ უნდა ვუღალატო და მაქსიმალურად გავაკეთო ის, რომ დავეხმარო და ვაჩვენო, თუ როგორ ვხედავ და როგორ უნდა იყოს. თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, თუ ნახევარზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი, გარწმუნებთ, რომ საზოგადოებასაც დავემშვიდობები და თქვენც და დავუბრუნდები იმ ცხოვრებას როგორიც მსურდა”.

მიუხედავად თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა და საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ საკმაო ნდობისა, ბიძინა ივანიშვილი, იმედია, ქართველ ხალხს ბრიყვად არ მიიჩნევს და მისი ეს აქტიურობა _ კულისებიდან გამოსვლა _ არ ემსახურება ძველ მიზანს _ კიდევ ერთხელ შეათრიოს პარლამენტში ძალები, რომლებსაც ივანიშვილის ლოკომოტივობის გარეშე ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდებათ… ხოლო, თუ ივანიშვილი კვლავ ლოკომოტივის როლს შეასრულებს, 4 წლით გარანტირებულად მოიყვანს ხელისუფლებაში ოდიოზურ მარიონეტებს, მერე კი თვითონ ისევ გვერდით გადგება, ანუ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე მოირგებს რიგითი მოქალაქის სტატუსს. ამომრჩეველი მას, არათუ დამშვიდობებას აცლის, დიდი ალბათობით, კუდით ქვას ასროლინებს…

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here